logo_geo
eng_logo
გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს...
- +

13 აპრილი. 2016. 22:36



წამიერი ყოფილა სიხარული. მალევე ქრება. ყოველდღიურობის მღვრიე მორევში იძირება, თუმცა მერე ბრუნდება. ცოტა სხვაგვარად. მსუბუქ, თბილ სევდასთან ერთად, ამიტომაც მომინდა მოგწერო. რაც შენ სიხარული მაჩუქე.


პირველი თამაშებიდანვე მახსოვხარ. მერე რა, რომ ბავშვი ვიყავი. გვიან გაიხსენი. ასეთი უცნაური ტიპები ხართ გენიოსები. ან ძალიან ადრე იხსნებით, ან ძალიან გვიან. საშუალო არ იცით. არ სცნობთ.  ისე, გენიოსი და საშუალო?  სად გაგონილა.


აი, კრუიფმაც დაგვტოვა. გამახსენდა, რადგან ქართველი კრუიფი შეგარქვეს. მეტი კომპლიმენტი რა გინდა, მაგრამ შედარებებისთვის არ მემეტებოდი. შენ ხომ დათო ყიფიანი იყავი და სხვა არავინ. ჩემთვის განუმეორებელი და ერთადერთი.


საბჭოთა სივრცემ შეგზღუდა, თორემ სხვა ჰორიზონტიც გამოჩნდებოდა. უკიდეგანო, სახიფათოც, მაგრამ სწორედ შენი გადასალახი. აუზიდან არ გიშვებდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზეც არ წაგიყვანეს. გეწყინებოდა, მაგრამ არაფერი დაგიკარგავს. პირიქით, მსოფლიოს ჩემპიონატმა დაკარგა ერთი დიდი ვარსკვლავი, რადგან რუსულ ,,ურა-ვპირიოდ, ურა-ნაზადს" ვერასდროს ითამაშებდი. რუსულ გუნდში ცოდოც იქნებოდი. ადრეც ხომ იშვიათად გიძახებდნენ. ზრდილობის გამო. იქ ასეთი დირიჟორები არ სჭირდებოდათ. სულ სხვა მუსიკას უკრავდნენ.


არ ვიცი, მერამდენედ ვნახე, დიუსელდორფის ფინალი. არ სჩანხარ, მაგრამ შავ სამუშაოს ასრულებ. შეტევის შემოქმედი ხან საყრდენ ნახევარმცველად გვევლინები, ხანაც ცენტრალურ მცველად. მოუხერხებლად გამოგაქვს ბურთი. თავდაცვისას ბევრ შეცდომას უშვებ. მაგრამ იქ ხარ სადაც საჭიროა. გუნდიც მოგყვება. ისე, ნომრები და სახეები რომ წავშალო, ხმაც რომ მთლიანად ჩაუწიო, იმ დინამოს თითეულ ფეხბურთელს ვიცნობდი და ვიცნობ მოძრაობით, ხასიათით და თამაშის სტილით, თუმცა თამაშის სტილი ამ ყველაფერს აერთიანებს.


ბერნაბეუზე დამტვრევასაც არ გაუტეხიხარ. დაბრუნებას აპირებდი,  მაგრამ უეცრად წახვედი. გითქვამს, რომ ისე მინდა წავიდე - ტრიბუნებმა არ დამისტვინონო. იმ დროს ვინ დაგისტვენდა.


ძალიან განვიცადე შენი წასვლა. თითქოს, რაღაც ისეთი დამთავრდა, რასაც ვეღარაფერი შეავსებს. ვიტალი დარასელიაც დაიღუპა ავტოკატასტროფაში და ჩვენი გუნდიც ნელ-ნელა ფსკერზე იძირებოდა. ოთარ გაბელიას, ალექსანდრე ჩივაძის, თენგიზ სულაქველიძის, ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიას, რევაზ ჩელებაძის და სხვა ჩვენი დიდი ფეხბურთელების ტალანტი და თავდადებაც ვერაფერს შველოდა. შენი წასვლით და ვიტალის დაღუპვით, ხერხემალში გადატყდა.


წლების მერე,  უნიჭიერესი თაობა მოვიდა. მწვრთნელი შენ იყავი, რაღაც დროს დინამოსიც და ნაკრებისაც. ვერ გაამართლე. მერე შეურაცხყოფა, გინება და ტალახის სროლა დაგიწყეთ. სპორტის ამ სახეობაში პერმანენტული მსოფლიო ჩემპიონები ვართ. მადლობის მაგივრად, ზედმეტი მოგთხოვეთ და დროის უკუღმართობაც შენ დაგაბრალეთ. ყველგან ასეა, ვინც ძალიან უყვართ, ბევრს სთხოვენ. უბრალოდ, ჩვენისთანა ბედნიერ... დამარცხებულ ქვეყანაში, უფრო მეტს ვითხოვთ. თანაც, დიდებული ფეხბურთელებიდან დიდი მწვრთნელები ვერ გამოდიან. პირიქით, საშუალო და სუსტი ფეხბურთელები ხდებიან დიდი მწვრთნელები. უცნაურია, მაგრამ ასეა.


იმ წლებში, ,,რეზონანსში" ვმუშაობდი. ლიტერატურაზე და ფეხბურთზე  ვწერდი. ყეყეჩი, რადიკალი ახალგაზრდა ვიყავი. კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაგატარე. შეურაცხყოფა არ მომიყენებია, მაგრამ ტაქტიკა, მოთამაშეების განლაგება და სტრატეგიაც დაგიწუნე. ალბათ, ძალიან გატკინე გული, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში გითქვამს, როგორ შეიძლება კაცი ერთად ფეხბურთსა და ლიტერატურაზეც სწერდესო. არ დაგისახელებივარ მაგრამ მე მგულისხმობდი. ცამდე მართალი იყავი. ისე, ახალგაზრდა რადიკალი უნდა იყოს, თორემ ნელ-თბილი გამოვა. ვის-ვის და ყველაზე კარგად ეს შენ გესმოდა. გვიანია, მაგრამ ბოდიშს გიხდი. მაპატიე, ყიფო. პატიება ხომ არასდროს არის გვიანი. 


blog.1tv.ge




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×