logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თინას კარნახით დაწერილი დათოს უსტარი მარგველაშვილს...
- +

6 ივლისი. 2018. 23:46

 

“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართავს. მარგველაშვილის სახელზე დაწერილ ღია წერილში, რბილად რომ ვთქვათ, იმდენი შეუსაბამობაა, უკომენტაროდ ვერ გთავაზობთ.

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პირდაპირ, მოურიდებლად, აგრესიულად იწყებს თავის ღია წერილს:

 

"ვითარება რთულია - ქვეყანა თავზე გვექცევა... გამოსავალი არსებობს, თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას"!

 

ვერაფერს იტყვი, ტონი სერგო ორჯონიკიძისეულია - მოსკოვი, კრემლი, ამხანაგ სტალინს, თბილისის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს, გილოცავთ"!

 

სერგოს დავანებოთ თავი, მას უკვე ჩააკვდა ძაღლი სულში, დავითის მცნებებს დავუბრუნდეთ. ესე იგი, ვითარება რთულია და ქვეყანა თავზე გვექცევა, არა? კი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, როდის აქეთ გართულდა ვითარება, შარშანწინდელს აქეთ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე აღარაა, თუ უფრო აქეთ, რაც მისი ცოლი თინიკო თავდაცვის მინისტრი აღარაა? 2012 წლის შემდგომ, რაც ცოლი და ქმარი კაი-კაი თანამდებობაზე იყვნენ, მაშინ ვითარება ნეტა არ იყო რთული?!

 

მეორე წინადადებაშივე ბატონი უსუფაშვილი წინააღმდეგობაში ვარდება:

 

"ვითარება რთულია: - ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ოცნება ვერ პატრონობს, ნაცმოძრაობა არყევს და რუსეთი ანგრევს;

 

- ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების უნარი, ნება და რწმენა სახიფათო ნიშნულამდე დასცა;

- ”ქოც-ნაცურ-პრორუსული“ მტრობით, ფლირტით და სპარინგ-პარტნიორობით დომინირებული პოლიტიკური პროცესი ცალკეულ პოზიტიურ მოვლენებსაც და უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც უკვალოდ შთანთქავს;

- ისედაც მცირერიცხოვანი ერის უდიდესი ნაწილი უსასოობისა და უიმედობის გამო ქვეყნიდან გარბის, ან საქვეყნო საქმეებს ემიჯნება".

 

კარგად გაიგონეთ, ხომ? "ნაცობა" არყევს, რუსეთი ანგრევს, ხოლო "ქოცობა" ვერაფერს შვრებაო. კი, მაგრამ ეს ის კაცი არაა, სამი თუ ოთხიოდე წლის წინათ რომ ამტკიცებდა, "ნაცობის" შენარჩუნება ჩვენი პრიორიტეტიაო? იქნებ ეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაციაც ჩვენ შემოვიღეთ და დავითი არაფერ შუაშია? ჰოდა, მაგისი მეუღლე არ იყო, რომ იძახდა, კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთაო? უი, უკაცრავად, ახლა ესენი აღარ არიან კაი-კაი სავარძლებში და სიტუაცია უკიდურესად გართულდა, ხომ? მეტიც, ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხომ?!

 

ბატონი უსუფაშვილი განაგრძობს, ამ ქვეყანაში რეალიზებას ვერ ვახდენთო:

 

"დესტრუქციისა და ქაოსის გამო შესაძლებლობების 15-20%-ის რეალიზებას თუ ვახერხებთ, არადა საქვეყნო და კერძო პრობლემებთან გასამკლავებლად 100%-იან ზღვარზე საქმიანობა გვმართებს;

 

- მწიფდება დაუშვებელი... გამოსავალი არსებობს: - ასამდე საქართველოს პატრიოტი და ევროპული ყაიდის პროფესიონალი ვწყვეტთ ემოციურ მოთქმა-გოდებასაც, ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებსაც, ვიწრო პერსონალურ მეწყინა-მეტკინასაც, უშედეგო ინდივიდუალურ გმირობებსაც და ერთად მივდივართ პროფესიულ პოლიტიკურ სამსახურში;

 

- ოცდაათწლიან პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ოცდაათწლიანთა თაობის შემართებაზე და ათასობით თანადამფუძნებელ პროფესიონალზე დაყრდნობით ვქმნით ახალ ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალას, რომლის გენეტიკურ კოდში იდება: ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა, კონკურენცია და არა მტრობა, პრინციპულობა და არა სიჯიუტე, ღირსება და არა ამპარტავნება, ჯერ პროგრამა და მერე ხელისუფლება, ჯერ ქვეყანა და მერე პარტია;

 

- ვიმარჯვებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყანა გადაგვყავს თავისუფლების, კეთილდღეობის და უსაფრთხოების ევროპული სტადარტების შეუქცევად გზაზე, რომელზეც კანონთან პირნათელი ყოველი ქართველისთვის იქნება ღირსეული ადგილი და თანაბარი შესაძლებლობა.

ეს არ არის ოცნება. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ კომპონენტებს, რესურსებს და ეტაპებს:

 

საქმის დასაწყებად საჭირო ათამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურა არსებობს, თუმცა, ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კვანძის გახსნას ელის;

 

საქმის გასაძღოლად საჭირო ასამდე კვალიფიციური და წესიერი თანალიდერი არსებობს, თუმცა, ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებიან პოლიტიკური აქტიურობისთვის და ელის საქმის სათანადოდ დაწყებას;

 

საქმის საკეთებლად საჭირო ათასობით მაღალი ზნეობისა და კვალიფიკაციის პროფესიონალი აქტივისტი არსებობს, თუმცა, დღეს ჩრდილშია, პასივშია, უმოქმედოა, გაქცეულია საჯარო ცხოვრებიდან და ელის საქმის სათანადოდ გაძღოლას;

 

საქმის გასამარჯვებლად საჭირო ასობით ათასი დამშვიდების, გამთლიანების, სამართლიანობის და ზნეობრიობის მსურველი მოქალაქე არსებობს და ელის სათანადო საარჩევნო შეთავაზებას, რათა მას მხარი დაუჭიროს.

 

ამ გეგმაში საპრეზიდენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი როლი ენიჭება - საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში საპარლამენტოს სტარტია. ახალი პოლიტიკური ძალისთვის ამ ეტაპზე მოპოვებული უპირატესობა გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს “ნაც-ქოცურ-პრორუსულ“ მედია-ფინანსურ-ადმინისტრაციულ კონგლომერატებთან მომავალ ბრძოლებში.

 

შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატის, მისი კამპანიის და ქმედებების მოქცევა ამ გეგმის ჩარჩოებში. მაგალითად, კამპანიის პროცესში კანდიდატი მუშაობს არა მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე, არამედ გუნდის ფორმირება-გაძლიერებაზეც. ასევე, თუ გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი სრულად წყდება პოლიტიკურ გუნდს, დამარცხების შემთხვევაში იგი სრულად ხმარდება მას - ყოველი მიღებული ხმა გაორმაგებული მიაქვს საპარლამენტო არჩევნებამდე.

 

მე ამ მიდგომით და ხედვით გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამავე მიდგომებს და ხედვებს დაექვემდებარება ჩემი შემდგომი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის, სხვა კანდიდატისთვის შესაძლო მხარდაჭერის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის თაობაზე.

 

მოგმართავ, განიხილო შენი მონაწილეობა ამ გეგმის დახვეწაშიც და შესრულებაშიც. თუ მზად ხარ, იყო ესოდენ საჭირო ახალი პოლიტიკური პროექტის თანაინიციატორი და შენი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები ამ ურთულესი საქმის ინტერესებს დაუქვემდებარო, ნატო-ს სამიტის შემდეგ მალევე ვისაუბროთ, მათ შორის, ამ საქმეში შენს დღევანდელ თუ ხვალინდელ როლზე.

ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მითუმეტეს, რომ არც მოსვლა იყო შენი ოცნება. ისიც ვიცი, რაც ძალიან ცოტამ იცის... მაგრამ შენც და მეც ისეთ საქმეში მოგვიწია ყოფნა, რომ ჩემი, შენი და ჩვენი ვალია სახელმწიფო-პოლიტიკური ცხოვრებას კი არ გავერიდოთ, არამედ ჩვენს ჩანაცვლებაში ჩვენზე უკეთესებს დავეხმაროთ. მე, სხვებთან ერთად, ამას ვაკეთებ. ერთად გავაკეთოთ".

 

ძალიან შორიდან მოუარა ბატონმა უსუფაშვილმა, მოუარა და ბოლოს მაინც ამოღერღა, პრეზიდენტობა მინდა, თუ გვერდში დამიდგები ივანიშვილის წინააღმდეგ, შეიძლება ორივეს ერთად რაღაცა გამოგვივიდესო. კიდევ ასი კაცი გვჭირდება, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, როგორ გავამარტივოთ გართულებული სიტუაციაო. ნუ, პრინციპში, საკითხი მარტივია, თუ უსუფაშვილი გახდება პრეზიდენტი, ვითარება ეგრევე განიმუხტება, ოღონდ უსუფაშვილისთვის და ხიდაშელისთვის. მე თუ მკითხავთ, ამ წერილის დაწერა უფრო მოკლედაც შეიძლებოდა... მაგალითად, ასე: თბილისი, პრეზიდენტის სასახლე, გიორგი მარგველაშვილს, ვითარება რთულია, პრეზიდენტობა მინდა, დამეხმარე, შენც კარგად იქნები და მეც". სულ ესაა პარლამენტის ყოფილი უფროსის წერილის სინაარსი.

 

და ბოლოს... ალბათ გახსოვთ, ამას წინებზე ბატონი დავითი რამოდენიმეჯერ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში "გაიჩითა". ჩემი ღრმა რწმენით, ის ირაკლი კობახიძეს საპრეზიდენტო კანდიდატობაზე "ეჩალიჩებოდა", მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელი გზა აღარ აქვს, ბედი ასე სცადა. როცა უარი მიიღო, წამოვიდა და ახლა მარგველაშვილს "ეჩალიჩება", ჩემ კანდიდატურას წარვადგენ და მხარი დამიჭირეო. არა მგონია, აქედან რამე გამოვიდეს, რადგან უსუფაშვილის, მარგველაშვილის და კიდევ ასი კაცის გადადნობის შემთხვევაში მივიღებთ 1,5 პროცენტს.

 

რაღა დაგიმალოთ და... რატომღაც მგონია, რომ ეს წერილი თინას კარნახითაა დაწერილი.

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×