logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეგე, ხო აიღო ბიჭმა საბუთი, ეხლა „დოხტურადაც“ შეუძლია მუშაობა!
- +

15 თებერვალი. 2018. 23:49



აიღო, ხალხო, როგორც იქნა, აიღო ბიჭმა საბუთი... როგორც იქნა, დამტკიცდა, რომ ნამდვილად მიხოა სააკაშვილი და არა ცაში გამოკიდებული პარაშუტი!


ეგე, ეხლა შეუძლია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში „დოხტურადაც" იმუშაოს... თუმცა რათა „დოხტურად"? ცოტა გაშინაურდება პოლონეთში, ან ჰოლანდიაში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, ცოტა მოიკეთებს, მოსუქდება, რესტორნებში დაიწყებს ხეტიალს, მეგობრებს შეიძენს, მომხრეებს გამოძებნის, დედაქალაქის ცენტრში გამოვა, ჯერ ვლადიმერ პუტინს და რუსეთს დაუწყებს გინებას, როცა ეტყვიან, ეგრე არ გვაწყობს, ჩვენი პრობლემებიც თავზე საყრელად გვაქვსო, უცებ აღმოაჩენს, რომ ქვეყანას კორუმპირებული ოლიგარქები მართავენ!


ჰოდა, დაახლოებით ერთ წელიწადში მოუნდება ან პოლონეთის, ან ჰოლანდიის, ან ლიტვის, ან კიდევ რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტობა, გაშლის ქუჩაში კარვებს, შეყრის თავისნაირ „ბომჟებს" და მიდი, მოვდივარ. დაახლოებით 6 თვეში იქ, ზემოთ მობეზრდებათ ბიჭის თავხედობა, დასხდებიან, გეგმას შეადგენენ, ცოტა ხანს აქეთ-იქით არბენინებენ, დაღლიან, პასპორტს წაართმევენ, მერე ჰკრავენ წიხლსა და გადააგდებენ რომელიმე პატიოსან სახელმწიფოში. იქაც იტყვიან, ცოდოა, ეს ჩვენისა, მაინც პრეზიდენტი იყო, მივიღოთ, „ბათინკები" და „ბუშლატა" მივცეთ, სუში ვაჭამოთო. მიიღებენ, დააპურებენ, წყალს დაალევინებენ, „ბუშლატას" ჩააცმევენ, სადმე შეასახლებენ და ყველაფერი დაიწყება ისევ თავიდან!


კი, მაგრამ როდემდე, მიხეილ, როდემდე? იქამდე, სანამ ან თვითონ არ ამოიჭამს საკუთარ თავს, ან კიდევ ვინმეს არ ამოუვა ყელში და არ „მიაპაშოლებს" სადმე ხევში. მართალია, "ნაციონალებს" ჰგონიათ, რომ მათი ბელადი ზეადამიანია, მაგრამ მწარედ ცდებიან. იცით, საიდან დასტურდება, რომ მიხეილი არ არის ზეადამიანი? ალბათ, გახსოვთ, კიევში სასტუმროს ჭერზე რომ ახტა და მერე იძულებით ჩამოსვეს, როგორ გაცივდა, როგორი გრიპი შეეყარა. ისიც გაიხსენეთ, როცა ბოლოს რესტორანში კისერი მოუგრიხეს და ვარშავაში მიაიმასქნეს, მეორე დღეს კვნესოდა - ვაი, კისერი და წელი მტკივაო. უნდა გითხრათ, რომ ზეადამიანებს მსგავსი შეგრძნებები არ გააჩნიათ, მათ არც გრიპი ეყრებათ, არც კისერი სტკივათ და არც წელი აწუხებთ. ეგ საიდან ვიცი? რავი, ყველა ფილმში ეგრეა!


არა, რააა, მაინც მაგარია მიხო მოდრეკილი, საქართველოში ხალხი ჟუჟა, ყველას თავში ურტყა, ქონება აახია, გაუშვეს, ახლა უკრაინას მიაკუკნა და ბოლოს მაინც მისცეს საბუთი. თან კარი გაუღეს, მობრძანდი, სანამ აქეთ დაგვიწყებ დედის გინებასო. აი, ამაზეა ნათქვამი, გიჟი თავისუფალიაო, მაგრამ საბუთი მაინც მისცეს!


გელა ზედელაშვილი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×