logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: არსაიდან ხმა, არსით ძახილი!..
- +

13 სექტემბერი. 2017. 15:27



არსაიდან ხმა, არსით ძახილი!..


*******************************************


(გაგრძელება თემისა, ევროპარლამენტის დეპუტატის სარიუშ ვოლსკის წამონაროშს რომ ეხება)


მესამე დღეა, მსოფლიო მედია დუღს და გადადუღს მიხეილ სააკაშვილის ავანტიურასთან დაკავშირებით, მხოლოდ ზარმაცი კაცი არ გამოთქვამს საკუთარ „ბრძნულ" მოსაზრებებს ჩვენი რევოლუციური ეპოქისთვისაც კი ამ უნიკალურ შემთხვევასთან დაკავშირებით.


აი, ევროპარლამენტის დეპუტატი სარიუშ ვოლსკი კი გვერდიდან არ სცილდება ჩვენს ექს-პრეზიდენტს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის, როგორც მაფიოზური „მაყურებელი", მიჩენილია და აკონტროლებს მიხეილ სააკაშვილს, რათა მან მისთვის შემუშავებულ-შეთავაზებულ-დაზეპირებული „ინსტრუქციიდან" განსხვავებული არცერთი ნაბიჯი არ გადადგას - არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. ეს ვოლსკი არ ერიდება არც მიკროფონს და არც ეკრანს - უხვად იძლევა ინტერვიუებს, ბაქიბუქობს და ემუქრება სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს, იმასაც მიანიშნებს, რომ პოლონეთი არ მიატოვებს „ერთგულ მეგობარს" და აი, თქვენ ნახავთ, რა კორიანტელს დავაყენებთ ევროპარლამენტის სხდომაზეო.


ვოლსკის თავში ქვა უხლია, რაც უნდა, ის თქვას და ვისაც უნდა, იმას დაემუქროს, მაგრამ როცა მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, საქართველოში მ. სააკაშვილს უკანონოდ ჩამოერთვა მოქალაქეობაო, ნურას უკაცრავად, ადეკვატური პასუხი გასაცემია.


სწორედ ამას მოვუწოდებდით ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საგარეო და იუსტიციის სამინისტროებს. მაგრამ, რა, შეაყარე კედელს ცერცვი, დუმილი: „არსაიდან ხმა, არსით ძახილი!.."


სამწუხაროა!

გაუგებარიც!


არადა, რა უნდა იმის თქმას (ოღონდ, საჯაროდ, ყველას, მათ შორის, უცხოეთის მედიის გასაგონად), რომ „მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონი (2014 წლის აპრილი) პირველივე მუხლით ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:


ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;


ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;


გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.


აი, ეს, ბოლო „გ" ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის წესით მიენიჭა.


საინტერესო და აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ორმაგი მოქალაქეობის 1995 წლის კონსტიტუციით აკრძალვა დადასტურდა 2004 წლსაც, პრეზიდენტ მ. სააკაშვილის(!) მიერ ინიცირებული(!) და განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებითაც. იმ დამატებით, რომ მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა, ანუ მ. სააკაშვილმა მოიპოვა გამონაკლისის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მონოპოლიური უფლება.


ეს არის და ეს.

არც მეტი, არც ნაკლები.


დაახლოებით, ეს უნდა თქვას ოფიციოზმა, რამეთუ მე, კერძო პირს, ჟურნალისტს, არასპეციალისტს, შესაძლოა, არ დამიჯერონ, ხოლო იმას, ვინც ქართული სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე მოქალაქეობის გაუქმების ბრძანებულებას ხელი მოაწერა, აქვს ვალდებულება, ახსნას ამ გადაწყვეტილების საფუძველი და მოტივაცია. ამისთვის არსებობს სახელმწიფო მოხელეთა აპარატი.


ამის შესახებ ვწერდით, ამას ვითხოვდით და მისი მოლოდინი გვქონდა წინა წერილში. საკითხს ისევ ვუბრუნდებით იმიტომ, რომ ის რაც ზემოთ ვთქვით, არის ორჯერ ორი ოთხი. ასევე, ორჯერ ორი ოთხია ის, რომ მოსახლეობის დროული ინფორმირება გადამწყვეტია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში და როცა ეს „აზრი" უარყოფითად ყალიბდება, თუნდაც მოსახლეობის მცირე ოდენობის წარმოდგენაში, მით უმეტეს, კარზე მომდგარი არჩევნების წინ, როცა ყალყზე შემდგარი და სამიტინგო-სალაქლაქოდ გამზადებული ოპოზიცია „უნიათობას" გაბრალებს, თანაც, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მართალი ხარ და არ იმსახურებ ასეთ „იარლიყს", უნდა ეძებო მიზეზი(!) ამ „საჩუქრით" რატომ „გაჯილდოებენ", შეუსვენებლად რისთვის გილაწუნებენ ყბაში.


არაერთგზის გაგვიხსენებია ბანალური მაქსიმა: პოლიტიკაში დარწმუნება უფრო ადვილია, ვიდრე... გადარწმუნება!


ასევე, ის, რომ პოლიტიკაში გასამარჯვებლად პრევენცია ან დროული რეაგირება რომ გადამწყვეტია, ცნობილია ყველა დამწყები „პარშიკისთვის", მით უმეტეს, „პიარის ვირტუოზის" - სააკაშვილის გუნდისთვის, მაგრამ ეს ანბანური ჭეშმარიტება ვერ გაითავისა მხოლოდ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად მისმა ყველა შტომ და ამ ხელისუფლების მშობელმა „ქართულმა ოცნებამ".


არადა, რომ ჰკითხო მათ, „დღევანდელების" აბსოლუტურ უმრავლესობას ლამის ჰარვარდი, კემბრიჯი, იტონი, სტენფორდი და ... კომაროვის სკოლა აქვს დამთავრებული.


„ისინი", მათი წინამორბედები, „რაღაცას" აკეთებდნენ და ისე ხმაურობდნენ, ისე ტრაბახობდნენ, ისე წარმოაჩენდნენ სულ მცირესაც კი, რომ სულ ეჭვი მეპარებოდა, ხომ არ დავბრმავდი და დავყრუვდი, რომ ვერ ვამჩნევ-თქო... „ესენი", ანუ „დღევანდელნი" აკეთებენ ბევრს და... ისე უსუსურად წარმოაჩენენ, რომ კაცს მართლა „უნიათოები" ეგონება.


საზღვარგარეთ ხომ სულ „სუფთად" იგებენ ძველები. ლაპარაკით, უტიფრობით და... ოპერატიულობით, წინსწრებით. სანამ „ოცნება" გაიღვიძებს, კოლექტიურ, გასილაქებულ „კანდელაკებს" ინტერნეტი აკლებული აქვთ. ერთმა მეგობარმა - უცხოელმა ცნობილმა ჩინოსანმა შემომჩივლა: ელფოსტის გახსნა მეშინია, იმდენი გზავნილი მხვდება „კანდელაკისგანო"... ტყუილი, მართალი, ჭორი... სულ ერთია მათთვის, მთავარია, დაბომბონ უცხოეთის სტრუქტურები, განსაკუთრებით კი - ევროპული და ამერიკული...


აი, ეს ბოლო, კონკრეტული შემთხვევაც, პროვოკატორ ვოლსკის წამონაროში, რომ სააკაშვილს უკანონოდ ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, უკვე ტირაჟირებულია მსოფლიოს წამყვანი სააგენტოების, ტელეარხების, ბეჭდვითი მედიის მიერ. სააკაშვილი ეკრანიდან არ ჩამოდის, უამრავი კომენტარია მისთვის უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ვაი-ვოლსკიმ დააანონსა ამ საკითხის ევროპარლამენტში განიხილვა. ანუ, ყველა შეწუხებულია, ყველა ლაპარაკობს, ყველა ეკრანზეა, ყველა პირდაპირ ეთერშია, ინტერნეტი დუღს და გადადუღს... დუმილის „უფლებას" ინარჩუნებენ მხოლოდ ის სტრუქტურები, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს პრობლემა. ეხებათ იმიტომ, რომ, აკი ზემოთ ვთქვით, იურიდიულად და საბოლოოდ სწორედ ამ „სტრუქტურების" გადაწყვეტილებით გაუუქმდა ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა.


„პირველი ვიოლინო" ამ სტრუქტურებში გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის მუდმივად ყალყზე შემდგარი ადმინისტრაცია! ეს ის ადმინისტრაციაა, რომელიც როცა ის თვლის „საჭიროდ", საპასუხო სიტყვისთვის ჯიბეში ხელს არ იყოფს, კომენტარს არ აგვიანებს ჩვენი პარლამენტარების თუ მთავრობის წევრების ნებისმიერ გამონათქვამზე, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, მეტ-ნაკლები სამართლიანობით თუ ეხება მათ.


ტრადიციულად დუმს საგარეო საქმეთა სამინისტრო! გაუგებარი კია, მერამდენედ, რას და ვის ელოდება ჩვენი „ნარცისული" დიპლომატური სამსახური, რომლის თავკაცი მარტო მინისტრის სტატუსს კი არ ატარებს, არამედ ვიცე-პრემიერისას, ანუ მისი უფლებამოსილება და ავტორიტეტი აბსოლუტურად საკმარისია, მსგავს შემთხვევებში ისაუბროს ხელისუფლების სახელით....


სამწუხაროდ, დუმს იუსტიციის სამინისტრო, ეს გასაკვირია, თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ მათ არაფერი აქვთ ასაღელვებელი, რამეთუ იურიდიულად სრულიად გამართულია ექს-პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის მიღება-გაუქმების პროცესი და ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას თითქოს წყალი არ გაუვა. არადა, სწორედ მისი პოზიცია - შეფასება უნდა იყოს კომპეტენტურობის ამოსავალი წერტილი. მაგრამ, ევროსასამართლოს კანდიდატურების შერჩევასთან  დაკავშირებულმა ნეგატიურმა ფონმა, საზოგადოების უკმაყოფილებამ, ეტყობა, მეტისმეტად დააფრთხო აქამდე „შეუპოვრობითა" და პირდაპირობით ცნობილი ქალბატონი მინისტრი და მისი უწყება.


და აი აქ, ისევ და ისევ წამოიჭრება მოსახლეობის დროულად ინფორმირების პრობლემა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში არსებობს ერთი ოჯახი მაინც, სადაც არ განიხილავენ სააკაშვილ-პოროშენკოს დაპირისპირების თემას, ძალიან ცდება. განიხილავენ და, თანაც, როგორ! ჭორი და მართალი ერთმანეთშია არეული. ამ „ყოვლიმცოდნე" ექსპერტებმა და მოლელაკაკულიო ტიპაჟმა ხომ სულ გარეკეს თავიანთი „წინასწარმეტყველებით".


ნამეტნავად მიამიტი უნდა იყო, გეგონოს, რომ ამ მოვლენას არ აქვს კავშირი და გავლენა ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ატმოსფეროზე, რომ ჩვენი მოსახლეობა მხოლოდ „ერთობა" იმ სატელევიზიო კადრებით, რომლებიც ასახავენ ექს-პრეზიდენტის „შეჭრას" უკრაინის ტერიტორიაზე, მის ზღვარგადასულ ამბიციებს და მუქარას უკრაინის უმაღლეს ხელისუფალთა მიმართ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ტრადიციულ დაშანტაჟების მცდელობას, ჩვენთვის კარგად ნაცნობ დემაგოგიურ და პოპულისტურ განცხადებებს, „ქართული სახელმწიფოს შემქმნელის" უტიფარი პოზიციებიდან ღიმილის მომგვრელ განცხადებებს და არც ისე უწყინარ „მინიშნებებს", რითაც მშვენივრად სარგებლობს მავანი და მავანი.


პოლიტიკაში დასაფასებელია სიდინჯე, ცივი გონება, სიმშვიდე, აუღელვებელი მოქმედება... არავის მოვუწოდებთ ემოციური, აჩქარებული გადაწყვეტილებების მიღებას, პირიქით, ბათუმის მოვლენებმა დაგვანახეს, რომ ჩვენ ზოგჯერ მართლაც რომ გონიერი ლიდერები გვყავს, რომლებიც მოქმედებენ ყოველგვარი პანიკის, ისტერიკის გარეშე... მაგრამ, რატომღაც გვეჩვენება, რომ ეს ხდება ზ ო გ ჯ ე რ, ანუ, იშვიათად. გარედან ისე ჩანს, რომ ზოგიერთ სახელისუფლო სტრუქტურას უფრო მეტად ხელეწიფება (ან აწყობს) ზოზინი, გაუბედავობა, ნაკლებინფორმირებულობა, საზოგადოებრივი განწყობისა და გამოწვევებისადმი ზერელე დამოკიდებულება... და ისევ მივდივართ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემამდე, მისი დროული და მაქსიმალური ინფორმირების, ამ ინფორმაციის სანდოობის დეფიციტამდე.


კარგად გვესმის, რომ ახლა, მორიგი სასწავლო წლის დაწყებისას უფრო აქტუალური "ვაშლების" თემაა, მაგრამ იმ ჩინოსანმა, რომელიც მინისტრობასთან ერთად ითავსებს ვიცე-პრემიერობას, რომელიც მთავრობის მეთაურმა ქვეყანას წარუდგინა, როგორც დიდად გამოცდილი, ბრძენი მენეჯერი და საზოგადოებასთან ხელისუფლების ურთიერთობის კოორდინატორი და წარმართველი, დროა მოიცალოს ამ პრობლემებისთვის! რა თქმა უნდა, თუ იგი ისევ არის ამ ფუნქციის მატარებელი. თუ არადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ წარმართავს ამ საქმეს, ვის აკისრია პასუხისმგებლობა?..


ეჰ, მართლა დროულია ერთ ფილმში იპოლიტე ხვიჩიას გმირის შეძახილი: დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას! დავამატებდი: ხალხთან იმუშავეთ, ბიძიკოებო, ხალხთან, თორემ შესაძლოა, ვაშლიც ოხრად დაგვრჩეს და წიწაკაც სანატრებელი!










 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner