logo_geo
eng_logo
ვინ არის ქალბატონი ლეილა მუსტაფაევა და რა საიდუმლოს მალავს იგი?
- +

23 ივნისი. 2017. 14:25



ქალბატონმა ლეილამ შესანიშნავად იცის, რომ მისი მეუღლე არავის გაუტაცია.


აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ლამის მთელი მსოფლიო, თავისი პატივსაცემი სახელმწიფო სტრუქტურების და ნაკლებად პატივსაცემი საერთაშორისო არასამთავრობოებით, ათასი ჯურის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებით საქართველოსკენ იშვერს თითს და მას ჟურნალისტ აფგანის გატაცების ორგანიზებასა და თანამონაწილეობაში სდებს ბრალს, თუმცა ჯერჯერობით ამის დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არ არსებობს და მთელი ეს ალიაქოთი და ისტერიული წივილ-კივილი აზერბაიჯანული ციხიდან მუხთარლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა - საღამო ხანი იყო, მეგობართან ერთად კაფეში ჩაი დავლიეთ. იქიდან გამოსულმა ლეილასთან, ჩემს მეუღლესთან, დავრეკე - სახლში მოვდივარ და რაიმე ხომ არ გინდათ რომ წამოვიღოო. მარკეტში შევედი და პური ვიყიდე. 4 ნომერი სამარშრუტო ტაქსის გაჩერებასათან ვიდექი. უცებ სამი მამაკაცი მომიახლოვდა. მტაცეს ხელი, მანქანაში ჩამტენეს, თავზე ტომარა წამომაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. გამტაცებლები ქართულად ლაპარაკობდნენ. რაღაც დროის შემდეგ სხვა მანქანაში გადამსვეს. გამტაცებლების ახალი ჯგუფის წევრები აზერბაიჯანულად საუბრობდნენ...


აქ გავწყვიტოთ ბატონი აფგანის თხრობა, რადგან ამბები, რომლებიც ამის შემდეგ მის თავს დატრიალდა, უკვე აზერბაიჯანულ მხარეს ეხება.


ქართველმა სამართალდამცავებმა დაკითხეს 200-მდე ადამიანი, რომლებიც იმ დროს, როცა აფგანის ვერსიით, მას ვიღაც-ვიღაცები მანქანაში ტენიდნენ, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ და, ჰოი, საოცრებავ, ამ ორასი კაციდან ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო.


აფგანი, სპორტული აღნაგობის, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მამაკაცია და, უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა მას სამი უცნობი ადამიანი დაესხა თავს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმა დაუპირა, ის აუცილებლად გასწევდა წინააღმდეგობას, რასაც ასევე აუცილებლად მოჰყვებოდა ხმაური, ყვირილი, აყალმაყალი, რაც ასევე აუცილებლად მიიქცევდა გამვლელ-გამომვლელთა ყურადღებას.


ამ ორასი კაციდან, როგორც ვთქვით, არავის მსგავსი რამ არ უნახავს.


რა გამოდის? აფგანი, ეს ათლეტუსი აღნაგობის, ჯირკვივით ჩასხმული კაცი, ბატკანივით აიტატეს ხელში და ნარნარად ჩასვეს მანქანაში ისე, რომ აფგანს არც წინააღმდეგობა გაუწევია და არც არავისთვის უხმია საშველად - მიშველეთ, ვიღაც ბანდიტები მიტაცებენ და დამეხმარეთო.


კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება - ეს ამბავი საღამოს საათებში ხდება, როცა ჯერ კიდევ დღის სინათლეა და ქუჩაში უამრავი ადამიანი მიდი-მოდის.


თავი დავანებოთ იმ ორას მოქალაქეს - დანარჩენი უამრავი ადამიანიდან ერთმა მაინც როგორ ვერ დაინახა, რომ დღისით-მზისით ქუჩაში ადამიანს იტაცებდნენ და თუნდაც ინკოგნიტოდ, ვთქვათ და facebook-ით როგორ არ ამცნო საზოგადოებას - კი, ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი, რა და როგორ იყო, მაგრამ, რა ვქნა, მეშინია და ჩემს ვინაობას ვერ გავამჟღავნებო.


აი, ამის მთქმელი ერთი კაცი მაინც რატომ არ გამოჩნდა ამდენი ხნის განმავლობაში?


იქნებ იმიტომ ვერ დაინახა ვერავინ ვერაფერი, რომ დასანახი არც არაფერი ყოფილა და ის, რასაც ბატონი აფგანი ჰყვება, სიცრუეა?


- შემთხვევის ადგილას უამრავი ვიდოკამერაა, რომლებიც აუცილებლად დააფიქსირებდნენ მომხდარს. ამოიღეთ კადრები და გაასაჯაროვეთო, - მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს.


კი, მაგრამ, რა უნდა გაასაჯაროვონ სამართალდამცავებმა, საიდან მოიტანონ აფგანის გატაცების ამსახველი კადრები, თუ გატაცება არ ყოფილა და, აქედან გამომდინარე, ასეთი კადრებიც ვერ იარსებებს.


რა ქნას ამ შემთხვევაში შსს-მ, პროკურატურამ, სუს-მა - „გატაცების" სცენები დადგან და გადაიღონ, რომ მუხთარლის ფანების სურვილი როგორმე დააკმაყოფილონ და „დოკუმენტურად" დაადასტურონ?


ჰო, მაგრამ მთავარი როლის შემსრულებელი საიდან მოიყვანონ - აფგანი ციხეში ზის და მისი ორეული საიდან გააჩინონ?


რაღაც უცნაური სურათი იკვეთება - რჩება შთაბეჭდილება, რომ აფგან მუხთარლის ქომაგებს, შინ თუ გარეთ, სიმართლის დადგენა კი არ აინტერესებთ, არამედ სულ სხვა მიზანი ამოძრავებთ, კერძოდ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, იმიჯი შეულახონ საქართველოს და წარმოაჩინონ იგი, როგორც არადემოკრატიული, არასაიმედო ქვეყანა, სადაც ადამიანებს დღისით, მზისით, იტაცებენ.


ვინ შეიძლება ამით დაინტერესებული იყოს?


ძალიან ბევრი ვინმე, მათ შორის კი ყველაზე მეტად საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობა" და მისი განაყარი პარტიები, რომლებმაც სახელი კი გადაირქვეს, მაგრამ რწმენით, იდეოლოგიით, მოწოდებით მაინც „ნაციონალებად" დარჩნენ.


როგორც ირკვევა, მუხთარლის და მის ჯგუფს გამორჩეული ძმობა და ყონაღობა აკავშირებთ ზემოთნახსენები პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერებთან, ამ ძმობას კი, როგორც ამბობენ, ფრიად სერიოზული პოლიტიკური გეგმები უდევს საფუძვლად. როგორც ჩანს, რაღაც ძალებს ძალიან სურთ არაბული გაზაფხულის ანალოგიური აზერბაიჯანული გაზაფხული მოიყვანონ და ამისთვის საქართველოში გადმოფრენილ აზერბაიჯანელ „მერცხლებს" აქტიურად იყენებენ.


აფგანი ერთ-ერთი ასეთი მერცხალთაგანია, რომელსაც მშობლიურ გალიაში ალბათ დიდხანს გამოკეტავენ.


* * *

საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანული დიასპორის საქმეებში კარგად ჩახედული პირის ინფორმაციით, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აფგან მუხთარლი ჟურნალისტი არ არის და არც არასდროს ყოფილა.


- აფგანს ჟურნალისტიკასთან ისღა აკავშირებს, რომ ის ერთ დროს ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნსლისტის ხატიჯე ისმაილოვას პირადი დაცვის წევრი იყო, ახლა კი ჟურნალისტ ლეილა მუსტაფაევას მეუღლეა.


წერილები, რომლებიც აფგან მუხთარლის სახელით ქვეყნდება, სინამდვილეში ლეილა მუსტაფაევას კალამს ეკუთვნის, რომელიც ძალიან ნიჭიერი და გონიერი ქალბატონია და იმ ოპოზიციურ ჯგუფში, რომელიც პრეზიდენტ ალიევს უპირისპირდება, ერთ-ერთ წამყვან ფიგურას წარმოადგენს.


ამ ჯგუფში აფგანი უფრო ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს კურირებს, საგამოძიებო ჟუსნალისტიკა კი, როგორც ვთქვით, ქალბატონი ლეილას პროფილია.


ძნელი ასახსნელი არ არიას, თუ რატომ აქვეყნებს ის წერილებს მეუღლის სახელით და რატომ ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას.


ებრძოლო პრეზიდენტ ალიევს და მის აშკარად ავტორიტარულ მმართველობას, ცხადია, დიდ რისკთან არის დაკაშვირებული.


სწორედ ამიტომ გადაწყდა ფრიად კრიტიკული და მამხილებელი პუბლიკაციების გამო პასუხისმგებლობა აფგანს ეტვირთა და ამ ნაბიჯით მოსალოდნელი დარტყმები ქალბატონი ლეილასთვის აერიდებინათ.


ეს რომ არ გაეკეთებინათ, შეიძლებოდა დღეს აზერბაიჯანულ ციხეში აფგანი კი არა ლეილა მჯდარიყო...


უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ლეილამ ზუსტად იცოს მის მეუღლესთან დაკავშირებული საიდუმლოს ყველა დეტალი და ისიც იცის, რომ აფგანი იმ ავბედით საღამოს არავის გაუტაცია.


ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ლეილა მუსტაფაევას მიერ ერთ-ერთი ქართული ტელევიზიისთვის მიცემული ინტევრიუ, სადაც ის უცნაურ, ლოგიკას მოკლებულ პასუხებს იძლევა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის განაცხადა მან ოფიციალურად მეუღლის გაუჩინარების ამბავი.


როგორც გახსოვთ, კაფედან გამოსულმა აფგანმა საღამოს მეუღლეს დაურეკა, რომ სახლში მოდიოდა, მაგრამ მთელი ღამე არ მოსულა.


იმის ნაცვლად, რომ ქალბატონ ლეილას დაუყოვნებლივ აეტეხა განგაში მეუღლის დაკარგვის გამო, მან გაუჩინარებული მეუღლე მხოლოდ დილით მოისაკლისა.


ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დაიწყო მან მეუღლის ძებნა ღამის განმავლობაში, ქალბატონმა ლეილამ დაბნეული ღიმილით უპასუხა: კარგა ხანს ველოდე, მაგრამ მერე ვიფიქრე, ალბათ მეგობრებთან შეიარა და ამიტომ შეაგვიანდა-მეთქი. ამასობაში კი დამეძინა.


ქალბატონო ლეილა, კაცმა დაგირეკათ და გარკვევით გითხრათ, რომ სახლში მოდიოდა. მეგობრებთან მივდივარ დროის სატარებლად და შემაგვიანდებაო, ხომ არ უთქვამს, სახლში მოვდივარო, გითხრათ და არ მოვიდა, თქვენ კი დაიძინეთ. კი მაგრამ რატომ არ შეგაშფოთათ იმ აზრმა, რომ სახლისკენ მომავალ თქვენს მეუღლეს, შეიძლება რაღაც უბედურება შემთხვეოდა ან მანქანა დაჯახებოდა, ან ვინმე დახვედროდა გზაში, ან, უბრალოდ, ცუდად გამხდარიყო და საავადმყოფოში წაეყვანთ.


ნორმალურ ადამიანს ამგვარი ფიქრები აუცილებლად მიეძალებოდა და, შესაბამისად, ადეკვატურ ნაბიჯებსაც გადადგამდა - დაუყოვნებლივ დაიწყებდა დაკარგული ადამიანის ძებნას, თუმცა ქალბატონმა ლეილამ ეს არ გააკეთა.


რით შეიძლება ამის ახსნა?


რით შეიძლება და იმით, რომ ქალბატონმა ლეილამ შესანიშნავად იცოდა, რომ მისი მეუღლე რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე მიდიოდა და შინ გვიანობამდე ვერ დაბრუნდებოდა.


ამიტომაც იყო ის მშვიდად...


გამოდის, რომ ის ვერსია, რომელიც აფგანის გატაცებასთან დაკავშირებით საზოგადოებას შესთავაზეს, ტყუილია?


დიდი ალბათობით ისე ჩანს, რომ ეს ყველაფერი მართლაც ტყუილია, ტყუილი, რომელიც მოსალოდნელი ექსტრემალური სიტუაციის გათვალისწინებით ან წინასწარ შეითხზა, ან შეითხზა მოგვიანებით, უკვე მომხდარი ფაქტის განეიტრალების და გადაფარვის მიზნით, მაშინ, როცა ცხადი გახდა, რომ აფგანი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.


* * *

- გიორგი კვირიკაშვილმა მუხთარლის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა რომ შესთავაზა, ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - თვითონ მარგველაშვილი რატომ არ ანიჭებს აფგან მუხთარლის საქართველოს მოქალაქეობას? დიახ, მარგველაშვილმა აუცილებლად უნდა მიანიჭოს აზერბაიჯანელ მუხთარლის საქართველოს მოქალაქეობა! - კატეგორიული ტონით განაცხადა რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა.


ჯერ მეგონა, ხუმრობდა პატივცემული დავითი, მაგრამ ამ „ბრწყინვალე" იდეას სათანადო არგუმენტები რომ მოაყოლა, დავრწმუნდი, სახუმაროდ რომ არ იყო საქმე.


მოქალაქეობის მინიჭება არ კმარა, ომიც ხომ არ გამოვუცხადოთ მეზობელ აზერბაიჯანს, ბატონო დავით, რომ გმირი აფგანი დავიხნათ?


ვფიქრობ, ისე აქვს აკრეფილი რესპუბლიკელ დავითს, რომ აზერბაიჯანისთვის ომის გამოცხადებაზე დაყოლიება მაინცდამაინც არ უნდა გაგვიჭირდეს.


თუმცა დასაძალებელი და დასაყოლიებელი, მე მგონი, არც არაფერია - აფგანისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ფაქტობრივად, აზერბაიჯანისთვის ომის გამოცხადებას არ ნიშნავს?


- შეიძლება სახელმწიფო ინტერესებს მუხთარლისთვის მოქალაქეობის მინიჭებით რაღაც ზიანი მიადგეს, მაგრამ არა უშავს, დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მეტად ფასობსო, - დააგვირგვინა ბატონმა დავითმა თავისი გამოსვლა.


რა თქმა უნდა, ბატონო დავით, რა თქმა უნდა, დემოკრატია და ლიბერალური ღირებულებებია მთავარი, თორემ ქართული სახელმწიფო წყალსაც წაუღია.


...ვწერ ამ სტრიქონებს და გულწრფელად მიკვირს: რამდენი ასეთი დავითი ჰყავს ამ ბედკრულ საქართველოს, ზოგი დავითის ხნისანი, ზოგი შედარებით ახალგაზრდა, ზოგიც მთლად საყმაწვილო ასაკის, რომლებიც დაახლოებით ისე ფიქრობენ, როგორც ეს ბრძენთაბრძენი დავითი ფიქრობს.


ესენი ახალი დროის ალი ფეოდოსიშვილები არიან, ოღონდ ამის შესახებ თვითონ არაფერი იციან.


ვინ იყო ალი ფეოდოსიშვილი?


ვინ იყო და გასული საუკუნის 30-იანი წლების პროლეტკულტელი მელექსე, რომელმაც ასეთი „უკვდავი" სტრიქონები დაუტოვა შთამომავლობას.


„დედას მოვკლავ

და დავახრჩობ მამას,

რევოლუცია თუ

ითხოვს ამას".


ჩასვით აქ რევოლუციის ნაცვლად სიტყვა „დემოკრატია" და დავით ბერძენიშვილს და მის თანამოაზრეებს მიიღებთ, თუმცა ალისა და მათ შორის მაინც არის ერთი მცირე განსხვავება - ალი მხოლოდ თავის დედ-მამას ერჩოდა, ესენი მთელ სახელმწიფოს ერჩიან!


ვახტანგ ხარჩილავა



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×