logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძის მთავარი გზავნილები
- +

18 ივნისი. 2018. 17:48

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სიახლისა და ცვლილებების სინონიმი ხდება.

 

მაშ ასე, ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული და თანამედროვე. ექსტრემალებისთვის ეს მხოლოდ სიტყვებია. თუმცა, სწორედ ასეთი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა ის ჯერ რკინიგზაში და შემდეგ უკვე ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს. მოელიან, რომ ინოვაციური და რეფორმატორული იქნება ის პრემიერის პოზიციაზეც.

 

„საქართველოს რკინიგზა“

 

2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

 

რკინიგზაში მისი მისვლით რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი გაგრძელდა და ეს შეეხო მთლიან ინფრასტრუქტურას.

 

პირველად სარკინიგზო მაგისტრალზე 40 მლნ ევროს ღირებულების პროექტი განხორციელდა და ქვეყანაში ორსართულიანი მატარებელი შემოვიდა. ის 530-მდე მგზავრზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე მოწყობილობით. აქვს ევროპული სტანდარტის ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემა.

 

ეს არის პირველი მატარებელი, რომელიც სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე, კერძოდ, ახალ მატარებელში არის შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები და სველი წერტილები, ხოლო საპირფარეშოში – ჩვილ ბავშვთა მოვლისთვის საჭირო სპეციალური მაგიდა.

 

„Stadler“-ის მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

 

მითოლოგიის სპეციალისტებმა ხმაური მაშინაც ატეხეს. დიდი სკანდალი იყო 40 მილიონ ევროდ შეძენილი „შტადლერის“ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებულ არც ერთ გვირაბში არ ეტევა და კატასტროფა გარდაუვალიაო. კიდევ ერთხელ დიდ ლოგიკას მითების ავტორებს ნუ მოსთხოვთ... თუმცა, ამ მაგალითმა კიდევ ერთხელ უნდა დაგარწმუნოთ, რამდენად შორს არის მითები რეალობასთან...

 

მამუკა ბახტაძემ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციისთვის   სოლიდური ფინანსები ევროფონდებიდან მოიზიდა. მოდერნიზაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. ეს იყო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება.

 

ისტორიული აბრეშუმის გზა

 

„აბრეშუმის გზა“ – ეს არის 5-ჯერ შემცირებული გზა აზიასა და ევროპას შორის. საქართველოსთვის კი ეს ნიშნავს მსოფლიო ეკონომიკურ მოვლენებში მონაწილეობას და ქვეყნისთვის დამატებით ინვესტიციებს.

 

როგორც ექსპერტები განმარტავენ, აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ზღვით ხდებოდა, რასაც საკმაოდ დიდი დრო, 40 დღე-ღამე სჭირდება. „აბრეშუმის გზის“ გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი იძლევა ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ბევრად სწრაფად და იაფად გადაზიდვის საშუალებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

 

ბრენდირებული ბლოკმატარებელი, სახელწოდებით „ნომად ექსპრესი“ ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანზიტით 2015 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა.

 

„დღეს „აბრეშუმის გზის“ დერეფანში პირველად განხორციელდა ტვირთის გადაზიდვა. მისი საწყისი წერტილი არის სამხრეთი კორეა, შემდეგ ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩავა თავის საბოლოო დანიშნულების წერტილში, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. ჩვენი მარშრუტი დაახლოებით ოთხჯერ უფრო ეფექტურია ტრადიციული ზღვის მარშრუტთან შედარებით“, – განაცხადა მაშინ „რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

 

თავისი მითოლოგია ამ ისტორიულ დღესაც მოჰყვა. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიებია და ამ ლაბირინთებში აღარ შეგიყვანთ.

 

მთავარი ის არის, რომ მამუკა ბახტაძემ დაინახა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს რკინიგზას ჰქონდა, თუნდაც მისი ადგილმდებარეობის გამო. როდესაც საქმე ეხება ტრანზიტს ცენტრალური აზიიდან (კასპიის ზღვის გავლით) და სპარსეთის ყურიდან (ირანის გავლით) აზერბაიჯანში და იქიდან, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ, საქართველო უკონკურენტოა.

 

ადგილმდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპასთან, თურქეთსა და დსთ-სთან, ისევე, როგორც უსაფრთხო და კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო, მიმზიდველს ხდის საქართველოს აზიური კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი პროდუქციის ევროპაში გატანის გზები იპოვონ – ასეთია ექსპერტების დასკვნაც.

 

ასე რომ, მამუკა ბახტაძემ სწორედ ამ უპირატესობებზე ააგო საკუთარი პოლიტიკა და დარგის განვითარება.

 

ფინანსთა სამინისტრო

დაინიშნა 2017 წლის ნოემბერში

 

ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. აქტიური კომუნიკაცია ქართულ ბიზნესთან – ასეთი მიდგომა მამუკა ბახტაძემ უკვე ფინანსთა მინისტრის პორტფელის მიღებისთანავე დააფიქსირა.

 

ამ პოსტზე მან ეკონომიკაში არსებულ თამაშის წესებზე გაამახვილა ყურადღება და ფოკუსირება მოახდინა საბანკო სისტემასა და სიღარიბეზე.

 

„ჭარბვალიანობამ“ ლამის ჯადოსნურ ტერმინად გაიჟღერა. სწორედ ამ ტერმინმა ის აქცია პოპულარულად და საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია. აქამდე ფინანსთა მინისტრები ძირითადად მხოლოდ ბიუჯეტის შედგენის დროს თუ ახსენდებოდათ.

 

„სიღარიბის გამომწვევი უსამართლო თამაშის წესები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ახალ რეგულაციებზე ალაპარაკდა:

 

„ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ეს, პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისთვის. ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ – დაახლოებით 630 ათასი ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა. შემცირებული განკარგვადი შემოსავალი, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება. ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალპროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი“, – დასამალი არ არის, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს საკითხი აწუხებთ და სტკივათ საქართველოში. ბევრმა სწორედ საბანკო სესხების გამო გაყიდა სახლი, წავიდა ემიგრაციაში... საბანკო სექტორთან ბევრი ადამიანის ტრაგედიაა დაკავშირებული. ამ ფონზე მამუკა ბახტაძის ინიციატივამ ბევრისთვის ოპტიმისტურად გაიჟღერა.

 

საერთაშორისო ინსტიტუტებთან მუშაობა მან კვლავაც წარმატებულად გააგრძელა. ადრე თუ პრობლემები იყო, ახლა მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები მზად იყვნენ, საქართველოს დაფინანსების პორტფელი გაეზარდათ.

 

საუბრობდა მოქალაქეებსა და ლომბარდებს შორის არაჯანსაღ ურთიერთობებზე და ამ სფეროში ახალი რეგულაციების შემოტანას უჭერდა მხარს.

 

პრემიერ-მინისტრობის მოლოდინში

დაინიშნება ერთ კვირაში

 

„ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით“, – სწორედ ეს ფრაზა თქვა პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ. 

 

საკუთარი გეგმა და პრიორიტეტები მან ოთხ პუნქტად ჩამოაყალიბა:

 

„პირველი – ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროპულ სივრცეში სრული ინტეგრაცია.

 

მეორე – ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით, ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს. შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიურ მდგომარეობას შორის.

 

მესამე – მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავდროულად მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო უწყებები, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით.

 

მეოთხე – განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა“.

 

საინტერესოა, რომ ფართო პროგრამის წარდგენამდე მის მთავარ გზავნილებში პირველი ადგილი საქართველოს საგარეო კურსმა დაიკავა. ის ასევე პირველია, ვინც ხაზგასმით საუბრობს განათლების რეფორმაზე.

 

მან ცხადად თქვა, რომ აპირებს, შეამციროს ის დისბალანსი, რომელიც ახლა ქვეყანაში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას შორის ფიქსირდება. ამის მიღწევას კი ინოვაციური და ფუნდამენტური რეფორმების გატარებით გეგმავს.

 

მთავარ გზავნილებს შორისაა  მცირე მთავრობის კონცეფცია და ინსტიტუციური კონტროლის გაძლიერება ანტიკორუფციული ხაზით.

 

პროგრამის მოკლე გზავნილებშია  განათლებაზე, ინოვაციასა და ახალგაზრდობაზე აქცენტირება.

 

მოლოდინები დიდია, ძირითადი მიმართულებები, საით შეიძლება წავიდეს ქვეყანა – დაანონსებული. მთავარი მიზანიც განსაზღვრულია – დემოკრატიულ განვითარებას ეკონომიკური განვითარებაც დაეწიოს და დისბალანსი შემცირდეს. ეს ამოცანა პოლიტიკური გუნდისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, „ქართული ოცნებაც“ სწორედ ისეთ ფიგურას ეძებს, რომელიც ამ მთავარ გამოწვევას უპასუხებს...

 

ამ ცვლილებით ნათელია, რომ პოლიტიკურ გუნდს ისეთი მთავრობის მოთხოვნილება აქვს, რომელიც სოციალურ უთანასწორობას უპასუხებს, სიღატაკეს შეამცირებს და თანასწორობაზე იქნება ორიენტირებული. 

 

 

ქეთი ხატიაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×