logo_geo
eng_logo
ვინც „ოცნებას“ ებრძვის, ის „ნაცების“ საქმეს აკეთებს
- +

14 მაისი. 2017. 19:03


                                                               



წერილი III

 

(იხ. „რეპორტიორი", 19.04.2017 (პირველი წერილი), 10.05.2017 (მეორე წერილი)


ნათქვამია - არცოდნა არცოდვაო!.. მაგრამ არა ყოველთვის. ერთობ გახშირდა „არცოდნის" დემონსტრაცია, უფრო მეტიც - მისით აგრესიული თავმოწონება. ამ ბოლო დღეებში ეს იმდენად თვალშისაცემი გახდა, იმდენად გადასცდა ზღვარს, რომ...


ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა გავიხსენო - უდიდესი ადამიანური ნიჭია, არ ილაპარაკო იმაზე, რაც არ იცი". ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების აქტიური დამკვირვებელი, აგერ უკვე სამი ათეული წელია, ყოველდღიურ რეჟიმში რწმუნდება ციტირებული შეგონების ჭეშმარიტებაში.


ვიდრე ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, ერთ ძველ ამბავს გიამბობთ:  ჩემ მეგობარ მხატვარს გამოფენაზე ერთი ახირებული დამთვალიერებელი შეუჩნდა, ნამუშევრებს ასე ძვირად რატომ აფასებო. ასე მიღირს და იმიტომო, უპასუხა ჩემმა მეგობარმა. „მხატვრობისმოყვარული სპეცი" არ მოეშვა: ასე როგორ გიღირს, როცა ტილო, საღებავი და ჩარჩო მთლიანობაში 100 ლარზე მეტი არ გიჯდება, თანაც ერთი ნახატის დასახატად, ალბათ, მაქსიმუმ ორი დღე გჭირდება და ათმაგი და ოცმაგი ამოგება რა წესიაო. ჩემდა გასაკვირად, ჩემმა მეგობარმა „ბუღალტრულივე" პასუხით დააშოშმინა მოთმინებიდან გამოსული „ხალხის მძარცველთან მებრძოლი": იმისათვის, რომ ჩემი ნამუშევრებისთვის „ამხელა" ფასები დამედო, მე და ჩემმა ოჯახმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი ხარჯი გავწიეთო. შემდეგ, მეტი კონკრეტიკისთვის დაუმატა - იმისათვის, რომ ერთი დღის მუშაობის შედეგად მნახველს ხარისხიანი ნამუშევარი შევთავაზო, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავე ოსტატობის დახვეწაზე ისე, რომ არანაირი მატერიალური სიკეთე არ მიმიღია და არც ის დაგავიწყდეთ, რომ ნიჭს კიდევ თავისი ცალკე ფასი აქვსო....

 

ეს ისტორია გამახსენა საჯაროდ იმ „გაკაპასებამ" („ვის გაუგონიაო ოთხ თვეში კონსტიტუციის დაწერა"), რომელიც ატყდა იმ „ცნობადებში", უარყოფითი რომ უნდა თქვან ყველაფერზე, რაშიც მათი ხელი არ ურევია („უჩემოდ რად იმღერეთა!"). არადა, აპრილის ბოლო დღეებმა ყველა კითხვას გასცა დამაჯერებელი პასუხი. მათ შორის იმ საკითხებზეც, რომელსაც ქვეყნის „პირველი პირი" სვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი ფილოსოფოსი პრეზიდენტი, მისივე სიტყვებით, სპიკერმა მაგრად ამეცადინა, სერიოზული ხასიათის შეკითხვები არც უნდა დასმულიყო (მითუმეტეს, „პირველის" კარზე მოფუსფუსე „მრევლისგან"), რა თქმა უნდა, თუკი ვინმე მეტისმეტად სუბიექტური ან ანგაჟირებული არ გახლავთ. 


ერთი სიტყვით... უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ ცოდნითა და სათანადო უნარებით ხარ აღჭურვილი, ამ „მოკლე დროშიც" შესაძლებელი ყოფილა ღრმა და საფუძვლიანი დოკუმენტის პროექტის სახით საზოგადოებისთვის წარდგენა. ამ თემაზე პირველ წერილშიც („რეპორტიორი", 19.04.2017) საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე, ამიტომ, აქ, ამ „შესავალზე" დავსვამ წერტილს. 


ახლა ცოტა რამ „უცოდინარობაზეც" უნდა ვთქვა. უკაცრავად, თუ კამათი ხისტად გამომივა... ბათუმში, კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვაზე, ირმა ინაშვილმა თავისიარგუმენტების" გასაძლიერებლად მრავლმნიშვნელოვნად განაცხადა - გუშინ წიგნებს ჩავუჯექი, მთელი დღის განმავლობაში უამრავი რამ წავიკითხე და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, ასე კი არა, ისეაო! ხომ გაიგეთ, ერთ დღეში, წიგნებში ჩაკირკიტებულმა (რაც უდავოდ მისასალმებელია), გაარკვია და დაასკვნა: „ასე" კი არ არის, „ისეაო"! შუა გამოსვლაში კი, ქალბატონმა ირმამ  ისიც „აღიარა", პოლიტიკოსობაზე პრეტენზია არ მაქვსო(?!), ჯერ ამ „აღიარებაზე" მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა:


აქამდე მეგონა, რომ  პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივნობასა თუ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერობაზე მეტი რაღა პოსტი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მან თავი პოლიტიკოსად ჩათვალოს? და ამ ორ „ჩინს" თუ დავუმატებთ ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობას?..


იქნებ ვინმემ მითხრას, მე, რიგითმა მოქალაქემ, რა უნდა ვიფიქრო და გავაკეთო მსგავს სიტუაციაში? მავანი დამამშვიდებს - ხმა არ მისცე „პატრიოტთა ალიანსს" და ეგ იქნებაო. პოლიტიკაში „გავლით" მყოფებისთვის ხმა არასდროს მიმიცია და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას, მაგრამ რა ვუყოთ იმ შეურაცხყოფას, რომელსაც განვიცდით იმის გამო, რომ ხალხის ნდობით აღჭურვილი მაღალანაზღაურებადი  ჩინოსანი მაღალი ტრიბუნიდან გვმოძღვრავს ერთი დღის(!) ნამეცადინევით" თავის სიმართლეშიაბსოლუტურად დარწმუნებული"? სწორედ ამ შემთხვევაზეა  ნათქვამი: იმდენად არ იცის, რომ ვერ ხვდება, რომ არ იცისო.

 

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ირმა ინაშვილი იმ ექვსკაციანი შემადგენლობის „ლიდერია", სადაც ფრაქციის სამი წევრი პარტიის წინაშე საზოგადოებისთვის „სრულიად უცნობი დამსახურებისთვის" აღიჭურვა დეპუტატის მანდატით, ხოლო ორი (ადა მარშანია, ემზარ კვიციანი) მხოლოდ „უსამართლობასთან უკომპრომისო ბრძოლის" გამო...


საქმეში ჩახედული პირები, მათ შორის, გულშემატკივრული პოზიციებიდანაც კი,  ვარაუდობენ, რომ პატრიოტთა ალიანსის" (და არა მარტო) პრობლემა ისაა (რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს), რომ მათი წარმატება (პარლამენტში მოხვედრა) თანდათან მათი მომავალი წარუმატებლობის პირობად იქცევა. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ „ხმამაღლა დაწერილი" სამიტინგო ტექსტების მიღმა, ბევრ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სიცარიელე ჭარბობს. „სრულიად უცნობი დამსახურებისთვის" მიღებული გადაწყვეტილებებიც არავის რჩება ხოლმე უყურადღებოდ. არავინ იცის, კრიტიკულ მომენტში ვის გვერდით შეიძლება ვიხილოთ „ჩვენი პატრიოტები", იმავე „სრულიად უცნობი მიზეზით".


უფრო რთულია ნინო ბურჯანაძის მდგომარეობა. სხვა ვერავინ დაუშავებდა მის პარტიას იმდენს, რაც თვითონ დამართა პარტიის ინტერესებისთვის სრულიად შეუსაბამო, გაუგებარი გადაწყვეტილებებით. „დემოკრატიული მოძრაობა" თითქოს ინარჩუნებდა მყარ მდგომარეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდამდე, მაგრამ... მარტივი ანალიზით იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ამ პარტიის ხელმძღვანელ ბირთვს არ აღმოაჩნდა შედეგზე ორიენტირებული, რეალისტული გათვლებისა და პოლიტიკური პროცესის მართვისთვის აუცილებელი თვისებები და უნარ-ჩვევები.


სხვა რა ახსნა უნდა მოეძებნოს იმას, რომდემოკრატიულმა მოძრაობამ" უმოკლეს დროში პრაქტიკულად გაანიავა პოლიტიკური დივიდენდებიც (2011 წლის 26 მაისი; 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა საერთო ინტერესის სასარგებლოდ; საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 10%-იანი ზღვრის დაძლევა...) და ადამიანური რესურსიც (ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და კვალიფიციური პოლიტიკური გუნდი).

 

ჩვენი დაკვირვებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „დემოკრატიული მოძრაობის" შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ პარტიის საარჩევნო მენეჯმენტი ვერ გამოდგა ეფექტიანი. დღეს ეს თემა, ალბათ, აღარავის აღარ დააინტერესებდა და არც მე შევაჩერებდი მასზე მკითხველის ყურადღებას, რომ არა  სუბიექტური ნიშნების მატარებელი რიტორიკა და ტონალობა, რაც ამ პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან მოდის „ქართული ოცნების" მიმართ. ამ პარტიის მაღალი ამბიციები, ვფიქრობ, არ შეესაბამება  დღევანდელ რეალობას. 


ამბიციების და რეალური ავტორიტეტის შეუსაბამობა მხოლოდ ერთ პარტიას არ ახასიათებს, ეს „ავადმყოფობა", ისევე, როგორც საკუთარი მარცხის სხვაზე გადაბრალება, წმინდა ქართული სენია და რადგან სენია, მკურნალობას მოითხოვს. ასეთ დროს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, საუკეთესო წამალი - სიმართლეა. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში პარტიული სისტემის განვითარების მოსურნე გულშემატკივრის პოზიციებიდან, მივანიშნებ ამ პოლიტიკურ ჯგუფს (და ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს)  საარჩევნო მენეჯმენტის ნაკლოვან მხარეებზე, უფრო ზუსტად, ორ ტიპიურ მაგალითზე, როგორც ორგანიზაციული, ისე პიარის კუთხით, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე.


პირველი მაგალითი  ძალზე თვალშისაცემია: როცა 73 მაჟორიტარული ოლქიდან 24-ში, ანუ ერთ მესამედში, ვერ ასახელებ მაჟორიტარობის კანდიდატს, ეს განაჩენია საკუთარი თავისთვის. საარჩევნო ოლქში მთავარი გამწევი ძალა, ლოკომოტივი, სწორედ რომ მაჟორიტარობის კანდიდატია. ამ სქემის დარღვევა ოლქის გარდაუვალ ჩავარდნას იწვევს. აჭარის არჩევნებმა აჩვენა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას" მესამე ადგილის პოტენციალი გააჩნდა, მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, მარტივი ტექნოლოგიის უგულებელყოფამ ის სამართლიანი შედეგი მოიტანა, რასაც სპორტის ენაზე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა ჰქვია.  


რაც შეეხება პიარს... „დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი სლოგანი, ე.წ. „უბლოკო სტატუსი" - მიუხედავად იმისა, რომ (ჩემი ღრმა რწმენით) არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესს, საზოგადოების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაწილის (5%-ზე გაცილებით მეტის) მოთხოვნას ეხმიანებოდა. დანამდვილებით ძნელია თქმა, თუ რა მიზეზით (ნაკლებუნარიანობა, შიში, არცოდნა თუ სხვ.), მაგრამ  თემის შინაარსის გაშლა და ამომრჩევლთა ფართო შემადგენლობასთან მიტანა ვერ მოხერხდა, რაც არჩევნების გამოცდილების მქონე ნებისმიერ მეთვალყურეს ეჭვსაც არ უტოვებდა, რომ პარტია ბარიერს მიღმა აღმოჩნდებოდა.


კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ შეცდომები სათანადოდ არ არის გაანალიზებული და გაჯიუტებას, რომყველაფერი სხვისი ბრალია", როგორც შედეგი, მოჰყვა თვითმარგინალიზაციის შეუქცევადი პროცესი.

 

„დემოკრატიული მოძრაობა", გაცხადებული საგარეო კურსის პოლიტიკურ სუბიექტთა დიდი უმრავლესობის მხრიდან მიუღებლობის გამო, იმ გეგმის ნაწილადაც ვერ უნდა მოიაზრებოდეს, რომლის იმედიც შეიძლება ჰქონდეს „პატრიოტთა ალიანსს".


იკვეთება სცენარი, სადაცნაციონალური მოძრაობის" მეტისმეტად ოდიოზური სახეებისგან გაწმენდილი დაჯგუფება რაიმე ახალი ფორმითა და შინაარსით უნდა შეიფუთოს (ვეჭვობ, ეს შესაძლებელი იყოს). აღნიშნული სცენარის მთავარი პრობლემა გარკვეული ხიბლის მქონეახალი, სააკაშვილისგან განსხვავებული ლიდერის მოძიებაა. ვინაიდანპოლიტიკური სახეების" არსებულ სიმრავლეში საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პერსონის შერჩევა შეუძლებლამდე ძნელია, აქცენტი კეთდება მიმზიდველი სტატუსის მქონე გიორგი მარგველაშვილზე....

 

და აქ იკვრება წრე - ჩვენს „შეცდომით" დანიშნულ („დამნიშვნელი-რეკომენდატორის" თვითაღიარებიდან გამომდინარე) პრეზიდენტს იმდენად აქვს ავტორიტეტი შელახული, იმდენად მწირია მისი საბაზისო ცოდნა პოლიტიკასა და პოლიტიკასთან ახლოს მდგომ რომელიმე სფეროში და იმდენად უჭირს გარდასახვა და სიახლეების ათვისება, რომ საეჭვოა ამ საქმიდან რაიმე გამოვიდეს (იხ. „რეპორტიორი" 10.05.2017).


და აქ მივადექით მნიშვნელოვან სათქმელს: ზემოხსენებული სცენარის უპერსპექტივობის მთავარი მიზეზი მაინც ხელისუფლების გამართული საქმიანობაა. თვალსაჩინო წარმატებებს საგარეო პოლიტიკაში (ასოცირების შეთანხმება, ვიზა-ლიბერალიზაცია, აშშ-ის კონგრესის განცხადებები, აშშ-ის ახალი კანონი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უმძლავრეს პარტნიორებთან და სხვა მრავალი), ზურგს უმაგრებს ქვეყნის შიგნით გადადგმული მყარი ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. ხელისუფლების პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს ხალხის დამოკიდებულება - ავადსახსენებელი NDI-ის კვლევებითაც კი, „ოცნებას" სამჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ ორგანიზაციას.

 

როგორც წინა წერილებში ვწერდი, ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი ახალი კონსტიტუციური ცვლილებებია. ქვეყნის მთავარი კანონის განახლებულ რედაქციაში ასამდე შესწორება შევიდა. საერთო აღიარებით, ყველა სიახლე წინგადადგმული ნაბიჯია და მხოლოდ ორად-ორი დებულება რჩება, რომელიც ჯერჯერობით საკამათოდ არის მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ამ ორ შემთხვევაშიც ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას კომპრომისისთვის.

 

პირველი კომპრომისი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ერთი ციკლით გადავადებას, რაც იმთავითვე იყო გაცხადებული, რატომ უნდა იწვევდეს წინააღმდეგობას, სრულიად გაუგებარია, თუ, რა თქმა უნდა, პროტესტი წინასწარ დაწერილი გეგმის ნაწილს არ წარმოადგენს. მეორე კომპრომისი, რომელიც ბონუსის სისტემის დანერგვას უკავშირდება, გულისხმობს, ძალაუფლების ერთ ხელში ჭარბი კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, ერთგვარი ზედა ზღურბლის განსაზღვრას, რაც, როგორც მინიმუმ, სივრცეს ტოვებს მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ...


საკონსტიტუციო პროცესის სრულყოფილი შეფასებისთვის უნდა აღინიშნოს: მისი სრული გამჭვირვალობა; უპრეცედენტო(!), დამოუკიდებელ საქართველოში დღემდე არნახული საჯარო განხილვები, სადაც დაბრკოლება არ შექმნია არანაირ(!) განსხვავებულ აზრს; უპრეცედენტო განაცხადი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ არ მიიღება არცერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფით სამართლებრივ დასკვნას მისცემს.

 

„ოპოზიციამ" კარგად იცის, რომ კონსენსუსი ცალმხრივი კომპრომისით არ მიიღწევა. აქედან გამომდინარე, მისი ხისტი დამოკიდებულებები (ბოიკოტები, საბოტაჟები, ობსტრუქციები, დებოშები, სკანდალები...) მოვლენების სულ სხვა განვითარებაზეა გათვლილი. პროცესების დემოკრატიული სტანდარტების დაცვით წარმართვა, როგორც ჩანს, ზოგ-ზოგიერთებს ხელისუფლების სისუსტედ მიაჩნიათ და იმედი აქვთ, „ბოლომდე მიწოლით" მას ჩიხში მოაქცევენ.


მინდა, მკითხველი დავარწმუნო, რომ ამგვარი დამოკიდებულება „ოპოზიციას" მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მმართველ ძალას, რადგან სიხისტე, სიჯიუტე და ქვეყნის საზიანოდ, მხოლოდ სუბიექტურ ინტერესზე აგებული დამოკიდებულება შედეგს არასდროს იძლევა.


მახსენდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის სიტყვები, ოპოზიციის ლიდერის მისამართით ნათქვამი: „თქვენი საქმეა - ილაპარაკოთ, მე - ქვეყანა უნდა ვმართო!"

 

ქართული ოცნების" საქმეა - თავისი მანდატი, ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული ძალაუფლება, სრულად გამოიყენოს და - ქვეყანა მართოს.


 გიორგი  ქებულიძე


14.05.2017



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×