logo_geo
eng_logo
არმაზ სანებლიძე: შვილებო, მოპარეთ მშობლებს პასპორტები!
- +

13 მარტი. 2018. 18:00



1997 წელია. აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯერ კიდევ არის გენერალ-გუბერნატორის უფლებებით აღჭურვილი. მიშა სააკაშვილი ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირის აქტიური მოღვაწეა. ოპოზიციური ცეცხლი პარლამენტის კედლებს არ სცილდება. აი, ამერიკელებს კი გულ-ღვიძლი ეწვით საქართველოში გავრცელებული პროვინციული მასშტაბის კორუფციის გამო და მისი აღმოფხვრის მიზნით თბილისში გზავნიან თავიანთ უსახელო ემისარს ქართული მედიის დასამოძღვრად და ჭეშმარიტების გზაზე დასაყენებლად.


ვიკრიბებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სხდომათა დარბაზში (დღეს იმ შენობაში კულტურისა და ა.შ. სამინისტროა დაბინავებული) და ვუსმენთ ვიღაც ჩია ამერიკელის აბსოლუტურად უსარგებლო საუბარს, ზოგადსა და ფუყეს, როგორც პარტიის ყოფილი ცენტრალური კომიტეტის უშტატო ლექტორის დაზუთხულ ჭკუის დარიგებას.


დრო მიდის და მისი „ინტელექტუალური" ჭინთვებით შობილი დებულებები ისე გაედინება ჩვენი გონებიდან, როგორც წყალი საცერში.


კონკრეტული მაგალითებით ხომ უნდა დაამტკიცოს ამერიკული პროპაგანდის წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების ეფექტიანობა?

 

„გვიმტკიცებს" კიდეც ლათინური ამერიკის ქვეყნებში გამოყენებული მეთოდების შედეგებით. ერთს განსაკუთრებით „მიაწვება". გვიყვება, რომ ადგილობრივი პრესის მეშვეობით დაარწმუნეს დამწყები კლასების მოსწავლეები, უშიშრად ეთქვათ კორუფციონელი მამებისთვის, ხელი აეღოთ უზნეო ქმედებაზე და პატიოსნად ემუშავათ ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუ არ დაუჯერებდნენ, მაშინვე უნდა მიემართათ მედიისთვის და საჯაროდ ემხილებინათ ბოროტმოქმედება, რომელიც მათ ოჯახში იყო დაბუდებული.


ასეც მოიქცნენო და აღიკვეთა კორუფცია კარნავალებისა და ფეხბურთის მზიან მხარეში.


მართლა ასე იყო თუ არა, ალაჰმა უწყის.

 

შვილებმა მამები დაასმინეს, „ჩაუშვეს"...

 

ხომ არ გახსენებთ ეს ყველაფერი გასული საუკუნის 30-იანი წლების პრიმიტიული საბჭოთა პროპაგანდის ისტორიის ერთ ცნობილ ფაქტს, რომელიც პიონერ პავლიკ მოროზოვთან არის დაკავშირებული? ამ ბიჭმა ამხილა მავნებელთა ხელშემწყობი მამინაცვალი (არა მამა), რომელიც საკოლმეურნეო ქონების განადგურებას აპირებდა, და შეეწირა კიდეც თავის საქციელს. სამაგიეროდ მისაბაძ მაგალითად დაუდგინეს საბჭოთა ახალგაზრდა თაობას. ფრთიანი ფრაზა „გმირი სიკვდილის თვალებია" ამ შემთხვევაზეა ზედგამოჭრილი.


80 წლის თავზე ამერიკიდან შემოხეტებული ეს უსახელო დერვიში იმ ძველ (მორალურად მავნე) მეთოდს ამერიკული პოლიტტექნოლოგიების უახლეს მიღწევად გვასაღებდა.


არაფერი დამოდნება-თქო მაგ მეთოდს ჩვენს სინამდვილეში დანერგვიდან, ვუთხარით ამერიკელ პროპაგანდისტს და მივატოვეთ „რუსთავი 2"-ის მაშინდელ პატრონთა მოჩურჩულე - გამონახეს საერთო ენა.


ეს იყო.


ახლა კი - იმის შესახებ, რამ გამახსენა აღნიშნული ფაქტი მაინცდამაინც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების კვირაძალს.


აშშ-ის ისტებლიშმენტი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფობიით არის შეპყრობილი, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების (18 მარტს რომ არის დანიშნული) შედეგების არადემოკრატიულად გამოცხადებით ცდილობს კეხის შებრუნებას.


პუტინს, რა თქმა უნდა, აირჩევენ, ამას ამერიკაში ხვდებიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ამ რეალობას შეიძლება წყალი შეუყენონ, თუ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ. ამის მიღწევა კი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში რაც შეიძლება მინიმალური ოდენობის ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. პოლიტტექნოლოგების აზრით, ასეთი რეალობა ხელს შეუწყობს არჩევნების შედეგების მიუღებლობის კამპანიის წამოწყებას, ქვეყნის დესტაბილიზაციას, რაც საბოლოოდ ახალი „ფერადი რევოლუციის" მომზადების წინაპირობად ჩამოყალიბდება.


მიზანი მარტივია, მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს? როგორ უნდა შეიქმნას ის დაბრკოლება, რომელიც ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებში მისასვლელ გზას გადაუკეტავს?


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამერიკელი მძიმეწონოსანი პოლიტტექნოლოგები რუსეთის ოპოზიციურად განწყობილ სპექტრს „რევოლუციურ, ჯერ არნახულ, ჯერ არგაგონილ" მეთოდს სთავაზობენ, ელემენტარულ უზნეობას - ქურდობას: ყმაწვილები უნდა დაარწმუნონ, თავიანთ მშობლებს პასპორტები მოპარონ(!). პირადობის დამადასტურებელი ამ დოკუმენტის გარეშე კი ისინი საარჩევნო უბნის ზღურბლსაც ვერ გადააბიჯებენ.


ბავშვების ამხედრება მშობლების წინააღმდეგ, ანუ პავლიკ მოროზოვის „გმირული საქციელის" დენაფტალიზაცია ამერიკული ვარიანტის სახით.


„ნეტარ არიან მორწმუნენი".


ამ იმათ ისტებლიშმენტს დანარჩენი მსოფლიო იდიოტებით დასახლებულ სივრცედ წარმოუდგენია, ან მათი აზროვნების უნარი ასი წლის წინანდელი პრიმიტიულობის ორღობეშია გაჩხერილი.


გონების ჩაძინება შობს ურჩხულს, - ამბობს ესპანური ანდაზა.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×