logo_geo
eng_logo
კოდური სიტყვა „უნიტაზი“, ზონდერების „უსტაბაში“ გოგა ონიანი და სამართალი, რომელმაც პური ჭამა
- +

16 ნოემბერი. 2017. 12:03



ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, საზოგადოება ყოველი მათგანიდან სიახლეს ელოდება, თუმცა უმთავრესი მოთხოვნა, ყოველთვის, ყველა ეტაპზე, ყველა ეპოქაში სამართლიანობა იყო, არის და იქნება!


სამართლიანობა პოლიტიკოსთა კეთილი ნების გარეშე რაოდენ სამართლიანი ძალოვანი უწყებებიც არ უნდა ფუნქციონირებდნენ ქვეყანაში, ვერა და არ იქნება მიღწეული. რამდენიმე წლის წინ ვიცოდით რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყებოდა და რომ ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, ამომრჩევლები, სამართლიანობას ვიზეიმებდით. დღეს ვიცით, რომ ისინი ვინც ერს სამართლიანობის განცდა ჩაუკლა, ისევ „წყლის ზედაპირზე ტივტივებენ", მერე რა, რომ ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა ვიცით, რა ტივტივებს წყლის ზედაპირზე, ზოგადად.


ევროპამ გამოიარა ფაშიზმი და დღეს როცა ევროპულ მაღალ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, ჩვენ, ქართული ნაცფაშიზმის ტყვეობაგამოვლილებს, ვცდილობთ, ვისარგებლოთ უვიზო რეჟიმით და გადავიკარგოთ სადმე, ისე, რომ უკან მობრუნება არ დაგვჭირდეს.


ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე სისხლით და მახვილით მკვიდრდებოდნენ ნაცები, პოლიციელებს ზონდერების სული შთაბერეს, განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვეს (მხოლოდ ზეპირი მითითებით, კანონი მოგვიანებით არაკონსტიტუციური ცვლილებებით და დამატებებით „გადაშტოპკეს") და სწორედ გვამების დამკვეთი შს მინისტრის არაოფიციალური ბრძანებით, უდანაშაულო საჯიშე ბიჭებზე საჩვენებელი ნადირობა გააჩაღეს. სისხლზე დაგეშილი ტვინგამორეცხილი „ტურები" კამერების წინ პოზირებდნენ და საზოგადოებას უტიფრად ატყუებდნენ, რომ უდანაშაულო ბიჭები კრიმინალები იყვნენ და თვითონ წესრიგის და საზოგადოების უსაფრთხოების დამცველები. შსს პროკურატურას „რეცხავდა", პროკურატურა შსს-ს და შემდეგ ორივე მიშას დორბლის წმენდით იყვნენ დაკავებულნი.

სასამართლო მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ითავსებდა და ადვოკატთა კორპუსი „ვენოკი" გახლდათ საფლავზე დადებული... 2012 წელს შავი ღრუბელი შეიკრა „სანაცეთის" თავზე, ცოტახნით დარდმა და მომავლის შიშმა დაისადგურა მათ ბნელ სულში, - რა გვეშველება? - კითხვა აქტუალური გახდა მათთვის და პასუხმა მიშასგან არ დააყოვნა - ხელი და ტვინი გაანძრიეთ და გეშველებათო. ამ მესიჯის შემდგომ იწყეს ნაცვირთხებმა სოროებიდან ამოძრომა და „ვირთხული" ცხოვრების გაგრძელება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარსულში განსაკუთრებული სისასტიკით ის „ზონდერმაღალჩინოსნები" გამოირჩეოდნენ, რომლებიც „ოპერებად" დახვდნენ შსს-ში „ნაცებს" და იქიდანაც გაგდებულ-დაბრუნებული გახლდნენ „ვირთხული" საქციელის გამო. როგორი დაკომპლექსებულ-დაბოღმილი სულის პატრონები იქნებოდნენ, ძნელი მისახვედრი არ არის. ერთ-ერთს ჯერ კიდევ 2002-წელს, ისე უჭირდა, სიდედრთან ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში და გატეხილი უნიტაზის გამოცვლას ერთი კვირა „ჩალიჩობდა"... სამაგიეროდ 2004 წლიდან, ეშმაკთან დადებული ხელშეკრულების შედეგად დაიწყო აღმასვლა, მართალია, სისხლით და გვამებით მოფენილ გზაზე დაძრწოდა, თავისი მეგობარ-თანამშრომლების მიერ ჩადენილ მკვლელობას წარმატებით „ტენიდა" უდანაშაულო ადამიანებს და შემდეგ ტელეეთერის საშუალებით საზოგადოებას „აბოლებდა", მაგრამ მასაც სურდა, მდიდარი, წარმატებული „ბიჭუნა" ყოფილიყო და არის კიდეც დღეს. კამერების წინ კეკლუცი, ხელისუფლების ჭკუის დარიგება და პოლიციის დისკრედიტაცია ექსტაზში აგდებს ყმაწვილს. თუმცა, თავისი და „მეგობარ-თანამრომლების" ბნელი, სისხლიანი წარსული ავიწყდება და როგორც ჩანს, მომიწევს, წვრილად შევახსენო მას და მის „თანამეგობრებს" სხვაზე „მიწებებული ტრუპების ქრონიკა". კოდური სიტყვა „უნიტაზი" მისი მეგობრებისთვის, ვფიქრობ, ძნელი გასაშიფრი არ გახდება... დაკავებული თუ ძებნილი ზონდერების ახლობლები ყველა ხერხით ცდილობენ, რომ გაამართლონ ისინი და უტიფრად აცხადებენ, რომ თურმე კრიმინალს ებრძოდნენ და ევროპულ სახელმწიფოს აშენებდნენ. გამოდის, რომ ზედემოკრატიულმა შსს-მ კონსტიტუციის გვერდის ავლით დააკანონა ქუჩაში უდანაშაულო ხალხის დახვრეტაც... აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არცერთი დაკავებული „ზონდერი" არ ცნობს თავს დამნაშავედ და არც მონანიების სურვილი არ აქვთ. ასევე, ერთ ხმაში არ ცნობენ მოწმის და დაზარალებულის ჩვენებას მტკიცებულებად. არადა, მათი „გუგუნის ხანაში" უამრავი სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ შსს-ს თანამშრომლების ჩვენებით იყო გამყარებული. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როდესაც უფლებადამცველის მანტია მორგებული ზონდერი გოგა ონიანი დააკავეს, მან ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ „მისი დაკავება „ცალსახად" პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგანაც ის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებდა კენჭისყრას თბილისის საკრებულოში". მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებამ ამის შესახებ შეიტყო, მისი ყოფილი ხელქვეითები პოლიციაში დაკითხეს და მის წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემა აიძულეს.


პროკურატურის განმარტებით, ონიანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე დააკავეს 2011 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება. გოგა ონიანის დაკავებას დაზარალებული დავით შათირიშვილის ადვოკატი გამოეხმაურა. ალექსანდრე კობაიძის თქმით, შათირიშვილს წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება. მას ჩამოართვეს მართვის მოწმობა და არ ჰქონდა მუშაობის უფლება. შესაბამისად, მის საქმეზე არამარტო გოგა ონიანი, არამედ ის პირებიც უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შათირიშვილის უკანონო დაპატიმრებაში. დავით შათირიშვილი 2011 წელს დააკავეს და ბრალი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში დასდეს. მოკლედ, სამი წლის წინ დაპატიმრების შიშით ონიანი კლინიკაშიც მოხვდა (გულის პრანჭვების გამო), მისმა მხარდამჭერებმა, უფრო სწორად „ნაცგამპრავებლებმა", პროტესტის ნიშად საბურავები დაწვეს „მოდულის" შენობასთან, ბევრიც „იწიკვინეს", ყოფილმა შსს-ს თანამშრომლებმა გულისამაჩუყებელი განცხადებაც გაავრცელეს: „ჩვენ, გიორგი ონიანის ყოფილი თანამშრომლები, ვაპროტესტებთ მის უკანონო დაკავების ფაქტს, ვაცნობიერებთ რა აღნიშნული ფაქტის პოლიტიკურ შემადგენელს, სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას მის უშუალო დაქვემდებარების დროს განხორციელებულ ყველა საქმესთან დაკავშირებით. გიორგი ონიანი, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, პატიოსნებით, საქმისადმი თავდადებითა და ერთგულებით, მოქალაქეებთან ურთიერთობაში კი გულისხმიერებით. ის შეუპოვარი იყო კრიმინალთან ბრძოლაში, რადგან სწორედ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მთავარი დაკვეთა და საქართველოს წარმატების მთავარი წინაპირობა. სამსახურებრივი დაქვემდებარებაში არსებულ და მასზე თანამდებობრივად ზემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებში გიორგი ონიანი ყოველთვის სარგებლობდა ავტორიტეტით მის მიერ განხორციელებული საქმეებიდან გამომდინარე. თანამშრომლებში ყოველთვის იგრძნობოდა მისი ხელშეწყობა, ამის დასადასტურებლად კმარა თუნდაც დღევანდელი შს მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო სწორედ გიორგი ონიანის რეკომენდაციითა და წარდგინებით იქნა დაწინაურებული. ბატონი გიორგი ჩვენთვის ყოველთვის იყო პოლიციის სამაგალითო თანამშრომელი მოქალაქე. აღსანიშნავია მისი თავდადება 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს. შეიარაღებული მოქმედებების დაწყების დღიდან გიორგი ონიანი სოფელ ზემო არცევის ტერიტორიაზე იარაღით ხელში იცავდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალს". განცხადებას ხელს აწერენ: ზვიად კუპრავა, ირაკლი ფირცხალავა, გიგა მაქაცარია, ირაკლი ქადაგიძე, ცირა გვაზავა, შოთა შეყილაძე, ზაზა ქობალია, დავით ყოლბაია, ზურაბ სოსელია, კარინა გრიგორიანი, ირაკლი ჩხვირკია, ლექსო ლიპარტია, ბაჩო ახალაია, ზვიად გაგუა, გიორგი სამუშია, ზაზა ქარდავა, ზაზა ჭაია, თენგიზ ჭაია. აღნიშნულ განცხადებაში ჭიკაიძის „ღვაწლიც" ხაზგასმულია და ონიანის დამსახურებაც მის დაწინაურებაში. გოგა ონიანს თავდებში 26 დეპუტატი ჩაუდგა, რომლებიც მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. ზონდერი იმასაც ამბობდა, რომ შვილები სკოლაში დაყავდა და ამიტომ იგი არ უნდა დაეკავებინათ, თითქოს მათ მიერ, უდანაშაულოდ დაპატიმრებული ხალხის შვილები სკოლაში და საბავშვო ბაღში არ დადიოდნენ და თან პლასტმასის იყვნენ, მოკლედ, აღმკვეთ ღონისძიებად 2014 წელს იგი 20000-იანი გირაოთი გაათავისუფლეს და სამართალი ურმით კიდევ მიადგა ერთი კვირის წინ და ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. თუმცა როგორც გავრცელებული დოკუმენტური ვიდეომასალით ირკვევა, აღნიშნულს არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრები და „თანამოაზრეები" ელოდნენ, „ზონდერის" დაკავება „ძალზედ მტკივნეულად" მიიღეს და ცილისწამების ცუნამი დაატრიალეს ხელისუფლების მისამართით. კრიმინალური წარსულის და აწმყოს „ნაცსახემ" უტყუარ მტკიცებულებებს ფაბრიკაცია უწოდა მოწმეების ზეწოლაზე და ცრუ ჩვენებებზეც გაურკვევლად „იყუყუნა", არადა, უამრავი დაპატიმრებულის სისხლის სამართლის საქმე, მხოლოდ შსს თანამშრომლის ჩვენებით ჰქონდათ „გამყარებული." არცთუ დიდი ხნის წინ ონიანი ამბობდა - „თუ ვინმე ერთ რამეს მაინც მანახვებს, სადაც ერთ გადაცდომას მაინც ჩავდივარ, არათუ ადვოკატს ავიყვან, მეც არ დავიცავ საკუთარ თავს", ერთიც ანახეს და ათიც. სოციალურ ქსელში უხვად მოიპოვება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დარბევის არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა. „სამოქალაქო პრესამ" 2012 წლის 10 მაისს გოგა ონიანის ხელმძღვანელობით მშვიდობიანი აქტივისტების უკანონოდ დაკავების ამსახველი კადრები მოიპოვა და გაავრცელა. საქმე ეხება კიკვიძის პარკში გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, სადაც აქციის მონაწილეები გამწვანებული ზონის განადგურებას და ხის მოჭრის პროცესს აპროტესტებდნენ. კადრებში ჩანს, თუ როგორ გასცემდა ბრძანებას გოგა ონიანი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში გოგა ონიანი შსს-ს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.


ასევე დევნილების დარბევა და სხვა უკანონო დარბევები რომლის დროსაც ადამიანებს ზონდერები არაადამიანურად, კანონის უხეში დარღვევით ფიზიკურად უსწორდებოდნენ. რაც შეეხება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, აი, ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება, რომელსაც ვერანაირად დაარქმევს მავანი ზეწოლით მიღებულს - „ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვიყავი, რომელმაც „ქართული ოცნების" მაისურების დარიგება დაიწყო. როგორც კი, დავიწყე ბიჭების შეკრება, მეორე დღეს სადარბაზოსთან დამხვდა პირადად გოგა ონიანი, თანმხლებ პირებთან ერთად, ჩამსვა მანქანაში და ისე, რომ არ განუმარტავს რის საფუძველზე დამაკავა, გლდანისკენ წავიდა და გზაში დამიწყო დაკითხვა. აინტერესებდა სად ვიყავი წინა დღით და ა.შ. მითხრა, რომ ბრალდებული ვარ სახელმწიფო ღალატში, იმიტომ რომ ვარიგებდი „ქართული ოცნების" მაისურებს და ვიყავი ბერას მეგობარი.


როდესაც მივედით გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში, იქ გააგრძელა ჩემი დაკითხვა ონიანმა და ბოლოს შემომთავაზა "თანამშრომლობა". მემუქრებოდა, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვითანამშრომლებდი, მომისჯიდა 6 წელს. ახლა მას დაუბრუნდა თითქმის 6 წელი... ადამიანის ცუდი არ მიხარია, მაგრამ როგორც იქნა სამართალმა პური ჭამა... გოგა ონიანს ბევრი ოჯახი ჰყავს გამწარებული". აი, ასეთი „ევროპული სამართალი" მოსწონდათ ნაცზონდერებს. ონიანის დაკავება მიშას ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, მან „რუსთავი 2"-თან საუბრისას ბრძანა -„დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. ეს სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. გოგას კრიმინალად გამოცხადება, მართლა ძალიან მაგარი ადვოკატია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა". კლასელების დაპატიმრების „დამკვეთი" და ათასი უბედურების ორგანიზატორი, ფსიქიურად არამდგრადი, ავადმყოფი, რომ ბოღმაზე, სამართალზე, სულმდაბლობაზე დასკვნებს აკეთებს, მინიმუმ უხერხულია... „ნაცხროვა" ძალაუფლებას მხოლოდ ბოროტების საკეთებლად იყენებდა. მათი ნარჩენები დღესაც გაშმაგებით ცდილობენ აიცდინონ პასუხისმგებლობა. თუმცა, ყველაფერი წინაა, ჯერ კიდევ დაუსჯელი, გარკვეული ზონდერ ჯგუფის მიერ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ხანდაზმულობა არა აქვს, დარწმუნებული ვარ, მათ იმედს, რომ სასჯელს გადაურჩებიან, ბზარი ყოველდღე ეპარება და საცაა დაიმსხვრევა.


Image may contain: 3 people, people dancing, people standing and text


ავტორი: ქეთევან ზარნაძე

 

 










 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner