logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: ამ წერილის დაწერა გეგმაში არ მქონდა, მაგრამ...
- +

31 მაისი. 2018. 14:49

 

„27 მაისს, სულთმოფენობას, ძამის ხეობაში ვიყავი. რამდენიმე მონასტერი მოვიარე ქალბატონ თამარ ძნელაძესთან და მის მეგობრებთან ერთად. ღვთაებრივი ძამის ხეობის და ხეობაში არსებული მონასტრების დათვალიერებამდე სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც 2014 წელს გაიხსნა, წირვას დავესწარი“, - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„წერილის, რომელსაც ახლა კითხულობთ, დაწერა გეგმაში არ მქონდა, მაგრამ ამ დილით სოციალურ ქსელში „დიდი ჟურნალისტის“ გიორგი გაბუნიას „აღსარებას“ გადავაწყდი. გაბუნია „გრეჩიხა უმცროსი“, „ბატონი უცნობი“ არ არის, ამიტომ ვერც ლექსად დაწერა, ვერც ლექსად თქვა და ვერც, თუნდაც ფონოგრამით, იმღერა, მაგრამ „კარგად“ კი გამოუვიდა. იმდენად კარგად, რომ „აღსარებას“ „სპეციალური მიმართვა“ დაარქვეს მისმა კოლეგებმა. ალბათ მალე „სპეციალურ მიმართვას“ „სპეციალურ წიგნად“ გამოსცემენ, აბა, როგორ შეიძლება „საქართველოს მომავალს“ დაუკარგონ „სპეციალურ ტექსტში“ „მარგალიტებად მიმოპნეული“ „ჰაზრები დიდი გაბუნიასი“? არანაირად! დასაკარგი კი არა, პროკლამაციებიც კი უნდა დაიბეჭდოს, „ტარტალიოტიდან“ (ვერტალიოტი) გადმოყარონ და ამ ცოდვილ მიწაზე მიმოაპნიონ. დაე, ყველამ იცოდეს, რომ „დიდ გაბუნიას“ ჰყავს ერთადერთი ხელშეუხებელი მეგობარი, „ზეკაცი“ - მიჰა, ასევე ჰყავს „უკუღმა შემოტრიალებული შარვლის“ მეგობრები, რომელთაც ხან შეეხება (ალბათ), ხან - არა. გაბუნიას ჰყავს „სხვა მეგობარი“ მაცხოვარი, რომელიც „ქორწილებშიც დადიოდა, ღვინოსაც სვამდა“: „ჩემთვის ძალიან ახლობელი, რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვიხუმრო, როგორც ახლო მეგობარზე, რომელსაც, ვიცი, რომ არასდროს ეწყინება ჩემი ხუმრობა“. სხვებს ეწყინებათ, მაგალითად, სოფო ნიჟარაძეს, მითუმეტეს, თუ იქ ზის „მთელი თფილისი“.

 

„სპეციალური მიმართვის“ მიხედვით, გაბუნია ღმერთს ეძებდა, ეკლესიაში ვერ იპოვა, იმიტომ, რომ იქ, დათქმულ წესებს, ღმერთთან ადამიანი არ მიჰყავს: „მე კი წლები დამჭირდა ღმერთთან ჩემი ურთიერთობის ხელახლა დასალაგებლად. ეს კიდევ ერთი მძიმე, შინაგანი ძიების ხანგრძლივი პროცესი იყო - ამ პერიოდში სრულიად შევიცვალე ვიზუალურადაც: ჩემი თმა გაფერადდა, ყურები დაიხვრიტა, შარვლები დაიხა და უკუღმა შემოტრიალდა“... და დაიწყო ხუმრობა. ამჯერად, ყველაფერი ორსული ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება. ღვთისმშობელს ერთმა „დიდმა მხატვარმა“ შუბლზე იარაღი მიადო და თვითმკვლელი ღვთისმშობელი დაარქვა. თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი, - ასე განმარტა ამ სურათის შინაარსი ლია უკლებამ. ეს მოხდა 2015 წელს, საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ნახატმა აღაშფოთა, თუმცა შფოთი მალევე მიეცა დავიწყებას. ახალი ტალღა ცოტა ხნის წინ აგორდა. სამწლიანი „შესვენების“ შემდეგ, გაბუნიას „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ გაახსენდა: „არჩევანში“ სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია „თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“.

 

როგორც წესად აქვთ დადგენილი, სამღვდელოება ამ შემთხვევაშიც ჯერ გაჩუმდა, შემდეგ კი გავრცელებულმა კომენტარებმა, მე, მაგალითად, იოანეს გამოცხადებიდან ეს ნაწილი გამახსენდა: „ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან“.

 

ერთადერთი, ვინც უკან არ დაიხია, იყო მეუფე იობი: „ე.წ. ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ შეურაცხყო ღვთისმშობელი. ის არის წყეული, შეჩვენებული. უკვე აშკარაა, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალ იესო ქრისტეს და ღვთისმშობელ დედას. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამქვეყნად, მაგრამ ვხედავთ, რომ დამცველებიც ყავს და ვინც მას შეეწინააღმდეგა, მართლმადიდებლები, ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს. მან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დამამცირებელი სიტყვები თქვა. მე, სასულიერო პირმა ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ საპატიებელი არ არის ეს ადამიანი. ის უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას და მთლიანად საქართველოს. მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ეგ აღარ მოინანიებს, ეშმაკის მსახურია და საერთოდ, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი და შხამი იღვრება ამ ტელევიზიიდან. თუკი თითოეული ადამიანი მოისმენს მის სიტყვებს, აღშფოთდება და მდგომარეობიდან გამოვა. ის არის ჭინკა, ეშმაკის მსახური“.

 

აი, აქ დაიწყო „მეორე სერია“: გაბუნიას როგორ აკადრეს, როგორ დაწყევლეს, წყევლა არ შეიძლება, ესაა სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ.

 

რას ითხოვს ან რა უნდა საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც დედის გინება ლოცვა ჰგონია? ამ „ჩემი დედა მ...ნ“ საზოგადოებას ის სურს, რაც სურს და რაც არ სურს, ისიც სურს! გაბუნიას შეუძლია იყოს სიტყვაში-ც თავისუფალი, სხვები უნდა ვიყოთ მონები. გაბუნიამ უნდა თქვას, სხვები უნდა დავდუმდეთ - ეს არის მთელი „ფილოსოფია“. გაბუნიასთვის ღმერთი და უფლის დედა, არის მეგობარი, ამიტომ ის მათ დასცინის, - ასე ესმის გაბუნიას მეგობრობა. გაბუნიამ სულთმოფენობა დღეს, საღამოს თქვა: „ნუ გეწყინებათ, როდესაც მე ვხუმრობ იესოზე, როგორც ჩემს მეგობარზე“, ამიტომ მას აზრად არ მოსვლია ბოდიში მოეხადა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც „ჩემი დედა მ...ნ“ საზოგადოების ნაწილისაგან განსხვავებით, ზუსტად იცის, რომ უფლის შეურაცხყოფა არ შეიძლება, მაგრამ ისინი ვერ მოაწყობენ „შარლი ებდოს“, ავტომატს ვერ „ააკაკანებენ“, თუმცა მათაც აქვთ უფლება, დაიცვან თავიანთი დედა, გამოხატვის უფლებაც აქვთ და როცა მათ არ აძლევენ აზრის გამოხატვის საშუალებას, სხვა გზა არ აქვთ: აგინებენ, აფურთხებენ, ემუქრებიან - ამაში ხედავენ გამოსავალს, ისევე, როგორც გაბუნია ცინიზმში. ასეთ ვითარებაშიც გაბუნია და „გაბუნიები“ რჩებიან მოგებულნი, იმიტომ კი არა რომ „გაბუნიები“ ბევრნი არიან, იმიტომ რომ უმრავლესობაა სუსტი! უბედურება ის კი არაა, რაც გაბუნიამ იკადრა, ასეთია ის და სხვაგვარად არ ძალუძს, სხვაგვარად ვერ ი-გაბუნიებს, შეუმჩნეველი დარჩება, ამიტომ აირჩია „სტილი“ - გახვრეტილი და ამოყირავებული, უბედურება ისაა, რომ „გაბუნიებს“ აქეზებენ „გაბუნიები“ და „გაბუნიები“ უკრავენ ტაშს, კოლექტიური გაბუნიები კი ძალადობენ „არაგაბუნიებზე“, რომლებიც უმრავლესობის მიუხედავად, არასწორად ხმაურისა გამო „ტრიალებს ბრუნავს“...

 

და ბოლოს, სულთმოფენობას, დილით, ტაძარში, მეუფე იობმა თქვა: „ადამიანი, რომელიც სულიწმინდის გარეშე არსებობს, არ არის ეკლესიური, არ ცხოვრობს შესაბამისად, ის არის მხდალი და მშიშარა. მაშინ, როდესაც ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე, მოციქულები სხვადასხვა ენაზე ამეტყველდნენ, სადაც უნდა ექადაგათ, სადაც უნდა განევრცოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, სადაც უნდა მოეთხროთ იესო ქრისტეს შესახებ. იმავდროულად ისინი შეიქმნენ ლომგულნი, დაკარგეს სიკვდილის შიში. სწორედ ეს არის სულიწმინდა, სწორედ ამით უნდა აღივსოს თითოეული ჩვენთაგანი. სახარებაში, საღმთო წიგნში, ჩვენ გვასწავლის უფალი „მდაბალთა მიეცემის მადლი“ ხოლო ამპარტავანნი სძაგს უფალს. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სიმდაბლე, თუ გვინდა რომ მოვიპოვოთ სულიწმინდის მადლი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ თავმდაბალნი ვიყოთ, მე შეგახსენებთ უფლის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს, რომ არასოდეს იტრაბახოთ გაკეთებული საქმეებით, რამეთუ „არა რა ძალ-გიძსთ ყოვად არცა ერთი“, ჩემს გარეშე არაფერი შეგიძლიათო. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ადამიანი ყოველთვის არის მიდრეკილი ცოდვებისაკენ, აქვს თავისი სისუსტეები, მაგრამ ჩვენგან რა არის საჭირო. სახარებიდან შეგახსენებთ, როდესაც უფალი მიდიოდა დავრდომილთან, ბრმასთან და ისინი სთხოვდნენ უფალო შეგვიწყალე, უფალო დაგვიფარეო, უფალმა იცოდა მას განკურნება რომ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც ეკითხებოდა რა გნებავთო. ის პირად ნებაში, თავისუფალ ნებაში, რაც ღმერთმა შექმნა, არ ზღუდავს ადამიანს, გამოხატვა იყო საჭირო. მხოლოდ გამოხატვა კი არაა საჭირო, ადამიანს აუცილებლად რწმენაც უნდა გააჩნდეს, იმისათვის რომ სასწაული მოხდეს, სულიერად რომ განიკურნოს. თუ ადამიანს სწამდა, ის ინკურნებოდა, ვისაც რწმენა არ ჰქონდა, სთხოვდნენ უფალს, შეწეოდნენ თავის ურწმუნოებაში. აი, ამის შემდეგ ინკურნებოდნენ ეს ადამიანები და უფალი მათ ეუბნებოდა: სარწმუნოებამან შენმა განგკურნა შენ. აი, ესაა ქრისტიანობა, ასე უნდა ავაგოთ ჩვენი ცხოვრება. თქვენ იცით 7 საიდუმლოს შესახებ, აი, სწორედ აქ მოქმედებს სულიწმინდა. მამა, ძე და სულიწმინდა ერთ არს, ამ სამებას ჭეშმარიტი სიყვარული აერთიანებს, იქ არც უპირატესია, არც უმცროსია, არამედ ისინი ერთნი არიან, ერთი დიდებით არიან შემოსილნი, ჩვენ ყოვლადწმინდა სამებას ვდღესასწაულობთ დღეს. ხშირად მის უწმინდესობას უთქვამს, რომ ამპარტავანი ადამიანის მკურნალი მხოლოდ ყოვლადწმინდა სამება არის, სხვანაირად ის ვერ განიკურნება, მაგრამ უფალი იმდენად მოწყალეა, რომ ასეთი ადამიანის განკურნება სურს და ასეთ შემთხვევაში ხორციელი დაცემის შემდეგ იწმინდება ეს ადამიანი, რომ განიწმინდოს ის ცოდვისაგან, ამპარტავნებისაგან. როცა უფალი ჩვენზე უშვებს ცოდვებს, განსაცდელებს, ეს ყველაფერი ჩვენი დამდაბლებისთვისაა, რომ დაგვანახოს რომ ჩვენ არაფერი ვართ, ჩვენ ვართ მტვერი, როდესაც ეს შეგნება იბადება ჩვენში მაშინ სულიწმინდის მადლით აღივსება ადამიანი, მაშინ გაძლიერდება, განმტკიცდება. ჩვენ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, თქვენ იცით რომ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფისთვის შევაჩვენე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. ზოგიერთები ამბობენ და ხსნიან რომ ეს მიდგომა არასწორი იყო, ეს როგორ შეიძლებაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თვით მოციქულებიც კი შეაჩვენებდნენ და წყევლიდნენ. ადამიანი, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დედა... ამათ ავიწყდებათ ის, რომ როდესაც ჯალალედინმა მეტეხის ხიდზე ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატები დააბრძანა, ასი ათასობით ქართველი ეწამა და არ შეურაცხყო ხატები. ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებმა, როგორ შეიძლება მოვითმინოთ ხატის შეურაცხყოფა. ღვთისმშობლის დამსახურებაა ჩვენ რომ გადავრჩით, დღეს ჩვენ ქვეყანა ვართ, ჩვენ ქართველები ვართ, ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამსახურებაა. დღევანდელ დღეს, წილისყრის შედეგად, მას შეხვდა საქართველო, საქართველოში უნდა წამობრძანებულიყო. საოცარი ის არის, რომ თავის წილხვედრ ქვეყანაში გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული, პირველი მოციქული და გამოატანა თავისი პირველი ხელთუქმნელი ხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახით. დედა ღვთისმშობელმა იზრუნა იმაზეც, რომ საქართველოში გამოაგზავნა იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე და დღემდე ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე. და სწორედ ამ დიდ წმინდანს შეურაცხყოფს ვიღაც პიროვნება, არარაობა, არაფრის მაქნისი ჩვენთვის, პირადად, თორემ ვიღაცეებისთვის შეიძლება რაღაცას წარმოდგენს. და, სწორედ ეს მოვლენები ააშკარავებს ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება. ადამიანების უმცირესობა რჩეულნი არიან, ისინი ემსახურებიან ღმერთს, თქვენი, მრევლის სახით. ვინც ეკლესიასთან არ არის, ის თავისთავად ემსახურება ეშმაკს. ჩვენ ვხედავთ რომ დაწყებულია ერის გაყოფა, ერი იყოფა ორად: არიან ეშმაკნის მსახურნი, ნაყროვანებით, ლგბტ წარმომადგენლები. დავინახეთ რომ ცოტანი არ ყოფილან, სად გაიზარდნენ, რომელ ოჯახში, სად მოხდა მათი ჩამოყალიბება, სად დავუშვით შეცდომა ჩვენ სამღვდელოებამ და ერის წარმომადგენლებმა, ოჯახმა, მთავრობამ და ყველამ, რომ ვიღაცეები ასე ჩამოყალიბდნენ. აშკარად ეკლესიის მტრები, აშკარად ეშმაკის მსახურები და მადლობა უფალს, უნდა დავინახოთ ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება. ზურგი უნდა შევაქციოთ ეშმაკის მსახურებს და დავდგეთ ღმერთთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, ასეთი მიდგომა უნდა გვქონდეს, სხვა გამოსავალი აღარ არსებობს“...

 

ცნობისთვის: რამდენიმე წლის წინ დირბის მონასტერს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და არსებული ნალესი მთლიანად მოიხსნა. გამოჩნდა ფრესკა სახელად „მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი“, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში უიშვიათეს ხატს წარმოადგენს. როგორც ამბობენ, ეს ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე ტაძარი ყოფილა და ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა, ხოლო მის რეზიდენციას დირბის მონასტერი წარმოადგენდა... დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას. ის ერთ-ერთია იმ ისტორიულ და სულიერ კერათაგან, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე აღდგა და აღორძინდა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით“, - წერს მეფარიშვილი.

 

 

ფოტოს და ტექსტის ავტორი დარეჯან მეფარიშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×