logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ეს ცირკი უნდა დასრულდეს!
- +

13 მაისი. 2018. 03:35

 

„გაოგნებული და შეძრწუნებული ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ცირკია! სირცხვილია რაც ხდება!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პორტალ „კვირას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დედამიწაზე არ მეგულება ჩემზე ლიბერალური აზროვნების ადამიანი და არც კლუბური ცხოვრებაა ჩემთვის უცხო, მაგრამ რაც ახლა ხდება, ბევრ კითხვას მიჩენს, ძალიან ბევრს და ჩემთვის მძიმე დასკვნებიც გავაკეთე.

 

როგორც ვიცი:

 

არცერთი ადამიანი არ დაუკავებიათ ნარკოტიკის მოხმარების გამო. მხოლოდ ნარკოვაჭრები დააკავეს:

 

სპეცოპერაცია სანქცირებული იყო სასამართლოს მიერ;

 

არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ნარკოტიკებს კლუბში ყიდდნენ კონკრეტული ადამიანები:

 

რაც დავინახეთ, ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და კლუბების დახურვით იმუქრება ვინმე;

 

პოლიციელებს ხელი შეუშალეს ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის წარმართვაში და მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

შესაბამისად:

 

მე რომ ქვეყნის ხელისუფლებაში ვიყო, მარტო ერთი გინებისთვის დავაკავებდი და დავსჯიდი ნებისმიერ მათგანს (აბა, გაებედათ ეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში - ვინ აპატიებდა, აბა, ფიზიკურად შეხებოდნენ ერთ სამართალდამცველს მაინც!).

 

სად იყვნენ ეს ახალგაზრდები, თბილისში ყოველკვირა 4-5 ოჯახიდან ნარკოტიკებით მკვდარ ახალგაზრდებს რომ ასვენებდნენ და 10-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტის მომსწრე გავხდით, ეს ხომ სწორედ ამ კლუბებს უკავშირდება?

 

რა მოთხოვნებს აყენებენ, ვის, ან რას იცავენ? თუ კლუბების მეპატრონეების უფლებებს - როგორც ვიცი, მათ არცერთხელ უთანამშრომლიათ პოლიციასთან და არ შეუტყობინებიათ, რომ მათ სივრცეში ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. თუკი სპეცოპერაციის ფორმას აპროტესტებენ, უკაცრავად, რომ პოლიციამ არ შეათანხმა კლუბების სტუმრებთან ნარკომოვაჭრეების დაკავების დრო და ადგილი. ბორდელებშიც არაერთხელ მოუწყია პოლიციას რეიდი და ილიას და აკაკის ძეგლთან არავინ გამოსულა უფლებების დასაცავად!

 

რატომ ბედავენ ეს ახალგაზრდები ამდენს? თუკი მათ ჰგონიათ, რომ ნარკოდამოკიდებულება თავისუფლების უმაღლესი მწვერვალია, მე, და იმედი მაქვს, საზოგადოების დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს! მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ იქნება უსუსურ პოზიციაში - ამდენს არ უნდა ბედავდნენ! მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყანაში ორ შვილს ვზრდი და მინდა, ჯანმრთელ, ნათელ გარემოში აღვზარდო შვილები, არ მჭირდება ასეთი დემოკრატია, სადაც ნარკომოვაჭრეების დამცველებს ამდენის უფლება ეძლევათ!

 

ჩემს ქვეყანას არ ჰყავს პრეზიდენტი! მრცხვენია, რომ ქვეყნის სათავეში ასეთი უპრინციპო და უღირსი არსება გვყავს, რომელიც საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. ოღონდ მმართველი გუნდს აკრიტიკოს და მზად არის, ნებისმიერი ნარკოგამსაღებლის უფლებების დამცველად მოგვევლინოს! არსებობს რაღაცეები, ქვეყნისთვის პრინციპული საკითხები, სადაც ეროვნული თანხმობა უნდა არსებობდეს და მე მყავს პრეზიდენტი, რომელსაც არამცთუ გათავისებული აქვს ეს, პირველია, ვინც ნარკოგამსაღებლებს იწყალებს და ახალისებს!

 

არ გვინდა გვეშინოდეს ამ ქვეყანაში ცხოვრებაო, რომ იძახიან აქციის მონაწილეები, ვინმე სიტყვის თავისუფლებას რომ უზღუდავდეს, აქ იდგებოდნენ და ტრიბუნიდან გინებას გაბედავდნენ? ანდა, ვინმემ ამიხსნას, როდის და სად შეეზღუდათ სიტყვის გამოხატვის უფლება?

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე:

 

როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვითხოვ დასრულდეს ეს ცირკი, რომელსაც უკვე ჩანს, რომ შესანიშნავად იყენებენ, ან გამოიყენებენ ანტისახელმწიფოებრივი ძალები!

 

თუკი საზოგადოების ამ მცირე ნაწილის პროტესტს შედეგად ნარკომოვაჭრეების მიმართ სახელმწიფო ხისტ პოლიტიკას არ გაატარებს, თუკი ის გამსაღებლების მიმართ კანონს არ გაამკაცრებს, მაშინ ის მიიღებს უმართავ ქვეყანას, ორად გახლეჩილ საზოგადოებას და ქვეყანა ახალ პოლიგონად იქცევა, ზუსტად იმ შედეგს მივიღებთ, რასაც დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ქვეყნის მტრები.

 

ნუ დავუშვებთ ამას!“ - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×