logo_geo
eng_logo
„საკუთარი თავი მეზიზღებოდა!“ - სოსო ჯაჭვლიანის დღიური
- +

29 მაისი. 2017. 03:19



სააგენტო expressinfo.ge ყოფილი პარლამენტარის, სოსო ჯაჭვლიანის დღიურიდან ამონარიდს აქვეყნაბს, რომელიც 2011 წლის 26 მაისს და შემდგომ პერიოდს შეეხება:


„2011 წლის 26 მაისი და შემდგომი პერიოდი:

 

ეს გაუპატიურებაზე უარესი იყო!


კონოთეატრ „რუსთაველში" ვიყავით მე, გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი, დიმას ბიჭი, თემურ შაშიაშვილი და სხვები, ჩვეულებრივი მოქალაქეები. მე ხელები შემიკრეს, ძირს დამაგდეს, წამომჯდარივით ვიყავი, მაგრამ დამაგდეს. ამათ უხარიათ, ადამიანს რომ დაესევიან ყივჩაღებივით, რამოდენიმე კაცი რომ დაგახტება ზემოდან, როგორია? თემურს ხელები, ფეხები შეუკრეს და ჩემთან დააგდეს. ვეუბნები, თუ ცუდად ხარ, თავი დადე-მეთქი ძირს. მერე ვიღაცა იყო იქ, იმას ვუთხარი, ცოტა გადაატრიალეთ-მეთქი და გვერდზე გადაატრიალეს. არის უშვერი გინება, მთელი უბედურება, რაც კინოთეატრში ბავშვებს და ქალებს გაუკეთეს, ეს კიდევ სხვა ამბავია. გამოვყავართ გარეთ, დგას "სასტავი" - ნიღბიანები. ქვემოთ რომ ჩამოვდივართ, ერთი გვაგინებს. მივუტრიალდი: შენი დედაც მოვტ...ან-მეთქი! მოცვივდნენ, გაგვათრიეს. ისეთ მომენტებში იწყებდნენ შეურაცხყოფების მოყენებას, როცა ოდნავ მაინც გამოვხატავდით პროტესტს. სპეციალურად გააკეთეს ერთი გასაქცევი, მხოლოდ კინოთეატრისკენ, რომ იქ ბოლომდე გავეპრესეთ და "ჩავეპიზდეთ". ეს წინასწარ იყო ჩაფიქრებული. მერე წერდნენ, გაუპატიურების ფაქტებიც იყოო, მე არ დამინახავს გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ რასაც აკეთებდნენ თავიანთი სიტყვებით, როგორც იგინებოდნენ, რასაც კადრულობდნენ ქალებისა და ბავშვების მიმართ, იყო გაუპატიურებაზე უარესი. ვფიქრობ, ეხლა გინდა ცოცხალი იყავი, გინდა - მკვდარი, რაღა მნიშვნელობა აქვს? ახლა ვამბობ, ვფიქრობდი-მეთქი, თორემ მაშინ ქვეცნობიერად ვმოქმედებდი, ინსტიქტურად, ამიტომ შეურაცხყოფაზე ვპასუხობდი შეურაცხყოფით. ამ დროს რამდენიც არ უნდა გირტყან, აღარც გტკივა. თურმე ყოფილა მომენტი, როცა ყველა და ყველაფერი ფეხებზე გკიდია. არ გეშინია, გიჟი ხარ!


ავტობუსში გვყრიან, ვიღაცებს ურეკავენ, ვიღაცების სახელებს იძახიან... აშკარად ჩანდა, თითოეული ჩვენგანი სახელით და გვარით იცოდნენ, ვისაც გვცნობდნენ - გვცნობდნენ, უკვე ჰქონდათ ინსტრუქციები, ვისთვის რა უნდა გაეკეთებინათ. ეს იყო სპეცოპერაცია სპეციალური დავალებებით. ასე რომ მომზადებულიყვნენ აფხაზეთისა და ოსეთის დასაბრუნებლად, აქამდე ეს ტერიტორიები ჩვენი იქნებოდა. ეგეც მიკვირს, ასე დახვეწილად, ასე გააზრებულად როგორ გააკეთეს?!


მე საკუთარი თავი მეზიზღებოდა!


ჩაგვტენეს, როგორც იქნა, ავტობუსში, ოცდაათამდე კაცი ვიყავით... თან მიდის შეურაცხყოფები, იქაა გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი. მანამდე ერთი რაღაცა გაუთამაშებიათ სპეციალურად - გოგისთვის და დიმასთვის უთქვამთ, სოსოს ერთი სვანი შეხვდა და სახლში გაუშვესო. ავტობუსის კარში ვიღაცა დგას, „სპეცნაზელი", ხან ვის წამოარტყამს, ხან ვის, იგინება, თუ ვინმე ხმას ამოიღებს, უყვირის - შენი დედა მოვტ...ანო! ერთი იჯდა ჩემთან ახლოს, შეკრული ჰქონდა ხელები და სისხლი გაუჩერდა. ვიღაცას ვეუბნები, რამე ხომ არ გაქვს, ხელები გავუხსნა ჩუმად-მეთქი? კი, დანა მაქ რაღაცაო. გამოვართვი, გავუხსენი და თან გავაფრთხილე, ხელები ისე გქონდეს, ვითომ შეკრული გაქვს-მეთქი. წაგვიყვანეს სამმართველოში, ჩამოგვყარეს, ავტობუსთან მიგვაყენეს ზურგით, ფაშისტები რომ აკეთებდნენ, ზუსტად ისე... თან გვთვლიდნენ ებრაელებივით, ერთი, ორი, სამი, ოთხი... დიდი ოპერაცია ჩაატარეს, ძალიან დიდი! კიბეზე რომ ავყავართ, ვიღაცა მოვიდა, მომესალმა, მაგრამ ვერ ვიცანი. გოგიმ და ამათ ჩათვალეს, რომ ნაცნობია, სამოქალაქო ფორმით იყო, ეტყობა, იქ მუშაობს. მე მითხრეს, წამოდი, ჩვენ მეექვსეზე უნდა ავიდეთო. მეგონა, ამათაც წამოიყვანდნენ, ამასობაში გაგვყვეს თურმე, ზოგი მეხუთეზე წაიყვანეს, ზოგი - მეოთხეზე... გოგი, დიმა და ვიღაცები გაუშვიათ იქიდანვე. მე ამიყვანეს მეექვსე სართულზე, შემიყვანეს ოთახში და დამსვეს, ხელები გახსნილი მაქვს უკვე. კინოთეატრში სამჯერ გავწყვიტე ბორკილები. მერე დამეხვივნენ, კიდევ შეუკარით, მაგის კარგი მოვყტ...ანიო, - იძახის ერთი. ოთახში უკვე ზრდილობიანად მექცეოდნენ, მოდიოდნენ, შემომხედავდნენ, თავებს გადააქნევდნენ, ვააა, ბიჭო, რა შარში გაეხვიეო? რა გავეხვიე, გახვეულები თქვენა ხართ, რა იყო, რა მოგივიდათ-მეთქი? ნახე, ბიჭოო... ტელევიზორში მაჩვენებენ იმ კადრებს, მანქანა რომ ეჯახება ვიღაცას, ნახე, რა ბიჭი მოკლესო? მე რასაც ვუყურებდი, არ ჩანდა ხეირიანად არაფერი. მერე მითხრეს, ყავა ან ჩაი ხომ არ გინდაო? თან შემოჰყავთ ვიღაცები... კაცო, სულ მთავაზობენ ყავას და ჩაის. არა, არ მინდა არაფერი-მეთქი! მეზიზღებოდა ყველაფერი ჩემი თავიდან დაწყებული, მე რომ ვერ გამოვხატავდი პროტესტს, ამაზე სულ ვგიჟდებოდი... ტიპები შემოჰყავთ, უფორმებენ რაღაცას, უშვებენ... ერთი შემოიყვანეს, შემთხვევით მოვხვდიო. მე ისეთი სიტუაცია შემიქმნეს - შემოდიან, მელაპარაკებიან, თითქოს შემთხვევით მოვხვდი ამ გაუგებრობაში. ჰოდა, ერთი რომ იძახის, შემთხვევით მოვხვდიო, ამას დაუწყეს გინება: რა შემთხვევით, შე ჩემა, ღამის პირველ საათზე, თავსხმა წვიმაში იქ რა გინდოდაო?!


მეორე შემოიყვანეს, ეკითხებიან, საიდან ხარო? კახელი ვარო, მირზაანი თუ მაჩხაანი უთხრა, აღარ მახსოვს. პოლიციელმა წაუკახურა, როგორ მოხვდი მანდაო? ეს დგას, დაბალი კლიენტია, შავი, ვენახებში რომ დარბიან... წარმოიდგინე ჯარისკაცის მამა, ოღონდ ახალგაზრდა, სუფთა მიხო. როგორ თუ როგორ მოვხვდი? გავიგე, რომ მიტინგია და ჩამოვედიო. მერე მაგაზე რომ დაგენძრევაო?! დამენძრევა და დამენძრეს, მაგი დედაც ვატირეო! ხო იცი, კაი დღე არ დაგადგებაო! ჰო, ვიცი, მა! აწი კიდე ჩამოხვალო? რა ვიცი, თუ რაღაცა არ მამეწონება, კიდე ჩამოვალ, აბა, რას ვიზამო? გაიყვანეს.


ამ ბიჭებს მოვუტრიალდი და ვეუბნები: ვინც აქამდე შემოიყვანეთ, ხომ პროჭები იყვნენ ყველანი, ეგ კახელი კაცი ეგრევე უნდა გაუშვათ, უნდა უთხრათ, წადი ვენახშიო! ამასობაში რაღაცა საბუთი გამომიწერეს, მონაცემები ჩაწერეს, ალბათ წახვალ, ფულს გადაიხდი და გაგიშვებენო. არც ვაქცევ ყურადღებას, სულ მკიდია, მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ თავზე ლაფდასხმული ვარ.


ზურგიდან შევხედე ლუკას და ცრემლები წამომივიდა!


ჩამომიყვანეს სამმართველოს პირველ სართულზე, მარჯვენა მხარეს რომ გამოვედი, ორმოცამდე კაცი დგას... ხელებშეკრულები, ნაცემები. მე მივყავარ უკვე სასამართლოში, გამომიწერეს "პუტიოვკა", ვიღაცა ტიპი დამყვება, ვითომ ჩემი დამპატიმრებელია. დავინახე, ბიჭო, ლუკა დგას იქით, კურტანიძე... "ვაბშე" შიშველი ზემოთ, ნახევი აქვს მარტო "მაიკის", ხელები შეკრული და სიმწრის ცრემლი ახრჩობს. დგას კაცი, ჩემი მეგობარი, რომელსაც ათეული წლებია ვიცნობ, მე ქურთუკი მაცვია, თან ცოტა ცივა, ნაწვიმია, უკვე დილაა. მივედი, გვერდით დავუდექი და ვეუბნები: ლუკა, მაგრად უნდა იყო! მინდა, რომ გავამხნევო. კაცია შეურაცხყოფილი, განადგურებული... მე საერთოდ ბავშვობიდან ასეთი ვარ, ვერ მატირებდნენ, ჩემ თვალზე ცრემლი არავის უნახავს. მერე გავიხადე ქურთუკი და ჩავაცვი. თავიდან დაიწყეს, არ შეიძლებაო. ბიჭო, ნახეთ, რა დღეშია კაცი, რა არ შეიძლება, ამოდენა ლომი ასე შიშველი როგორ უნდა გაიყვანოთ-მეთქი?! წარმოიდგინე ახლა, ექვსი შვილი გყავს, მათთვის ამხელა ავტორიტეტი ხარ, მსოფლიო ჩემპიონატზე იდექი, საქართველოს ჰიმნს უკრავდნენ, ამხელა დიდება გაქვს ამ ქვეყნისთვის მოტანილი და ამ დროს ხარ ნაცემი, შეურაცხყოფილი, განადგურებული. სამმართველოს გრძელ კიბეებზე რომ ჩაჰყავდათ, ზურგიდან შევხედე, გეფიცებით, მართლა ცრემლი წამომივიდა. ბიჭო, ამას რას ერჩით, რა გინდათ, განსხვავებული აზრი აქვს!


ყველა ჩაგვიყვანეს ეზოში, ისევ დაგვაყენეს, გაივლის ვიღაცა "სპეცნაზელი" და ყვირის: ჰა, ბიჭო, რომ გეუბნები, წესიერად დადექი! თან ფეხს მიარტყამს, ვარჯიშობს! ნიღაბს ხან გაიკეთებს, ხან მოიხსნის... აუ, ორმეტრიანი ხალხი დგას ხელებშეკრული, მიდის და ურტყამს წიხლებს.


დილით 6 საათზე ჩამიტარეს სასამართლო. ოპერატიულად, ჩაწიკწიკებული აქვთ ყველაფერი. იქ რაღაც კამერა ჰქონდათ, ყველა შეგვყარეს, გაგვიყვანეს მერე ცალ-ცალკე. თამარ ონიანმა გამასამართლა. სვანს სვანი ასამართლებდა, მეგრელს - მეგრელი, კახელს - კახელი. სოსო რომ შემოიყვანეს ჯაჭვლიანი, ამ ონიანს უბრალოდ აცილება მაინც ხომ შეეძლო, რომ გაეკეთებინა? ბოლო სიტყვა რომ მომცეს, ვთქვი: მსგავსი რამ ფაშისტებსაც არ გაუკეთებიათ, რაც თქვენ გააკეთეთ, რამდენ დღესაც მომისჯით, აღარ მაინტერესებს, აქედანვე ვიწყებ შიმშილობას, მე არ ვიცი, რისთვის მასამართლებთ, რისთვის დამაკავეთ-მეთქი! დაბლა ჩამომიყვანეს, მე მგონია, რომ ყველას მიუსაჯეს, მაგრამ ზოგი გაუშვიათ. არავითარი კავშირი, ტელეფონიც წაიღეს. შეგვყარეს ავტობუსში და ისევ მიგვიყვანეს სამმართველოში, სადაც იწყება ჯოჯოხეთი. ერთმანეთში ლაპარაკობენ, იმ "კაპეზეში" ადგილი არ არისო... მე ორივე ფეხზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული მენისკის, ვეღარ ვდგავარ, მტკივა მუხლები. ვზივარ ავტობუსში, იძახიან, ახლა საგარეჯოში უნდა წავიდეთ, მერე - თელავშიო, მერე - მოდულშიო. ვდგავართ ერთ ადგილას ხუთი საათი. სადღაც 18 კაცი დავრჩით ერთად. დავინახე მურმან დუმბაძე, ნაცემია მაგრად. ერთი ეჭიმება: ბიჭო, რას მოდიოდი ბათუმიდანო?! დუმბაძე ეუბნება, იქ რაღა მინდა, თურქებმა წაიღეს ყველაფერიო. რა თურქებმა, რას მიედ-მოედებიო?! ერთმა ბიჭმა დაიწყო, ტუალეტში მინდაო. არ შეიძლებაო, დაუწყეს ამათ შაყირი, თუ გეფსია, ჩაიფსი, სიმონ! გავიდა ნახევარი საათი, კაცი ცუდადაა, მე ვუთხარი, თუ სხვა გზა არაა, გაუშვით-მეთქი. მერე მოვიდა ვიღაცა - ფეხი მიარტყა, ბიჭო, ჩაიფსი, რაა, შე ბოზო, შე პროჭო! ამოდენა კაცი, ორმეტრიანი დგას, ბიჭო, და არ აძლევენ უფლებას, რომ მოფსას. ამ ტიპს სახე აქვს ალანძული, აშკარად ცუდადაა. ცოტა ხანში მშვიდდება, ჩამოვაყოლე თვალი, ჩასვრილია, სუნი დგას საშინელი... ფსამს და ფსამს, არ ჩერდება, მოდის ნაკადულივით. ტიპი დგას, ესენი კიდევ იცინიან, ფაშისტები რომ აკეთებდნენ, ამათი დედა მოვტ...ან!


ახლა, რა უნდა გაუკეთო ამ კაცს, არ ჯობია, შუბლში დაახალო ტყვია?! ეგეთ რაღაცას, ჯობია, დაგბრიდონ! გავხედე ტიპებს, სხედან, იცინიან: ჰა, ჰა, ჰა... ჰი, ჰი, ჰი... მერე ერთი ადგა, მივიდა, ხელი გადაჰხვია: ბიჭო, არ გეწყინოს, აქ ეგეთი კანონიაო, მოფსმა არ შეიძლებაო. ეს ყველა ქართველმა უნდა დაიმახსოვროს... ნახე, ამ ორმეტრიან ბიჭებში, როგორ რაღაცას თესავენ. ეს იყო მთელი საქართველოს დაჯმა! მერე, შენ გინდა, რომ ამ კაცმა ქვეყანა დაიცვას, რამე რომ მოხდეს? ის ხომ პოტენციური მკვლელია უკვე?! შენ რომ მიხვალ სახლში, შე ახვარო, იმ ფულს რომ მიიტან შვილებთან და აჭმევ, ის არ გახსენდება, ეს ფული როგორ იშოვე?! მოდულში წაგვიყვანეს, ისევ აქეთ წამოგვიყვანეს, მერე მცხეთაში ჩავედით. უკვე მკიდია, რაა, სადაც გინდა წამიყვანე, სადაც გინდა - წამომიყვანე, მოგიტ...ან, აღარ მაინტერესებს!


მოდიოდნენ, შემომხედავდნენ, თავს ძალიან მრავალმნიშვნელოვნად გაიქნევდნენ... მოდიოდნენ ვიღაცები სამმართველოდანაც, გადმომხედავდნენ და ვააა, ეს რა ქნა, სიმონ, ტოო! ქართველ ვაჟკაცს რა გაუკეთეს, ეს ვნახე და მერე ჩვენ ის გვიკვირს, ცხინვალში ქართველები რომ დააჩოქეს?! ცხინვალში რომ დააჩოქეს და ოსებმა პირში არ მისცეს სუყველას, არ გიკვირთ?! ნახე, რა მაგრები ყოფილან ოსები! აფხაზეთში ჩეჩნებმა ერთხელ ქართველ ტყვეებს ცემა დაუწყეს და აფხაზები იქით შეუტრიალდნენ, რას შვრებითო?! შენ კი შენს დაბმულ თანამოქალაქეს უკეთებ ასე, რომელმაც ქვეყანა უნდა ააშენოს, რაზე მელაპარაკები ამის შემდეგ?!


ბიჭო, აუჩემებიათ ამ პოლიციელებს, გაბურღეს ტვინი, შუქი და გზა ხომ გაქვთ, მეტი რა გინდათო? შუქი მაქვს ასჯერ გაძვირებული და ვერ ვიხდი, გზა თუ გვინდოდა მარტო, მაშინ კომუნისტები ყოფილან ანგელოზები, "კალბასი", ხორცი და ღვინო ყველას გვქონდა, მხოლოდ მაგით გამასპინძლება სირცხვილადაც კი ითვლებოდა. რეიგანმა ბოროტების იმპერია იმიტომ დაარქვა საბჭოთა კავშირს, რომ ადამიანის უფლებები არ იყო დაცული... ახლა მითხარი, რით განსხვავდებიან ესენი კომუნისტებისაგან? იმათზე უარესები არიან!


მე, დურგალოვიჩი და ჟუკოვსკი


მცხეთის "კაპეზეში", გაგვჩხრიკეს, რამე ისეთი არ შეგვეტანა. შეგყარეს ხუთადგილიანში, იქ იყო სანდრო დონაძე... გველესიანი იყო, რუსთავის "სახალხო კრების" წარმომადგენელი, ორი იყო კიდევ, ესენი მერე გავიცანი... ერთი დღე და ღამე გავიდა, აბსოლუტურად არაფერი მინდა, არც წყალი მინდა, არც საჭმელი. მარტო იმას ვფიქრობ, რამე ისეთი გავაკეთო, რომ გავქრე. შეურაცხყოფილი რომ ხარ და ვერაფერს აკეთებ, როგორია?! პირველ სართულზე წამოვწექი, ავიხედე, ზემოთა სართულზე ერთი ტიპი ზის, აქეთ ვიღაცაა კიდე, მერე გავიგე, დურგალი ყოფილა და "დურგალოვიჩი" დავარქვი. "საკრებულოს" თავმჯდომარედ გველესიანი დავნიშნე... ვიღაცა ხმას რომ ამოიღებდა, გველესიანი მიუბრუნდებოდა: მაიცა, კაცო, ეგრე კი არა, სხვანაირად არი! უკვე ამბიციებიც წამოვიდა. მაგაზე მაგრად მეცინებოდა, მაინც რა არის ადამიანის ბუნება? ჰოდა, ზემოთ ზის ერთი, მუსლიმანები რომ სხედან ხოლმე, ისე და სულ ზემოთ იყურება, ათვალიერებს. ვკითხე, როგორ მოხვდი მანდა-მეთქი? აი, ღამე შემთხვევით მოვდიოდითო... "იდი, ნა ხუი", შემთხვევით არა, ტოროლა! თურმე აღმოჩნდა ეს კაცი ვინ? ადრე თუმანიშვილის თეატრში გამნათებლად მუშაობდა და განათება ვერ ვისწავლე კარგადო. მერე წავედი სამხედროში და "ჟუჩოკების" სპეციალისტი ვიყავიო. თურმე ეჭვი ჰქონდა, აქ შეიძლება "ჟუჩოკები" იყოს დაყენებულიო და ამიტომ იყურებოდა სულ მაღლა... იმას დავარქვი "ჟუკოვსკი". გარეთ რა ხდება, ჩვენ აზრზე არა ვართ, მარტო ვიცით, რომ დაიღუპა პოლიციელი, თან ნინოს ესკორტმა გადაუარა.


რა ხდება კამერაში? წარმოიდგინეთ, სოფლის ტუალეტში რომ შეხვალ და მაგარი სუნია. ტუალეტი იქვეა, წყალს უშვებენ, კეტავენ, უშვებენ, კეტავენ... როგორია, იქ წყალი დალიო, თან სუნი დგას, უბედურება. ისე, შემიძლია ვთქვა, რომ ვისაც ვებარეთ, შედარებით ნორმალური ხალხი იყო, ერთი-ორი დღე "ბლატაობდნენ", მაგრამ მერე დაწყნარდნენ. უცებ დაიყვირებდნენ ღამის 3 საათზე - გაიღვიძეთ! გეგონება, ომში მივდიოდით სადღაც. ეტყობა, ჩვენთვის ნერვების მოშლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ ეს არაფერი. შუქი არ იყო ნორმალური, გაზეთი არ იყო, მაგრამ რომც ყოფილიყო, ვერ წაიკითხავდი, თან სულ ენთო, დღე და ღამე. ეგეც მურტალია, ვერ იგებ, დღეა, ღამეა. ფურცელი არა, კალამი - არა, ბოლო-ბოლო, ეგ რომ მქონოდა, ყველა დღეს ჩავინიშნავდი, რაღაცას დავწერდი, ახლა უნდა ყველაფერი აღვიდგინო დეტალურად, გახსენება მჭირდება.


ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს!


რამდენიმე ადამიანი მოვიდა და გამაფრთხილა... ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნათქვამი იყო: სოსო, დღეს რუსთაველზე თამარ მეფე და დავით აღმაშენებელიც რომ იდგნენ, იმათაც ბოლომდე გადაუვლიანო. ნახეთ, ყველაფერი მიდის თანმიმდევრულად... მე არ მაინტერესებს, მკალავიშვილი განკვეთილი იყო თუ მოკვეთილი, ესენი როგორც კი მოვიდნენ, ხალხის მიერ აშენებულ ეკლესიას დაეტაკნენ. მე მაშინაც მქონდა პროტესტის გრძნობა, მაგრამ ხომ იცით, როგორ იყო? ხალხი იჯდა და იძახდა: აი, ეგრე მოგიხდებათ... აი, ამას ამდენი მილიონი წაართვეს! საწყალი გირგვლიანის დედა იძახდა, ყველას ოჯახში მოვა ეს უბედურებაო. ბიჭო, რა მნიშვნელობა ჰქონდა, მკალავიშვილი ვინ იყო? იქ ხალხს ურტყეს, მორწმუნეები გათელეს და არავინ არ ამოიღო ხმა, მოხდა ამ სიბინძურესთან შეგუება!


დავუბრუნდეთ საკანს: მთელი დღის ნორმას, საჭმელს რას აძლევენ ადამიანს? მხოლოდ ერთ ჭიქა ჩაის და ერთ ნაჭერ პურს... ორი დღე ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, სად ვიყავით, როგორ ვიყავით, გვეძებდნენ. აბსოლუტურ იზოლაციაში ხარ, არაფერი არ იცი, ტვინს გვიბურღავდნენ მარტო ასე: თქვე იმის მონებო, თქვე ამის მონებო, აგენტებო, როგორ აპირებდით, რას აპირებდით, ნახეთ, რა კაი ბიჭი დაიღუპა და ასე შემდეგ. მოკლედ, ისიც გითხარით, კამერაში ხუთნი ვისხედით - სანდრო დონაძე, ნუგზარ გველესიანი, "დურგალოვიჩი", "ჟუკოვსკი" და მე. ახლა წავიდა გამოკითხვა, შენ ვინ ხარ, რას შვრები, როგორ მოხვდი აქ? რომ დავიწყეთ ლაპარაკი, ეს "დურგალოვიჩი" - რომან წიკლაური იძახის, დარბევა რომ დაიწყო, ბაღისკენ გავიქეცი და ხეზე ავძვერიო. თურმე მთელი ღამე იჯდა ხეზე. თან ამას უნდა შეხედო, რა ტიპია, უცებ წარმოვიდგინე, როგორ იყო ჩახუტებული ხეს და როგორი სახე ჰქონდა. დილით შემოვიდნენ, აღლუმი უნდა ჩატარდეს და მანამდე ძაღლები ჰყავთ მოყვანილი, იქაურობას ასუფთავებენ. ერთი ძაღლი გაჩერდა ხესთან და დაიწყო ყეფა. ჩამოუთრევიათ ეს "დურგალოვიჩი" და მაგრად "მოფერებიან". რაც მე მირტყეს, არ ვიცი, ამდენი არასოდეს მომხვედრიაო. მაგარი ნაცემი იყო. "ჟუკოვსკი" თავიდან აწვებოდა ძალიან სერიოზულ ჩვენებას, შემთხვევით მოვდიოდი სტვენა-სტვენით რუსთაველზეო. კოკისპირული წვიმაა და ტიპი სტვენა-სტვენით მოდის. ბოლოს რომ გავუტრაკეთ, შე ჩემისა, სიმართლე თქვი, მისჯილი გაქვს უკვე, აზრი აღარ აქვს, რას ილაპარაკებო, მერე იკისრა, მიტინგზე ვიყავიო.


ხანდახან 20 თეთრიან ბულიონს გვაწვდიდნენ პლასტმასის ჭიქით, მაგრამ კოვზს არ აძლევდნენ, ემანდ თვალები არ გამოთხარონ ერთმანეთსო. მე მომიტანეს მესამე დღეს ჩემებმა საჭმელი, მაგრამ უკან გავატანე. წესით, თუ შენ მიიღე და ხელი მოაწერე, რომც არ შეჭამო, ანუ სხვას მისცე, მაინც ჭამაში გეთვლება და ესე იგი, აღარ შიმშილობ. მეორე დღეს მე დამეწყო გულისრევის შეგრძნება, ეტყობა, თავში იმდენი მომხვდა, რაღაცა დამიზიანდა. არ მახსოვს, თავიდან ერთ-ორი რომ მოგხვდება, გრძნობ, მაგრამ მერე სულერთია, ტკივილის შეგრძნებასაც კარგავ.


მეორე-მესამე დღეს ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი. ჩვენ რომ პირველი დღის შემდეგ გამოვეშვით ყველა, უფრო იმოქმედებდა ფსიქოლოგიურად, უფრო მძიმედ დაგვრჩებოდა მეხსიერებაში. მეორე-მესამე დღიდან იწყება უკვე ღადავი, ფაქტობრივად პირველი დღე იყო უინტერესო და კოშმარული, ამ დროს გაწამებს ფიქრი - რატომ ხარ აქ?


სხვები ჭამდნენ, მაგრამ მე ისე ვიყავი, აბსოლუტურად არ მინდოდა არაფერი, წყალიც კი არ დავლიე. არც მეორე დღეს მინდოდა არაფერი... აი, მესამე დღეს იწყება უკვე ცუდი შეგრძნება, მაგრამ აქ უკვე ეკუთვნი შენს ნამუსს. აბა, რა უნდა ექნათ, ხომ უნდა ეჭამათ? შეტრიალდებოდნენ ხოლმე და ისე ჭამდნენ. თან ისაა ყველაზე მურტალი, ორ მეტრში რომ ვიღაცა კუჭში გადის. ამ ყველაფერს რომ უყურებ, იქ რაღა უნდა ჭამო?! ეტყობა, როცა ადამიანს შია, მერე წინა პლანზე მოდის ცხოველური ინსტიქტი და ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. მომდევნო დღეებში შემოვიდნენ "წითელი ჯვრიდან", მერე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან", გვეკითხებოდნენ რაღაცებს. როცა შიმშილობს ადამიანი, თურმე ასეთი წესი ყოფილა, ცალკე უნდა გადაიყვანონ, მაგრამ მესამე დღეს რაკი ერთადგილიანი არ ჰქონდათ, ორადგილიანში გადამიყვანეს. იქ ვინ არის-მეთქი? ვიღაცაა დაჭერილი ამავე ამბებზეო. თუ გადმოიყვანთ სანდროს ჩემთან, მაშინ გადავალ-მეთქი. ეეე... ეს რა კაი ტიპია, ტო, ძმაკაცის გადაყვანასაც ითხოვსო. მაშინ აქ ვრჩები-მეთქი! როგორ, ესენი რომ ჭამენო? ჭამონ, აქ ვრჩები-მეთქი! ორ-სამ საათში მოვიდნენ და გადაგვიყვანეს, მე და სანდრო ერთად ვიყავით. მერე "სერიოზული" ბიზნესი წამოვიწყეთ იქ... შიგნით ტუალეტი არ იყო და უნდა გამოვსულიყავით გარეთ, მაგრამ მე ერთხელაც არ გამოვსულვარ, არც 5-წუთიან გასეირნებაზე გამოვდიოდი. თუ მოშარდვა მომინდებოდა, ბოთლში ვაფსამდი. სანდრო იძახდა, ახლა წარმოიდგინე, ეს "საფერავი" რომ იყოს, ხომ ჩავაბარებთ 200 დოლარადო? მაღალი ფასი დაადო. ყოველ დილას მიდიოდა გატრაკება, ამის დედა ვატირე, ცოტა მეტი ჩამოასხი, წაგებაზე მივდივართო. სანდროს უნდა ვუთხრა დიდი მადლობა, როცა ცუდად ვიყავი, ვეუბნებოდი, რამდენ ბოთლსაც გაიტან, რომ გავალთ, იმდენ "საფერავს" მოგცემ-მეთქი. ამაზე დიდი მეგობრული ჟესტი რაღა გინდათ? ადამიანი ცუდადაა, ამდენი დღეა შიმშილობს და შენ გაგაქვს მისი შარდი.


მერე დაიწყო დღეები, ცხადში როდის ვიყავი და სიზმარში, ვერ ვხვდებოდი. "წითელი ჯვრის" წარმომადგენელმა გამაფრთხილა, ფრანგი გოგო მოვიდა, ქართულად ძალიან კარგად ლაპარაკობდა, ჩვენზე უკეთესად... არ მახსოვს, მეცხრე თუ მეშვიდე დღეს მოვიდა ექიმთან ერთად, ჩვენ ვალდებული ვართ გითხრათ, რა დაგემართებათ შიმშილის გამოო, სამი კვირის შემდეგ დაგეწყება ჰალუცინაციებიო, მერე კრიატინი აიწევსო, შაქარი დავარდებაო. ამ დროს შეიძლება უცებ გული გაჩერდეს ისე, რომ შენ ვერც იგრძნოო. ხელიც მომაწერინეს რაღაცაზე. რამდენიმეჯერ გამოიძახეს სასწრაფო, შაქრის გასაზომი, რომელიც 35 ლარი ღირს, ჰქონიათ მცხეთაში სულ ერთი ცალი. ხან არ ჰქონდათ და თავს იმართლებდნენ, წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოთ, რაზე მოვდივართო. როგორ რაზე, კაცი შიმშილობს, არ იცი, რა უნდა წამოიღო? არა, მე რაზე ვგიჟდებოდი, იცით? ვეუბნებოდი, პლასტმასის კოვზი მაინც მიეცით ამ სანდროს, რამის გაკეთება რომ მინდოდეს, გავაქანებ და თავს ვგლიჯავ რკინის მილს-მეთქი. ასე შენ დაუშავებ შენს თავსო და პლასტმასის კოვზი რომ მივცეთ, ესე იგი, ხელს გიწყობთ, რომ შენ რაღაცა დაიზიანოო. ასეთი კანონები აქვთ. "კაპეზეს" უფროსი ნორმალურად იქცეოდა, მაინც და მაინც აქ უნდა გაგვეცნო ერთმანეთიო? ის კი არა, დაბადების დღე რომ მქონდა, იძახდა, პურმარილს გავაკეთებთ, ოღონდ შენ ჭამეო.


მეთერთმეტე დღე იყო შიმშილობის, 5 ივნისს. იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი და გადმომიყვანეს საავადმყოფოში, ერთი დღე გამაჩერეს და უკან დამაბრუნეს. მეცამეტე დღეს დამეწყო ჰალუცინაციები, მკვდრებს ვხედავდი აშკარად, სამ განზომილებაში. სანდროს ამას არ ვეუბნებოდი, ის დღეში ცხრაჯერ მეკითხებოდა: ჰა, სოსოჯან, როგორა ხარ?


აი, ვუყურებდი სანდროს და ამ დროს სხვა ვიღაცები, ანუ მკვდრები შემოდიოდნენ და გადიოდნენ. ამას სიზმარი არ ჰქვია, ხილვასავით იყო, მეღვიძა, ვუყურებ, სანდროცაა, კამერაა, ამ დროს ვიღაცები დადიან. ლევან აბაშიძე შემოვიდა, ვნახე... სისხლს წმენდავდა.


ნერვებს მიშლის ის, რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, სოსო პოლიტიკაში ნუ ერევაო... იქ ლიკა ქავჟარაძეც გამოვიდა, რა უნდა პოლიტიკაშიო? მე არავის ვადანაშაულებ, არავის არ ვთხოვ აზრის შეცვლას. ამ დროის განმავლობაში იმდენი რაღაცა გავიგე, იმდენ რაღაცაზე დავფიქრდი, ალბათ მაინც გავითვალისწინებ. მაგალითად, რომ გგონია ეს ადამიანი ასეთია და სულ სხვანაირი აღმოჩნდება, ძალიან მწარეა... თუმცა, მე რომ საერთოდ არ ველოდი, ჩემს გარშემო ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, მაგრამ ისეთები დაიმალნენ, იმათ სახელებს ვერასოდეს ვიტყვი. ამას რომ წაიკითხავენ, თვითონ მიხვდებიან. არავინ არა თქვას, ადამიანის გაცნობას ერთი ფუთი მარილი სჭირდებაო, ერთი ფუთი კი არა, ნახევარი გრამი მარილიც არ სჭირდება გაცნობას. მაგალითად, ერთი ქალი ურეკავს ჩემ ცოლს, თუ შეგიძლია, დიღომში, "გუდვილთან" შემხვდეო? ეს ჩემ სახლთან არის ახლოს. ირმას ჰგონებია ვიღაც ჟურნალისტი და ჩასულა. დაუწყია ამ ქალს ტირილი, ვაიმე, როგორ მეწყინაო, ესაო, ისაო, თუ შეიძლება, ეს ჩემგანო, 100 ლარი შეუჩეჩებია ხელში. თურმე ირმას აუტყდა ტირილი, ის ქალი გაიქცა. არც სახელი უთხრა, არც გვარი, არაფერი არ უთხრა. აი, ნახე, ამის ფონზე ჩემი ახლობელი ადამიანები დაიმალნენ. კომენტარს არ აკეთებდდნენ, ზოგი არც რეკავდა, მაგრამ კარგია ეს, მე დავინახე, ვინ ვინაა! არ მწყინს, ისინი დააშინეს, უბრალოდ იმათთან აღარ მექნება ისეთი ურთიერთობა.


ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. მე არ ვიცი, რისი ეშინოდა ამ ხალხს, იმისი, რომ ტყუილად ვიყავი დაჭერილი? ვინც ცნობადია, იმათზე არაა ლაპარაკი, ჩემ საახლობლოზე ვლაპარაკობ, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს. იმალებოდნენ, ეშინოდათ.


ადვოკატებისთვის, ლევან ჯოხაძისთვის, მაიზერ ჩანქსელიანისთვის, გელა ნიკოლაიშვილისთვის და ასევე ეკა ბესელიასთვის არავის არ უთქვამს, სოსო ჯაჭვლიანთან მიდითო. ეს მათ ხასიათზე და ადამიანობაზე ლაპარაკობს. არც შალვა ხაჭაპურიძისთვის უთქვამს ვინმეს. ახალგაზრდა იურისტებიდან მოდიოდა გოგო, ნონა ქურდოვანიძე. თეიმურაზ მურვანიძე რეკავდა თურმე ყოველდღე, ექიმია, ყოფილი პარლამენტარი, კაცი თავს იკლავდა, გამომიყენეთ რამეშიო. კიდევ ვიმეორებ, ყველამ ჩაიხედოს თავის გულში!


სოლიდარობა კი არა, შაშა და კოლა!


დასაწყისში ერთი ამბავი უნდა გავიხსენო, რომელიც ჩემ უფროს ძმას უკავშირდება... ის არის ყოფილი მფრინავი, სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდა, "ბოინგითაც" იფრინა, "ტუ-154"-ითაც. როდესაც მოსკოვში სწავლობდა საავიაციო აკადემიაში, ცოტა ხნით ჩამოვიდა და ერთ დღესაც ლესელიძეზე რაღაცა საქაბაბე იყო თუ სახინკლე, იქ დათვრა, თან კურსანტის ფორმა აცვია. გამოვიდა გარეთ და გააჩერა სამმა ტიპმა, სამხედრო პატრულმა, დაუწყეს ამათ "კაჩავი", რატომ ხარ ნასვამიო, წავიდა გაწევ-გამოწევა და ამან სამივე მიბეგვა. გამოიძახეს დამატებითი ძალები, დააკავეს, წაიყვანეს სამხედრო კომენდატურაში. მე მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და გულგახეთქილი მივვარდი, იქნებ ვინმე ვნახო, ვუშველო-მეთქი? ფოიეში დგანან გია მატარაძე - მარინა კახიანის ქმარი და ეროსი მანჯგალაძე. ეროსი მეკითხება: ჯაჭვლიანი, რა მოგივიდა, ბიჭო, ეს რა ფერი გადევსო? მოვუყევი, ასე და ასე, ჩემი ძმა დაიჭირეს-მეთქი. ოჰ, ეს რა უქნიათ, ამ შობელძაღლებს, წავედით ახლავეო. თან მერიდება, მე სტუდენტი ვარ, ის ამხელა მსახიობი. გავყევით მე და მატარაძე. მთელი კომენდატურა ფეხზე დადგა, თვით ბატონი ეროსი მობრძანდაო, დაიწყეს გადარეკვები. ხუთ წუთში გვეუბნებიან, ახლავე გაგატანთ, ოღონდ მანამდე რაცია მოგვიტანეთ, ჩხუბის დროს დაიკარგაო. ავედი მატარაძესთან ერთად, მოვძებნეთ, სანაგვე ურნაში ეგდო. მივიტანეთ და ჩემი ძმა გამოუშვეს. ახლა ამას ვინც წაიკითხავს, იტყვის, ძველის ნოსტალგია აქვსო, ზუსტადაც რომ ნოსტალგია მაქვს მორალური ღირებულებების, ეს კომუნისტური წყობილების დროს იქნებოდა, კაპიტალისტური წყობილების დროს თუ ფეოდალურ ხანაში, სულ ერთია. ჩემი ძმა იყო კურსანტი, არაფერი არ დაუშავებია, დალია, მოდიოდა თავისთვის, მოუხდა რაღაც შეხლა-შემოხლა, ნახეს, წესიერი ბიჭია, აკადემიაში სწავლობს, მფრინავია, თან ეროსი უდგება თავდებში, შეეძლოთ, გაეფუჭებინათ, სასწავლებლიდანაც გაერიცხათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. კი, ბატონო, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუ ყაჩაღია, უნდა დაიჭირო, თუ კაცის მკვლელია, უნდა დაიჭირო, მაგრამ როცა ადამიანს არაფერი დაუშავებია ისეთი, მორალური მიდგომაც ხომ არსებობს? დიდი ამბავი, თუ იჩხუბა! დღეს უდანაშაულო ფოტორეპორტიორები არიან დაჭერილები, მე დარწმუნებული ვარ, ეროსი მანჯგალაძე, ან ნოდარ დუმბაძე და სხვები ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ და ამათ დასდგომოდნენ თავდებად, მაინც არ გამოუშვებდნენ, პატრიარქის თხოვნასაც არ გაითვალისწინებდნენ. ახლა მეტი ვინ უნდა დაგიდგეს თავდებად? ქართველ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი ფეხზე დგას. თვითონ საქმეს ეტყობა, რომ ტყუილად დაიჭირეს, ერთი მინისტრი ალთასაა, მეორე - ბალთას, ერთი იძახის, გრიფი ადევსო, მეორე იძახის - არ ადევსო, მესამე იძახის - ჩვენი თანამშრომელი იყოო, მეოთხე იძახის - არ იყოო, მაიმუნობენ, ყველაფერს ბოროტული ელფერი ადევს. რა ტიპის საიდუმლოებები ამათ უნდა ჰქონდეთ? საერთოდ აბსურდზეა ლაპარაკი. აი, ჩვენ რომ ვიყავით დაკავებულები, რა დავაშავეთ? ხოშიანად გვტყეპეს და თან ჩაგვსვეს, დაგვსაჯეს, იმ ღამეს 1000 კაცი დააკავეს, აქედან 200 კაცი გამოამწყვდიეს. ნახე, ჯერ რამდენი მაყუთი გაკეთდა! მოდი, ერთი რაღაცა ვიანგარიშოთ: ჩემთვის რომ მოეცათ 400-ლარიანი ჯარიმა, უფრო მოგებაში დარჩებოდა სახელმწიფო, ჩემი გადაყვანა-გადმოყვანა და საავადმყოფოში ყოფნა გაცილებით ძვირი დაჯდა, მარტო საწოლი ღირს დღეში 150 ლარი. ესენი არ გამოდიან ლოგიკიდან, უნდა დამსაჯონ, უნდა შემაშინონ, უნდა მაწამონ.


სვანეთში რატომ იყო სისხლის აღება? როცა კანონი არ კანონობდა, თვითონ ადამიანი ხდებოდა კანონი და ყველაფერს ასწორებდა, როცა შანსი ჩაუვარდებოდა ხელში. ჩვენც ხომ ნერვები გვაქვს და ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს?! გამოაცხადეს, ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდანო, როგორია? ამათ ხალხი ჩახოცეს და მხოლოდ ათავისუფლებენ, ზუსტად ხომ ვიცით, რომ 4-5 კაცი მკვდარია? აღარაფერს ვამბობ დაკარგულებზე.


ისევ საკანი: სანდრო მეუბნებოდა, ახლა მეც მინდა, შიმშილობა დავიწყო, სოლიდარობა უნდა გამოგიცხადოო. ოჰ, სოლიდარობა კი არა, შაშა და კოლა, რისთვის უნდა იშიმშილო, შენთვის რაღა აზრი აქვს-მეთქი? ჩვენ მაგრად გვაინტერესებდა, გარეთ რა ხდებოდა, გაზეთს არავინ გვაკითხებდა და არაფრის უფლება არ გვქონდა. სანდრო თავისი ოჯახისას ჰყვება, მე ჩემსას ვყვები, ერთხელაც ვეუბნები: ბიჭო, ახლა კამერაში რომ ვზივარ, ერთი კაცი მახსენდება კინოსტუდიიდან, 55 წლისაა და სახელად ჰქვია ჯიმი, გვარად არის ჩაჩავა, უნიკალური ტრანსპორტის ხელმძღვანელია - ფაეტონების-მეთქი. ვუხსნი ახლა ამას ტიპაჟს, თან "გოსკინპრომელია", პლეხანოველი, სულ არის მესამე კლასში, ქურდულს აწვება. ამ დროს ერთი დღე არაა ნაჯდომი. სულ ბლატაობს: ვაიმე, ბიჭო, ჩემი კარგი... მე ვეუბნები მუდმივად - ბიჭო, ჯიმი, გადმოდი მეოთხე კლასში, ცოტა განვითარდი-მეთქი. ახლა მე აქ ერთი თვე უნდა ვიჯდე, მაგან ნახოს, როგორი "რამკიანი" გავალ აქედან, რომ მივალ სტუდიაში, "კაზიოლად" უნდა მოვსვა. ამას ვუყვები და მოკლედ, სანდროს მაგრად გავაცანი ეს ტიპაჟი. ამის შემდეგ ვწვები საწოლზე და რას ვხედავ ჭერზე? აწერია "ჯიმი". სანდრო, მოდი აქ, ნახე, რამდენი ხანი ვილაპარაკეთ და კვალი სად დამხვდა, ახლა ერთი თვე ამას უნდა ვუყურო, ამის კარგი-მეთქი?! რომ გამოვედი, ჯიმის ვკითხე, ხომ არ გასლოკინებდა-მეთქი? კიო, თურმე ხშირად მოდიოდა სახლში, მკითხულობდა. პირველი 3-4 დღე შიმშილი ძალიან მძიმეა, წყალს ვსვამდი, მაგრამ მოხდა საინტერესო რაღაცა, ეგ "კაპეზეს" უფროსსაც ვუთხარი. უკვე ვთქვი, გარეთ საერთოდ არ გამოვდიოდი, ისე მქონდა დამხეცებული ბოთლში ჩაფსმა, სამი მეტრიდანაც კი არ ვაცილებდი... ჰოდა, რამდენიმე დღეში ძალიან განმივითარდა ყნოსვა, ყველაფრის სუნს ვგრძნობდი შორიდან. მერე გამახსენდა, ძაღლები რომ დაჰყავთ სანადიროდ, თურმე ერთი-ორი დღე აშიმშილებენ, რათა ყნოსვა ჰქონდეს მაგარი. სანდროს ვეუბნებოდი: აი, დადე რაც გინდა, დამალე, უცებ ვიპოვი-მეთქი. დავუძახე "კაპეზეს" უფროსს, ბატონო ტატო, აქ ვარ მაინც ტყუილად, რამე საქმეები არა გაქვთ გასახსნელი-მეთქი? რა საქმეებიო? დამალეთ რაც გინდათ, ყველაფერს ვიპოვი, გამიყვანეთ საძებრად-მეთქი. წყლის სუნსაც კი ვგრძნობდი, სულ ვიძახდი, რომ არ ვარგოდა. აუ, ადამიანი რა ყოფილააა... ხომ შემოჰქონდათ სანდროსთან საჭმელი, სანამ გახსნიდა, უკვე ვიცოდი, რა იყო შიგ. ამ 30 დღის განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი, ადამიანს აქვს რაღაც სასწაული რესურსები.


მეწყება ჰალუცინაციები - გარდაცვლილი გივი კაჭარავა, პირველად მე კინოში რომ მომიყვანა რეზო გაბრიაძემ, ეს კაცი იყო ჯგუფის დირექტორი. გივი ვნახე, ვითომ თავს აჭრიდნენ. არადა, მაგას ჰქონდა მაგარი იუმორი, სულ ღადაობდა... მერე ვნახე ლეო ფილფანი, ეროსი მანჯგალაძე, ჩემები ყველა. ზოგი მელაპარაკებოდა, ზოგი არა... 5-ში გადამიყვანეს, ეს იყო მე-11 დღე, დავარდა წნევა, დავარდა შაქარი. აქ მთელი ჩალიჩი მიდიოდა, რომ რაღაცა გაეკეთებინათ, გადასხმა, გადმოსხმა და ეგრევე გავებრუნებინე უკან. მისაღებში ვარ... ჩამომიყვანეს, გადასხმებს მიკეთებენ, საღამოს 6 საათიდან მეორე დღის 11 საათამდე მისაღებში ვაგდივარ, პალატაში არ დამაწვინეს. იმ ღამეს დაიმტვრა და დაინგრა ლამის ყველა, მამაოები მოიყვანეს ფეხებდამტვრეულები, ავარია მომხდარა სადღაც, მესმის იმათი წივილ-კივილი.


თან რა მურტალია, ვერც იძინებ, არის ყვირილი, მამაოების მერე მოიყვანეს ბავშვები, მერე უცხოელები. ბოლოს გავატრაკე, მთელი ღამე ვიძახდი, წამიყვანეთ უკან, "კაპეზეში"-მეთქი! ჰო, ახლა იქ უნდა გადაწყვიტონო, გადმოწყვიტონო. დადიან ექიმები, ერთმანეთში რაღაცებს ლაპარაკობენ... ვააა, მე ვთქვი, რა ხდება აქ, არ მინდა არაფერი, წამიყვანეთ აქედან-მეთქი! მედპერსონალთან არ მაქვს პრეტენზია, ისინი თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ აქ იყო ალბათ ლაპარაკი იმაზე, პალატაში გადავიყვანოთ თუ უკან დავაბრუნოთო? მოკლედ, მერე დამაწვინეს პალატაში... ბადრაგი ყოველდღე იცვლებოდა, სამი კაცი მყარაულობდა. ერთი იყო, გვარად ბოკუჩავა. სოხუმი რომ დაეცა, მაშინ ეგ ყოფილა პატარა, წამოუყვანიათ კოდორზე... მე მეუბნება: იცი, იქ სვანებმა რეები ჩაიდინესო? იმ სვანის დედაც, იმ მეგრელის დედაც, იმ კახელის დედაც, ვინც იქ ხალხი დააყაჩაღა. მე ვეუბნები - ბიჭო, რა შუაშია სვანი-მეთქი?! არაო, იქ რომ "ვერტალიოტი" ჩამოვარდა და აფეთქდაო, სვანებმა დაღუპულების ახლობლები ახლოს არ მიუშვეს, ჩავიდნენ, ჯერ გაძარცვესო. ბიჭო, თუ აფეთქდა და დაიწვა, რაღა გაძარცვეს?! რა ბოღმა იყოოო... ჯერ ერთი, მე რა შუაში ვიყავი?! ეს ბოღმიანი კაცი იმას არ კითხულობს, რატომ წავიდა ხალხი კოდორზე, ვინ გადაკეტა ზუგდოდში გზა, იქაც სვანები იყვნენ?!


მოკლედ, მიმიყვანა ამ მკაცმა იმ დონემდე, რომ ავვარდი და დავიწყე ყვირილი: "დავაი", მომხსენით ეს ხარახურა და გადამიყვანეთ ისევ `კაპეზეში~-მეთქი! ეს შემოვარდა, ეხლავეო, თვითონ წამოკრიფა ჩემი ტანსაცმელი, პალატაში ხატები იყო, ისინიც კი მოჰქონდა. მე ვუთხარი, ეგ ჩვენი არ არის, დატოვე-მეთქი! ასე წამიყვანეს უკან. გამომიგზავნეს ზუსტი ობოექტი, შემოვიდოდა პალატაში და სპეციალურად ჭამდა ნაყინს. ვინა ხარ, სად დაკარგე ადამიანობა, 11 დღე ვშიმშილობ, შემოდიხარ და ნაყინს მიტრიალებ ცხვირწინ?!

 

მე ბევრი რამე ვისწავლე!


აი, გამოვედი გარეთ და ვხედავ, თურმე ციხე და "კაპეზე" არაფერი ყოფილა. რა შემეცვალა, იცით? ადრე ადამიანები რომ მხვდებოდნენ, ველაპარაკებოდი, ვუხსნიდი, უფრო ლიბერალურად ვეპყრობოდი ყველას, ახლა უკვე ყველაფერს ვაკონკრეტებ. იმ ანეგდოტივით მომივიდა - გაგეხსნა გონება? ადრე ადამიანებს ვუხსნიდი, ეს ასე, ის ისე, მინდოდა გადარწმუნება, ახლა პირდაპირ ვაჯახებ ხოლმე, პირდაპირ ვეუბნები სათქმელს. კიდევ კარგი, ეს ერთი თვე ვიჯექი, მე უკვე გავიგე, ვინ რას წარმოადგენს. ზოგი ჭირი მარგებელია, ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეტყობა, თვითონ სიტუაციამ თუ არ გაჩვენა, ბევრ რამეს ვერ მიხვდები. "კაპეზეში" რომ შემაგდეს და მერე საავადმყოფოში გადმომიყვანეს, სამ-სამი ადამიანი მადგა თავზე და მეუბნებოდა, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლებაო... თურმე გარეთ იყო ერთი ამბავი, უშიშროება, რაღაც სპეცსამსახურები... ხან ვფიქრობდი, რამე სერიოზული დანაშაული ხომ არ მაქვს ჩადენილი, ვინმე ხომ არ მოვკალი-მეთქი?


სათვალეს არ მაძლევდნენ, რაღაცა რომ დამეწერა, ვენები არ გადაიჭრასო. მე უკვე წარმოდგენილი მაქვს, ვისაც კონკრეტულ ბრალდებას უყენებენ, იმათ რას უკეთებენ ციხეში. ჩემი მეგობარია ერთი, სახელს და გვარს ვერ ვიტყვი, იმ წუთას მივარდებიან, ააწიოკებენ. იმ დღეს ვნახე, თავის შვილზე მიყვება... მართალია, ყველა თავისი შვილი ანგელოზი ჰგონია, მაგრამ ეს ბიჭი მართლა წესიერია, წამალი ჩაუდეს, მერე იარაღი და რაღაცა. უზარმაზარი ფული გადაახდევინეს, 50 ათასი იმაში, რომ სასჯელი გაენახევრებინათ. ჩემი მეგობარი მიყვება: სოსო, ბავშვს მისჯილი აქვს, ზის, მაგრამ ყოველ გასეირნებაზე შეურაცხყოფას აყენებენ და სცემენ, ძალიან მეშინია, არ ვიცი, როგორი გამოვაო. ერთი ზის თურმე ძროხის ქურდობაზე, ყოველ გასვლაზე აიძულებენ, მუუუუ დაიძახეო. ბიჭო, მაგას მისჯილი აქვს თავისი, მიღებული აქვს ყველაფერი და კიდევ მუუუუ-ს აძახებინებ ყოველდღე? ასეთი ადამიანი გარეთ რომ გამოვა, როგორი კომპლექსი ექნება, რას ჩაიდენს? ის სულ იჩალიჩებს იმაზე, რომ სამაგიერო გადაუხადოს ვიღაც-ვიღაცებს. მე დავრჩი საკუთარ თავთან მარტო და ბევრი რამე გავაანალიზე, მარტო ფიქრის უნარიღა გაქვს, ამას ვერ გიკრძალავენ. გამოვედი და გარეთ რა დამხვდა? ოპოზიციაში ერთმანეთს ლაფს ასხამენ, ყველა იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი ნატეხი დაითრიოს. ახლა უკვე იმ აზრამდე მივედი, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს, ყველაფერი უნდა გაცხადდეს. არ დამიწყონ ახლა ლაპარაკი თუნდაც წმინდა სინოდის წევრებმა რაღაცებზე ლაპარაკი, სადაც 20 თანახმაა და 17 მოწინააღმდეგეა. საუბარი მიდის თურმე იმაზე, რომ ხმის ამოღება არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება? პატრიარქი სხვაა, ის არის ხელშეუხებელი, ის სხვანაირად ვერც ილაპარაკებს, მაგრამ მე ხომ შემიძლია, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ჩემი აზრი გამოვთქვა? იმ ოცივე ადამიანის სახელი და გვარი მთელმა საზოგადოებაც უნდა იცოდეს.


კიდევ რაზე ფიქრობ, იცი? არ გინდა, რომ უქმად დაკარგო დრო, იქ ხვდები, თურმე რა ძვირფასია ეს დრო, წამებიც კი. რა კარგი ნათქვამი ყოფილა: ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, ვითომ უკანასკნელია.


აუუუ... ხომ სცემს მიშა ყველას, ხომ შეურაცხყოფას აყენებს, ხომ მაგრად გულაობს? მესტიაშიც გაისწორა, კახეთშიც გაისწორა, აჭარაშიც გაისწორა, ბასეინებშიც გაისწორა, სადაც უნდა, იქ ისწორებს, ჩამოჰყავს ალბერტო ტომბააა! ჩამოჰყავს შერონ სტოუნი! ჩამოჰყავს ყველა! ჩვენი საწყალო ოტია რომ გარდაიცვალა, ზურა ქაფიანიძე რომ გარდაიცვალა, იქ არ მივიდა... ნიკა რურუას უთქვამს, მე არანაირი ვალდებულება არა მაქვს, დაკრძალვებზე ვიაროო. ეს ვალდებულება კი არა, ჩვეულებრივი მოვალეობაა, სჯობს, ასეთი რაღაცა არც თქვა, გაჩუმდი მაინც!


ზოგს ცოლი დაუჭირეს, ზოგს შვილი დაუჭირეს, ზოგმა სიცოცხლე დაკარგა. ისე, ადამიანი რა გაფუჭებულია, მესამე დღეს გავიგეთ, რომ გარეთ ვიღაცები დახოცილან და ფიქრობ: ვაა, ბიჭო, იმათთან შედარებით ჩვენ რა მაგრად ვართ აქ? ვიღაცა მოკვდა, შენ ცოცხალი ხარ, როგორია? თუ რამე იქნება, მე ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი, შეიძლება ადამიანთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ მერე უთხრა: წადი, "დავაი"! მე ჩემი ორგანიზმი დავაზიანე შიმშილით, თორემ სანდროს და სხვებს რომ ვკითხოთ, რა გააკეთეს? ისხდნენ და ჭამდნენ... რა, გარეთ სხვას რას აკეთებდნენ? გარეთ დღეში ერთხელ ჭამდნენ, იქ კიდევ მოსდიოდათ "პერედაჩები". ახლა ვეტყვი სანდროს... საჭმელი რომ შემოჰქონდათ, სულ ვეუბნებოდი: სანდრო, ჭამე ნორმალურად, ნუ ტრიალდები იქით, "ვაბშე" არ მოქმედებს ჩემზე-მეთქი. ამ დროს, რა არ მოქმედებდა? კუჭი, თირკმელი, ტვინი შენ არ გეკითხება, სუნი და ჩახრაშუნება რომ იყო კიტრის, ეგრევე მეწყებოდა ნერწყვის გამოყოფა. სანდრო, შე ჩათლახო, გახსოვს, სუხარი რომ შემოგიტანეს და ერთი კვირა ახრაშუნებდი? აბა, როგორია, სუხარი როგორ უნდა შეჭამო ხმადაბლა? თან სამი კვადრატულია კამერა. აუ, ხრაშახრუში იყო... თან ვფიქრობდი, ერთ დღეში მანიც შეჭამოს-მეთქი, ოთხი დღე ჭამდა, ოთხი დღე ახრამუნებდა."


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×