logo_geo
eng_logo
„არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!“
- +

24 ივნისი. 2017. 01:14



ქვემოთ მოტანილი პუბლიკაცია, რომელიც ფბ-მ გასახსენებლად ამომიგდო, შარშანდელია, მაგრამ... მეჩვენება, რომ დღესაც აქტუალურია და ღირს მისი გამეორება.


ამ ნაბიჯით იმის მინიშნებას ვცდილობ, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს ევროსტრუქტურების ესა თუ ის ნეგატიური რეაქცია ამა თუ იმ ქართულ „მოვლენაზე" ( თუნდაც, ბოლოდრონდელი „რეზოლუცია" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის „გატაცებასთან" დაკავშირებით).


ისევე, როგორც აფორიაქებული და აღელვებული საზოგადოერივი რეაქციები შიდა „ამბებსა" და სიტუაციებზეც.


ანუ, მოგვწონს თუ არა, გვრჩება ერთადერთი დასკვნა: შინ და გარეთ ვერ „ვფუთავთ" კარგად, ჩვენთვის სასარგებლოდ იმ მოვლენებს, რომლებიც ავად თუ კარგად ქვეყნის რეპუტაციაზე ახდენენ გავლენას და შედეგსაც ადექვატურს ვიმკით.


თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ „ოცნების" და სამთავრობო „პიარი", უბრალოდ, კატასტროფაა. თუ მოურიდებლად ვიტყვით, ელემენტარულად სიბრიყვეა! უნდა ბრმა იყო და ყრუ, ვერ შეამჩნიო და ვერ ისმინო ის ამბავი, რომ საზოგადოების რეაქცია ამ ე.წ. „პიარზე", ანეგდოტებად ყალიბდება.


არადა, დაკვირვებული თვალი შეუძლებელია არ ამჩნევდეს, რომ აშკარად კეთდება საქმე(!), ბევრი(!) სასიკეთო და ხელშესახები.


და ისეც არ არის, რომ ჩვენი შეგნებული საზოგადოება ამას ვერ ხედავს, რომ იგი არის უმადური და არდამნახავი. უბრალოდ, ინფორმაციის მიწოდებაა მწირი და არაპროფესიული, რითაც ოსტატურად სარგებლობენ საზოგადოების „დაბოლებაში" აშკარად გაწაფული ოპონენტები.


ისინი "ხალისობენ" და ჩაგრავენ (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ოცნებისტებს ტელესივრცეში. "დაპყრობილი" აქვთ რადიოეთერი. პრესა-თავისთავად და ტრადიციულად ოპოზიციურად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი! აშკარაა, რომ კანდელაკების, კახიძეების, გოცირიძეების და მათი მსგავსების შიზოიდური დემაგოგიის ფონზეც კი, შეიმჩნევა ოცნებისტი-"მოლაპარაკე თავების" კომპეტენტური, არგუმენტირებული, ობიექტური და შემტევი გამოსვლების დეფიციტი.


ჰოდა, ამის შემდეგ უნდა გაგვიკვირდეს ფიასკო ევროსასამართლოებში, ევროპარლამენტის დამთრგუნავი რეზოლუციები. ევროპარლამენტართა გასაოცარი "თავხედური" კომენტარები?


შეიგნეთ "ოცნებაში": დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო! (მხოლოდ ერთი გამონაკლისი, როცა აშკარად მომგებიანია " მთავარმა სამთავრობო "პიარშიკიმა" (!!!!!) დააჭიროს ენას კბილი).


შეიგნეთ, რომ იგებს ის, ვინც იცის რა არის პრევენცია და... არ აგვიანებს!


ისიც შეიგნეთ, რომ აქსიომაა: დარწმუნება უფრო ადვილია, ვიდრე გადარწმუნება:


თუმც, რა გინდა ქნა, „შეაყარე კედელს ცერცვი!"


***

"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!"

(ალავერდი პარლამენტთან!)


გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე უსიამო განცხადებები გაკეთდა. თემა ნაცნობია: თბილისის აეროპორტში, ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუს ჩაწერის დროს "თავდასხმა" ჟურნალისტებზე და ვანო მერაბიშვილი...


როცა "რეპორტიორმა" ეს ამბავი გაიგო, გადამოწმებისა და კომენტარისთვის დავრეკეთ სტრასბურგში, გვინდოდა დავკავშირებოდით ქართველ პარლამენტართა დელეგაციის ოფიციალურ ხელმძღვანელს თედო ჯაფარიძეს. უშედეგოდ! შემდეგი მცდელობა- ზვიად კვაჭანტირაძეს. ესეც უშედეგოდ!


კვლავ...


ამ წვალებაში რომ არიან ჩვენები, ქუთაისიდან გვირეკავს ერთი კოლეგა და როცა თავისი სათქმელს მორჩა, კითხეს, რა გამოძახილი აქვსო ამ განცხადებებს მანდ, ჩვენს პარლამენტშიო... არ ვიცი, არაფერი გამიგია და შევეცდები გავარკვიო თედო ჯაფარიძესთან ან ზვიად კვაჭანტირაძესთანო... კი მაგრამ, მაგ ხალხს მანდ რა უნდა, სტრასბურგში არ უნდა იყვნენო?-გაოცებით კითხეს ჩვენებმა ქუთაისში მყოფ კოლეგას... ახლა ის გაოცდა და...


გუშინდელ საღამომდე, ევროპელი კოლეგების ამა თუ იმ ჯგუფის ანტიოცნებისტურ განცხადებებზე საქართველოს დელეგაციის ოფიციალური პოზიცია ჩვენთვის უცნობი იყო. დიდი ალბათობით, ასეთი პოზიცია არც დაფიქსირებულა, რაც ერთობ სამწუხაროა. რამეთუ ასეთ სიტუაციებში დაგვიანება, ზოზინი, დუმილი, პრობლემის არდანახვა უფრო სირაქლემის პოზიციას გვაგონებს, ვიდრე მაღალპროფესიონალი პოლიტიკოსებისას.


ერთი სიტყვით, სტრასბურგში რა მოხდა ან რაც ხდება, ამას სააგენტოები, სხვა მედია-სტრუქტურები გაარკვევენ. პირადად ჩემთვის გაურკვეველია სხვა რამ: ძალიან მიამიტი ან პროფესიონალიზმთან მწყრალად უნდა იყო პოლიტიკოსი, რომ ვერ განსაზღვრო სტრასბურგის "მოედანზე" მოსალოდნელი ბატალიები და მისი თემები, მიმართულებები, ინტერესები და პერსონები. ისიც, როგორ გამოიყენებს ამა თუ იმ ფაქტს, ინციდენტს, მოვლენას შენი "დაუძინებელი" მეგობარი-ნაცმოძრაობის დეპუტაცია. ჰოდა, თქვე დალოცვილებო, თუ ეს არ გესმით ცუდია და თუ გესმით და მაინც "ლოდინის რეჟიმში" ხართ, სწორედ მაგას ქვია არაპროფესიონალიზმი, ან-საქმის არცოდნა, ან -ზერელობა, ან-პრიმიტივიზმი, ან-სიბეცე... (თავად აირჩიეთ ან დაამატეთ რომელიმე შეფასება).


ამ გაგანია დიპლომატურ თუ წინასაარჩევნო ომის დროს "მძიმე არტილერია" (საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელები-ჯაფარიძე, კვაჭანტირაძე, თუნდაც, ასეთ ბატალიებში ერთობ გათვითცნობიერებული მაღრაძე, რომლის "უზადო"ინგლისური მის იქაურ კოლეგებს ესმით ზუსტად ისე, როგორც საჭიროა) ქუთაისში რომ გყავთ "დატყვევებული" და სტრასბურგში საომრად ქალების "მსუბუქ კავალერიას" უშვებთ, რომელმა კუტუზოვმა ან ნაპოლეონმა გასწავლათ ეს "საომარი ტაქტიკა"?


ჩემი უღრმესი, გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად ქალბატონ მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიასადმი, რომელი დიპლომატური (!) ბრძოლა აქვთ მოგებული შიდა (!) ფრონტზე ამ ცნობილ იურისტებს და ადვოკატებს, გარეთ (!) და მარტო (!) რომ უშვებთ საომრად?


სად ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმირებულობა ან, როგორც უმრავლესობის ლიდერის უფლებამოსილება და სად მათი (თუ სხვისი)?


სად თედო ჯაფარიძის დიპლომატური წონა, კავშირები, ურთერთობები, გამოცდილება და სად მათი? სხვათაშორის, რად უნდა ჭირდებოდეს პარლამენტის ხელმძღვანელობას იმის შეხსენება, რომ ეს ის ჯაფარიძეა, რომელიც გახლავთ ამ ანსამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ალბათ, მისი ბიუროს წევრიც და, როგორ დავიჯერო, ამ რეგალიების და შესაბამისი ინფორმაციის მატარებელი კაცი არ არის ამ დროს იქ საჭირო?


ერთი სიტყვით, ნამეტანი ჭკუის კოლოფია ის პერსონა ან ჯგუფი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს.


ეჰ, მართლა "არა შეჯდა მწყერი ხესა!"




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner