logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ხაშალი ცხვარი!
- +

6 აგვისტო. 2018. 23:39

 

"გირჩისთავი" ზურაბ ჯაფარიძე მის უწმინდესობას, ილია მეორეს საბჭოთა წყობილების აღდგენის მცდელობაში ადანაშაულებს. მას შემდეგ, რაც პატრიარქმა განაცხადა, მარიხუანას მოხმარებაზე ნებართვის გაცემა ერის ტრაგედიააო, ჯაფარიძემ, რომელიც ბავშვობიდან კაიფობს, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთი რამ დაწერა:

 

"საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ვთქვი - ამით მნიშვნელოვნად დავშორდით საბჭოთა კავშირს-თქო, რამდენიმემ მომწერა - ეგ რა შუაშიაო, მთავარი განსხვავება "საბჭოთა კავშირსა" და თავისუფალ საზოგადოებას შორის მდგომარეობს იმაში თუ როგორ უყურებს ეს ორი სისტემა ადამიანს. თავისუფალი საზოგადოება ნიშნავს რომ სისტემა საკუთარ შემადგენელ კომპონენტებს უყურებს როგორც ადამიანებს - თავისუფალ არსებებს, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. "საბჭოთა კავშირი" ნიშნავდა სისტემას რომელიც ადამიანებს თვლიდა არა ადამიანებად, არამედ რაღაც არსებებად, რომელიც უნდა ემართათ ძლიერთა ამა ქვეყნისა, რადგან თუ ამ არსებებს მისცემდნენ თავისუფლებას, ისინი თავს დაიღუპავდნენ იმ დაშვებიდან რომ ადამიანები სინამდვილეში არ არიან ადამიანები, ანუ თავისუფალი არსებები, არამედ არიან სამართავი ხროვა - ერთი ნაბიჯია ადამიანების ხოცვამდე, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად, ეს იყო საბჭოთა კავშირი. ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი - ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ ადამიანი თავისუფალია აკეთოს რაც უნდა ის თუ სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ასეთი ქმედებებისთვის ადამიანი დასაჯოს. ანუ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართო, აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო, ეს ადამიანი კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, ის ფიქრობს რომ მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა არის ცუდი, ის ფიქრობს რომ მან უნდა "დაგრთოთ ნება" ქმედებისთვის, რომლითაც არავის აყენებთ ზიანს, ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას, ის სრულად განასახიერებს იმას რაც იყო საბჭოთა კავშირი".

 

არეული წინადადებებიდან, სტილისტური შეცდომებიდან და სასვენი ნიშნების აცაბაცა დასმიდან აშკარად ჩანს, რომ როცა ზურაბ ჯაფარიძე ამ აბდაუბდას წერდა, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ გახლდათ. თუ ასეა, მაშინ არც ღირდა ამ ნაბოდვარზე ყურადღების გამახვილებაო, იტყვით თქვენ და მართლებიც იქნებით, მაგრამ აქ არის ერთი ფრაზა, რომელიც აუცილებლად ითხოვს განმარტებას. ასეთი რამ ბოლო დროს სხვების პირიდანაც მომისმენია: "ის (პატრიარქი, - რედ.) გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას, ის სრულად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი".

 

რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამაზე? ქართულში არსებობს სიტყვა "ხაშალი", რაც ნიშნავს მჭლე, გამხდარ, ავადმყოფ ძროხას, ცხვარს და ასე შემდეგ. ჯავახური ლექსიკონის თანახმად, ხაშალს იტყვიან ხოლმე გულშემპალ ხეზეც და ადამიანზეც, რომელიც შიგნეულს იტკივებს, უფრო ფილტვებით რომ არის დაავადებული.

 

ჰოდა, მეცხვარეებს აქვთ ასეთი წესი, ხაშალ და კოჭლ ცხვარს ფარაში არ ურევენ, საძოვარზე არ უშვებენ, იქვე ბინასთან ახლოს ტოვებენ და თავიანთებურად მკურნალობენ. როდესაც "გირჩის" მიერ ჯარიდან დახსნილ 4900 წვევამდელზე ლაპარაკობენ, ხაშალი და კოჭლი ცხვრები მახსენდება, თავად ზურაბ ჯაფარიძე კი მათი ე.წ. ატამანია, რომელსაც საბჭოთა კავშირის აღდგენისა ეშინია. მეტიც, მას კრუნჩხვები ეწყება მაშინ, როცა ილია მეორე ჩვენ გვთვლის არა ადამიანებად, არამედ ფარად. მე პირადად, როგორც "ფარის" წევრს, არასოდეს მიგრძვნია მწყემსმთავრისგან შეურაცხყოფა, დამცირება ან მსგავსი მოპყრობა, არც საბჭოთა კავშირის აღდგენისა შემშინებია, რადგან ეს შეუძლებელია. აი, აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ხაშალი ზურაბ ჯაფარიძე მძიმედაა ავად და მკურნალობა სჭირდება. ეგ რომ განიკურნება, მანამ არაფერი გეტკინოთ, მაგრამ მაინც.

 

გელა ზედელაშვილი

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×