logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“ და საქართველო
- +

23 მარტი. 2017. 01:54


 


ცხონებულ ლენინსა და მიშას სხვადასხვა ეპოქაში მოუწიათ ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ აქვთ საერთო - ორივემ კარგად იცოდა აგიტაციის ფასი. მაგრამ, თუ ბოლშევიკები თავდაპირველად პროპაგანდას ლამის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეწეოდნენ, ქმნიდნენ იატაკქვეშა, არალეგალურ სტამბებს, აფუძნებდნენ „ისკრას" და ა.შ. მიშამ მარტივად გადაწყვიტა ეს ამბავი - ხალხის საყვარელი და მართალი ტელევევიზია - „რუსთავი 2" - ხელისუფლებრივი ძალაუფლებით „აახია" მის მფლობელებს და მის მერე აქვს ოკუპირებული.


ამის შემდეგ „რუსთავი 2" სამართლიანი, ობიექტური და სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი ტელევიზიიდან გარდაიქმნა „ნაცმოძის" პარტიულ ტელევიზიად და მოვლენებს აშუქებდა და აშუქებს „ნაცმოძრაობისათვის' პოლიტიკური სარგებლიანობის პრიზმიდან. ამას ადასტურებს თუნდაც 2011 წლის 26 მაისის სასტიკი დარბევა რუსთაველზე, როცა „ნი ვიჟუ" გაუკეთა „ნაციონალებისაგან" დაჩაგრულ-დარბეულ ხალხს...


თუ რამეს მიაღწია ამ ტელევიზიამ, მაგალითად, ინფორმაციის ოპერატიულად და სწრაფად მოწოდების სფეროში, ისიც იმ პროფესიონალების გამო, რომლებმაც თავიდანვე ჩაუყარეს საფუძველი ამ ტელევიზიას. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამასაც ხშირად „ნაცპარტიული" დამღა ერტყა, რაზეც თავის დროზე ენაკვიმატურად მიანიშნა შალვა ნათელაშვილმა - ჰიტლერს რომ „რუსთავი 2" ჰქონოდა, გერმანელ ერს ახლაც არ ეცოდინებოდა საბჭოთა კავშირთან ომი რომ წააგოო. თუმცა ქართველი ხალხი გაგებით ეკიდება ამ ამბავს - „რუსთავი 2" „ნაცმოძრაობის" მიერ არის ოკუპირებული და იმ სტილში ქადაგებს, როგორც პუტინის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები.


მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, როცა ქართველი ხალხის ნებით „ნაცმოძი" ხელისუფლებას ჩამოშორდა. მიშა აღმოჩნდა ოპოზიციაში, მოისხა ხალხის ბედნიერებისათვის მებრძოლის და რიგ შემთხვევაში ხალხისთვის წამებულის მანტია, ხოლო ნიკა გვარამია გახდა თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი და ლამის ერთადერთი მებრძოლი ამ კუთხით მთელს ქვეყანაში. არადა, ერთ მხარეს, „ნაცმოძი" და ნიკა გვარამია, ხოლო, მეორე მხარეს, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები, კანონიერება და სამართალი, ისეთი შეუთავსებელი ცნებებია, როგორც წარმოდგენა იმისა, რომ თემურ-ლენგი ეწეოდა საქართველოს მარშრუტების პოპულარიზაციას მსოფლიო ტურიზმის სამიტზე, ან შაჰ-აბასი მოღვაწეობდა ქართული ვაზის და მეღვინეობის განვითარების საქმეში.


თუმცა პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და ოპოზიცია უნდა ცდილობდეს უკეთესად წარმოაჩინოს თავი, მაგრამ ძალიან მეეჭვება „ნაცმოძმა" ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მართლა მეორედ მოსვლა არ მოუწყოს ქართველ ხალხს, რომ დაივიწყონ ძალადობით „ახეული" ქონებები, დარბეული და დასახიჩრებული გვამების შემოყრა ჯიხურების თავზე, უცხოელებზე გაყიდული და გასაჩუქრებული ქართული მიწები და ა.შ.


მე ჩვენი ბედოვლათი ხელისუფლებისა და სასამართლოსი გამკვირვებია. თუ საკუთარი მმართველობის, ლამის მეორე ათასწლეულში გაახსენდათ სამართლიანობის აღდგენა, მაშინ ცოტა კვალიფიციურად და მეორასე გადამყიდველით კი ნუ იწყებ - აგერ არ არიან დვალი და აქიმიძე - ვინც მართლა შექმნა ეს ტელევიზია და ვისაც წაართვეს. ხალხი ამას კიდევ გაიგებს, ხოლო ჯიბის ბიზნესმენები და ჯიბის ტელევიზიები, „ნაციონალების" მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ სივრცეში მოსული ამბავია.


ასევე გამკვირვებია „ნაციონალების" დაკრულს აყოლილი ზოგი ჩემგან საპატივცემულო პიროვნების სოლიდარობა „ნაცმოძრაობასა" და გვარამიას მისამართით. ნუ გეშინიათ, „ნაციონალურო სიტყვის" თავისუფლებას, ისე როგორც „კომსომოლსკაია პრავდას", ან „კრასნი ოკტიაბრს" საფრთხე არ ემუქრება. ხალხისგან ნაძარცვი ფული იმდენი აქვთ, თუ უნდათ მარსზე შექმნიან ტელევიზიას, ვთქვათ „ნაცმოძი 2"-ს ან „ვარდების რევოლუცია 5"-ს, ჰოდა, შექმნან... ჩაუყენონ სათავეში გინდა გვარამია, გინდა ბოკერია, გინდაც ფილიპე მახარაძე და ისიამოვნონ „ნაციონალური სიმართლით" და გვარამიასეული სიტყვის თავისუფლებით, ხოლო „რუსთავი 2" დაუბრუნონ მის კანონიერ მფლობელებს.


ისე ვარდებსაც რას ვერჩით, კარგი ყვავილია. ისიც გავათავისუფლოთ ნაციონალურ-რევოლუციური კლიშეებისაგან.


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner