logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ქალი მამაკაცის ხელქვეითი კი არა, ამხანაგია!
- +

13 აგვისტო. 2018. 04:04

 

 

აი, თითქოს ცოტა მინელდა რუსეთის თემა, "ვინ დაიწყო ომი"-ს გარჩევა და... ისევ აღშფოთდა ერი!

 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, კანონიდან ცნება "ოჯახის უფროსი" უნდა ამოვშალოთ, სირცხვილია, გარეთ 21-ე საუკუნეა, აღარ გვეკადრება, ბოლოს და ბოლოს, ქალი და კაცი თანასწორნი არიანო!

 

სახალხო დამცველს ყველაფერი აკადრეს, რის კადრებაც შეიძლებოდა - უწოდეს მოღალატე, კახპა, ნაძირალა, გათახსირებული, გადაგვარებული და ასე შემდეგ!

 

სახალხო დამცველი ლანძღეს, ტალახში ათრიეს (პროცესი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა) კდემამოსილმა ქალბატონებმა და ეროვნული ღირებულებების დამცველმა ვაჟკაცებმა. არადა, ერის ამ ნაწილმა ლომჯარიას განცხადებამდე არც კი იცოდა, ოჯახის "უმფროსის" სტატუსი კანონით თუ იყო განსაზღვრული. მეტიც, ერის 99-მა პროცენტი აზრზე არ იყო!

 

მოკლედ, დაიწყო და რა დაიწყო: "ქართველობას გვართმევენ"! "როგორ, ოჯახში კაცი არ უნდა იყოს უფროსი"?! "მიგვიფურთხებია იმ ოჯახისთვის, სადაც კაცი არ არის უფროსი"! "არა, ძმაო, მე იმ ოჯახში არ შევალ, სადაც კაცი არ ითვლება უფროსად"!

 

ამ კამპანიაში ყველაზე მეტად აქტიურობენ ქალები - "დიახაც, მე მჭირდება უფროსი"! "რას ჰქვია, ქალი მამაკაცის თანასწორია? ეს რა სიბეცეა"?! "ხალხო, გამოვიდეთ ქუჩაში, ჩვენს კაცებს უფროსობის ტიტულს ართმევენ, კაცებს აკნინებენ"!

 

დავუშვათ, ხვალვე ამოვშალეთ სიტყვა "უფროსი" კანონმდებლობიდან, რა შეიცვლება? არც არაფერი, ზოგ ოჯახში ისევ კაცი იქნება "უმფროსი", ზოგში კიდევ ქალი. ძალიან ბევრი კაცი ისევ მხართეძოზე იქნება წამოწოლილი და დაელოდება ცოლის, ანუ ქალის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილ "მაყუთს", რათა ლუდითა და არყით გამოიბრუჟოს, მერე კი ცოლის ნაყიდი ჯიპით "იმარიაჟოს"!

 

აეგ არი, არაფერიც არ შეიცვლება - ვინც დილა-საღამოს თავში უბრახუნებს თავის ცოლს, შეუძლია, ისევ უბრახუნოს იმ მოტივით, რომ ოჯახის "უმფროსია". ვინც ამას იტანს მთელი ცხოვრება, ისევ აიტანს იმ მოტივით, რომ მისი ქმარი ოჯახის "უმფროსია"!

 

რაც შეეხება ნორმალურ ოჯახებს, იქ ისევ იქნება სიყვარული, ჰარმონია, გაგება და წარმატებები. რა საჭიროა ასეთი აღშფოთება და ჭკუიდან გადასვლა? რა, ვინმე გივარდებათ ოჯახებში და "უმფროსის" ტიტულს გართმევთ? ამ ტიტულის კანონით განსაზღვრა  მართლა ანაქრონიზმი და ჩამორჩენილობაა. თუ ოჯახში არსებობს "უმფროსის" სტატუსი (კანონით), მაშინ უნდა არსებობდეს "უმფროსის მოადგილის" სტატუსიც, "განყოფილების გამგის" სტატუსიც, "თანაშემწის" სტატუსიც და ასე შემდეგ.

 

აქ ერთი ცნობილი ანეგდოტი მახსენდება. შვილი ეკითხება მამას:

 

- მამა შენ რომ მითხარი, ოჯახი სახელმწიფოაო, ეგ როგორ?

- როგორ და მე ვარ პრეზიდენტი, დედაშენი ძალაუფლებააა.

- მაშინ ბებია ვინაა?

- შვილო, ბებია დაზვერვაა.

-მე და ჩემი ძმა ვინ ვართ?

- ოოო... თქვენ მოქალაქეები ხართ.

გავიდა დრო, მამა წავიდა მივლინებაში.

ცოტა ხნის შემდეგ შვილი ურეკავს და ეუბნება:

- მამა, შენ რო წახვედი, მაგის შემდეგ ძალაუფლება სხვა კაცმა ჩაიგდო ხელში, დაზვერვას ძინავს და ჩვენ მოქალაქეებმა რა ვქნათ?!

 

დიახ, როდესაც ოჯახში ძალაუფლებას სხვა კაცი იგდებს ხელში, "უმფროსი" მივლინებაშია და ამ დროს დაზვერვას სძინავს, რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა? საკითხავი, აი, ეს არის!

 

დამშვიდდი, ერო, ყველამ საკუთარ ოჯახს მიხედოს... კანონში კი უნდა ჩაიწეროს, რომ ქალი მამაკაცის მეგობარია, ან ამხანაგია. მაპატიეთ, აქ ვხუმრობ, ქალი ღვთაებაა, რომელსაც არანაირი სტატუსი და განსაზღვრება არ სჭირდება, ვისაც ეს არ ესმის, ისედაც დაკნინებულია და აწი ვეღარაფერი უშველის!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×