logo_geo
eng_logo
თამაზ ჩიქვანაია: რატომ მინდა და რატომ არ...
- +

5 ოქტომბერი. 2017. 14:45



საქმის კურსში რომ ჩაგაყენოთ, მოგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატებზე მაქვს საუბარი. დავიწყებ იმით, რატომ არ...


არ მინდა ზაალ უდუმაშვილი - უდავოდ კარგი დიქტორია, წამყვანში არ აგერიოთ, რადგან წამყვანი თავად წერს და თავადვე მოგვითხრობს. დიქტორი და შესაბამისად ზაალი კი,  სხვის აზრებს ახმოვანებს. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მომავალშიც იმავე როლის თამაშს არ გააგრძელებს (მოგეხსენებათ, როლმა მიჩვევა იცის). აღარაფერს ვამბობ მის უკან მდგომ ძალებზე, რომელთა „საქმენი საგმირონი" საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ნამდვილად აღარ მინდა, იმავე მდინარეში მეორედ შევიდეთ.


არ მინდა ალეკო ელისაშვილი - ამბობენ, ნიჭიერი კაციაო; ცენტრალურ აფრიკაში რესპუბლიკა ჩადის დიქტატორ ბოკასაზეც იმავეს ამბობდნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, სადილად მოწვეული სტუმრების ხორცი ვახშმად მიერთვა. ახლა კანიბალია-მეთქი, ამ ახალგაზრდა კაცზე ვერ ვიტყვი, თუმცა, მის სტუდიაში მოწვეული და მერე მისი მოწოდებით ამ ადამიანების დაპატიმრება, არ მგონია, მის ბიოგრაფიას ამშვენებდეს.  ამას დაუმატეთ რამდენიმე, თითიდან გამოწოვილი სკანდალი და ჩემთვის მისი ღირსება უკვე ეჭვის ჭიას აღვიძებს.


არ მინდა ელენე ხოშტარია - ზემოთ ღირსება ვახსენე, ამ ქალბატონს გვერდით ისეთი ადამიანები უდგანან, რომლებსაც ძია ლენინივით გადატკეცილი შუბლები ამშვენებთ. თან ისეთი პათოსითა და შემართებით  აკრიტიკებენ (უფრო ლანძღავენ) ამ ხელისუფლებას, თითქოს თავად მამა აბრამის უცოდველი ბატკნები იყვნენ. დემაგოგია ძველ ბერძნებს ხელოვნების რანგში ჰქონდათ აყვანილი, ჰოდა, ამ ქალბატონს და მის მომხრეებს თავი ისევ ელინისტურ ეპოქაში ჰგონიათ. მგონი, მათთვისაც აჯობებს, წარსულში დარჩნენ, რადგან გარანტირებულად ჯანმრთელები დაასრულებენ მათთვის მოზომილ წუთისოფელს.


არის კიდევ კრებსითი (ჩემთვის) მცნება თბილისის მერობის კანდიდატების, რომლებზე საუბრითაც არ დაგღლით, თუმცა ზოგიერთ მათგანზე ცოტას გავიცინებდით კიდეც. ახლა მოგახსენებთ, რატომ მინდა.


მინდა და მივესალმები კახა კალაძის კანდიდატურას - ამ ახალგაზრდა კაცმა (რომელსაც არც ვიცნობ და ახლოსაც არ მინახავს) საკუთარი ნიჭით და შრომით გაიკაფა გზა დიდ ფეხბურთში (მაშინ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობდა) და ასევე წარმატებული აღმოჩნდა ბიზნესშიც (ივანიშვილი ამ დროს ჯერ ჰორიზონტზეა). კაცურად გაუმკლავდა ტრაგედიებს და ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს და მოვიდა 2011 წელი, როცა გვერდით დაუდგა ტირანიის (სხვა სიტყვა ვერ ვიპოვე) წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანთა ჯგუფს და  სასწორზე დადო თავისი წარმატებული კარიერა. იყო შანსი (თან დიდი), დაეკარგა ყველაფერი, თუმცა, უკან არ დაუხევია. შემდეგ შეაბიჯა დიდ პოლიტიკაში. როდესაც ვადარებ ექვსი წლის წინანდელი კალაძის გამოსვლებს დღევანდელს, ვხედავ უშველებელ პროგრესს, ადამიანმა ეს სფეროც ისწავლა, ბევრი იშრომა და დღეს ბევრ ძააალიან  გამოცდილ პოლიტიკოსს (ცხოვრების ნახევარი პარლამენტში რომ აქვთ გატარებული) მისცემს „ფორას". კაცობა და ღირსება კი არსად დაკარგვია... აი, ამიტომაც მინდა ვიხილო თბილისის მერად.


P.S. კრიტიკოსების გასაგონად: ეს ნეიტრალური, ერთი ამომრჩევლის აზრია, რომელიც სხვათა შორის, არც ბიძინა ივანიშვილს იცნობს...




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner