logo_geo
eng_logo
„პრეზიდენტმა ნარკორეალიზატორები, ჯგუფურ ყაჩაღობებში, მკვლელობებში და თაღლითობებში მსჯავრდებულები შეიწყალა“
- +

14 იანვარი. 2018. 17:12



შეწყალების საქმეები არაერთხელ გამხდარა სკანდალის საფუძველი. მაგალითად, დიდი ხმაური მოჰყვა გიორგი მარგველაშვილის ცოლისძმის, მიხეილ მგალობლიშვილის შეწყალებას. 2011 წლის მაისში მგალობლიშვილი, თავის მეგობართან ერთად, პასუხისგებაში მიეცა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო. სასამართლომ მას 15 წლამდე პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პრეზიდენტის ცოლისძმამ საპატიმროში 4 წელიც არ დაჰყო. მას სასჯელი 2013 წელს ჯერ მიხეილ სააკაშვილმა გაუნახევრა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი საკუთარი ცოლისძმა გიორგი მარგველაშვილმა მთლიანად შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ მგალობლიშვილი შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა.


ხმაურიანი აღმოჩნდა პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების ბოლო აქტიც... 27 დეკემბერს, საახალწლოდ გიორგი მარგველაშვილმა სულ 187 პატიმარი შეიწყალა, აქედან 123 პირი საპატიმრო დაწესებულებიდან მთლიანად გათავისუფლდა, 64 მსჯავრდადებულს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.


„პრაიმტაიმმა" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ დანაშაულებებში მსჯავრდადებულ პირებს შეეხოთ პრეზიდენტის შეწყალება. აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებულ 64 მსჯავრდადებულთა უმეტესობა სასჯელს მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იხდის. ასე მაგალითად, პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი 1/3-ით შეუმცირდა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას".


პრეზიდენტის შეწყალება შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფ პირს, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ყაჩაღობის, თაღლითობის, ქრთამის მიცემისა და არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში ჩართვის ბრალდებით.


შეწყალება ასევე შეეხოთ მსჯავრდადებულებს, რომლებიც სასჯელს სხვა მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან, მათ შორის: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, თაღლითობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მითვისება-გაფლანგვა და ა.შ.


გიორგი მარგველაშვილი ჰუმანური აღმოჩნდა ნარკორეალიზატორების მიმართაც. პრეზიდენტის შეწყალება შეეხოთ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანასა და გასაღებაში მსჯავრდადებულ პირებსაც.


გამომდინარე იქიდან, რომ პატიმართა საქმეები პერსონალური ინფორმაციის მატარებელია, ცხადია, ჩვენ იდენტიფიცირებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით,  დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანა-რეალიზაციაში მსჯავრდადებულ ორ პირს, რომლებსაც უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, პრეზიდენტის შეწყალებით, სასჯელის ვადად 2023 წელი დაუდგინდათ და შესაბამისად, საპატიმროს 5 წელში დატოვებენ.  ორივე მათგანი 2008 წელს დააკავეს. ერთს (ა.გ-ს) - 281,9 გრამი, მეორეს (ჯ.კ-ს) კი 2 ე.წ. „ბაში" „ჰეროინი" აღმოაჩნდა.


პრეზიდენტის შეწყალება შეეხოთ ჯგუფურ ყაჩაღობებში მსჯავრდადებულ პირებსაც. მათ შორს ქალს, რომელიც 2014 წელს თანამზრახველებთან ერთად გორში ოქროულობის მაღაზიაზე შეიარაღებულ თავდასხმაში ამხილეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაზარალებულმა ასმათ კუთხაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ჩვენგან შეიტყო. ეს მისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.

 

„ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელია. კი, მაგრამ დაზარალებულს ამ ქვეყანაში არავითარი უფლებები არ აქვს? ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეწყალებინათ. ასეთი ადამიანები გარეთ არ უნდა დადიოდნენ, რადგან საზოგადოებისთვის არიან საშიშები. გამოვლენ და იგივეს გააკეთებენ. ჩვენ იმხელა სიმწარე და შიში გამოვიარეთ მაგის გამო, სიცოცხლე გაგვინახევრდა. მატერიალურ ზარალზე რომ აღარაფერი ვთქვათ.  ფსიქიკა შეგვირყიეს... როგორ შეიძლება მათი გამოშვება. ჩემი საკუთარი შვილიც რომ იყოს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მაშინ მოვიდეს პრეზიდენტი და ამინაზღაუროს ის ზარალი, რაც მე მომადგა.

 

ეს გოგო იყო პირველად შემოსული მაღაზიაში, დაათვალიერა ობიექტი, როგორ უნდა დაეყაჩაღებინათ. მერე შემოგზავნა შეიარაღებული თანამზრახველი, თვითონ კი გარეთ „ატანდაზე" იდგა. ოქრო წაიღეს და უშუალოდ ამ ქალბატონმა გაასაღა, სულ ლომბარდებში ჩააბარა. 25 ათას ლარზე მეტი ზარალი მომადგა, ერთი გრამი ოქრო არ დატოვეს მაღაზიაში. გამყიდველი დაბლა დააგდეს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დღემდე ნერვული სტრესი აქვს... აი, ასეთი ზარალი მოგვაყენეს, მაგრამ ვინ ამინაზღაურებდა?! მაგათ სახელზე ძაღლი და კატაც კი არ ყოფილა გაფორმებული", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ასმათ კუთხაშვილი.


„პრაიმტაიმმა" შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს ჰკითხა, რის საფუძველზე გასცემს რეკომენდაციებს კომისია და რა კრიტერიუმებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი?


„კრიტერიუმი არის ვადის მიხედვით. რაც შეეხება მკვლელობის მუხლს, ასევე ნარკოდანაშაულებს, ყველა ეს საქმე განხილულია ინდივიდუალურად და აქედან გამომდინარე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. კი ბატონო, ორ უვადო მსჯავრდადებულს შეეხო შეწყალება და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მათ დაუდგინდათ ვადიანი სასჯელი. ამ ადამიანს საკმაოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შემოტანას ედავებოდნენ. თქვენ უნდა წაიკითხოთ ეს საქმეები და ჩამოგიყალიბდებათ შინაგანი რწმენა, შეიძლებოდა თუ არა მას ჰქონოდა უვადო მსჯავრი. კომისიის წევრები გაეცნენ ამ საქმეს და ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მხოლოდ სტატისტიკით საუბარი მართებული არ არის. ვიღაც განზრახ მკვლელობაზე შეიწყალეს და ვიღაც მსუბუქ დანაშაულზე არა - ასე მსჯელობა არასწორია. რა თქმა უნდა, შეიძლება მსუბუქ დანაშაულზე მსჯავრდადებულის შეწყალება არ მოხდა, რადგან მეორე დანაშაული იყო მისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია, რატომ იყო მკვლელობაზე? რა ტიპის მკვლელობა იყო, რამდენი აქვს მოხდილი და რა მოხდა ამ დანაშაულის ირგვლივ?" - ამბობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. 



ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

 









 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner