logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა სულ უფრო ქმედითი და აკადემიური ხდება
- +

31 აგვისტო. 2018. 18:24

 

„როდესაც რუსეთის და გერმანიის ურთიერთობებს განვიხილავთ, უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გერმანიის და რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის პერიოდშიც არ ყოფილა ისეთი რთული და წინააღმდეგობრივი, როგორც ის ამჟამად არის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

 

„მეზებერგის სასახლეში მერკელსა და პუტინს შორის შემდგარ შეხვედრას ამ ურთიერთობებში არაფერი შეუცვლია და ვერც შეცვლიდა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს ორმხრივი ინტერესები, როგორიც არის ენერგეტიკა. გერმანული ბიზნესის სურვილი, რუსულ ბაზარზე და ეკონომიკაზე არსებული პოზიციების შენარჩუნება სანქციების სისტემის გათვალისწინებითაც კი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლითაც ორივე სახელმწიფოა დაინტერესებული, ირანთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებაა. ყოველთვის იყო და ახლაც არის ქვეყნებს შორის კულტურის და მეცნიერების სფეროში ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების  სურვილი. მაგრამ ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული კონფლიქტური პრობლემების რაოდენობა და ხარისხი გაცილებით დიდია. მხოლოდ ძირითად წინააღმდეგობებს ჩამოვთვლი, ესენია: უკრაინა, სირია, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის და ზოგადად ევროპის თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, სანქციების სისტემა, მრავალი ქვეყნის არჩევნებზე რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობა და ა.შ.. ეკონომიკური ურთიერთობებიც სერიოზულ რეგრესს განიცდის. მაგალითად, თუ 2012წ. ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ბრუნვა 80 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენდა, ამ დროისათვის ის 57 მილიარდ ევრომდეა დაწეული. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების პრაქტიკულად არავითარი წინაპირობა და ტენდენციები არ არსებობს. გლობალური გაუმჯობესების პერსპექტივას ხელს ვერ შეუწყობს „ჩრდილოეთ გაზსადენი 2“ რეალიზაციაც კი, თუ  ამ პროექტს საერთოდ გააჩნია რეალიზაციის პერსპექტივები. რუსეთისათვის გადაჭარბების გარეშე ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია, კანცლერ მერკელის საქართველოში გაკეთებული განცხადებების შედეგ კიდევ უფრო მეტ სკეპტიციზმს იწვევს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რუსული პროპაგანდის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, გერმანიაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მომხრეთა რაოდენობა ვერ აღწევს იმ კრიტიკულ მასას, რომელიც შესძლებდა ფედერალური მთავრობისა და კანცლერის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. ავტორიტეტული  კვლევითი ცენტრი „Körber-Stiftung“ 2018წ. გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით მხოლოდ გერმანიის მოქალაქეთა 32% მომხრე რუსეთთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების. და ეს მაშინ, როდესაც ამ კატეგორიის გერმანელთა  პროცენტი ახლო წარსულში სტაბილურად 65%-73% შეადგენდა. ამ განწყობების შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად ხანგრძლივი დრო და ორმხრივი პოლიტიკური კლიმატის სერიოზული გაუმჯობესებაა საჭირო. ამ ფონზე, ბერლინში მყარი კონსენსუსი  არსებობს იმის შესახებ, რომ რუსეთის აგრესიული და ხშირად სპონტანური პოლიტიკის საწინააღმდეგოთ, არსებული მკაცრი კურსი გასაგრძელებელიცაა და გასამკაცრებელიც. ასე რომ, ანგელა მერკელს და პუტინს შორის მეზებერგში შემდგარი შეხვედრა სრულებით არ ითვალისწინებდა ორმხრივი ურთიერთობების „დათბობას“ და დიპლომატიურ გარღვევას.

 

მერკელი და პუტინი ევროპელი ლიდერებიდან ყველაზე სტაჟიანი პოლიტიკოსები არიან, ორივე მათგანი ფლობს ერთმანეთის მშობლიურ ენებს, კარგად იცნობს პარტნიორი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, ცვლიან საჩუქრებსაც. მაგრამ ეს წმინდა ადამიანური ფაქტორები, რომელიც პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია, გავლენას ბუნებრივია ვერ მოახდენდა და ვერც მოახდენს გერმანიის და კანცლერის პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, მეზებერგის სამიტი მაინც მნიშვნელოვანი იყო  მასზე განხილული საკითხებით. საინტერესოა, რომ სამიტის დღის წესრიგი წინასწარ არ იყო განცხადებული. მაგრამ მასზე მხარეებს შორის განხილული საკითხები ახლა ნაწილობრივ უკვე ცნობილია და ბუნებრივია ანალიზის და შეფასების საშუალებას იძლევა.

 

შეგიძლია ვიგულისხმოთ, რომ სამიტზე სირიის თემა გაგრძელებული იქნა. სირია და ამ ქვეყანაში არსებული სიტუაცია სამიტამდე კანცლერმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან  და რუსეთის გენერალური შტაბის სარდალ ვალერი გერასიმოვთან  განიხილა. აღსანიშნავია, რომ სარდალი გერასიმოვი სანქციურ სიაშია შეყვანილი და კანცლერმა ოპოზიციას ვერ გასცა ჯეროვანი პასუხი კითხვაზე, თუ რა იურიდიული საფუძვლით მოხვდა ის გერმანიაში. სირიის პრობლემატიკის განხილვისას მერკელისათვის კარდინალურია (გერმანიის შიდა პოლიტიკის კონტექსტში) საფრანგეთთან და რუსეთთან თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და სირიის სამოქალაქო და სამეურნეო ინფრასტრუქტურის სფეროების აღდგენაში. ამ სფეროებში პოზიტიური ძვრები სირიელ დევნილებს, რომელთა აბსოლუტურად დიდი უმრავლესობა თურქეთის შემდეგ, გერმანიაში და ევროკავშირში იმყოფება, საშუალებას მისცემს, უკან დაბრუნება დაიწყონ. ამ საკითხში მხარეებს შორის ინტერესთა თანხვედრა გასაგებია. თუ, სირიელ დევნილთა  დაბრუნების მოტივაციური მექანიზმი ამუშავდება, ეს მერკელისათვის ძალიან სერიოზული წარმატება იქნება. საიდუმლო არ არის, რომ დევნილების მასიური შესვლა გერმანიაში, გერმანელი მოქალაქეების ძალიან სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. დევნილებისადმი ნეგატიური განწყობების ახალი მძლავრი გამოვლინება ქალაქ ჰიმნიცში მოხდა, როდესაც  ქალაქში სირიელმა და ერაყელმა დევნილმა ახალგაზრდა გერმანელი სასტიკად მოკლეს მხოლოდ იმისათვის, რომ ის შეეცადა ქალი დაეცვა სექსუალური ძალადობისაგან. რაც შეეხება პუტინს, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობა სირიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მას შანს უჩენს შეამსუბუქოს საკუთარი ბიუჯეტის დატვირთვა. მაგრამ ყოველთვის გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთს და დასავლეთს შორის სირიის საკითხებში ღრმა და შედეგიანი თანამშრომლობა შეუძლებელია, სანამ ასადის რეჟიმი ფუნქციონირებას გააგრძელებს.  პუტინს ამ საკითხზე მოლაპარაკებისას ზეწოლის სერიოზული ბერკეტი გააჩნია, მას პრაქტიკულად მისთვის მოსახერხებელ დროს სირიაში ესკალაციის რეგისტრის გაზრდით შეუძლია სირიელი დევნილების ნაკადი ევროპისა და გერმანიისაკენ მკვეთრად გაზარდოს. სიტუაციის ასეთი ვარიანტი მერკელისათვის და ევროპელი ლიდერებისათვის უაღრესად ტოქსიკურია.

 

მოლაპარაკების საკითხთა მეორე ბლოკი უკრაინაა. სადაც მინსკის პროცესი და ნორმანდიული ფორმატი დიდი ხანია ჩიხში შევიდა. როგორც აშშ სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა განაცხადა: „მინსკი 2“ მკვდარი საქმეა„. „მინსკი 2“ შეთანხმებების რეალიზაციით ამავე დროს არ არის დაინტერესებული უკრაინული მხარეც, მათ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ფორატის აქტივიზაცია არ გახდეს სანქციების სისტემის შემსუბუქების საფუძველი. უკრაინის საკითხის განხილვისას, მხარეები ვერ აუვლიდნენ სამივე სუბიექტისათვის ისეთ მნიშნელოვან თემას, როგორიც არის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“. რუსეთისთვის და უკრაინისთვის გადაჭარბების გარეშე ეს სტრატეგიული პროექტი სულ უფრო დიდი რისკის ქვეშ დგება. პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ კონგრესის ბოლო განცხადებების შემდეგ, იმის შესახებ, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ეს პროექტი არ განხორციელდეს და დაიხუროს - უკრაინას ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი უჩნდება. ირანის მაგალითი კარგად გვაჩვენებს, ევროკავშირის 1996წ. და 07. 2018 წ. განახლებული კანონი ბლოკირების სტატუსზე ევროპულ კომპანიებს რომლებსაც სურვილი აქვთ ითანამშრომლონ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ პროექტში ამერიკის სანქციებისაგან ვერ დაიცავს. მეზებერგის სამიტის თემატიკის გაცნობა და რუსეთ-გერმანიას და ზოგადად ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებული ობიექტური წინააღმდეგობები იმ დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ გადაჭრით ითქვას - ვილი ბრანტის ეპოქის აღმოსავლური პოლიტიკის რეანიმაციას ამ ეტაპზე არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ამ ტიპის შეხვედრები მხარეთა დაახლოებას არ გულისხმობს, ისინი მხარეთა პრაგმატიზმზე მიუთითებენ. ვისაც გამორჩა, გერმანიის მმართველი პოლიტიკური კოალიციის ამჟამინდელ ხელშეკრულებაში ერთი პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს კოალიციის სუბიექტებს რუსეთთან კონსენსუსის მოძებნას და ურთიერთობების ნორმალიზაციას. ასე რომ, მერკელისა და პუტინის შეხვედრისათვის ესეც დამატებითი არგუმენტია.

 

კანცლერ მერკელს მიამიტობაში და გამოუცდელობაში ბრალად მისი თავგამოდებული კრიტიკოსებიც ვერ დასდებენ. ის საკუთარ ოპონენტებზე არანაკლებ კარგად ხედავს, თუ რას წარმოადგენს ამჟამად რუსეთი მისი ლიდერების სახით. კანცლერი შესანიშნავად ინფორმირებულია საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპირების (მისი და მისი პარტიის ინიციატივით მიიღო გერმანიის ბუნდესტაგმა და ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასაგმობი რეზოლუციები), უკრაინის ყირიმის და აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციის, ესტონეთზე კიბერშეტევების, აშშ და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის, ენერგეტიკული შანტაჟის ფაქტების შესახებ. ჩამონათვალი სამწუხაროდ ძალიან გრძელია. მას როგორც ევროკავშირის აღიარებულ ლიდერს დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობების ორი ალტერნატივა გააჩნია. 1. შევიდეს რუსეთთან არაკონტროლირებად კონფრონტაციაში და შესაბამისად ენერგეტიკულ ომშიც, რომელიც რუსეთისთვის  მისი საერთო სუსტი მდგომარეობიდან გამომდინარე (ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული და სხვა) მიუღებელი არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ამჟამინდელი მმართველი ელიტები საკუთარი კეთილდღეობით არიან დაინტერესებულნი და არა ზოგადად რიგითი მოქალაქეების. არაკონტროლირებადი საგარეო კონფრონტაცია რუსეთის მმართველი ელიტებისათვის შიდაპოლიტიკური პროტესტის ჩახშობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. პუტინის პროპაგანდისტული მანქანა მიზანმიმართულად და სისტემატიურად ახდენს რუსეთის როგორც „ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის“ წარმოსახვას რუსეთის მოქალაქეების ცნობიერებაში.        2. აწარმოოს მოკავშირეებზე დაყრდნობით, რომელთა შორის საბედნიეროდ საქართველოც არის, მტკიცე და პრინციპული სტრატეგიულად  გააზრებული პოლიტიკა. პოლიტიკა, რომელიც გარანტიაა იმის, რომ რუსეთი ვერ შეძლებს აღადგინოს ვასალურ სახელმწიფოთა და ერების სისტემა, შექმნას ვარშავის ახალი პაქტი. სწორედ ამ პოლიტიკური სტრატეგიის კონტექსტში უნდა დავინახოთ მისი ვიზიტი საქართველოში და კავკასიაში. ფედერალური კანცლერის პოლიტიკისათვის პრიორიტეტულია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, ეს სახელმწიფოები და მათ შორის საქართველო, გერმანიის და მთლიანად ევროკავშირის თავდაცვითი და ეკონომიკური ორბიტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ამ სახელმწიფოების გარეშე გერმანია სასაზღვრო სახელმწიფოდ გადაიქცევა და არა კონტინენტის ცენტრად. რუსული ექსპანსიის საფრთხე სულაც არ არის მითიური, ექსპანსიის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი რუსეთის ხელში ევროპის რუსეთზე ენერგო დამოკიდებულებაა. რუსული ენერგეტიკული აგრესიის და შანტაჟის ნეიტრალიზება კოლექტიური დასავლეთისთვის თანამედროვეობის გადაჭარბების გარეშე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ზოგიერთი ქართველი და რუსი პოლიტიკოსები, მათი  ადვილად გასაგები ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ კანცლერის ვიზიტი საქართველოში რუსეთის აგრესიის ზუსტად ათი წლის თავზე ზრდილობის ვიზიტად მონათლონ. მაგრამ, კანცლერის თბილისში გაკეთებული განცხადებები (რაც შეეხება განცხადებებს, ფედერალურმა კანცლერმა ჯერ კიდევ ათი წლის წინ მისცა რუსეთის ქმედებას საქართველოს მიმართ აგრესიისა და ოკუპაციის კვალიფიკაცია) და რაც მთავარია საქმეები სულ სხვა რამეს ცხადყოფს. გერმანია და ევროკავშირი საქართველოში ხედავენ საიმედო სტრატეგიულ მოკავშირეს. სახელმწიფოს, რომელიც ლიდერი და გზამკვლევია რეგიონში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის,  2016წ. ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის ასოცირებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლით, ევროპასთან დევნილთა გადაადგილების უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო მასპინძლის უფლებით. ბევრი ვერ ხედავს, ზოგი კი ცდილობს არ დაინახოს ის ფაქტი, რომ ეს ვიზიტი თბილისში საეტაპოა ჩვენი ქვეყნისთვის. წითელი ხალიჩების აეროპორტში გაფენა - ვერ გაფენებზე საუბრები, შეიძლება ვინმესთვის უფრო საინტერესოა, მაგრამ საქართველოსათვის და რეგიონის ხალხებისათვის და დასავლეთ სამყაროსათვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო და ევროკავშირმა მიაღწიეს და მიიღეს შეთანხმება კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის ერთობლივი  გაყვანის კომერციული ინჟინერინგის თაობაზე. ეს პროქტი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მოხდინონ აზერბაიჯანს და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის ფინანსირება. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრანსკასპიური გაზსადენი (TAP) ევროპისათვის და კოლექტიური დასავლეთისათვის კონკრეტული რეალობაა. გაზსადენის გაყვანის წინასწარ სამუშაოების პირველი ეტაპის  დასაწყებად ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა გამოყვეს თანხები, პროექტის მეორე ეტაპის ფინანსირების სპონსორი კი საქართველოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ბანკები საქართველოსთან ერთად იწყებენ თურქმენეთთან მოლაპარაკებას ევროპისათვის გაზის შესყიდვის თაობაზე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თბილისში ვიზიტისას ცნობილი გახდა საქართველოში გერმანიის მიერ 350 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული გაზსაცავის მშენებლობის ფინანსირება. ამ გაზსაცავის საქართველოში მშენებლობა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რომელი ქვეყანა იქნება ევროკავშირის  ენერგეტიკული ჰაბი რეგიონში. ( TAPI- TANAP ) პროექტი ცალკე დაწვრილებით  განხილვის თემაა და ამ პროექტზე ახლო მომავალში ბევრი დაიწერება და ითქმება, მაგრამ უნდა ვთქვათ პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებისათვის საქართველოს გადამწყვეტი მონაწილეობით წლიურად 32-35 მილიარდი აზერბაიჯანული და თურქმენული გაზის მიწოდებას. პროექტის წარმატებით განხორციელება საქართველოსათვის ნიშნავს დასავლეთ სამყაროსთან სრულ თანასწორუფლებიან  სტრატეგიულ ინტეგრაციას. ვისაც გულწრფელად გული დასწყდა იმაზე, რომ ფედერალურმა კანცლერმა თბილისში არ გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების ზუსტი ვადები, შეუძლია ქართული და ევრო დიპლომატიის უდაო წარმატების ფონზე მომავალს გამართლებული და ჯანსაღი ოპტიმიზმით შეხედოს. სტრატეგიულად გააზრებული და წარმატებული პოლიტიკა მხოლოდ სუპერ სახელმწიფოების პრივილეგია არ არის. ფაქტია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა სულ უფრო ქმედითი და აკადემიური ხდება“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×