logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სამშობლო კი არა... კვატი, ანუ, მხოლოდ ფულის საკეთებელი ტერიტორია!!!
- +

14 სექტემბერი. 2018. 15:30

სამშობლო კი არა... კვატი,

ანუ,

მხოლოდ ფულის საკეთებელი ტერიტორია!!!

*****************************************************

 

მთელი საქართველო გაოგნებული ადევნებს თვალს "ომეგა"-"იბერია.ტვ"-სთან დაკავშირებულ სკანდალს, რომლის "მთავარ გმირად" ოსტატურად წარმოჩენილია სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, მთელი ქვეყნის უსაყვარლესი დათო ყიფიანის ვაჟი ლევან ყიფიანი.

 

სურათი ასეთია: ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლების "დავალებით" და მისივე "სახელით" აშანტაჟებს "ქართული" ბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავს, სოციალურად გაჭირვებული ფენების უანგარო დამხმარეს, ჩვენი მწერლობის და კულტურის თავდაუზოგავ მოამაგეს და მეცენატს და ამით ებრძვის "თავისუფალ სიტყვას", რომლის მებაირახტრე გახლავთ "იბერია.ტვ", რომელსაც მეპატრონე "ომეგა-ჯგუფი" ვეღარ აფინანსებს, იმიტომ რომ ხელისუფლება ითხოვს ამ ჯგუფიდან გადასახადებს (51 მილიონს), არ მიდის არავითარ კომპრომისზე და... და რომ ამ "ოპერაციის" მიზანია "იბერია-ტვ"-ს ხელში ჩაგდება და... ერთი სიტყვით დემოკრატია საფრთხეშია და მიტინგები, დემონსტრაციები, ჟურნალისტთა სავარაუდო "გაფიცვა", მაუწყებლობა "საგანგებო რეჟიმში", ე.წ. მხარდამჭერთა მობილიზაცია და ეკრანზე მათი პროტესტები, ცნობადი სახეების - "პუბლიცისტების", მსახიობების, მომღერლების და სხვა მოხალისეთა თუ პოპულარობის მაძიებელთა ღაღადი და ყველა სხვა "უბედურება" სახეზეა.

 

არცერთ შემთხვევაში არ "ვიქექები" მტყუან-მართალის გასარჩევი ფაქტების "სკივრში". ალბათ უკმაყოფილების თუ პროტესტის საფუძველი ორივე მხარეს აქვს, მაგრამ მე მაფიქრებს ერთი პრინციპული საკითხი, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი...

 

„ბრალდებულმა“ და „გალანძღულმა“ ლევან ყიფიანმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა მიმართვა მეგობრებისადმი. რომელშიაც წერს:

 

"მეგობრებო! შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს."

 

ის ფაქტი, რომ ლევან ყიფიანმა უმალ არ მოახდინა რეაგირება "ომეგა-ჯგუფის" მეპატრონეთა, იგივე, პარლამენტისა და ჭარის პარლამენტების დეპუტატთა საოჯახო დუეტის ემოციურ და ფარული(!!!)ჩანაწერებით დახუნძლულ საბრალდებო გამოსვლებზე და შემოიფარგლა უმოკლესი მოსალოდნელი განცხადებით, ცალკე კითხვებს აჩენს.

 

"დეპეშის" სტილში დაწერილი, ემოციებიდან და ფაქტებიდან აბსოლუტურად დაცლილი ეს პაწია განცხადება, პირადად მე მიმანიშნებს იმას, რომ ეს ე.წ. სკანდალი საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღემდე გაგრძელდება და მიიღებს უკვე "სხვა" ელფერს, აშკარა პოლიტიკურ შეფერილობას. ჰოდა, "ცირკი", აწი ნახეთ და "სეირი". მთავარი დასკვნა კი ცხადზე ცხადია: ჩანაფიქრის მიზანი მიღწეულია! ესეც, "მონბლანი"!!!!

 

სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს. ორივე(!!!) მხრიდან ამაზრზენი! ვიმეორებ, ორივე მხრიდან. და ამას გამოკვეთილად იმიტომ მივანიშნებ, რომ ვინმე იდიოტს, რომლისთვისაც დამალული არ არის ჩემი სიახლოვე დიდი დათო ყიფიანის პირველ ოჯახთან, არ წასძლიოს სურვილმა დამაბრალოს ცალმხრივობა.

 

გამოძიება დაწყებულია! დეტალების გარკვევა, მტყუან-მართალის გარჩევა, ცილისწამებისა და სინამდვილის გამიჯვნა, პერსონაჟების როლის განსაზღვრა და საბოლოო განსჯა სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივაა. დაველოდოთ!

 

მაგრამ, როგორც ზემოთ მოვახსენე მკითხველს არის ერთი საკითხი, რომელზედაც აკვიატებულად ვფიქრობ, რომელსაც ვუკირკიტებ ეს დღეები და პასუხი ვერ მიპოვია. არადა ეს საკითხი, ალბათ, ერთერთი უმთავრესი, რომელიც საზოგადოების განსასჯელია.

 

მკითხველს შევახსენებ, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, წამოიჭრა და გაღვივდა "ქართული ოცნების" წამყვან აქტივისტთა "აგენტობის" თემა. გამოქვეყნდა მათი "გადაბირების" ე.წ. დოკუმენტები. პრაქტიკულად დაიხატა სურათი, როცა მომავალ გამარჯვებულთა ელიტა მაშინდელი სუს-ს გადაბირებული ჰყავდა. და ეს "გამომზეურება" მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი-ხუთი დღით ადრე. მიზანი მაშინაც "გაიშიფრა": საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა.

 

სულო ცოდვილო, გამიელვებს ხოლმე ფიქრი: მაშინდელი შეცდომები ხომ არ არის გათვალისწინებული და ახლა თადარიგი ადრიანად არის დაჭერილი. თავად განსაჯეთ: ამ "სკანდალის" წამოწყება-გაფურჩქვნა რატომ "დაემთხვა" პოლიტიკურად აქტუალურ და დაძაბულობით სავსე დროს, რატომ იქცა (ან გადააქციეს) ეს "სკანდალი" საპრეზიდენტო არჩევნების თანხმლებ მოვლენად? ხომ არ უნდა მავანს და მავანს სწორედ ამ არჩევნების ჩაშლა ანდა მისი ისეთი შედეგი, რომ...

 

ცალსახად ვერავის და ვერაფერს დავასახელებ. ვერც მივანიშნებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს:

 

პოლიტექნოლოგიების პრაქტიკიდან თუ განვსჯით, უყოყმანოდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ აბსოლუტური, სრული, თავიდან ფეხებამდე პოლიტიკური კრეტინია (ერთის მხრივ) და საერთაშორისო რანგის ავანტიურისტი (მეორე მხრივ) ვინც ეს სპექტაკლი ჩაიფიქრა და განახორციელა სწორედ ახლა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

 

დაამატეთ ამას ხორავას ქუჩაზე მომხდარი უბედურების გამოძიების საპარლამენტო კომისიის "კლოუნადა", სამეგრელოს ცინცხალი კორუფციული "სკანდალი", მარიხუანას "პლანტაციების" გამაოგნებელი თემა, ნაჩქარევი საკანონმდებლო ინიციატივები და...

 

ისედაც ვერდალაგებული ქვეყანა ვიღაც-ვიღაცეებს (!!!!), ზოგს "პოზიციის", ზოგიც "ოპოზიციის" მანტიაში გახვეულებს, ისეთი არეულობისკენ მიყავს, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში.

 

ჩვენ ეს უკვე გავიარეთ!

 

"პუტჩიც", სამოქალაქო ომიც, "მხედრიონიც", განუკითხაობის პერიოდიც, "ვარდების რევოლუციაც", ე.წ. "7 ნოემბერი", კოდორი...ამ მოვლენების შედეგია ქართული მიწების 20 პროცენტის დაკარგვა, საჯიშე ბიჭების უგუნურ სისხლისღვრისთვის შეწირვა...

 

გავლით კი გავიარეთ, მაგრამ ჭკუა ვერ ვისწავლეთ, ადექვატური დასკვნები ვერ გამოვიტანეთ. იმ ბრიყვებსაც ვერ გავუტოლდით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ.

 

...და ყველა ეს სისულელე, ყველა ეს უგუნურება, ერის წინაშე ყველა ეს დანაშაული ამოფარებული იყო და არის სამშობლოს "სიყვარულის", მისთვის "თავდადების" ნიღაბს.

 

სამშობლო კი არა... კვატი!

 

მივმართავ მავანთ: არ გიყვართ თქვენ ეს ქვეყანა, რომელიც კია სამშობლო, ოღონდ, არა თქვენთვის! თქვენთვის ის მხოლოდ ფულის საკეთებელი ტერიტორია, ანუ, "ცეხია"! არ არის მისი რეპუტაცია თქვენისთანა ნაბიჭვრების სადარდებელი.

 

77-ე წელში გადავდექი, 55 წელია ქართულ (და არა მარტო) პოლიტიკაში ვარ, როგორც მონაწილე, მოწმე, მკვლევარი, პედაგოგი, ჟურნალისტი... მაგრამ ასეთი პოლიტიკური თუ ადამიანური სიბრიყვე, ასეთი იდიოტიზმი, საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის მსგავსი თვითმკვლელური აქტი არასოდეს და არსად შემხვედრია.

 

თუმც, იმის ეჭვიც გამიჩნდა, რომ ისე ხომ არ მომეკიდა ასაკი, რომ ვერ ვხვდები რაღაც სხვა(!!!!) თამაშს, უფრო "ღრმას", უფრო "შორსგამიზნულს", უფრო "შორსმჭვრეტელურს", უფრო ეშმაკურს, რომელსაც ვერ წვდება ჩემნაირი დაბალი ინტელექტი, რომელსაც არ ამაგრებს მილიონები, ნაშოვნი თავხედობით, უზნეობით, მისყიდვით, სხვათა გაბრიყვებით, სხვებზე და „სხვა რამეზე“ ამოფარებით, ე.წ. ახლობელთა ჩაწერა -გაწირვით, მეტისმეტი უტიფრობით...

ეს "ბარიკადების" ერთი მხარე.

 

მეორე კი ის გახლავთ, რომ პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, მაქვს შანსი და, ეგებ, ღირდეს ჰოლივუდი დავაინტერესო თემით: "ყველაფრის კადრება, ანუ, არარიგითი ოქუაშვილის... 150 მილიონის გადასარჩენად!"

 

მართლაც, თუ ობიექტურად განვსჯით, ერთი რიგითის გადარჩენის თემისადმი მიძღვნილი ჰოლივუდური ბრწყინვალე ფილმის ტრაგიზმი დედის ნანასავით მოგვეჩვენება წმინდა ქართულ „არამზადობასთან“ შედარებით.

 

ჰოდა, შემოვცხოთ ტაში, კუკური!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×