logo_geo
eng_logo
POLITICO: მიხეილ სააკაშვილის აღზევება და დაცემა
- +

13 თებერვალი. 2018. 17:10


 

ევროპული ყოველკვირეული  გამოცემა „პოლიტიკო" მიხეილ სააკაშვილის კიევში დაკავების შემდეგ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ოცნებობს ახალ რევოლუციაზე, რასაც შეუძლია მისი პოლიტიკური ბედი გადაწყვიტოს.


პუბლიკაციის ავტორი,  ატლანტიკური საბჭოს  თანამშრომელი და მისი პროგრამის - „უკრაინა ევროპაში" თანადირექტორი ადრიან კარატნიცკი აღნიშნავს, რომ  სააკაშვილი ალყაშია, მისი პოპულარობა მცირდება და მას  სისხლისსამართლებრივი ბრალდებები ორ ქვეყანაში აქვს წარდგენილი.


სტატიაში ნათქვამია, რომ  მიხეილს სააკაშვილს კორუფციასთან შეურიგებელი მებრძოლის იმიჯი და ქარიზმა ვერ დაეხმარა, უზრუნველეყო საკუთარი პოლიტიკური პოპულარობა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.


„სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა უკრაინაშიც შემცირდა. ავტორიტეტული ორგანიზაციის - „დემოკრატიული ინიციატივების ფონდის" გამოკითხვის მიხედვით, მას საზოგადოების მხოლოდ 16% ენდობა, 73% კი არ ენდობა. კიევში სააკაშვილის მიერ რეგულარულად გამართულ საპროტესტო აქციებზე დამსწრეთა რიცხვი ათასიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს - უკანასკნელი მონაცემების  მიხედვით, ზოგიერთ მათგანს  აქციებში მონაწილეობისთვის გარკვეულ თანხას უხდიან", - წერს  ადრიან კარატნიცკი.


პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის ასეთი არარსებობა შეუთავსებელია ისეთ ადამიანთან, რომელიც საკუთარ თავს კორუფციასთან მებრძოლად მიიჩნევს და არაკანონიერი დაფინანსების შესახებ  სპეკულაციებს იწვევს.


ამ ათასწლეულის დასაწყისში ის  რეფორმებისა და დემოკრატიული მოძრაობის  საერთაშორისო კერპი, აშშ-ის პრეზიდენტების და ევროპელი ლიდერების ფავორიტი იყო. დღეს მიხეილ სააკაშვილი ალყაშია, რადგან მისი პოპულარობა მცირდება და მას წარდგენილი აქვს სისხლისსამართლებრივი ბრალდებები ორ ქვეყანაში.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინელ პოლიტიკოსად იქცა, ორშაბათს  კიევის ცენტრში, რესტორანში დააკავეს. რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა ჩარტერულ თვითმფრინავში, რომელიც პოლონეთში გაემგზავრა. დეპორტაცია განხორციელდა უკრაინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ძალაში დატოვა უკრაინის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.


2017 წლის ივნისში უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის და საკუთარ სპონსორთან და ყოფილ მოკავშირესთან, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირების შემდეგ სააკაშვილი ამჟამად  უკრაინიდან დეპორტირებულია.


უფრო უარესიც, ის შესაძლოა ექსტრადირებული ყოფილიყო საქართველოში, სადაც მას იანვარში დაუსწრებლად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მისი პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ქართველი ბანკირის მკვლელობის მტკიცებულებების დამალვის მცდელობისთვის. მას ასევე წარდგენილი აქვს სხვა ბრალდებები 2007 წელს საპროტესტო აქციების ძალადობრივი გზით დაშლისას ძალის გადამეტებისთვის და თანხის გაფლანგვისთვის.


სააკაშვილის სამართლებრივი პრობლემები უკრაინაში არანაკლებ სერიოზულია. დეკემბერში მან ორჯერ სცადა თავიდან აეცილებინა უკრაინის ხელისუფლების მიერ მისი დაპატიმრება, რომელიც ცდილობდა მის დაკავებას უკრაინის განდევნილი ექს-პრეზიდენტის - ვიქტორ იანუკოვიჩის „კრიმინალურ ჯგუფთან" დაკავშირებულ ფინანსისტთან სავარაუდო შეთქმულების გამო. შესაბამისად, მან ციხეში გაატარა შაბათი და კვირა, რის შემდეგაც მას სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. ეს სასჯელი მას მიმდინარე თვის დასაწყისში მოეხსნა.


რაც უფრო მნიშვნელოვანია, კორუფციასთან შეურიგებელი მებრძოლის იმიჯი და ქარიზმა ვერ დაეხმარა მას, რომ უზრუნველეყო საკუთარი პოლიტიკური პოპულარობა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.


საქართველოში სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უფრო ლიბერალური ფრთა  - რომელმაც 2017 წლის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა -  სააკაშვილის ერთგულების და პოპულისტურ საფუძველზე და ნაკლები განათლების ფაქტორის მიხედვით გაიყო. სააკაშვილის მომხრე დეპუტატებს ამჟამად პარლამენტში მხოლოდ ექვსი ადგილი აქვთ - რაც მნიშვნელოვნად მცირეა 119 ადგილთან შედარებით, რაც მათ მოიპოვეს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში.


უკრაინაში სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა ასევე შემცირდა. ავტორიტეტული ორგანიზაციის - „დემოკრატიული ინიციატივების ფონდის" გამოკითხვის მიხედვით, მას საზოგადოების მხოლოდ 16% ენდობა, ხოლო 73% - არ ენდობა. კიევში სააკაშვილის მიერ რეგულარულად გამართულ საპროტესტო აქციებზე დამსწრეთა რიცხვი ათასიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს - უკანასკნელი მონაცემების  მიხედვით ზოგიერთ მათგანს  აქციებში მონაწილეობისთვის გარკვეულ თანხას უხდიან.


ეს ძალიან შორს არის ქართველი ლიდერის საუკეთესო დროებიდან - როდესაც ვარდების რევოლუციის დროს ის მეთაურობდა ასიათასობით პროტესტანტს კორუმპირებული ელიტის ხელისუფლებიდან განდევნის მიზნით და როდესაც შემდგომში არჩეული იქნა პრეზიდენტად 96%-იანი მხარდაჭერით. 2008 წლის იანვარში მან მოიგო განმეორებითი არჩევნები ხმების დაახლოებით 54%-ით.

 

რეპუტაცია სასწორზე

სააკაშვილის პოლიტიკური სიმაღლეებიდან დაღმასვლა გრძელი და სტაბილურია. მისი პრეზიდენტობის პირველი ვადა შესაძლოა უპირობოდ წარმატებული იყო: მან განდევნა ღრმად ფესვგადგმული კორუმპირებული პოლიტიკური ელიტა, განახორციელა რეფორმები თავისუფალი ბაზრისთვის, მნიშვნელოვნად შეამცირა ბიუროკრატია და ბიძგი მისცა შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა" და სხვა საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ იგი ხელს უწყობდა ახალი კლეპტოკრატიის ჩამოყალიბებას მის პოლიტიკურ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესმენებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების გადაცემით.


მაშინ, როდესაც მისი საერთაშორისო რეპუტაცია გაფერმკრთალდა და მისი გრანდიოზული ამბიციები შორეულ ოცნებად იქცა, სააკაშვილის რიტორიკა უფრო მწარე და მისი სიტყვიერი შეტევები უკრაინის ლიდერებზე  უფრო ექსტრავაგანტური და აგრესიული გახდა.


უკრაინაში მან სერიოზული მარცხი განიცადა, როდესაც  საკუთარი იმიჯის ხელახლა შექმნას ცდილობდა. 2015-2016 წლებში ოდესის გუბერნატორად მუშაობისას მან ვერ შეძლო ადგილობრივი მხარდაჭერის მოპოვება და მრავალმხრივი რეფორმების და ანტიკორუფციული გეგმების განხორციელება. პასუხად მან ცენტრალური ხელისუფლება ობსტრუქციაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ   საკუთარი გეგმების განხორციელების უფლებამოსილება ჰქონდა და ადგილობრივი მთავარი პროკურორის და პოლიციის უფროსის მხარდაჭერით სარგებლობდა.


მისმა პოლიტიკურმა პარტიამ - „ახალი ძალების მოძრაობამ" ახალი ენერგია შეიძინა 2017 წლის სექტემბერში, როდესაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ასობით მხარდამჭერის თანხლებით  არალეგალურად გადაკვეთა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი.


ამის შემდეგ მან მოუწოდა კორუფციის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტისთვის, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე ათასი მონაწილე შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ მას მხარი დაუჭირეს სხვა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ" და აზოვის ბატალიონმა, რეფორმისტულმა „სამოპომიჩის" პარტიამ და სამოქალაქო ჯგუფებმა, როგორიცაა „ანტიკორუფციული საქმიანობის ცენტრი".


მისი მოკავშირეების უმეტესობამ კოალიცია მას შემდეგ დატოვა, როდესაც პროტესტი მთავრობის მომხრე დეპუტატებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბევრი განათლებული, ლიბერალურად მოაზროვნე ქართველი და უკრაინელი მოკავშირის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილის გარემოცვა შედგებოდა მცირე საპარლამენტო მოძრაობისგან, რომელსაც ყოფილი მსჯავრდებული და შემდგომში პარლამენტის დეპუტატი,  პარლამენტში ათი წლის წინ მოღვაწე ძველი ნაციონალისტი ხელმძღვანელობდა და რამდენიმე ყველაზე სანდო ყოფილი ქართველი ლოიალისტისგან და პირადი დაცვის წევრისგან.

შემდეგ დეკემბერმა კიდევ ერთი სენსაციური წარუმატებლობა მოიტანა: სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დამხმარე - მისი მოძრაობის კიევის განყოფილების ხელმძღვანელი სევერიან დანგაძე  დაფიქსირდა ვიდეოჩანაწერზე, თუ როგორ იღებდა ნაღდი ფულით რამდენიმე ასეულ ათას დოლარს და ევროს  განდევნილი ბიზნესმენის წარმომადგენლისგან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ბრალს სდებდა განდევნილ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან  დაკავშირებული „კრიმინალური ჯგუფის" წევრობაში. უკრაინის გენერალური პროკურორის მიერ გასაჯაროებული ჩანაწერები არ უჩვენებს, რომ სააკაშვილი პირდაპირ ეთანხმება იანუკოვიჩის ჯგუფის მიერ დაფინანსებას, თუმცა, მიუთითებს, რომ ის მზად არის საკითხის განხილვისთვის.


სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ ყველა ბრალდება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. თუმცა, მისი იმპულსები ავტორიტარიზმის და ამბოხების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყო მის შესაძლებლობებს - განეხორციელებინა რეფორმები საქართველოში 2003 წელს, სრულიად უადგილოა თანამედროვე უკრაინასა და საქართველოში ისევე, როგორც გამჭვირვალობის არარსებობა მის პირად და  პოლიტიკურ საქმეებში.


ექსტრავაგანტური გემოვნება

სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით 2013 წელს საქართველოს დატოვების შემდეგ სააკაშვილის აქტივების უმეტესი ნაწილი კონფისკირებული იქნა. მიუხედავად ამისა, მას ჯერ კიდევ შეეძლო დაეფინანსებინა გაუთავებელი მსვლელობები და მარშები, ავტობუსები პროტესტანტებისთვის, კარვები, საჯარო სცენები, დარბაზის ქირა, პოლიტიკური პარტიის ოფისები, პერსონალი და დაცვა.  მან ასევე გააგრძელა ძალიან კომფორტული ცხოვრების წესი (ერთი კვირით ადრე ის ქირაობდა აპარტამენტს კიევში, რომლის ღირებულება თვეში 6 000 დოლარს შეადგენდა და ის ცნობილია ექსტრავაგანტური გემოვნებით). 


გამჭვირვალობის ასეთი არარსებობა შეუთავსებელია ისეთ ადამიანთან, რომელიც საკუთარ თავს კორუფციასთან მებრძოლად მიიჩნევს და არაკანონიერი დაფინანსების შესახებ  სპეკულაციებს იწვევს. სამწუხაროდ, ანტიკორუფციული ჯგუფები და საგამოძიებო სფეროში მომუშავე ჟურნალისტები უკრაინაში ამჯობინებენ, რომ არ დაუსვან მას უხერხული შეკითხვები, რადგან ის ბიძგს აძლევს მათ საკუთარ ლოზუნგებს და მოთხოვნებს.


რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამჭვირვალობის ასეთმა ნაკლებობამ ასევე შექმნა მთელი რიგი ჭორები, რომლებიც თითქოს სარწმუნოს ხდის უკრაინის ხელისუფლების ბრალდებას, რომ მას და/ან მის მთავარ მოკავშირეებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ  მოსკოვში დაფუძნებულ კრიმინალურ ჯგუფთან.


მომდევნო დღეები განსაზღვრავს, დარჩება თუ არა სააკაშვილი პოლიტიკურ ძალად. უფრო სავარაუდოა, რომ ეს დამოკიდებული იქნება უკრაინის და შესაძლოა საქართველოს სასამართლოებზე და სიმართლის დასადგენად განხორციელებულ  სასამართლო პროცესების საერთაშორისო მონიტორინგზე, რადგან მისი სასამართლო პროცესები გაგრძელდება მისი გაძევების მიუხედავად პოლონეთში, საიდანაც ის შევიდა უკრაინაში სათანადო დოკუმენტაციის გარეშე.


ერთი რამ ცხადია: სააკაშვილის კარიერა ციცაბო დაღმართზეა. ამის მიუხედავად, მისი გაუთვალისწინებლობა ჯერ კიდევ არ შეიძლება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის იყო ადრენალინის მოყვარული და გრძნობდა მასების და რევოლუციის მომხიბვლელობას. დეკემბერში მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ „სექსის და რევოლუციური გამარჯვების შედარება არ შეიძლება. რევოლუცია რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ადრენალინი".


სააკაშვილი ისევ ოცნებობს ახალ რევოლუციაზე, რომელიც გააცოცხლებს მის მკაცრ პირად და პოლიტიკურ ბედ-იღბალს. ვარშავაში დაშვების შემდეგ მან განაცხადა: „მე მიყვარს პოლონეთი, მაგრამ მე ვიბრძვი საქართველოში და უკრაინაში". მისი საბრძოლო განწყობის მიუხედავად სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტის სწრაფი დაღმასვლა გადაჭარბებული ეგოს შედეგია, რომელიც მიწაზე დაენარცხა უკრაინის ნაცრისფერ პოლიტიკურ გარემოში, ქვეყანაში, სადაც ხალხი შესაძლოა ზოგჯერ ენდობოდეს პოპულისტურ დაპირებებს, მაგრამ ბოლომდე არასოდეს ენდობა ან არ აიდეალებს პოლიტიკურ ლიდერებს.


მისი დაცემა საბოლოოდ იმ რევოლუციების წარმატების დადასტურებაა, რომელთა დაწყებასაც მან შეუწყო ხელი. ხალხმა მოიშორა რამდენიმე კორუმპირებული ავტორიტარული რეჟიმი და ჩამოაყალიბა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებები პოსტკომუნისტური სივრცის დიდ ნაწილში. თუმცა მათმა წარმატებამ გადაიტანა პოლიტიკური დისკურსი ქუჩიდან ექსპერტების, მედიის მიერ განხილვის და პოლიტიკური პოლემიკის გარემოში, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ცვლილებების მთავარი ინსტრუმენტებია.


https://www.politico.eu/article/the-rise-and-fall-of-mikheil-saakashvili/








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner