logo_geo
eng_logo
კაცი, რომელმაც ეიფელის კოშკი გაყიდა
- +

29 აპრილი. 2016. 11:42



მსოფლიოში ყოველთვის იყვნენ და არიან თაღლითები, რომელთა სიას დღემდე დამსახურებულად ლიდერობს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამჭრიახი ადამიანი ვიქტორ ლუსტიგი. ეს არის კაცი, რომელმაც მოახერხა და ეიფელის კოშკი გაყიდა.


ვიქტორ ლუსტიგი 1890 წელს ჩეხეთში დაიბადა. ამ ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება სხვების მოტყუებას მოანდომა. დაიწყო იმით, რომ 20 წლის ასაკში შექმნა ფულის საბეჭდი მანქანა, რომელიც 100-დოლარიან კუპიურებს ბეჭდავდა.


ხალხიც ფულს არ იშურებდა მანქანის შესაძენად, რომელსაც ვიქტორი 30 000 დოლარად ყიდდა და მყიდველებს უხსნიდა, რომ მანქანა ყოველ 6 საათში ბეჭდავდა ფულს. სინამდვილეში მანქანას მხოლოდ 12 საათის განმავლობაში შეეძლო მუშაობა, ამის შემდეგ კი უბრალოდ ცარიელ ფურცლებს უშვებდა. სანამ მყიდველები გაიგებდნენ, რომ ისინი უსინდისოდ მოატყუეს, ვიქტორი უკვე შორს იყო.


თაღლითი მუდმივად ნოვატორულად აზროვნებდა და ახალ-ახალ იდეებს ახორციელებდა. ის 5 ენაზე თავისუფლად საუბრობდა და 45 მოგონილი სახელი და გვარი ჰქონდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 50-ჯერ დააპატიმრეს, მაგრამ სამხილების უკმარისობის გამო ყოველთვის ათავისუფლებდნენ.


პირველ მსოფლიო ომამდე ვიქტორი დაკავებული იყო ლატარიების ორგანიზებით, რომელთაც ფეშენებელური კრუიზების დროს აწყობდა. რა თქმა უნდა, ლატარიას გამარჯვებული არ ჰყავდა, გარდა თავად ვიქტორისა, რომელიც ხალხს თავს იღბლიან ბიზნესმენად აჩვენებდა და საკუთარი ლატარიის პრიზს თვითონ იგებდა ხოლმე.


მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ლუსტიგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 100 ათასი დოლარი იშოვა ბანკებისა და კერძო პირების მოტყუებით.


ნიჭიერი თაღლითის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და სერიოზული აფერა მსოფლიოში ცნობილი განგსტერის ალ კაპონეს მოტყუება გახლდათ. ვიქტორმა მას თავი გრაფ ვიქტორად წარუდგინა, სთხოვა 50 000 დოლარი და დაჰპირდა, რომ 3 კვირაში გაორმაგებულ თანხას დაუბრუნებდა.


ვიქტორმა თავი ამ შემთხვევაშიც ისახელა და ფულის აღებისთანავე გაქრა. გრაფის კვალს ვერავინ მიაგნო.


ვიქტორ ლუსტიგის ყველაზე გრანდიოზული თაღლითობა კი ეიფელის კოშკის გაყიდვა იყო. 1925 წლის მაისში იგი პარიზში ჩავიდა. გაზეთის კითხვისას გადააწყდა სტატიას, სადაც საუბარი იყო პარიზის ზოგიერთი უძველესი შენობის გარემონტებისა და რესტავრირების აუცილებლობაზე. სწორედ ამ დროს დაებადა ეიფელის კოშკის გაყიდვის იდეა.


ეიფელის კოშკი 1889 წელს აშენდა პარიზული გამოფენისთვის. ჩანაფიქრში იგი დროებითი პროექტი იყო და 1909 წელს ადგილმდებარეობის შეცვლასაც უპირებდნენ. 1925 წლისთვის კოშკის მდგომარეობა არცთუ სახარბიელო იყო. ეს ყოველივე ლუსტიგის წისქვილზე ასხამდა წყალს.


ვიქტორმა შექმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც იგი საფრანგეთის კომუნიკაციისა და ფოსტის მინისტრის მოადგილედ ასაღებდა თავს. წერილი 6 პოტენციურ მყიდველს გაუგზავნა, რომლებიც ლითონის გადამამუშავებელი ფაბრიკის დირექტორები იყვნენ. ვიქტორმა ბიზნესმენები ფეშენებელურ სასტუმროში დაპატიჟა და გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც ეიფელის კოშკი უნდა დაშლილიყო და შეღავათიან ფასში რომელიმე ფირმის საკუთრება გამხდარიყო.


მან ასევე დაარწმუნაბიზნესმენები, რომ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულების გამო ჯობდა, ეიფელის კოშკის დაშლის შესახებ აუქციონი დახურული ხასიათის ყოფილიყო და გარიგების დეტალები გასაიდუმლოებული დარჩენილიყო.


ვიქტორმა გარიგებისთვის ბიზნესმენი ანდრე პუასონი აირჩია, რომელსაც არ ჰყავდა გავლენიანი ნაცნობები და ბიზნესი ახალდაწყებული ჰქონდა. ლუსტიგმა მოხიბლა პუასონი და მისი ცოლი, გარიგების ორმხრივ სარგებლიანობაში დაარწმუნა და ეიფელის კოშკი ნაწილებად გაყიდა.


საოცარია, მაგრამ მაშინ, ვიქტორის საბედნიეროდ, არავის დაუწყია თაღლითის ძებნა, ხოლო ანდრე პუასონმა იმის შიშით, რომ ბიზნესმენთა წრეში მისი რეპუტაცია გაცამტვერდებოდა, ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახა.


დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ვიქტორმა კვლავ გადაწყვიტა ეიფელის კოშკის გაყიდვა, მაგრამ ამჯერად ბოლო მომენტში აღარ გაუმართლა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა პოლიციას შეატყობინა გარიგების შესახებ და ლუსტიგი დააპატიმრეს, მაგრამ სამხილების სიმცირის გამო მალევე გაათავისუფლეს.


1934 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიქტორ ლუსტიგი ფულის გაყალბების ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე მან გაქცევა მოახერხა, მაგრამ ზუსტად 27 დღეში დააკავეს. ლუსტიგმა აღიარა ბრალდება. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საბოლოო ჯამში, 12 წელი კალიფორნიის შტატში მდებარე ცნობილ ციხე ალკატრასში გაატარა.


ვიქტორ ლუსტიგი 1947 წლის 12 მარტს პნევმონიით გარდაიცვალა.



მოამზადა ირმა გოგინაძემ


წყარო: „სარკე“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×