logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ელვარე მაჭუტაძე, ბრწყინვალე გრიგოლი და გენიალური ბაქრაძე
- +

23 ივლისი. 2018. 21:09

 

თქვენი არ ვიცი, მეგობრებო და... მე უკვე დავიბენი - სანამ გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ 10 იმანო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძეს წარმოადგენდა და ქებით ძირს გააგდებინებდა, სულ მეგონა, ნიკა მაჭუტაძეს დაასახელებდა. არ მოხდა ასე, ელვარე მაჭუტაძეს ბრწყინვალე ვაშაძე ამჯობინეს. პრინციპში, რა განსხვავებაა? თუ გრიგოლში არის ბრწყინვალება, ნიკაში ვხედავთ განუმეორებელ ელვარებას და ახალგაზრდულ ენერგიას. მართალია, ამ ახალგაზრდული ენერგიის გამო აზროვნებაში ჭედავს, მაგრამ ეს ბუნებრივია - აბა, როგორ გინდათ?!

 

და მაინც... რა მოტივით ამჯობინეს ვაშაძე მაჭუტაძეს? ჰმ... უფრო გამოცდილიაო, ბრწყინვალე დიპლომატი გახლავთო, კეთილშობილი ადამიანიო. ოჰ, ეს გამოცდილება!!!

 

სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ, როდის, სად და რა ვითარებაში გამოავლინა ბატონმა ვაშაძემ თავისი ბრწყინვალება, განათლება, ერუდიცია და კეთილშობილება, მაგრამ განა ამას აქვს მნიშვნელობა? მე თუ ვერ ვიხსენებ, სხვები იხსენებენ - აი, რუსეთის მოქალაქის პასპორტი რომ ედო ჯიბეში 2008 წლის ომის პერიოდში, როგორც კი ომი დამთავრდა, ეგრევე გადააგდოო. მერე რა, თუ ედო, ახლა ხომ აღარ უდევს?!

 

ჰოდა, იმას ვამბობდი... სულ რომ მეგონა, მაჭუტაძე გახდება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და ივერიაც გაელვარდება-მეთქი, უცებ ვაშაძე არ შემომიგდეს? ეგ კიდევ არაფერი, ამ "გაევროპელებულმა საქართველოელებმაც" მთლად ამრიეს და დამრიეს - გენიალური დავით ბაქრაძე გამოიყვანეს ასპარეზზე. მითხარით, რა ვქნა, რა გავაკეთო, რომელი ავირჩიო? ჩემზე რომ იყოს, ორივეს ავირჩევდი, განა ორი გენიალური პრეზიდენტი ცუდია? ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ერთიც არ ჰყავს, ჩვენ კიდევ ორი გვყავს, თანაც გენიალურები და ბრწყინვალეები. მოკლედ, გვეშველა, საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, რომელსაც ბრწყინვალე უწოდეს (გიორგი), ახლა კი ერთდროულად გამოჩნდა რამდენიმე. გავა საუკუნეები და შთამომავლობა ამაყად გაიხსენებს გრიგოლ ბრწყინვალეს, აღნიშნავს მის გაკეთებულ საქმეებს. აპა, როგორ?!

 

თქვენი არ ვიცი, მეგობრებო და... მე უკვე გამიჩნდა დიდი თავსატეხი - არ ვიცი, ამ არჩევნებში უპირატესობა ბრწყინვალებას მივანიჭო თუ გენიას? აგერ, აჭარის სახელოვანი შვილი - მურმან დუმბაძე ჩამჩიჩინებს, ვაშაძის ბრწყინვალება ერთადერთი და განუმეორებელიაო, "დაჟე" მზეც აღარ დაგვჭირდება, თვითონ გაანათებსო. თუმცა გიგილო უგულავა საპირისპიროს ამტკიცებს, მაგას ბატარეები დამჯდარი აქვს, ვერ გაანათებს, ბაქრაძე კი თავისი გენიით იმდენს იზამს, ახალ მზეს გამოიგონებსო. სხვათა შორის, არის უგულავას ნათქვამში რაციონალიზმი და რომანტიკა. ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დრო, როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებ, ეგრევე გაცნობებთ.

 

ჰო, კინაღამ დამავიწყდა... ვაი, ჩვენს პატრონს! 

 

გელა ზედელაშვილი

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×