logo_geo
eng_logo
ქეთევან მელიქიძე: წამზომი ჩაირთო!
- +

14 მაისი. 2018. 11:45

 

სულხან-საბას იგავი ხომ გახსოვთ, ცალთვალა მეფე როგორ დახატა მხატვარმა? ისეთი რომ დაეხატა, როგორიც სინამდვილეში იყო, სიკვდილით დაისჯებოდა, ამიტომაც ნადირობის სცენა მოიფიქრა, მეფეს ხელში თოფი მისცა, თითქოს ნადირს უმიზნებდა და ცალი თვალი ბუნებრივად „დაახუჭინა“.

 

ამას ჰქვია გამჭრიახობა, გონიერება და დიპლომატია!

 

ბევრი კმაყოფილი დარჩა, ბევრი - უკმაყოფილო, მაგრამ მთავარი პრობლემა, რომელიც ორი დღის განმავლობაში აფორიაქებდა და ძილის საშუალებას არ აძლევდა ქალაქს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაგვარა! როცა რუსთაველზე სპონტანურად დაწყებული ახალგაზრდების აქციას მოულოდნელად ახალგაზრდების სხვა ჯგუფი დაუპირისპირდა, მინისტრი აქციის მონაწილეებთან მივიდა და პრობლემის გადაჭრის ცივილიზებული გზები შესთავაზა. სპეცოპერაციის გამოც, რამაც ასე აღაშფოთა იქ მყოფი მომიტინგეები, ბოდიში მოიხადა.

 

ამ ნაბიჯით რუსთაველის გამზირი კარვების ქალაქად გადაქცევასა და პროსპექტის გადაკეტვით გამოწვეულ დისკომფორტს - გადარჩა! ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

 

დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ ვიღაცებმა ძალები მოსინჯეს, რამდენად შეძლებენ სახელმწიფოში არეულობისა და ქაოსის მოწყობას. ზღვარგადასული უტიფრობა, ბილწსიტყვაობა, პოლიციელების შეურაცხყოფა ახალგაზრდების მხრიდან, რომელიც ლეიტმოტივად გასდევდა აქციას, მაფიქრებინებს, რომ ღამის კლუბში ისინი მუსიკის მოსასმენად ნამდვილად არ დადიან. მე სულ სხვაგვარად აღზრდილ მუსიკოსებს ვიცნობ! თუმცა მუსიკა მათ მოთხოვნებთან არაფერ შუაშია!

 

სახელმწიფო სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და პრობლემა დროულად უნდა მოაგვაროს. წამზომი ჩაირთო!

 

P.S. ერთხელ, ედუარდ შევარდნაძემ შს მინისტრს კახა თარგამაძეს მოსთხოვა, „რ2“-ის ჟურნალისტების ბრალდებებს პასუხი გაეცითო.

 

- ჩვენ მაგათ ხომ ვერ ავყობით?- გურულად მოუქცია კახა თარგამაძემ.

 

- ჰოდა, თუ ვერ აყობით, გადაყობით! - გურულად უპასუხა პრეზიდენტმაც.

გადააყოლა კიდეც!

 

 

ავტორი: ქეთევან მელიქიძე

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×