logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბოლო-ბოლო, რა გინდათ, ლორა ძალო?!
- +

1 თებერვალი. 2018. 01:29


 

ლორა თორნტონს, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს:


რა გინდათ-მეთქი? მიპასუხეთ, რატომ შეგვიკიკინეთ ამ თქვენი დემოკრატიული აზრებით? ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი პრობლემები არ გვეყოფა? ჰა, მითხარით, ლეონიდ ჩერნოვეცკი, ვინმე დავით კარტოზია, მეგი გოცირიძე, ბადრი შუბლაძე, ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, მიხეილ სააკაშვილი და მათნაირები რომ გვიკიკინებენ დილა-საღამოს, ის არ გვეყოფა? მე არ ვიცი, სიტყვა „კიკინს" თქვენი თარჯიმნები როგორ გითარგმნიან, მაგრამ დაახლოებით იგივეა, „ბაკაკი წყალში რომ კიკინებს". ჯერ გამოხვედით და თქვით, ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს ჩვენს მიერ (NDI) ჩატარებული კვლევის შედეგებსო. როცა გითხრეს, ასეთი გამოხტომით შეურაცხყოფას აყენებთ არა მხოლოდ დონალდ ტრამპს, არამედ საქართველოსაცო, მხრები აიჩეჩეთ და განაცხადეთ: მე ამერიკის მოქალაქე ვარ, ეს ჩემი აზრია, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებო. მერე ისაო, ესაო, ატმი კურკაო, გაფცქვნილი ვაშლი და ვირმა რა იცის, დემოკრატია რა ხილიაო. ბოლოს კი... როგორც იქნა, დაასკვენით:


„კომენტარი გავაკეთე ჩემს პირად გვერდზე სოციალურ მედიაში, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც არასამართლიანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. ბოდიშს ვიხდი ამისთვის, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. მე მჯერა მტკიცე ურთიერთობების, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. NDI-ის ოფისი იმ სამუშაოს ერთგულია, რომელსაც საქართველოში ასრულებს".


ლორა ძალო, მოეშვით ჭკუის დარიგებას... აი, არ მინდოდა მეთქვა, არ მიყვარს ხოლმე წამოძახებები, მაგრამ თქვენ მაიძულეთ:


კოლუმბი რომ შუა ზღვაში ამერიკას დაეძებდა,

 

მაშინ ქართლში ვახტანგ მეფე კანონების კრებულს წერდა,

 

და როდესაც რუსმა ხალხმა შეისწავლა ანი-ბანი,

 

მაშინ შოთამ დაამთავრა დიდი "ვეფხისტყაოსანი".


გასაგებია? პირადად ჩემთვის სულერთია, ამერიკის მოქალაქე ხართ თუ ვინიტუ ინჩუჩუნას ტომის წარმომადგენელი, ვინც ამ მიწაზე ფეხს დაადგამს, ყველას მართებს საქართველოს პატივისცემა, და არა მხოლოდ აშშ-საქართველოს ურთიერთობების პატივისცემა. ლორა ძალო, კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ტრადიციული ქვეყანაა და ვერ იტანენ ქედმაღლობას, თუნდაც დემოკრატიულსა და პლურალისტურს. მართალია, თქვენი ოფისის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევები ხშირად საეჭვოა, საერთოდ არ ასახავს რეალობას, მაგრამ ჩვენ მაინც პატივს გცემთ და შეირგეთ ეს პატივისცემა, მოეშვით ამპარტავნობას და ყელყელაობას. ისე, თქვენამდე აქ ლუის ნავაროც იყო, რომელიც აღარავის ახსოვს. გავა დრო და არც თქვენი სახელი და გვარი ემახსოვრება ვინმეს, თუ რასაკვირველია, რამე ისეთს არ ჩაიდენთ! 


გელა ზედელაშვილი




 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner