logo_geo
eng_logo
ზაზა შენგელია: „კასეტნი“ მაგნიტოფონი, კახეთი, უიტნი და მე...
- +

2 ივნისი. 2017. 22:22



1986 წელს ჩემი მეგობრის „გაზ-24"-ით მივდიოდით კახეთში საქეიფოდ და მანქანაში კასეტნი მაგნიტოფონი ჰქონდა „Blaupunkt" მანქანის გერმანული მაგნიტოფონი, რომელიც ყველაზე მაგარ მაგნიტოფონად ითვლებოდა იმ დროში... და კასეტა ჰქონდა ქარხნული წესით გამოშვებული საბჭოთა გრამფირფიტების ჩამწერი საკავშირო კომპანია „მელოდიის" მიერ, კერძოდ „Машина Времени"- ის ახალი კონცერტი, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო და ალბათ გახსოვს ეს კასეტები იყო 90 წუთიანი ანუ ჯერ ერთ მხარეს უკრავდა 45 წუთს და მერე „Blaupunkt"-ის რანგის მაგნიტოფონები თვითონ აბრუნებდნენ ავტომატურად კასეტას მეორე მხარეზე და მეორე 45 წუთს უკრავდა....და „Машина Времени" ეს ახალი კონცერტი, რომელიც სულ 60 წუთიანი იყო, რომ დამთავრდა უცებ მოულოდნელად დაიწყო და რა დაიწყო !.. ვისმენ სასწაულს, ვიღაც გოგო მღერის ფანტასტიური ხმით, ვერ ვძღები მისი მოსმენით, დამთავრდება, გადავახვევ, თავიდან ვუსმენ, დამთავრდება ისევ თავიდან ვუსმენ... გავგიჟდი ისე მომეწონა!!!  არადა თვითონ კასეტაზე არც კი წერია ვინ მღერის... საქმე იმაშია, რომ ფირმა „მელოდია" ასეთ შემთხვევაში, როცა კასეტის ორივე მხარეს საბჭოთა მუსიკოსის მუსიკით თუკი ვერ ავსებდნენ, „დავესკაში"  (ასე ეძახდნენ მაშინ) რომელიმე სოციალისტური ქვეყნის ან მაქსიმუმ ფრანგების ან ბელგიელების (მირეი მატიე, ჟილბერ ბეკო) ან ვინმე ეგეთების სიმღერებს მიაწერდნენ ხოლმე დამატებით, კასეტაზე სიცარიელე რომ არ დარჩენილიყო... აღმოჩნდა, რომ ის გოგო, რომლის ხმაზეც გადავირიე, და რომელიც „Машина Времени"-ის „დავესკა"-ში ეწერა კასეტაზე, იყო თავად უიტნი ჰიუსტონი... დიახ, ასე მოვისმინე კახეთში მიმავალ ტრასაზე პირველად უიტნის ხმა... ვიმეორებ, ეს იყო 1986 წელი და მეეჭვება საბჭოთა გრამფირფიტების მწარმოებელ ფირმას ოფიციალურად ჰქონოდა შეძენილი ლიცანზია უიტნის სადებიუტო ალბომის გამოცემაზე... უბრალოდ ვიღაც Вася -ს ანდაც სულაც Ваня-ს, რომელიც სადღაც მოსკოვში ან ლენინგრადში ფირმა „მელოდიის"სარეპერტუარო პოლიტიკის რედაქციაში რიგით ჩინოვნიკად მუშაობდა უბრალოდ მოეწონა უიტნი ჰიუსტონი, ან კი როგორ შეიძლებოდა არ მოწონებოდა ... და აიღო, ისარგებლა „პერესტროიკის" სიოთი და ინკოგნიტოდ ანუ არაოფიციალურად კასეტის ცარიელ ადგილას მიაწერა სრულიად ახალი ამერიკელი ამომავალი ვარსკვლავის სიმღერები „Машина Времени"-ის კონცერტს , ოღონდ ისე რომ მომღერლის არც გვარი და არც სახელი არ მოიხსენია... უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში, „მელოდიის" ჩინოვნიკებს, სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უბრალო ხალხისაგან განსხვავებით უფრო მეტად მიუწვდებოდათ ხელი უცხოელი მუსიკოსების ფირფიტებსა თუ ჩანაწერებზე. არ დაგავიწყდეს, რომ მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც სატელიტური ტელევიზია და არც საბჭოთა რადიოსადგურები ატრიალებდნენ უცხოურ მუსიკას... ჩანაწერები და ფირფიტები შორეული ნაოსნობის ან სულაც უცხოელ მეზღვაურებს დ ან სუხიშვილების ანსამბლის წევრებს ჩამოჰქონდათ და მერე ჩვენ ვყიდულობდით ხელზე და გარკვეული დროის შემდეგ ვცვლიდით ერთმანეთში... მოკლედ, ეს ვიღაც Вася ანდაც სულაც Ваня, ძალიან გემოვნებიანი ტიპი აღმოჩნდა, თან იცოდა - ისეთი დრო იყო, რომ ამერიკული Sony Music (Arista Records), რომელმაც გამოუშვა უიტნის სადებიუტო ალბომი 1985 წელს, ვერაფრით ვერ უჩივლებდა საბჭოთა „მელოდიას". ჯერ ერთი იმიტომ, რომ სსრკ არ იყო საერთაშორისო სტანდარტებითა და წესებით მოთამაშე ქვეყანა და სასამართლო „ვალაკიტა" საავტორო უფლებების დარღვევაზე ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა და მეორეც, უკვე გორბაჩოვი იყო ქვეყნის სათავეში და ისლანდიაში მისი რეიგანთან შეხვედრის შემდეგ საბჭოთა კავშირში „პერსტროიკის" პოლიტიკა გამოცხადდა, რის ფონზეც ამერიკელები პირიქით, ცდილობდნენ ამერიკული პოპ-კულტურის გავრცელების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას სსრკ-ში... მოკლედ, გაიხაროს იმ Вася-მ ანდაც სულაც Ваня-მ, რომლის წყალობითაც 1986 წელს პირველად მოვისმინე უიტნი ჰიუსტონის ხმა.  კახეთში, კერძოდ თელავში მაგარი პურ-მარილი გაიშალა... მე მაგრად დავთვერი, სუფრიდან გავიპარე, მანქანაში ჩუმად მოვთავსდი და უიტნის სიმღერებს უთვალავჯერ მოვუსმინე... თბილისში, რომ დავბრუნდი ჩემს მელომან ძმაკაცებს მოვასმენინე. მათაც ძალიან მოეწონათ. მე მაშინ ვთქვი, რომ ეს გოგო Diana Ross-ს (მაშინ სწორედ ის ითვლებოდა ნომერ პირველ სოულ დივად) დაჩრდილავს მეთქი და შემდგომში ასეც მოხდა. მართლაც მალე, უიტნის სასცენო ზედმეტსახელი, განუმეორებელი ვოკალური მონაცემების გამო გახდა „The Voice"... ასე რომ გაზ24-ის „კასეტნი" მაგნიტოფონს ნუ ეხუმრები...




 

 






 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner