logo_geo
eng_logo
ილია ვეკუას მიმართვა ახალგაზრდებს...
- +

3 მაისი. 2017. 23:24



დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, მთაწმინდის ბინადრის, აკადემიკოს ილია ვეკუას მიმართვა ახლგაზრდობისადმი:


„ცხოვრების ის მანძილი, რომელიც მე გავიარე, საკმაოდ დიდია. ეს ნებას მაძლევს, ახალგაზრდობას გავუზიარო დაკვირვების საფუძველზე საკუთარი გამოტანილი ზოგიერთი მოსაზრება.


ცხადია, ვგულისხმობ მეცნიერებას დაწაფებულ ახალგაზრდობას.


გვეკითხებიან ხოლმე, რა არის საჭირო მეცნიერული მუშაობის წარმატების უზრუნველსაყოფადო. ერთი შეხედვით, საპუხი სავსებით ნათელია: ესაა სათანადო ბუნებრივი მონაცემები, მოწოდება და მუშაობის უნარი. თუ კაცს თანდაყოლილი ნიჭი აქვს და შრომისმოყვარეა, ყოველთვის მიაღწევს წარმატებას ხელსაყრელი პირობების გამოყენებით. მაგრამ ნიჭიერება და ღრმა აზროვნების უნარი სახეზე არავის აწერია, არც მათი გამოვლინებაა ადვილი, რადგან ძალიან ღრმადაა ჩამარხული ადამიანში. დიდი დრო და დაკვირვება სჭირდება მის გამოაშკარავებას. ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას, როცა ახალგაზრდის ნიჭიერების შეფასებისას ვემყარებთ მის ისეთ თვისებებს, რაც აშკარად ჩანს და იოლად ვლინდება. ზოგიერთი, როგორც სწავლაში, ისე ცხოვრებაში ბრწყინვალე მაჩვენებლებს ავლენს, რაც ჩვენ გვხიბლავს და მისთვის ყველა კარი იოლად იხსნება; მაგრამ დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, ხშირად ის, რაც ბრწყინავდა - ოქრო არ გამოდგება ხოლმე. ამიტომ ნიჭიერი და უნარიანი ახალგაზრდების დაწინაურებისას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს. მთავარია სამი რამ: ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული. ჩვენი სასიქადულო მეცნიერი, აკადემიკოსი ნიკო მუსხელისვილი თვლიდა, რომ ამ სამი ნიშნიდან მესამე - საგნისადმი სიყვარული - გადამწყვეტია მეცნიერებაში წარმატების მისაღწევად. მეც, რაც მეტი დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ნამდვილად ასეა.


ადამიანს ცხოვრების გზაზე თითქმის ყოველ წამს მრავალი ცდუნება ელოდება. კერძოდ: ესაა სურვილი, ერთი შეხედვით, სავსებით ბუნებრივი, ცხოვრების პირობების კეთილმიწყობისა - ჰქონდეს ხეირიანი ბინა, კარგი ხელფასი, მანქანა, თანამდებობა და მრავალი სხვა.


მეცნიერებაში წარმატებებს მიაღწევს მხოლოდ ის, ვისაც უსაზღვროდ უყვარს თავისი დარგი, ვინც ყველაფერზე მაღლა დააყენებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და შემოქმედების სფეროში წარმატების მოპოვებას დაუქვემდებარებს ყველა სხვა ინტერესს. ვინც ასე მოიქცევა და წარმატებებსაც მიაღწევს, მისთვის ცხოვრების სხვა მხარეები თანდათანობით მოგვარდება და გაცილებით უკეთ, ვიდრე შესაძლებელია მას ახალგაზრრდობის დროს ესახებოდა, ოღონდ ამისათვის საჭიროა დრო და მოთმონების დიდი უნარის გამომუშავება, კერძოდ, სულის მღრღნელი შურიანობის დაძლევა...


ბოდიში უნდა მოვიხადო, რომ ასეთი, არსებითად ტრივიალური აზრის გამოთქმას ამდენი ხანი მოვანდომე, მაგრამ ამაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ მაშინ, როცა ამ წერილის წერა დავიწყე, თვალწინ წარმომიდგა ზოგი ბრწყინვალე ნიჭის მქონე პიროვნების ბედი, რომელთაც მეცნიერებას ხელი მოჰკიდეს და წარმატებითაც შეეძლოთ გაეგრძელებინათ მუშაობა, მაგრამ პარალელურად, დიდ დროსა და ენერგიას უთმობდნენ ცხოვრების კეთილმოწყობას, როგორც იტყვიან, არაფერს იკლებდნენ, ხოლო მეცნიერებისათვის ზრუნვა მეორეხარისხოვან საქმედ აქციეს. ცხადია, მათ მეცნიერებაში სასურველ სედეგებს ვერ მიაღწიეს და ვშიშობ, რომ ამის ნამდვილი მიზეზი, შესაძლებელია, ბოლომდე არც ჰქონდათ გაცნობიერებული. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიმ მათგანი ხელის მოცარვას გარეშე, ე.წ. ობიექტური მიზეზებით ხსნიდა.


მეცნიერული შემოქმედების პროცესი ჭეშმარიტ მეცნიერთათვის დრამატული განცდებითაა აღსავსე. შეიძლება მისი ბევრი წამოწყება უშედეგო გამოდგეს, რასაც, ცხადია, მწვავედ განიცდის, მაგრამ ამან მუდმივ საგონებელში არ უნდა ჩააგდოს იგი. ნამდვილ მეცნიერს ყოველთვის აქვს პრობლემისადმი მიდგომის სათადარიგო გზები, ან ახალ, მონათესავე პრობლემაზე გადასვლის საშუალება. მეცნიერული შემოქმედებისათვის ოფტიმიზმი წარმატების აუცილებელი (მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის საკმარისი) იარაღია; ამიტომ მეცნიერი ოფტიმისტი უნდა იყოს, არც ერთ ვითრებაში წარმატების რწმენა არ უნდა დაკარგოს.


მინდა ვუსურვო ჩვენს შესანიშნავ ახალგარდა თაობას, ვისაც მეცნიერული შემოქმედებისათვის სათანადო მონაცემები აქვს, დღენიადაგ თავის საყვარელ საგანზე იფიქროს და დაუღალავად იმუშაოს, იქონიოს დიდი მონდომება და შრომისუნარიანობა. მხოლოდ ამ პირობებშია წარმატება მოსალოდნელი, ამის გარეშე კი მარცხი გარდაუვალია.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.

საუკეთესო სურვილებით,

თქვენი ილია ვეკუა".


05.05.1977


თბილისი


(მადლობა პროფესორ მარინა ვეკუას ამ პუბლიკაციისთვის)


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×