logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „გრუს „ბებერი გენერლის“ არქივიდან...
- +

21 აგვისტო. 2018. 22:39

20 აგვისტოს, 20.56 წუთზე დადებული ჩემი მასალა: „გრუს „ბებერი გენერლის“ არქივიდან...

 

********************************************

 

მოსკოვი, 1991 წ. 19-21 აგვისტო.

 

„გე-კა-ჩე-პე“ - ს „პუტჩის“

 

+++++++++++++++++++

 

პირველი ფოტო 1991წლის 19 აგვისტოს, გვიან საღამოს არის გადაღებული. ფოტოზე: ედუარდ შევარდნაძე, ედუარდ საგალაევი და, წინა პლანზე, თქვენი მონა-მორჩილი.

 

 

შევარდნაძის მოგონებათა წიგნში მეტ-ნაკლები სიზუსტით არის აღწერილი, თუ რა „სამხედრო ეშმაკობა“ მოვიგონე მე, რათა სახლიდან „გამეპარებინა“ ბატონი ედუარდი ისე, რომ მის ერთობ ფრთხილ და ეჭვიან მეუღლეს, ქალბატონ ნანული არ „გაეშიფრა“ ჩანაფიქრი, თორემ ისეთ „პანიკა“" აეტეხდა, რომ ეს „საიდუმლო ოპერაცია“ ჩანაფიქრთანავე ჩაიშლებოდა.

 

ბინიდან „გაპარვის“ მიზანი იყო მოსკოვში, მთავრობის „თეთრ სახლში“ შევარდნაძის მიყვანა და მისი საჯარო სოლიდარობა-გაერთიანება ელცინის გუნდთან და „თეთრი სახლის“ დამცველებთან. ოპერაციის განხორციელებაში დახმარებას მიწევდა ჩემი მეგობარი - ჟურნალისტთა საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტი ე. საგალაევი, რომელიც სტუმრად გამიზნულად წავიყვანე შევისთან. იქ დაგვხვდა გერმანიის ელჩი, მოვიდა ჩინეთის ელჩიც... ყველანი ვშიშობდით, რომ „გეკაჩეპისტები“ შევარდნაძეს დააპატიმრებდნენ. ეს ინფორმაცია საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მქონდა: „შევის“ კარის მეზობელი გახლდათ „გეკაჩეპეს“ ფორმალური ლიდერი, სსრკ ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი და ჩემთან სასმელით „დამეგობრებული“ მისი დაცვის „ბიჭებმა“ მიმანიშნეს, რომ "შევის" იზოლიაცია არ იყო გამორიცხული.

 

ასე რომ დაპატიმრების საშიშროებამ ქალბატონი ნანული აიძულა ბინიდან „ჩუმად“ გაეპარებინა მეუღლე.

 

უამრავი წინაღობის გადალახვის შემდეგ მივედით „თეთრ სახლთან“. აუარებელი ხალხი, დაკუნთულ ახალგაზრდებს რამდენიმე რიგად აქვთ გადაკეტილი ყველა მისასვლელი. ეჭვი და ჩხრეკვა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ის ვითარებაა, როცა ამ რეზიდენციის მეზობელი შენობების სახურავებიდან „გეკაჩეპისტების“ სნაიპერების ტყვიას უნდა გადავურჩეთ... დამალვით ვერსად დავიმალებით, ვერც ვინაობას დავმალავთ, რამეთუ საზღვარი არ აქვს უკვე ელცინის მხარდამჭერების ოვაციებს და შეძახილებს: „შევარდნაძეც ჩვენთან არის!“... ჩვენი ერთადერთი დაცვა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი... ქოლგა! სწორედ მისი დახმარებით მივიკვლევთ გზას. მერე, კიდევ ერთი „მეგობარი“ შემოგვიერთდება, რომელმაც იცის პაროლები, რომლებიც გვშველის ლაბირინთებიდან გასვლაში.

 

დეტალებს ახლა არ გავიხსენებ, გარდა ერთისა: სწორედ 19 აგვისტოს, დღისით, პრეზიდენტ გამსახურდიას მაშინდელი სსრკ-ს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გენერლების „დესანტმა“ ულტიმატუმი წაუყენა და...

 

ჰოდა, იქ მოსკოვში რომ იანაევის მეთაურობით „გეკაჩეპეს“ გაემარჯვა, დღეს, აქ, დამოუკიდებელ საქართველოში კი არ ვიცხოვრებდით, არამედ... რუსეთის შემადგენლობაში მყოფ თბილისი გუბერნიაში. ეს ისე, „უბრალო“ ინფორმაცია გონებადბინდულთათვის და აშკარა ავადმყოფებისთვის.

 

რამდენიმე ქართველის უაქტიურესი მონაწილეობა ამ „გეკაჩეპეს პუტჩის“ ჩახშობაში აღინიშნა სპეციალური ჯილდოებით. არც შევარდნაძე და არც მე ამ ჯილდოების გადაცემის ცერემონიალზე არ წავედით და, პრაქტიკულად, ტაქტიანად, უარი ვთქვით მის მიღებაზე. (სხვათაშორის, ამ ჯილდოს მფლობელებს რუსეთში მაღალი პერსონალური პენსიები აქვთ დანიშნული).

 

შევარდნაძემ ერთხელ სამართლიანად თქვა, რომ ელცინის გუნდთან ერთად სამხედრო გადატრიალების აღკვეთის ხელშეწყობა, ანუ, „გე-კა-ჩე-პეს“ დამარცხებამ, პრაქტიკულად განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ჩვენს მიწაწყალზე მოქმედი საბჭოთა სამხედრო კონტიგენტის ფორმალური ნეიტრალიტეტი. ამის დაუნახავობა და მართებულად არაღქმა მხოლოდ დაბრმავებულთა და დაყრუებულთა ხვედრია.

 

ჰოდა, ახლა, ვიღაც ავადმყოფები, ვიღაც მართლა ნაბიჭვრები მიკიჟინებენ „გეკაჩეპეს“ წინააღმდეგ მონაწილეობას, მითვლიან ამას რუსეთის აგენტობად, მედავებიან იმ სახელმწიფო ჯილდოსაც - დემოკრატიის დამცველის მედალს, რომელიც პრინციპული მოსაზრებების გამო არ ავიღე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ფოტოსურათსაც... ისე, აქამდე რომ ცოდნოდათ (ახლა გაიგებენ), რომ მიღებული მაქვს რფ-პრეზიდენტის ელცინის პირადი ჯილდო - ატომური კრეისერის კომანდორის საათი, საგანგებო პერსონალური წარწერით, მთლად გადირევიან. აი ამაზე კი ნამდვილად არ ვიდარდებ, უფრო მეტიც, თუ უნდათ გასკდნენ უკანალზე... შურით და ბოღმით!

 

ერთადერთს, რასაც „ვდარდობ“, ის გახლავთ, რომ ამ დაჯილდოების ბრძანებაში ჩემი გვარი ტრადიციულ პირველ სამეულშია და აქაურმა იდიოტებმა თავიანთ დასაჭერ აგენტთა სიაში მე, „გრუს რუსეთუმე „ბებერ გენერალს“ მხოლოდ 87-ე ადგილი მომაკუთვნეს და აქილიკებენ წერა-კითხვის ნაკლებად მცოდნე თვითმარქვია „მოღვაწეებს“...

 

P.S.: რაც შეეხება დანომრილ საშვებებს:

 

მე-9 ნომრით რომ არის, იმით „გეკაჩეპეს“ პრეს - კონფერენციაში ვმონაწილეობდით და ჩვენმა გუნდმა ისედაც ხელებაკანკალებულ გენადი იანაევს სანერვიულო დაუმატა. ხოლო მე-8 ნომრიანი საშვებით გორბაჩოვის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი უაიტი შევიყვანე და „ვაჩვენე“ რა პატივით სარგებლობდა და რა ავტორიტეტი ქონდა ჩვენს საერთაშორისო კონფედერაციას.

 

 

 

 

სწორედ ამ ვიზიტის დროს აენთო მწვანე შუქი საქართველოს ჟურნალისტთა კავშირს (ფედერაციას) ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებას, რის შესახებაც პირდაპირ იმ შენობიდან ვაცნობეთ კავშირის ლიდერს - ნიკა ჩერქეზიშვილს.

 

ამ საშვებებზე შესაბამის წარწერებიც ჩემი გაკეთებულია. მეხსიერება ჯერ კი არ მღალატობს (ამას რომელიმე ტვინნაღრძობი მავანის გასაგონად ვამბობ), მაგრამ რა იცი, რა ხდება, როდის მოგაკითხავს დაუკითხავად „სკლეროზი“ (თუმც, ამის იმედიც იმ მავანთ არ ქონდეთ: ვერ ეღირსებით, რომ თქვენი „საამაო“ საქმეები და აღვირახსნილი უტიფრობა როდესმე დამავიწყდეს და არ გაგახსენოთ).

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×