logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ოოო, მელანო, მელანო! ისევ ეწევი პაპიროსსა?“
- +

13 აგვისტო. 2018. 14:06

 

„ოოო, მელანო, მელანო! ისევ ეწევი პაპიროსსა?“

*********************************************************

 

ოცამდე „საყვედური მივიღე“ იმის თაობაზე, რომ მხოლოდ კომენტარად დავტოვე და არ გამოვაქვეყნე დამოუკიდებელ პოსტად ის პაწია „დიალოგი“ ბატონ გიორგი ნიშნიანინიძესთან, ჩემს „ფეისბუქელ“ მეგობართან, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

 

აი, ამ „გასაუბრების“ ტექსტიც:

 

გიორგი ნიშნიანიძე: სალომე ზურაბიშვილის მინისტრობისას 2006 რუსებმა სამხედროები და ტექნიკა გაიყვანეს საქართველოდან. პროვოკატორ ნიკა გვარამიას დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ ცრუსთავი 2 ომი დაიწყო ფოსტალიონმა /ნოდარ დუმბაძე მე ვხედავ მზეს/

 

ნუგზარ ფოფხაძე: გიორგი ბატონო, თუ არ მიწყენთ, გულწრფელად გეტყვით, რომ რბილად რომ ვთქვათ, არ არის კორექტული (და დაზუსტებას მოითხოვს) ეგ შეხედულება და შეფასება, რაც ქვეტექსტით ეთანხმება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მისი პირადი ძალისხმევით მოხდა რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.

 

ამას მხოლოდ თქვენ არ სცოდავთ. „ფეისბუქი“ სავსეა ქალბატონ სალომეს მომხრეთა აღტაცებული ყიჟინით ამ თემასთან დაკავშირებით.

 

... იმ დროს, როცა რუსეთის ჯარების გაყვანის პრინციპული გადაწყვეტილება(!!!) მიიღეს სტამბულის სამიტზე (1999 წ. 18 ნოემბერი), ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, არცთუ გადამწყვეტ(!) თანამდებობაზე. არამცთუ მას, იმ დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა, რაიმე, სულ პაწია შეხებაც კი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცხოვრებისთვის ამ გადამწყვეტ და ისტორიულ მოვლენასთან.

 

ასე რომ, ნუ დაიბრალებს ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომ მან აიძულა(!!!) პრეზიდენტები: კლინტონი, ელცინი, დემირელი და შევარდნაძე ხელი მოეწერათ ამ გადაწყვეტილებაზე.

 

ასევე, მას, ფრანგ მოქალაქეს (ვიმეორებ: იქაური საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთერთ ჩვეულებრივ თანამშრომელს) და ამ ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობას არ (!!!) დაუდგენია(!!!), რომ გაყვანის პროცესი დასრულდებოდა 2006 წლის 1 იანვრამდე...

 

რეალურად ეს „გაყვანა“ მოხდა მხოლოდ ნაწილობრივ(!!!!!!), რამეთუ გუდაუთის და ეშერის ბაზები ხელუხლებელი დარჩა. ქართული დიპლომატიის ამ "ჩავარდნაში" (რუსეთის მხრიდან სტამბულის სამიტის გადაწყვეტილების "ფეხებზე დაკიდება"), არც თუ მცირე დამსახურება მიუძღვის მის ყოფილ კოლეგას ბატონ ლავროვს, რომელმაც "სუფთად" მოუგო მის მოწინააღმდეგეს, "ბრწყინვალე"(!!!) დიპლომატს.

 

აი, ამ "მარცხის" გახსენება კი უჭირს ქალბატონ კანდიდატს, არადა, უპრიანი კი არის „დაიბრალოს“ და აიღოს საკუთარ თავზე მორალური პასუხისმგებლობა ქალბატონმა "ძალისმხმეველმა" - ქართული დიპლომატიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, რომელიც დღემდე აღტაცებულია თავისი "კერპით" თუ "იდეალით" - ოკუპანტი ქვეყნის "ბრწყინვალე დიპლომატის" პროფესიონალიზმით. ეს მიდგომა, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, რიტორიკულია. ნეტავი, მართლა ისე იყოს მოწყობილი ეს ქვეყანა და მსოფლიო, რომ ერთ პიროვნებას, რაგინდ უმაღლეს თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს ის, შეეძლოს მსგავსი საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება. ასეთი ერთპიროვნული "გმირობის" გამონაკლისი, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენში, ისიც ან პრეზიდენტი ან ამ პოსტის მაძიებელი ერთი რომელიმე კანდიდატი შეიძლება აღმოჩნდეს.

 

დღესავით ნათელია, რომ მაშინ, ვინც არ უნდა ყოფილიყო საგარეო საქმეთა მინისტრი (ვინმე სიკინჭელაშვილი თუ ვინმე ზურაბიშვილი), მას თანამდებობრივად მოუწევდა ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო ფორმალური სამუშაოების ჩატარება (ანუ, კოლექტიურ "ლავროვთან" სატელეფონო თუ წერილობითი კომუნიკაცია და... მისდამი, როგორც "ბრწყინვალე დიპლომატისადმი" სიმპათიებით განწყობა).

 

ასე რომ, როცა ნებისმიერი ჩინოსანი, მათ შორის, პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატი, წარბის შეუტოკებლად, საკუთარი (და არა მხარდამჭერთა) პირით აცხადებს, რომ მისი პირადი, პიროვნული ურთიერთობებით, რაღაც ზებუნებრივი მონაცემების გამოყენებით თუ ძალისხმევით მოხდა ჟანდარმი და ოკუპანტი სახელმწიფოს კბილებამდე შეიარაღებული კონტიგენტის და სათანადო ტექნოლოგიურად აღჭურვილი ბაზების გაყვანა-დახურვა, არის, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ე.წ. დამსახურების გაზვიადების მცდელობა, ხოლო ხისტად - ელემენტარული ცრუპენტელობა და მოსახლეობის (ამომრჩევლების) უტიფრად დაბოლება.

 

ვიმეორებ: ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იქნებოდა, უნდოდა თუ არა, მოწონდა თუ არა, აუცილებლად გახდებოდა მონაწილე ამ პროცესის. ისე, თუ "თამაში"და ბაქი-ბუქობა გვინდა, მაშინ ქალბატონ სალომეს ლოგიკით უფრო უპრიანი იქნებოდა ეს "დამსახურება" პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მიგვეწერა. და ეს ჩვეულებრივ მოვლენად ჩაითვლებოდა და არც არავის გაუკვირდებოდა ისევე, როგორც ნატოს კარზე მიკაკუნების, ავტობანის მშენებლობის მსოფლიო ბანკთან პრინციპული გადაწყვეტილების ავტორის - ედუარდ შევარდნაძისთვის, ბათუმის უმნიშვნელოვანესი "გვირაბის - ასლან აბაშიძისთვის და არაერთი კაი საქმის ავტორობის სხვებისთვის "ჩამორთმევა" და საკუთარ დამსახურებათა ყულაბაში "ჩაჩხრიალება". ნუ აღარფერს ვამბობ, ქართული სახელმწიფოს შექმნაზე და... რისი დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, გიორგი ბრწყინვალე, პატარა კახი...

 

დასკვნა: დროა, ყველა მორჩეს პოლიტიკურ კეკლუცობას და ელემენტარულ ცრუპენტელობას და, რა თქმა უნდა, ეროვნული გმირის მანტიის მოსხმას...

 

P.S.: „ტაბულა“ - ტელეეკრანზე „მძიმე კაცთან“ საუბრისას (26 ივნისი, 2014 წ.) ქალბატონმა „პრეზიდენტობის კანდიდატმა“ წამყვანის შეკითხვის პასუხად გვამცნო, რომ... თურმე, ერთხელ(!) მოუწევია მარიხუანა და არ მოწონებია. ასევე, ერთხელ(!) დაუყნოსავს კოკაინიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც არ მოწონებია.

 

ფაქტების (მაგალითად, რუსის ჯარის გაყვანასთან დაკავშირებული) სიზუსტესთან ქალბატონი "პრეზიდენტობის კანდიდატის" მეტისმეტად ფაქიზი დამოკიდებულება რომ ვიცი, ნურავინ დამძრახავს იმის გამო, რომ პაწია ეჭვი შევიტანო მის გულწრფელობაში...

 

ჰოდა, დავწერე თუ არა ეს სტრიქონები და უცებ გონებაში ამოტივტივდა მსახიობ ვ.ნინუას პირით გაჟღერებული "სასიძო კნიაზის" ერთი რეპლიკა კინო-ფილმიდან "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ": "ოოო, მელანო, მელანო! ისევ ეწევი პაპიროსსა?"

 

ამ რეპლიკის შემდეგ მე ისღა დამრჩენია კვლავ შევძახო: ტაში, კუკური!!!

 

 

საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა სტამბულის სამიტზე ( 18 ნოემბერი, 1999 წელი) რომელზედაც გადაწყდა საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო სამხედრო ბაზებისა და კონტიგენტის გაყვანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×