logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ფიქრები ცხელ გულზე, სერგეი შამბას გამოსვლებისა გამო... არა საკამათოდ!
- +

29 აგვისტო. 2018. 19:39

 

 

ეგებ დავიოკოთ ემოციები!!!

(ცხელ გულზე გაკეთებული „საფეისბუკო“ ჩანაწერები, სერგეი შამბას გამოსვლებისა გამო... არა საკამათოდ!)

 

 

  1. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ყოფილი პრემიერის სერგეი შამბას ბოლოდროინდელმა განცხადებებმა (იხ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 30 აგვისტო, 2108 წ.) იმის თაობაზე, რომ ის ქართველებს არ განიხილავს მტრებად; რომ თუ აფხაზეთმა არ დასძლია პოლიტიკური კრიზისი, შესაძლოა, იძულებული გავხდეთ ვთხოვოთ მიერთება რუსეთს ან საქართველოსო, დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია მედიაში.

 

ჩავები ამ ფერხულში იმ მიზნით, რომ მას, ვისაც თანამდებობრივად ჭკუა ეკითხება, აქვს გავლენა და ხელეწიფება გადაწყვეტილების მიღება, ეგებ, ოდნავ მაინც გამოადგეს ანალიზისა და ფიქრის დროს, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ცხელ გულზე გაკეთებული ეს ჩემეული ჩანაწერები, უსისტემოდ და ჟანრის დარღვევადაც კი მოეჩვენოს. და არა მარტო მას...

 

  1. ბატონი სერგეი შამბა დღეს არ ფლობს ხელისუფლების რეალურ ბერკეტს, მაგრამ მას (და მის ოჯახს) აქვს სერიოზული მორალური ავტორიტეტი და არანაკლები შესაძლებლობები . ის ლიდერი იყო ანტიქართულ რიტორიკაში და... ლიდერია ახლაც, როცა „სხვა“ დრო დადგა... უპრიანია მას, ისევე, როგორც არაერთ სხვას, თანამოაზრეს თუ მის კრიტიკოსს, მოვუსმინოთ დინჯად და აუღელვებლად... ყური ვუგდოთ და გავაანალიზოთ, თუ რას ამბობენ, რას მოუწოდებენ, რა მიზანს ახმოვანებენ ისინი.

 

ზომიერი ეჭვიანობა ურიგო არ არის, მაგრამ არ ვარგა, როცა ყველას, უკლებლივ ყველას, განურჩევლად ვაწებებთ „იარლიყს“ აგენტისას, სხვისი (უწინარესად, ჩრდილოელის) მოსაზრება-სურვილების გამხმოვანებლისა. ნურც იქ და ნურც აქ! ბატონი შამბას მოსაზრებები, უწინარესად „შიდა მოხმარებისთვის“ არის განკუთვნილი, მაგრამ არ უმისობაა, რომ მისამართი აღმოსავლეთ თუ ჩრდილოეთისკენაც იყოს მინიშნებული.

ეგებ მეტი სიდინჯით, ფიქრით, გულწრფელობით გავაანალიზოთ, გავიაზროთ, ვივარაუდოთ გათვლები... შევეცადოთ გავუგოთ მას, იმათც, ვინც იზიარებს ს.შამბას პოზიციებს და მოვინდომოთ ერთად(!!!) მივუახლოვდეთ სასაუბრო(!!!) მაგიდას...

 

ნურასოდეს დაგვავიწყდება რომ ყველა ომს, უკლებლივ ყველა და ყოველნაირ დაპირისპირებას წერტილი ესმება მხოლოდ მ ო ლ ა პ ა რ ა კ ე ბ ი ს მაგიდასთან, რომელსაც ორივე მხრიდან, სასურველია, უსხდნენ შედეგის მსურველი, ნორმალური ფსიქიკისა და ინტელექტის მქონე, პასუხისმგებლობის გრძნობით შეიარაღებული და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების გამგებ - გამთვალისწინებელი, სახელმწიფო აზროვნების მქონე, პატრიოტი ადამიანები.

 

აგერ, ცინცხალი მაგალითი: ორიოდე დღის წინ სერბეთისა და კოსოვოს პრეზიდენტებმა - დაუძინებელმა მტრებმა, მაინც მოახერხეს შეხვედრა და მიაღწიეს შეთანხმებას ყველაზე პრინციპულ საკითხებზე: https://www.bloomberg.com/…/serbia-and-kosovo-talks-could-l…

 

  1. კონფლიქტი აფხაზეთში - ზოგადად და კონკრეტულად-აფხაზურ - ქართულ ურთიერთობის პრაქტიკა და ნებისმიერი საუბარი ითხოვს მეტისმეტად დიდ(!!!) სიფაქიზეს(!!!!) და არა გულზე ურაპატრიოტულ ხელის ბრაგუნსა და მყვირალა რიტორიკას.

 

  1. თავის დროზე (1980-იან წლებში) კოლექტიურმა "მავანმა" (იდეოლოგიური „ბარიკადების“ ორივე მხარეზე მყოფმა) არ შეისმინა გონივრული რჩევები, ნამეტანი იხმაურა და, გაუწონასწორებელი რიტორიკა - ლოზუნგებით, ულტიმატუმებით თუ მოწოდებებით, აჟიტირებული აქციებით, ცეცხლი შეუნთო კონფლიქტს, მის გაღვივებას. ამ გზით, იქაური თუ აქაური არაერთი ფსევდო - „მოღვაწე“ ცდილობდა ეროვნული მანტიის მოსხმას. შედეგად მივიღეთ ის... რაც მივიღეთ!!!

 

  1. საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკურ სიბეცესა და ადამიანურ უტვინობაზე მეტი იყო ომის გაჩაღება აფხაზეთში. არადა, მხოლოდ სიბრძნე(!!!) და, თანაც, დიდი სიბრძნე ჭირდებოდა მის თავიდან აცილებას. იგივე ითქმის, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით (თუმც, პროვოკაციაზე წამოგებული შეიარაღებული კონფლიქტი ცალკე თემაა).

 

  1. ბოლო 30 წლის მანძილზე მოქმედმა ყველა ხელისუფლებამ, ჯ.პატიაშვილით დაწყებული (რომლის წევრიც რამდენიმე თვით თავადაც გახლდით), გ.კვირიკაშვილით დამთავრებული დაუშვა და ახლაც, ინერციით უშვებს ერთ და იგივე შეცდომას: არ ითვალისწინებს „დაპირისპირებული“ მხარის(მხარეების) ინტერესებს. ამას ცალ კარში თამაში ქვია, ანუ... თავშივე განწირული, უშედეგო... ეს კლასიკაა!

 

  1. დროა, ქართველთა დიდი ნაწილი გავთავისუფლდეთ იმ ილუზიისგან, რომ კონფლიქტის განეიტრალების უნივერსალური გასაღები აქვთ ვაშინგტონში. არავითარი გასაღები ამერიკელებს არ დაუსაკუთრებიათ. ამერიკის დიპლომატიას შეძლია და უნდა ვთხოვოთ კიდეც მხარდაჭერა და ხელშეწყობა დიალოგის წამოწყებასა და შედეგიან დაგვირგვინებაში, ოღონდ, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ დარწმუნებული, რომ ეს დახმარება უმეტეს წილად მაინც განპირობებული იქნება საქართველოს ინტერესების დაცვით და არა დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური გათვლებით. სამწუხაროდ, წარსულის პრაქტიკა (მასში ჩართულობის გამოცდილება) მაიძულებს მუდამ მახსოვდეს ეს რეალობა. ისევე, როგორც ყველაზე მთავარი, გადამწყვეტი ფორმულა: ურთიერთ მ ო რ ი გ ე ბ ა, ურთიერთ შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველების და აფხაზების თავსატკივარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ „სამკლიტულის“ ორი ძირითადი გასაღები თბილისისა და სოხუმის ხელშია. აი, ის მესამე(!) დამხმარე (და არანაკლებ გადამწყვეტი) „ინსტრუმენტი“ - დევს მოსკოვში. და როცა თბილისი და სოხუმი მოილაპარაკებენ (მათი და რუსეთის ინტერესების სერიოზული გათვალისწინებით), მესამე გასაღების დაუფლება არ გაძნელდება. აი, ამ შედეგის მიღწევაში უნდა ვთხოვოთ ვაშინგტონს გულწრფელი(!!!) დახმარება.

 

  1. სამწუხაროა, რომ ქვეყნის უახლეს „ისტორიას“, ყოველი მორიგი არჩევნების შემდეგ, სუფთა ფურცლიდან იწყებენ ახლადმოვლენილი „ხელისუფალნი“, ისე, რომ საფუძვლიანად არ სწავლობენ წინა თაობების, წინამორბედების პრაქტიკას, გამოცდილებას.

 

ამთავითვე დაბეჯითებით ვაცხადებ: მხოლოდ უცხო პლანეტიდან გუშინ ჩამოსულ მავანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე ახალგაზრდა კადრების დაწინაურების წინააღმდეგი ვარ, ანუ იმისი, რასაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დიდი მონდომებით ვაკეთებდი. სხვათაშორის, არც ინგლისურის... მით უმეტეს, არც კომპიუტერისა და ინტერნეტის... მაგრამ, ახალგაზრდასაც გააჩნია...

 

ერთხელ საჯაროდ ვთქვი, ახლაც ვიტყვი და მომავალშიც გავიმეორებ: ჩემს პროტესტს იწვევს ვითარება, როცა ვინმე „ქათამაძე-ჭუჭულაშვილები“, აგდებულად, ცინიკურადაც კი ახსენებენ, უდგებიან იმ ისტორიულ, მრავალწლიან ოფლის ღვრას, რაც ჩვენი, პატარა ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ თაობებს მოუწია გეოპოლიტიკური მონსტრების წინააღმდეგ დიპლომატურ თუ სხვა ხასიათის პაექრობაში, მაშინ, როცა ზოგიერთი ღლაპი დაბადებულიც კი არ იყო...

 

ახლა, როცა ვაკვირდები პრეზიდენტის „ავადსახსენებელ“ რეზიდენციაში, ან - პარლამენტში, თუნდაც, ახალი პრემიერის საერთაშორისო შეხვედრების თაობაზე ტელესიუჟეტებს, ცოტა არ იყოს გაოცებული ვუცქერ იმ ტიპებს (ზოგიერთი სულ ახალი გამოსული რომ არის თინეიჯერის ასაკიდან), ვინც ქვეყნის ლიდერებს გვერდს უმშვენებს მრჩევლისა თუ თანაშემწის რანგში. რაღაც, მეჩვენება, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე პირტიტველა მსახიობების მიერ წარმოდგენილ პოლიტიკურ სპექტაკლს ვუცქერ...

 

და მიუხედავად იმის, რომ ხელი მიგვიწვდება მათ ანკეტურ, ცოტა არ იყოს, არცთუ სახარბიელო მონაცემებზე, მაინც ვეძებ პასუხს შეკითხვებზე: ვინ არიან "ამ" წარსულის მქონე ვუნდერკინდები, საიდან მოვიდნენ, რა გამოცდილება აქვთ, რა სპეციალური განათლება, რა შედეგები? დავიჯერო, გვიშველის კი მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. დასავლური დიპლომები, ინგლისურად სხაპასხუპით ლაპარაკის უნარი და ამა თი იუმ კომპიუტერული პროგრამების ათვისება იმ „კვანძის“ გახსნაში, რომლისთვისაც საჭიროა სწორედ ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ისტორიული, ეთნოგრაფიული, ფსიქოლოგიური თუ კიდევ სხვა მრავალი „რამის“ ცოდნა, რომელსაც ვერც ჰარვარდი, კემბრიჯი, იტონი, ჯორჯტაუნი თუ სხვა უნივერსიტეტი მოგცემს...

 

ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება აფხაზების მაშინდელი ლიდერის მიხეილ ბღაჟბას და მისი ქართველი პარტნიორისა და კოლეგის დამიანე გოგოხიას სიბრძნემ, გაბედულებამ და ურთიერთერთგულებამ როგორ გადაარჩინა ჩვენი ხალხები მზაკვარი ნიკიტა ხრუშჩოვის პროვოკაციას, რომლის საბოლოო მიზანი ის იყო... რაც, სამწუხაროდ, ახლა ხდება.

 

სხვათაშორის, არც ბღაჟბამ და არც გოგოხიამ, ისევე, როგორც მათი თანამოაზრეების ვეებერთელა ჯგუფმა არ იცოდა კომპიუტერი რა იყო, არც ინგლისური... სამაგიეროდ ყველამ იცოდა ქართული, აფხაზური და მეგრული, ანუ ჩვენი ურთიერთსიყვარულის და ძმობის ენები.

 

  1. აფხაზეთში კონფლიქტს და აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს დიახაც აკლია სწორედ ასეთი გამოცდილი, პრობლემაში ღრმად ჩახედული ადამიანების თვალთა ხედვა და პრაქტიკა. უფრო მეტიც, უნდა გავიკითხო: ახლა, მთელ აფხაზეთის დევნილ მთავრობაში, მის სტრუქტურებში რამდენმა პერსონამ იცის აფხაზური ენა? რამდენი ადამიანი უსმენს აფხაზურ რადიოს, უცქერს აფხაზურ ტელევიზიას, აანალიზებს აფხაზურ პრესას?

 

შედეგი უტყუარად ვიცი. ჰოდა, ამის შემდეგ რა ეფექტიან დიალოგსა და რა ურთიერთგაგებაზეა

 

სწორედ ამიტომ მიპყრობს ზოგჯერ შიში, რომელიც უფრო გამიძლიერდა მერკელის ვიზიტის შემდეგ, როცა საინფორმაციო მასალებში ჭარბობდა უზომოდ გადაჭარბებული „ტაში-ტუში“ გარეგნულ „პროტოკოლურ“ ეფექტებზე და არა შინაარსობრივ მხარეზე.

 

გერმანელი ლიდერის გაცილების ჟამს წითელი ხალიჩის „გაქრობაზე“ არაჯანსაღმა, პროვინციალურმა ვიშ-ვიშმა ხომ სულ გადარია საზოგადოება. ამას დაემატა პარლამენტის ერთერთი კომისიის თავკაცის გადაჭარბებული კომენტარი, რომელსაც ცაში აყავდა პრემიერის პროტოკოლზე პასუხისმგებელი თანაშემწის „სიბრძნე", რამაც, ერთი მხრივ, გარანტია მისცა მას, რომ აუცილებლად დაპატიჟებენ მომავალ სამთავრობო ბანკეტებზე და, მეორე მხრივ, მოგვეხმარა იმის გაგებაში, თუ რატომ არის ასეთი სერიოზული „გარღვევა"... ვაზელინის „დეფიციტში".

 

არადა, გვაქვს ისეთი სერიოზული მაგალითები, საიდანაც ღირს სწავლა: შევარდნაძის, ანუ „თეთრი მელას" (არაკნინობითი სახელი, ამჯერად) „ლერწამივით" მოქნილი იძულებითი პოლიტიკის (ანუ დიპლომატური „თამაშის") ყველაზე ხელშესახები შედეგი იყო ის, რომ არც ელცინი და არც პუტინი, ღიად, საჯაროდ, არცერთხელ(!!!) არ გასულან საერთაშორისო-სამართლებრივი სივრციდან და, როგორც წესი, იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა. ვიმეორებ: გარკვეულ „დუღილის წერტილამდე“ არ ყოფილა არცერთი(!!!) საპირისპირო განცხადება. (პრაქტიკაზე არ ვამახვილებ ახლა ყურადღებას). ანუ, ეს იყო იმ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი პროგრამა-მინიმუმი: შეგვენარჩუნებინა პოლიტიკური დიალოგის დაწყების საფუძველთა საფუძველი ნებისმიერ საჭირო მომენტში. ისევე, როგორც საშუალება „გაყინული კონფლიქტის" გაცოცხლებისა, ანუ, მომავალ თაობებს უნდა ქონოდათ მანევრირების საშუალება.

 

მერე?..

ახლა?..

 

  1. ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პუტინისტურ გათელვას ხელი მარტო გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებამ და „კოსოვოს სინდრომმა“ კი არ შეუწყო, არამედ, ჩვენი ხელისუფლების „საყმაწვილო სენმა“ და საზოგადოების მცირე(!), მაგრამ მყივანა ხმის მქონე ნაწილის მამლაყინწური, ურაპატრიოტული და რევანშისტული ბაცილით დაავადებამ, გარკვეულმა ინტელექტუალურმა ზერელობამ, ინერტულობამ. და ეს ახლაც ვინმეს უკვირს?

 

„მე ვარ და ჩემი ნაბადის“ პრინციპით კოდორზე გალაშქრებამ, მისთვის „ზემო აფხაზეთის" სახელის დარქმევამ, შემდგომ კი ხეობიდან სამარცხვინო გამოძევებამ, შექმნა იდეოლოგიური საფუძველი, რის შედეგადაც აფხაზებს მიეცათ მორალური(!!!) უფლება (და მათ შედეგიანად გამოიყენეს ეს შანსი) გამოეცხადებინათ ხეობა თავიანთ საკუთრებად. ამ პოლიტიკურმა და სამხედრო ავანტიურამ, გადაზრდილმა პოლიტიკურ იდიოტიზმში, დიამეტრულად, პრაქტიკულად - მთლიანად შეცვალა რეალობა და იურიდიულთან ერთად დააკნინა ჩვენი მორალური შესაძლებლობანი.

 

აი, რა მოიტანა პრობლემის არსის და ისტორიის, კოდორის ხეობის გმირი მოსახლეობის (მათ შორის „მონადირის“ წევრების) და აფხაზების ურთიერთობის დაუწერელი კანონების უცოდინრობამ და გაუთვალისწინებლობამ. გამოუცდელობამ, ცხვირაწეულობამ და ამპარტავნობამ.

 

დღესდღეობით, მომავალშიც ვართ კი დაზღვეული ასეთი საბედისწერო დამღუპველი ნაბიჯებისგან?

 

  1. ცხელ გულზე დაწერილი ამ ფრაგმენტული, ზოგჯერ ლოგიკას აცდენილი, არასრული მოსაზრებების „გამოყრა“ მაიძულა იმ კომენტარებმა, ზოგჯერ ღიმილის მომგვრელმა და მიამიტმა, ზოგჯერ კი აბსოლუტურად მიუღებელმა და უტაქტომ, რომლებიც მოჰყვა აფხაზი პოლიტიკოსის სერგეი შამბას ამასწინანდელ განცხადებას და, სავარაუდოდ, გაგრძელდება კიდეც უხერხულობამდე მისული აჟიოტაჟი ამ მორიგ გამოსვლასთან დაკავშირებითაც.

 

განსაკუთრებით, მაღიზიანებს პოლიტიკური სიბეცის და იდიოტიზმის კლასიკური შეძახილები: „აბა, რა ეგონათ?“, „რაო, მოდიხართ ხოხვით?“, „აფხაზეთი მალე ჩვენი იქნებ!!!“ და სხვ.

 

ჰოდა, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ, არა მგონია სერიოზულ, დაკვირვებულ ადამიანებს დავიწყებოდათ სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელთა პოლიტიკური კრეტინიზმი, ბაქიბუქი მაშინდელი პოლიტიკური ინკუბატორიდან მოულოდნელად გამოჩეკილი „მარშლებისა“ , რომლებსაც ერთი საათითაც კი არ მოუხდიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 

ისევე, როგორც ძნელად დასავიწყებელია სოფელ უდეს და სოფელ ტყვიავის სახელგანთქმული „სამხედრო აკადემიების“ წარჩინებულ კურსდამთავრებულთა სტრატეგიული გენია, მხედართმთავრული ამბიციები და მოწინააღმდეგეთა „ფეკალური მისწრაფებების“ საეჭვოდ ღრმა ცოდნა , რამაც განაპირობა წინააღმდეგობის სიმბოლოს -ნორა კვიციანის „ციხე-სიმაგრედ“ გადაქცეული უბრალო სოფლური სახლ-კარის, ანუ, იქაური „რაიხსტაგის“ თავზე წითელჯვრიანი დროშის აფრიალება...

 

და როცა ყოველივე ამას ვაანალიზებთ იმ თავშეუკავებელი და მეტისმეტად ზერელე, ურაპატრიოტული კომენტარების ფონზე, რომლითაც სავსეა ბოლოდროინდელი მედია, უნებლიედ მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ არ გამოგვადგა გაკვეთილად წარსული შეცდომები.

 

სამწუხაროა ეს! დიდად!

 

  1. 13. ამ ფონზე, არავინ, არცერთმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს ის სავალალო მოვლენა, რომ უკვე არაერთი ათეული წელია, რაც ენგურს გაღმა თუ გამოღმა თაობები იზრდებოდნენ და იზრდებიან ერთმანეთის სიძულვილის დამნერგავი აღვირახსნილი პროპაგანდის გავლენით; რომ ამ ზიზღის, ერთმანეთის მიუღებლობის დაუფარავი სულისკვეთების გაქრობას ჭირდება არცთუ ცოტა დრო, არცთუ ერთი და ორი თაობა; რომ მარტო სახელმწიფო და მისი სტრუქტურები ერთმანეთის ამ გაუცხოვებას ვერ მოერევიან, რომ ნდობის აღდგენა, სამარცხვინო წარსულის დავიწყება კოლექტიურად და დირიჟორის ჯოხის აქნევა-დაქნევით არ ხდება, იგი თითოეულმა ქართველმა და აფხაზმა საკუთარ გულსა და ტვინში თავად უნდა გადახარშოს, მოახერხოს, გადააბიჯოს ყალბ თავმოყვარეობას და ამპარტავნობას, ამბიციასა და განსაკუთრებულობის გრძნობას.

 

  1. სწორედ ამიტომ, უმორჩილესად ვთხოვ ჩვენს თანამემამულეებს - სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს, რომელთა გულწრფელობაში იოტისოდენა ეჭვიც კი არ მეპარება, მაგრამ აშკარაა პრობლემის ისტორიასა და არსში, მოლაპარაკებების ტექნოლოგიებსა და რეალობებში მათი ნაკლებპროფესიული ჩახედვა-ჩართულობა, ეგებ ღირდეს, მივიღოთ გამოცდილ სპეციალისტთა რჩევა: ოდნავ მაინც დავიოკოთ ემოციები და თუ, დაჟინებით გვსურს მთელ ქვეყანას გავაგებინოთ გულწრფელი გულისტკივილითა და აღშფოთებით სავსე, მაგრამ საკუთარი "სიბრძნით" სავსე მოსაზრებები, ვეცადოთ ეს მოვახერხოთ ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ აწონილ-გაწონასწორებული რიტორიკით და დაუსწრებელი დიალოგი წარვმართოთ მხოლოდ ძმებში დაშვებული კეთილშობილებით. მხოლოდ ასე ურთიერთობენ ისინი, ვისაც გულწრფელად სურს ერთიან ოჯახში ცხოვრება, ვინც ფიქრობს შთამომავლობის და ერთიანი სამშობლოს მომავალზე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×