logo_geo
eng_logo
თამაზ ჯოლოგუა: ეროვნული ღირებულება მაშინ არის ჭეშმარიტი, როდესაც საკაცობრიო ღირებულებებს ემთხვევა
- +

2 ოქტომბერი. 2017. 13:33

„ეროვნული ღირებულება მაშინ არის ჭეშმარიტი, როდესაც საკაცობრიო ღირებულებებს ემთხვევა“;

„ახალგაზრდობა ერის საუკეთესო ნაწილია! მე ახალგაზრდობას ვუყურებ, როგორც ერის საუკეთესო ნაწილს“;

„საზოგადოების ბედი პირდაპირ არის დამოკიდებული ჟურნალისტიკის ხარისხზე“;

 

მსგავსი შინაარსის სიტყვებს ხშირად მოისმენთ თამაზ ჯოლოგუას ლექციებზე. ეს არის ლექტორი, რომელიც უარს ამბობს, მონაწილეობა მიიღოს ისეთ გადაცემებში, რომლებიც მის პროფესიულ საქმიანობას არ ეხება. არ თანხმდება ინტერვიუზე, რომლის მიზანი მისი პირადი ცხოვრების გაგებაა. მოდით, შორიდან, სულ ცოტათი მაინც, შევძლოთ, ერთი შეხედვით, „მიუწვდომელი“ ლექტორის მისაწვდომი მხარეების დანახვა.

 

თამაზ ჯოლოგუა 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. დღემდე აქტიურად მონაწილეობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში – არის ჟურნალისტიკის მიმართულების დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის კომისიის თავმჯდომარე და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (ჟურნალისტიკის სექციის) წევრი. ამავდროულად, კითხულობს ლექციებს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალსა და ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში. სწორედ აქ იწყება მისი უშუალო კონტაქტი სტუდენტებთან. ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ეს ორივე საგანი სავალდებულოა და ყოველ წელს ჯოლოგუასთან მოხვედრის მსურველთა რაოდენობა ბევრად აჭარბებს ადგილთა განსაზღვრულ რაოდენობას. ამის მიზეზი კი არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი, არამედ პიროვნული თვისებებიცაა.

 

„საყვარელი, თეთრწვერა ლექტორი… ზღაპრიდან მოსული თოვლის კაცი“.

 

სტუდენტები ამ სიტყვებით ხშირად მოიხსენებენ თავიანთ საყვარელ ლექტორს. თხრობის მშვიდი, „მომნუსხველი“ მანერა აქვს. ყოველთვის ოსტატურად ცვლის სასაუბრო თემებს, თან ისე, რომ ამ საკითხებს შორის უწყვეტი ლოგიკური კავშირია.

 

მის ლექციებს „ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში“ რეფრენად გასდევს ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები: „ისტორია არის მწვრთნელი“. როგორც „თოვლის კაცი“ ამბობს, თანამედროვე იდეოლოგიების განმსაზღვრელი სწორედ წარსულში მიმდინარე მოვლენებია.

„ვერც ერთი ერი ვერ იქნება სრულფასოვანი და ვერ შეძლებს განვითარებას, თუ მას არ ეცოდინება თავისი ისტორია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა“, - ეს მის მიერ ლექციაზე ხშირად წარმოთქმული სიტყვებია.

 

პროფესორის ინტერესი და დამოკიდებულება ამ პერიოდის ჟურნალისტიკისადმი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, როდესაც გამოსცა სახელმძღვანელო „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია“. მანამდე კი დაიბეჭდა წიგნი „პეჩორის თავადი“, რომელშიც ასახულია 1832 წლის შეთქმულება. ჯოლოგუას თქმით, ისტორიას ქმნიან როგორც გმირები, ისე მოღალატეები და როგორც არაერთხელ აღუნიშნავს, იასე ფალავანდიშვილმა ისტორია შეცვალა. რაც შეეხება წიგნს „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია“, უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნის გამოსვლამდე უნივერსიტეტში არ არსებობდა ლიტერატურა, რომელიც სრულად ასახავდა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას.

 

 

თამაზ ჯოლოგუა უკვე მრავალი წელია „სტუდენტთა ყველაზე საყვარელი ლექტორის“ ტიტულს ატარებს და ამ „წოდებას“ იშვიათად უნაწილებს სხვა ლექტორებს.

 

„თუ ერთხელ მაინც დაესწრებით მის ლექციას დარწმუნდებით, რომ აქ ვერასოდეს გაიგებთ უადგილო შეძახილებს, რეპლიკებს, ან ხმაურს. ზიხარ და სუნთქვაშეკრული ისმენ „ზღაპრული პერსონაჟის“ მიერ საინტერესოდ მოთხრობილ ისტორიას. თამაზ ჯოლოგუა ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანია, მისი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ კი თავისუფალი და მეგობრულია“, - ასე შეაფასა ლექტორი და მისი ლექციები თსუ-ს მე-4 კურსის სტუდენტმა ნინი ჩუბინიძემ, რომელსაც ორივე სავალდებულო საგანი მასთან აქვს გავლილი.

 

ლექციებს არასდროს აცდენს, არ აგვიანებს, სტუდენტების კითხვებს უპასუხოდ არასდროს ტოვებს, მათ თხოვნებსაც შეძლებისდაგვარად ასრულებს, განსაკუთრებით ფოტოებთან დაკავშირებით.

 

არავისთან საუბრობს პირად ცხოვრებაზე, საკუთარ ინტერესებსა და თავგადასავლებზე. შესაბამისად, მასზე მეტი ინფორმაციის გასაგებად, მის კოლეგას მივმართეთ.

 

„თამაზ ჯოლოგუას პრაქტიკული ჟურნალისტიკის პერიოდიდან ვიცნობ. იგი ტელევიზიის სამეცნიერო რედაქციაში მუშაობდა, მე რადიოს მხატვრულ გადაცემათა რედაქციაში. მახსოვს, შესანიშნავად უძღვებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტელეგადაცემას „კვირიაკეს“ და 90-იან წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს საინტერესოდ და მიუკერძოებლად წარმოაჩენდა“, -  გვითხრა თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მარი წერეთელმა.

 

მოგვიანებითაც გადაიკვეთა მათი პროფესიული გზები, ჯერ რადიოპროგრამა „დროებაში“, შემდეგ თსუ-ში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე. მარი წერეთელი არაერთხელ ყოფილა ჯოლოგუას მნიშვნელოვანი ნაშრომების რეცენზენტი და ასე გრძელდება დღემდე.

„თამაზ ჯოლოგუამ, როგორც მკვლევარმა, თავიდანვე ზუსტად განსაზღვრა თავისი სამეცნიერო ინტერესები და წლების განმავლობაში მართლაც დიდი ძალისხმევა მოახმარა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიისა და კერძოდ, დიმიტრი ყიფიანის ღვაწლის შესწავლის საქმეს. უახლოეს წარსულში, როცა მოდური არ იყო ისტორიის შესწავლა და ერთგვარი სკეპტიციზმიც გაჩნდა მის მიმართ, იგი ყოველთვის მყარი სამეცნიერო ინტერესებით ხასიათდებოდა და ასეა დღემდე. ის არასდროს ყოფილა კონიუნქტურის მიმდევარი მკვლევარი“, – თქვა მარი წერეთელმა.

 

ჩვენთან საუბრისას პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სწორად ვერ საზღვრავს საზოგადოებაში თავის ადგილს თუ ფუნქციას. იგი თამაზ ჯოლოგუას ამ მხრივაც გამოარჩევს. ამბობს, რომ ის არასდროს ესწრაფვის იაფფასიან პოპულარობას, „ცნობადობას“ და მთელ ენერგიას საქმეს ახმარს.

 

„მაგრამ როცა საზოგადოებრივ ცხოვრებაში კრიტიკული მომენტი დგება და უგროვდება სათქმელი, ცხადია, არც საჯაროდ აზრის გამოთქმას გაურბის“, - გვითხრა მან. ამით კი პასუხი გაეცა კითხვას, თუ რატომ ამბობს ,,თოვლის კაცი’’ უარს ინტერვიუებსა და პირადი ცხოვრების გასაჯაროებაზე.

 

„კეთილმოსურნე, ყურადღებიანი და კორექტული. მუდამ მზად არის მხარში ამოსადგომად და არასდროს იშურებს სხვათათვის საქებარ სიტყვას. მეგობრული, იუმორის გრძნობით, პრობლემების, ერთი შეხედვით, იოლად და ფილოსოფიურად შემხედვარე.“

 

ამ სიტყვებით დაახასიათა მარი წერეთელმა კოლეგა. ხოლო კითხვაზე, თუ რატომ უყვართ სტუდენტებს თამაზ ჯოლოგუა, ასეთი პასუხი გაგვცა:

 

„იმიტომ, რომ სტუდენტები ზუსტად აფასებენ იმ ცოდნასა და იდეალებს, რომლებსაც იგი მათ უზიარებს. ის არის საუკეთესო ლექტორი-მთხრობელი, რომლისთვისაც სტუდენტი და საუნივერსიტეტო ღირებულებები უმნიშვნელოვანესია. სწორედ პროფესიონალიზმისა და ჰუმანიზმის, ამასთან ერთად პიროვნული ხიბლის წყალობით გახლავთ იგი თსუ-ს ერთ-ერთი საუკეთესო პროფესორი.“

 

სტუდენტები ამბობენ:

 

„ლექტორი, რომელიც სითბოს ასხივებს და რომელიც ყველას უყვარს მთელ თსუ-ში…“

 

„უზმოდ განათლებული და საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი“;

 

„ლექტორი, რომლის ლექციებზე ყოფნაც სიამოვნებაა. მე-19 საუკუნეზე ისე ყვება, გეგონება იმ დროში ცხოვრობდა და თავისი ცხოვრების ისტორიებს მოგვითხრობსო;“

 

„სამართლიანი, განათლებული, პროფესიონალი, თუმცა თავმდაბალი და სტუდენტებთან მეგობრული“;

 

„ადამიანი, რომელსაც მხოლოდ 2 ნაკლი აქვს: ეწევა და მეგრელია“.

 

ფაქტია, რომ სტუდენტებისთვის თამაზ ჯოლოგუა დღემდე რჩება უსაყვარლეს და საინტერესო ლექტორად.

 

 

 

ავტორი: ნათია დაშნიანი

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner