logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ნიჭიერი კაცი ყველგან ნიჭიერია!..
- +

28 ივნისი. 2017. 21:44



სუპერ!


სუპერ!


თუ დრო გაქვთ და რუსულზედაც მწყრალად არ ხართ, ღირს ბოლომდე მოსმენა. გულიც გაგითბებათ და საფიქრალიც გაგიჩნდებათ. ერთ კომენტარშიც მოწოდებაა: მთავრობის წევრებსაც მოასმენინეთ და დეპუტატებსაცო. ხაზგასმული თხოვნაა, ჯეჯელავასაცო!


არსად, არცერთ საპარლამენტო თუ სამთავრობო სხდომაზე (არადა ბევრის მონაწილე ვყოფილვარ, უფრო ბევრი მინახავს და...), არასდროს მსგავსი გამოსვლა არ მომისმენია. არც ფორმით, არც შინაარსით. ასეთი ქვეტექსტები, ასეთი ფორმა მინიშნებებისა, ასეთი გულანთებული და ბრძნული, პარალელურად - ხისტი და განსაცვიფრებლად ტაქტიანი ლექცია კულტურისა და განათლების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში მათ რეალურ მდგომარეობაზე პოლიტიკოსებისთვის იშვიათად თუ ვინმეს წაუკითხავს.


ბრავო!


ნიჭიერი კაცი ყველგან ნიჭიერია!..


ყოველივე, რაზეც ისაუბრა, ერთობ საინტერესოა.. მაგრამ ამჯერად გამოვყოფ ერთ მიმართულებას, მოსაწავლეს, სკოლას და მასწავლებელს რომ ეხება... და ამას შეგნებულად ვაკეთებ, რამეთუ უმალ გამახსენდა ის ქართველი კაცი, სიღრმით, ორატორული ოსტატობით, ენთუზიაზმით, პროფესიონალიზმით, თავდადებით და აღტკინებით არაფრით რომ არ ჩამოუვარდება ასეთ უნიკალურ პიროვნებებს.


დიახ, ამ და, ეგებ, უფრო მეტიც გახლავთ შალვა ამონაშვილი - "ახალი ქართული პედაგოგიკის" მესაძირკვლე, საერთაშორისო ავტორიტეტისა და რეპუტაციის მქონე მეცნიერი და პრაქტიკოსი, დაუვიწყარ ლევან ჩიქვანაიასთან და სხვა თანამოააზრებთან ერთად რომ შექმნა, სწორ გზაზე დააყენა თბილისის ლეგენდარული პირველი რესპუბლიკური ექსპერიმენტული სკოლა, საირმის ქუჩაზე.


ბატონი შალვა ახლა, ძირითადად რუსეთში მოღვაწეობს (სხვა გზა არ დაუტოვეს), სადაც ერთობ აღიარებული და პატივდებულია, არჩეულია პედაგოგიკის აკადემიის ნამდვილ წევრად; ზაფხულობით ჩამოდის მშობლიურ კახეთში და თავის შვილთან-პაატასთან ერთად თავის მამულში მასპინძლობს და "ამუშავებს" საერთაშორისო პედაგოგიურ სკოლას... უამრავი მსმენელი ყავს უცხოეთიდან, თუმც მასთან 'მსმენელად" მოხვედრა არცთუ იოლი საქმეა.


ვიცი რომ შარშან შეხვდა განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებს. შეხვედრით კი შეხვდა, მაგრამ შედეგი... არ ვიცი, ეგებ არის კიდეც რაიმე შედეგი... მაგრამ სამინისტროს "პიარიდან" (ისევე, როგორც სხვა სამთავრობო სტრუქტურების შესაბამისი სამსახურებიდან) რაიმე საინტერესოს განა გაიგებ? არადა, მთავრობის მთავარი "პიარშიკი" ხომ არ გახსოვთ ვინ არის?


ახლა ვიღაც მისი ნამეტნავად "გულანთებული" ფანი ან კოლეგა იტყვის (გაიფიქრებს) რას გადაეკიდაო... რა უნდაო... საყვედურნარევი ტონით ხშირად რატომ ახსენებსო...


მერე, არ გიხარიათ რომ ვახსენებ? დაჟინებით! დაინტერესებით! ხშირად კრიტიკულად, მომთხოვნელობით!... არასოდეს-ქილიკითმ ლანძღვა-გინებით!


ზოგჯერ-იუმორითაც, რამეთუ, არცთუ იშვიათად, თავად იძლევა მიზეზსა და საბაბს. სწორედ ეს არის საზოგადოებრივი აქტიურობა, საზოგადოებრივი გულშემატკივრობა,,, ესე იგი, მეც და ბევრ სხვასაც სულ გვაინტერესებს, გვახსოვს, ვაკვირდებით, გვინდა რომ უკეთესი გახდეს ეგ სფერო...


რა არის ამაში ცუდი?


ამ შეკითხვას უმიზეზოდ არ ვსვამ, რამეთუ ჩვენამდეც აღწევს ზოგიერთი მთქმა-მოთქმა... ჰოდა ამ მიმთქმე-მომთქმელთა გასაგონად ვამბობ: ცუდი იმაშია, რომ მავანს და მავანს, როგორც ჩანს, საფუძვლიანად არ ესმის ამ ყველაზე უმთავრესი(!!!) სფეროსადმი ჩვენი, მთელი საზოგადოების ინტერესის საფუძველი, მისი დამოკიდებულების სულისკვეთება, წუხილი, დახმარებისა და ხელშეწყობისათვის მზადყოფნა... დიახ, ალბათ, არ ესმით და, აქედან გამომდინარე, არ იყენებენ ათასობით ადამიანის ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას და გონივრულად,არ წარმართავენ ამ მისწრაფებას, ამ უანგარო(!!!) ძალას განათლების სისტემის, ანუ, ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ!


და რაღამც გვეჩვენება რომ ჯეროვნად ეს არ ესმით, გვიჩნდება გონივრული ეჭვი: ესე იგი არც თავიანთი დანიშნულება ესმით ისე ღრმად, ისე გამიზნულად რომ სულ წყალშია ჩაყრილი ის თბილი და იმედიანი სიტყვები, რომლებიც სისტემის ამ თავკაცის წარდგენისას დაიხარჯა უმაღლეს დონეზე. და "იქ" თუ თვალს ადევნებენ და აანალიზებენ მედიის პუბლიკაციებს, მათთვის საიდუმლო არ უნდა იყოს კრიტიკული განწყობა საზოგადოებისა, კონკრეტულად, სოციალური ქსელების "მრევლისა", რომელიც საეჭვოდ მიიჩნევს მავანის მენეჯერობის გასაკუთრებულ ნიჭს და გამოცდილებას, და ამას საზოგადოების ერთგვარ "პიარულ" დაბოლებად აღიქვამს. მით უმეტეს, როცა იგი, ვიცე-პრემიერის რანგში სამთავრობო "პიარ-სახეც" გახდა. ყველაზე ხილულად ეს იმ ანეგდოტურ შეფასებებში გამოიხატება, რაც ფინანსთა ექს-მინისტრის ნ.ხადურის შემდეგ, განათლების თავკაცზე გადამისამართდა.


და ამის ერთერთი მიზეზი ამ ე.წ. რეფორმის კარჩაკეტილობაა! ვიწრო თუ ფართო უწყებრივ თათბირ-შეკრებებზე მსჯელობა კიდევ არ ნიშნავს ფართო საზოგადოებრივ განხილვას. აი, ისეთს, სულ ახლახანს კონსტიტუციაში შესატან სავარუდოო ცვლილებებთან დაკავშირებით რომ ჩატარდა. "არნახული" მენეჯერისთვის ეს რა სიახლე უნდა იყოს? თუ ის არის ასახსნელი, რომ განათლების სისტემის რეფორმა ყველგან და ყოველთვის იყო არის და იქნებს საზოგადოების განსაკუთრებული, მაქსიმალური ინტერესის სფერო, რამეთუ ეხება ყველა ოჯახს, დაბადებიდან ზრდასრულობამდე მომავალი თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებას. არაფერს ვიტყვი მის მრავალმხრივობასა და მრავალწლიან ხანგრძლივობაზე, მით უმეტეს ვეებერთელა ხარჯზე, რომელიც ჩვენი ჯიბეებიდან უნდა წავიდეს... ჰოდა ვის უმალავს მთავრობა ამ პროცესთან დაკავშირებულ დეტალებს "ა"-ნიდან "ჰ"-მდე?


დაბეჯითებით ვამბობ: არავითარი პირადული, გარდა გულშემატკივრული დაინტერესებისა, ჩვენს ინტერესში არ არის, გარდა იმისა, რომ ამ სფეროს მარტო აწმყოს კი არა, წარსულსაც საკმაოდ ვიცნობთ და მისი ახლანდელი ხელმძღვანელების მომზადება-გამოცდილებაზეც მარტო მათი დღევანდელი პრაქტიკით არ გვაქვს წარმოდგენა, უცხო არამცთუ არის, არამედ წლების მანძილზე პირადად ვმონაწილეობდით იმ ატმოსფეროს შექმნაში, რომელმაც ავტორიტეტი შეუქმნა დიდი ქართველი მეცნიერების ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას და სხვათა, აგრეთვე, ლეგენდარული დირექტორის ვალერიან მელაძისინიციატივით და მეცადინეობით შექმნილ ვ.კომაროვის სკოლს, რომლის კურსდამთავრებულის დიპლომიახლა, ჩემდა მოულოდნელად, ისეთ კაშკაშა მწვანე შუქს უნთებს ზოგიერთს სამთავრობო კორიდორებში შესაღწევად, რომ ჰარვარდისა და კემბრიჯის ჰაერნაყლაპი ტიპაჟი შურით შესაძლოა "გასკდეს". ეს ისე, ცოტა ხუმრობნარევად!


უფრო სერიოზულად და მტკიცედ კი იმას მოვახსენებ საზოგადოებას, რომ არამცთ დროა, დაგვიანებულიც კი გახლავთ არსებულ მდგომარეობის რეალურიშეფასება. ზემოთაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არ არის და არც შეიძლება იყოს ეს სფერო და დაგეგმილი(!) რეფორმა დახურულ-გასაიდუმლოებულ-საექსპერიმენტო ისე, რომ მის დაწყება-მიმდინარეობას ფართო საზოგადოება მედიაში კანტი-კუნტად გაჟონილი ინფორმაციით იღებდეს. ისიც, ზოგჯერ "კომბლეს", "ნაცარქექიას", "წითელქუდას" და სხვა ქართული ზღაპრების პერსონაჟებთან დაკავშირებული ანეგდოტური მოსაზრებების სახით.


თუ მავანს სურვილი ექნება, შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია ნებისმიერ დონეზე. აი, ისე, პროფესორმა რევაზ ბალანჩივაძემ რომ წამოიწყო "ლიტერატურული საქართველოს" ფურცლებზე. სხვათაშორის, ბრძენი ადამიანებები არიან ბატონი რეზო და მისი წარმდგენი -ამ გაზეთის რედაქტორ-დამფუძნებელი, უნიჭიერესი ქართველი შემოქმედი თამაზ წივწივაზე და მათთთვის ყურისგდება ღირს...


მანამდე კი, თხოვნა და რჩევა გვექნება მაღალჩინოსნებისა და დეპტატებისადმი: რუსი სენატორების წინაშე ამ ხელოვნებათმცოდნის გამოსვლის მოსმენა-ნახვით არა მარტო დატკბით, არამედ დაფიქრდით და განეწყვეთ კულტურისა და განათლების სასარგებლოდ!


რა ბედნიერება იქნებოდა, რომ ასეთი გონიერი და ანთებული ადამიანები იკავებდნენ ტრიბუნას არა მარტო მოსკოვში, არამედ ყველა სხვა ანგარიშგასაწევ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს პარლამენტშიც...


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×