logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბრავო, თედო ჯაფარიძე!
- +

3 თებერვალი. 2018. 18:27

ბრავო, თედო ჯაფარიძე!!!

 

ჯერ პირადული: არასოდეს დამიმალავს ჩემი დიდი სიმპათიები და მეგობრობა თედო ჯაფარიძესთან. ალბათ, ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის ეს ურთიერთობა. ჰოდა, ღმერთმა დააჯილდოვა ნიჭით და უნარით. ბევრი მისი პუბლიკაცია უაღრესად საინტერესოა. ყოველთვის მიხაროდა მისი გამორჩეულად გაწონასწორებული(!!!) ტონი, ანალიზის სიღრმე, წარსულის ჩინებული ცოდნა და შორსმჭვრეტელობა. მაგრამ, ამ გაბედულმა და უაღრესად საინტერესო ხედვებით დახუნძლულმა წერილმა (რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადული(!!!) მოსაზრებებით არის გაჟღენთილი და, აშკარად ჩანს, რომ ავტორს არ ზღუდავს თანამდებობრივი და დიპლომატური „მუხრუჭები“) ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მგონია, რომ ეს ნაშრომი არა მარტო უკეთესია მის ნაწერებში, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პერიოდში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ყველაზე თვალსაჩინოა.

 

ახლა სხვა: ის რომ ჩრდილოელი მეზობლის ოფიციოზისთვის არცთუ „სასიამოვნო“ და დამაფიქრებელი ეს წერილი გამოქვეყნდა განსაკუთრებული დატვირთვის მქონე რუსულ ჟურნალში, მეტყველებს მისი რედაქტორატის არა მარტო გონიერებაზე, არამედ... გაბედულებაზეც! ამ დასკვნამდე ის კომენტარებიც მიგვიყვანს, რომლებიც მოჰყვა საიტზე მის გამოქვეყნებას.

 

ამ ჟურნალის რედაქტორატის ეს პოზიცია იმაზეც მიანიშნებს, რომ ისინი არა მარტო პატივს სცემენ ავტორს და მის ნააზრევს, არამედ აფიქრებთ(!!!) პრობლემა და ცდილობენ, პოლიტიკურ ელიტამდე მიიტანონ განსხვავებული, ახლებური, ორიგინალური აზრი, რომელიც გამოთქმულია არა მარტო გამოცდილი, საკითხის ღრმა ცოდნით „შეიარაღებული“ ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსის მხრიდან, არამედ არამტრული, მეგობრობის მოსურნე მეზობლის მიერ.

 

ამ მხრივ, ამ გავლენიანი ჟურნალის მესვეურთა პოზიცია პატივისცემას იმსახურებს. შოთა ნიშნიანიძის არ იყოს, „მოდი, იმ მონღოლს გაუმარჯოს, ვაჟკაცობის უებრო მცოდნეს!“

 

ერთი სიტყვით, დროში კი დაემთხვა (ალბათ, უნებლიედ), მაგრამ „ვინმეს“ უნდა ეთქვა კარასინის საპირწონედ „რაღაც“ და... ითქვა. წონიანად, საკადრისად, დამაფიქრებლად, ღირსეულად!!!

 

...ეს ორი დღეა ჩვენს ელიტაში (და ჟურნალის „იქაურ“ მკითხველთა შორისაც) ვნებათაღელვაა... აზრთა სხვაობა... ზარი არ წყდება ჩემთანაც. უამრავ მომწონებელთა პარალელურად, ერთეულებს "გარეკილი" აქვთ ბოდვამდე მისული"სიბრძნეებით"... ღიმილის მომგვრელია, რომ ყველაზე მეტად ისინი, განსაკუთრებით „ახლადგამოჩეკილი“ ცნობადი თუ არაცნობადი სახები „კეკლუცობენ“, ვისაც ამის ყველაზე ნაკლები მორალური უფლება აქვს. მათ ჰგონიათ, თანამდებობრივი სტატუსი ჭკუა-გონების ადეკვატურობას გულისხმობს. მათთვის მაინცდამაინც ღირებული არ გახლავთ ისეთი ფასეულობა, რომელსაც ჰქვია... გამოცდილება!!! ასეთი არაერთი „ნარცისი“ ვიცი, რომელიც, უბრალოდ, გასაკვირია, როგორ მოხვდა „იქ“, საიდანაც თავს დამოძღვრის უფლებას აძლევს...

 

მავანს („იქაც“ და „აქაც“) მიაჩნია, რომ:

- ქართველებმა ჭკუა ვერ ვისწავლეთ!..

- რომ ასეთი წერილი გამოქვეყნების დრო ახლა არ იყო... (არგუმენტებისთვის თავს არ იწუხებენ)...

- ზოგი იმასაც ბოდავს, ხომ არ მიაყენა ქვეყანას ზიანი ავტორის ასეთმა (ანუ, ხისტმა) პოზიციამო... არადა, ასე პირდაპირობით და ასეთი დიდი ტაქტით გაზავებული მკვეთრი ქართული სახელმწიფოებრივი მიდგომის მაგალითი, მით უმეტეს, გამოქვეყნებული ელიტარულ და ერთობ გავლენიან რუსულ თუ სხვა უცხოურ ჟურნალსა თუ გაზეთში, ეგებ, მოგვიყვანოს ვინმემ... კარგ მთქმელს კარგი თუ არა, ადექვატური გამგები ჭირდება. "ადექვატურების" დეფიციტი კი, სამწუხაროდ, აშკარაა ჩვენში...

 

ჰოდა, სწორედ ამ ვითარებას შეესაბამება ერთი ფრანგული კომედიის გმირის რეპლიკა, რომელიც სწორედ ახლა გამახსენდა: „ლეონ, ვიმეორებ გონებაშეზღუდულთათვის!“ დიახ, ეს წერილი განკუთვნილია „იქაც“ და „აქაც“ პოლიტიკაში მრავლად მოტივტივე „ლეონისთვის“...

 

ჩემი აზრით, ქართულმა დიპლომატიამ (ჩვენი საელჩოების სახით) კი მიიღო შესანიშნავი მასალა, რომელსაც წარმატებით გამოიყენებს ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ დონეზე, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი ექნება „ნარცისთა“ გუნდს.

 

პრემიერ კვირიკაშვილს კი ეკუთვნის ქება იმისთვის, რომ ქმნის ატმოსფეროს, როცა მის გარემოცვას უჩნდება ასეთი შემოქმედების სურვილი და არაერთი "ლეონის" კუდაბზიკობის მიუხედავად, გაბედულად განახორციელებს მას.

 

მართლაც ბრავო, ჯაფარიძე!!!

 

ახლა კი გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს. ორიგინალი იხილეთ ჟურნალის საიტზე.

==================================

 

საქართველოს განსხვავებული ოპტიკა

*******************************************************

ჟურნალის მიერ გამოტანილი რეზიუმე: რუსი სამხედროების მიერ შუაგულ საქართველოში გავლებული მავთულხლართები, რომლებიც სისხლით ხლეჩენ ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებს და 21-ე საუკუნის აზროვნებას ეწინააღმდეგებიან, საქართველოში რუსეთის პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა

 

თავს უფლებას ვაძლევ გაგიზიაროთ მოსაზრებები რუსეთსა და საქართველოს შორის რთული, დაძაბული, ემოციური ურთიერთობების შესახებ, დღევანდელი რეგიონული და გლობალური პრობლემების კონტექსტში, და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. ნამდვილად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ ეს საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტებაა, უბრალოდ ამის გაკეთება გავრისკე, ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილების გათვალისწინებით. იქნებოდა ეს აშშ-ში საქართველოს ელჩის, უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თუ პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა, ამ თემას გამუდმებით ვაწყდებოდი და ვაწყდები ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ თემაზე დაწვრილებით ვმსჯელობთ კოლეგებთან შინ და ქვეყნის გარეთ; ვცდილობთ, გავაანალიზოთ და კარგად გავერკვეთ მასში. თუმცა, ვაღიარებ: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში კითხვები კვლავაც გაცილებით მეტია, ვიდრე პასუხები და ყველა მათგანი მწვავე, ხისტი, უფრო ხშირად კი, მძიმე და თვით სასტიკიცაა.

 

წელს ტრაგიკული მოვლენის წლისთავი აღინიშნება - ათი წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომელსაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან მათი აღიარება მოჰყვა. ამ დროის მანძილზე ჩვენმა ქვეყნებმა არა მარტო ვერ შეძლეს საერთო შეხების წერტილის გამონახვა, არამედ მენტალურად კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ მენტალობა არ შლის გეოგრაფიულ მეზობლობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობით მომავალი თაობების წინაშე, უნდა შევეცადოთ და შეხების წერტილები გამოვნახოთ იქ, სადაც ეს შესაძლებელია, და სადაც ეს სასარგებლო და ხელსაყრელი იქნება არა მარტო ჩვენი ქვეყნების, არამედ ევრაზიის რეგიონისთვისაც. პოზიტიური დინამიკით დაინტერესებული არიან, და ამდენად მის შექმნაში უნდა ჩაერთონ სხვა ქვეყნებიც - აშშ, ევროპის სახელმწიფოები, ჩინეთი, ინდოეთი. უსაფრთხოება, სტაბილურობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, ისევე როგორც დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებაშია. ასეა მოწყობილი თანამედროვე მსოფლიო - სახელმწიფოები, მათი სიდიდისა თუ სამხედრო ძლიერების მიუხედავად, უნდა იყვნენ საჭირო და პროგნოზირებადი. სამხედრო ძალით შეიძლება მხოლოდ მოკლევადიან წარმატებას მიაღწიო, დააშინო, მაგრამ ამ დივიდენდებს ხანგრძლივი დროით ვერ მიიღებ.

 

სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოს შეთავაზებაა ის სხვა ოპტიკით განიხილოთ - პოზიტიური რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში (რასაკვირველია, ეს არ გულისხმობს საკუთარი პრობლემების დავიწყებას და სტრატეგიული მიზნების უგულვებელყოფას). მიგვაჩნია, რომ ეკონომიკა, ვაჭრობა, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები, - შესაძლოა ამის ერთ-ერთ საწყის წერტილად იქცეს. თავად რუსეთისთვისაც გაცილებით მომგებიანია საქართველოში განათავსოს ბანკები და არა ტანკები. ორივე მათგანის ერთმანეთთან შეთავსება კი კონტრპროდუქტიულია.

 

ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ ვითარებას და კარგად გვესმის, რომ აშშ-ს, ევროპას, მთლიანად დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდება, საკუთარი უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. თუმცა, დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოებიც ვერ იგრძნობენ თავს სრულიად უსაფრთხოდ, პატარა მეზობლების შესუსტების ხარჯზე. ამ სტრატეგიულ ძალთა განლაგებაში საქართველოს შეუძლია, და უნდა ჰქონდეს კიდეც, თავისი ადგილი, საკუთარი ნიშა. ჯერ კიდევ გასულ წელს, აშშ სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელსაც მისი ადრინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, კარგად ესმის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა, განაცხადა: „აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები, დიდი თუ მცირე, ვაშინგტონისაგან რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ითხოვენ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ცუდი ურთიერთობები მათ მდგომარეობას გააუარესებს“. დრო გადის, მოლოდინები ჯერჯერობით არ გამართლებულა, მაგრამ არც საქართველოს „პოლიტიკური ღირებულება“ შემცირებულა, შესაძლოა პირიქითაც, კიდევ უფრო გაიზარდა.

 

დღევანდელი მყიფე წონასწორობა მართვადი უნდა იყოს. ეს კი რთული საქმეა, რადგან ჩვენს დროში ყველა თავისებურად, საკუთარი ინტერესების ჭრილში ახდენს ამ სტაბილურობის კომპონენტთა ინტერპრეტირებას. ამგვარი „რუსული ინტერპრეტაცია“ საკუთარ თავზე საქართველომ 2008 წელს, უკრაინამ კი 2014 წელს გამოსცადა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ისე როგორც არავის, კარგად გვესმის, რომ რაც უფრო გამჭვირვალე, გასაგები და პროგნოზირებადია დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, მით უფრო იოლი და ეფექტური ხდება საქართველოს და, ზოგადად, რეგიონული დღის წესრიგის განხილვა. ამის გათვალისწინებით, მსოფლიო საზოგადოებას კარგად ესმის, რომ საქართველო არ გადაუხვევს მისი ხალხის მიერ არჩეულ გზას, უარს არ იტყვის სტრატეგიული მიზნებზე და არავითარ შემთხვევაში დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში „გასაცვლელ პაიკად“ არ იქცევა.

 

გაურკვევლობის პერიოდის გაგრძელება ახალ კატაკლიზმებსა და კრიზისებს გამოიწვევს. კოორდინატების ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემა მშფოთვარე პერიოდში, ახალი და მწვავე გამოწვევების ფონზე, ყალიბდება. ეს მთავარი მონაწილეებისგან გაწონასწორებული, მოზომილი საგარეო პოლიტიკის გატარებასა და საერთაშორისო ურთიერთობების მთელი კომპლექსის სიფრთხილით მართვას მოითხოვს. თბილისში გვჯერა, რომ დღევანდელი საქართველო, რომელმაც მტკიცედ დაიმკვიდრა თავი არა მხოლოდ როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მომხმარებლად, არამედ მის მიმწოდებლადაც (არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ფართო გაგებითაც), ფუნქციონალურად ჩამოყალიბდა, როგორც სანდო და პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მეგობრებსა და მეზობლებს გამოადგება. მოდით, ასე ვთქვათ: დღეს საქართველო უკვე თავსატეხი და თავის ტკივილი კი აღარ არის, არამედ, კომპონენტია კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტისა და ყველასათვის მომგებიანი შედეგების მისაღწევად.

 

დამიჯერეთ, ძალიან რთულია, არ იქცე თავის ტკივილად იმ რეჟიმში, რომელშიც დღეს ცხოვრობს და თავის გატანას ცდილობს საქართველო. საქართველოს სტაბილურობა და პროგრესი, რომელსაც უცხოელი მიმომხილველები ხშირად აღნიშნავენ, ქართველი პოლიტიკოსების მრავალი თაობის ტიტანური ძალისხმევისა და შეცდომების ფასად იქნა მიღწეული, რაც ასწლეულების მანძილზე გამოიარა ქართველმა ხალხმა. დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად იცის ამ მონაპოვრის ფასი და სწამს, რომ მისი საქმიანობა გამიზნულია საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა თავის მოსაწონებლად, ქულების ჩასაწერად. მაგრამ ამასთან, ბოლო ათი წლის მანძილზე დღის წესრიგიდან არ გამქრალა ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

 

დასავლეთმა არ უნდა ირწმუნოს რუსეთის განცხადები იმის თაობაზე, რომ თითქოს „საქართველოს საკითხი“ მოხსნილია და საქართველომ თავად უნდა მოილაპარაკოს აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით, თუ ვის ხელშია ამ კონფლიქტების მოგვარების გასაღები, ისევე, როგორც ამ ტერიტორიებზე „სტაბილურობის“ (რუსული ინტერპრეტაციით) შენარჩუნება, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზებსა და ძალოვან სტრუქტურებს ემყარება. მაშინ, როდესაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველო შეიძლება იქცეს დასავლეთსა (კონკრეტულად ამერიკის) და რუსეთს შორის ურთიერთობების პოზიტიურ კომპონენტად, იყოს ამ საკითხში თუნდაც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი დეტალი.

 

2008 წლის დამანგრეველი ომიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, რუსეთის ყველა, სამწუხაროდ დაუსრულებელი მცდელობის ფონზე, პოლიტიკურად შეაკავოს საქართველოს სწრაფვა დასავლეთისაკენ, მტკიცედ შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანამ სახელმწიფოებრიობისთვის გამოცდა ღირსეულად ჩააბარა (სხვათა შორის, წელს, მაისში საქართველო პირველი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-100 წლისთავს აღნიშნავს). საქართველოს წარმატებას მისი ყველა პარტნიორი აღიარებს: აშშ, რომლის პრეზიდენტთან და სხვა ლიდერებთან შარშან პრემიერ-მინისტრმა აქტიური მოლაპარაკებები გამართა (მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებიდან მე-10 წლისთავი შესრულდება); თურქეთი, რომელთანაც უმაღლეს დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოა შექმნილი; ჩინეთი, რომელმაც ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი და ა.შ. საერთაშორისო ვითარება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრირებაა ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თანმიმდევრული საგარეო კურის გასატარებლად.

 

ჩვენი რაციონალური პოლიტიკა შარშან, წლის ბოლოს, ერთსულოვნად იქნა მხარდაჭერილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე - საქართველო ცალსახად არის აღიარებული ევროკავშირის ამ პროგრამის მიერ, როგორც ლიდერი რეფორმებსა და მოდერნიზაციაში. დღეს უკვე აღარ ვართ „პოსტსაბჭოთა“ ქვეყანა. ამასთან, კარგად გვესმის, რომ განვითარების გზაზე შეჩერება არ შეიძლება. ერთ ადგილზე გაჩერება თანამედროვე მსოფლიოსა და, ასევე, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოსათვის ორი ნაბიჯით უკან დახევის ტოლფასი იქნება.

 

დიახ, დღეს სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია შემოგთავაზოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ოპტიკით იქნას განხილული. და ეს რას ნიშნავს? საქართველომ მტკიცედ დაიკავა თავისი ნიშა ისეთ გლობალური მნიშვნელობის პროექტებში, როგორიცაა ახალი „აბრეშუმის გზის“ იდეის რეალიზაცია, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ენერგომატარებლების მიწოდების ზრდა, აზიასა და ევროპას შორის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა და ა.შ. 2020 წლამდე საქართველოს ინფრაქსტრუქტურულ პროექტებში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. რამდენიმე წელიწადში შავი ზღვის ამ ნაწილში ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტი - ანაკლია აშენდება. იგი მსოფლიოს ყველაზე დიდ საზღვაო კონტეინერებს მოემსახურება, და ამით სატრანსპორტო გადაზიდვის მარშრუტს შეამოკლებს ევროპიდან აზიისკენ და პირიქით, და უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნის საერთაშორისო ფირმებს, რომლებიც სპეციალიზებულია მაღალი სატრანსპორტო ღირებულების საქონელზე. ცხადი ხდება, რომ ჩინეთის, ინდოეთის აქტიურობა, უახლოეს წლებში უფრო ფართო რეგიონული მასშტაბით, ახალი კავშირების შექმნას განაპირობებს.

 

დააკვირდით, როგორი ღია გახდა ამ ბოლო წლის მანძილზე უზბეკეთი. აშშ-ში, ყაზახეთის მეთაურთან მოლაპარაკებების შედეგად, 7 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციაზე იქნა შეთანხმება მიღწეული. თურქმენეთი აქტიურად აპირებს რეგიონულ ბაზრებზე გასვლასა და სხვადასხვა პროექტებში ჩართვას. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ხვალინდელი ევრაზია, გარწმუნებთ, რამდენიმე წელიწადში არსებითად შეიცვლება. ვაჭრობა და ტრანსპორტი ძირეულად შეცვლის ამ რეგიონს. დღევანდელი პოლიტიკის დინამიკა, რომელიც ახალი ეკონომიკის საფუძვლებს ეფუძნება, თავისი სისტემის ფორმირების პროცესში საქართველოს ჩართვას მოითხოვს და, ასევე რუსეთისაც, რასაკვირველია,

საქართველოს მიმართ კონსოლიდირებული პარტნიორული მხარდაჭერის ფონზე, სამწუხაროდ, ვაფიქსირებ, მხოლოდ რუსეთის პოზიციაა განსხვავებული. სამწუხაროა, რომ საქართველოში (და განა მარტო საქართველოში?) რუსეთისგან კარგს არაფერს მოელიან. რუსეთი არ იზიდავს და არ ხიბლავს; რუსეთი აშინებს. რუსი სამხედროების მიერ საქართველოს შუაგულში გავლებული მავთულხლართები, რომლებიც სისხლით ხლეჩენ ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებს და 21-ე საუკუნის აზროვნებას ეწინააღმდეგებიან, საქართველოში რუსეთის პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა. ნებისმიერი, იმ მილიონზე მეტი რუსი ტურისტიდან, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს (და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია), დაგვეთანხმება, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს.

 

თუ ეს მავთულხლართები რუსეთის „გაყავი და იბატონე“ პოლიტიკის ინსტრუმენტად მოიაზრება, მაშინ, საქართველოსთან მიმართებაში მან მარცხი განიცადა. თუ ისევ „ან ჩვენს გვერდით ან ჩვენს წინააღმდეგ“ პრინციპზე ვისაუბრებთ, მაშინ ჩვენი თანამემამულეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც მავთულხლართების მეორე მხარეს აღმოჩნდნენ, უკვე გრძნობენ, რომ ამ „ინტეგრაციისა და შერწყმის“ პროცესში ისინი კარგავენ თვითმყოფადობას. ასეა თუ ისე, რუსეთთან „იძულებითი დაძმობილების“ გამო, მათში დიდ აღფრთოვანებას ვერ ვხედავ. ჩვენ თბილისში ყოველთვის ამგვარი პოზიცია გვქონდა: საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა სულაც არ ნიშნავს უარის თქმას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ეს სწრაფვა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - თანამედროვე მსოფლიოში ანტაგონიზმი არ მუშაობს ან თუ მუშაობს, ძალიან მცირე დროით.

 

რასაკვირველია, ჩვენი ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ფუძემდებლური პრინციპების გათვალისწინებით, დემოკრატიული და უსაფრთხო მეზობლის ყოლა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებშიც შედის. ჩვენ მზად ვართ, საიმედო და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პარტნიორები ვიყოთ ყველა მეზობლისთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც. მაგრამ საქართველოსაც აქვს საკუთარი „წითელი ხაზები“ და ჩვენთვის ისინი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთის „წითელი ხაზები“, რომელზეც ცოტა ხნის წინ ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა...

 

ასეთი საიმედო საქართველო გახლავთ რეგიონული სტაბილურობის მთავარი კომპონენტი მისი სამეზობლოსთვის, მათ შორის, რუსეთისთვისაც, მისი ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით. საქართველოს ამ ახალი განსხვავებული ოპტიკის გათვალისწინებით, რატომ არ შეიძლება, საქართველოს თანამშრომლობის სივრცედ ვაქციოთ და არა კონფრონტაციის არეალად? თანამშრომლობის სივრცედ, თუნდაც რეგიონული (და არა მარტო) ზესახელმწიფოების ჯანსაღი კონკურენციისთვის. მთლიანობაში მზად ვართ, სათანადოდ გავცეთ პასუხი რუსეთის შეკითხვებს, ვაწარმოოთ ღია და გულახდილი დისკუსია რეგიონული გამოწვევების კონტექსტში ურთიერთობის პრობლემებზე, მაგალითად, როგორც ეს სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე მოხდა.

მახსენდება, რომ მოსკოვმა და ვარშავამ რამდენიმე წლის წინ სპეციალისტთა ერთობლივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომლებიც რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობის ყველაზე „რთულ საკითხებზე“ მუშაობდნენ. ჩვენც შეიძლება ვიფიქროთ მოსკოვსა და თბილისს შორის ამგვარ პატიოსან, ობიექტურ და თანასწორუფლებიან საექსპერტო ანალიზის შექმნის შესაძლებლობაზე.

 

მაგრამ ჯერჯერობით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენ ჯერ კარგად არ ვიცით, რა სურს ჩვენგან რუსეთს. ან შესაძლოა ეს რუსული „სურვილები“ ურთიერთწინააღმდეგობრივია და ჩვენს და, იქნებ თავად რუსეთის, სტრატეგიულ ინტერესებსაც არ შეესაბამება. მოდით, ვთქვათ: ნუთუ რუსეთს ნამდვილად აწყობს, რომ მეზობლებს მისი ეშინოდეთ? მაშინ, რაში მდგომარეობს თანაარსებობის მოდელი, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს (თუკი გვთავაზობს)? ამას „ტკბილი კვერისა და მათრახის“ პოლიტიკაც ვერ დავარქმევთ. ეს არის მხოლოდ მათრახი, მათრახი და, კიდევ ერთხელ, მათრახი.

 

ჩვენ რუსეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ვემხრობით, თუმცა არ გვსურს რუსეთში ცხოვრება. ჩვენთვის მიუღებელია ფორმულები, რომელსაც მოსკოვი გვთავაზობს: „ჩვეთან ან ჩვენს წინააღმდეგ“. ეს უკვე პოლიტიკურ ანაქრონიზმად იქცა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთის მოქალაქეთა სასიცოცხლო ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. და რა? რომც წარმოვიდგინოთ რომ დავთანხმდით, რა შეიძლება მოგვცეს ამან? კონფლიქტების მოგვარება? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? არა და, კიდევ ერთხელ, არა! კრემლის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი ხალხის არჩევანთან სრულ შეუსაბამობაშია.

 

ჩვენს დიალოგს რუსეთთან, თუნდაც შეზღუდულსა და შეკვეცილს იმის გამო, რომ რუსეთმა საქართველოსთან ძალის პოზიციიდან საუბარი ამჯობინა, ცალსახად მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენი ყველა მეგობარი. ყველა აღიარებს, რომ რუსეთი რთული პარტნიორია. მაგრამ რუსეთიც უნდა იქცეს კრიზისების მოგვარების ნაწილად. ჩვენ ამას ვემხრობით. ამ ვითარებაში, ჩემი თვალთახედვით, დასავლეთმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი „სტრატეგიული მოთმენის“ პოლიტიკას დასავლელი პარტნიორები რეალურად და გააზრებულად უნდა უჭერდნენ მხარს, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, და, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის სამომავლო პოლიტიკური და ეკონომიკური პრეფერენციების თვალსაზრისითაც. სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა სტრატეგიულ შედეგად უნდა გარდაიქმნას - ეს ხომ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ ეხება.

 

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) აღიარება და მოგვიწოდებს ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობას, მივიღოთ მის მიერ შექმნილი რეალობა სამხრეთ კავკასიაში და პირდაპირი დიალოგი ვაწარმოოთ „ახალ სახელმწიფოებთან“. მაგრამ ეს გზა არსაით მიდის. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით პირდაპირ დიალოგს ჩვენს თანამოქალაქეებთან - აფხაზებთან და ოსებთან - მაგრამ მათზე ზეწოლას არ უნდა ახდენდეს რუსული სამხედრო ძალა. მზად ვართ, უარი ვთქვათ კლიშეს მატარებელ მიდგომებზე, მზად ვართ ვიფიქროთ ახალ მოდელებზე, შევისწავლოთ ამ მიმართულებით არსებული წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება. ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელშეუხებლობის დაცვით, მზად ვართ, განვიხილოთ შემოქმედებითი, ახლებური მიდგომები. და თუკი რუსეთს მეზობლებთან არ აქვს დარეგულირებული ურთიერთობა, როგორ უნდა ვისაუბროთ ზოგადად სტაბილურობაზე? რუსეთის სტაბილურობა ხომ შეუძლებელია კავკასიაში მშვიდობის გარეშე.

 

ამ ყველაფერზე მხოლოდ თბილისში არ უნდა ფიქრობდნენ. დადგა დრო, ეს მოსკოვშიც გააცნობიერონ, მით უფრო, რომ დღეს არსებობს კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღწევის შესაძლებლობა, დასავლეთსა და საქართველოს, რუსეთსა და დასავლეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის გზით. შეუძლებელია არ არსებობდეს ურთიერთშეხების წერტილები ახალი, სტაბილური და უსაფრთხო სისტემის მშენებლობის პროცესში. დავოსის ბოლო ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რუსეთთან ურთიერთშეხების წერტილების მოძიების აუცილებლობაზე, რომლებმაც სამომავლოდ შესაძლოა სტიმული მისცეს პოზიტიურ დისკუსიასა და კონფლიქტების პოლიტიკური გადაწყვეტას. საერთო ინტერესების ამგვარი სფერო შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობა. მაგრამ, იმავდროულად, პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ფუჭია რუსეთის მოლოდინი რომ საქართველო ოდესმე შეეგუება იმ „არსებულ რეალობას“, როგორადაც რუსეთი წარმოაჩენს ამჟამინდელ ვითარებას. ამგვარად, მომავალში ყველა დისკუსიის ძირითადი ქვაკუთხედი საქართველოს სუვერენული სწრაფვა იქნება.

 

რა მოიპოვა რუსეთმა საქართველოს დაკარგვით? ვერაფერი! უფრო გაძლიერდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების განთავსებით? არა. პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა ზიანმა, რაც ამ ფაქტით რუსეთს მიადგა, მისი „გამარჯვება“ „პიროსის გამარჯვებად“ აქცია. ჩვენ ნატო-ს წევრები არ ვართ, მაგრამ ჩვენი „მეხუთე მუხლი“ ჩვენს სტაბილურობაში, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში, ევროატლანტიკური თანამეგობრობისკენ სწრაფვაშია - პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით. დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი, რეფორმირებული, სტაბილური საქართველო რუსეთის ინტერესებშიც შედის.

 

თედო ჯაფარიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

 

საგარეო ურთიერთობების საკითხებში

 

http://www.globalaffairs.ru/global-processes/Drugaya-optika-Gruzi-19326

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner