logo_geo
eng_logo
საიდან ამოდის მზე ჩვენში - დასავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან?!
- +

25 სექტემბერი. 2018. 13:44

 

კონგრესმენი რასელი: „რუსი ოლიგარქია საქართველოში“,

ანუ,

საიდან ამოდის მზე ჩვენში -

დასავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან?!

(დაგვიანებული რეაქცია ორი წლის წინანდელ „დატუქსვაზე“)

 

***********************************************************************

 

ახალმა კოლექტიურმა „უფროსმა ძმამ“ მორიგი გაკვეთილი ჩაგვიტარა: ცოტა გაგვანათლა, ცოტაც დაგვამუნათა და პაწია ყურიც აგვიწია. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს „ნორმალური“ მოვლენაა: ჩვენზე კარგად ჩვენივე სიზმრები „უფროსმა ძმებმა“ იციან: ერთი - ოკეანის გადაღმიდან უკეთ ხედავს და აღიქვამს რა ხდება აქ. მეორეს - ტერიტორიულად უფრო ახლო მყოფ ჩრდილოელს, კავკასიონის ქედიც არ უშლის ხელს „მხედველობაში“...

 

ორივენი ერთობ შეწუხებულნი არიან ჩვენი მდგომარეობით, დღე-ღამეს ათენებენ ჩვენზე ზრუნვით, არიქა, „განსაცვიფრებელი დემოკრატიის“ გზაზე ბაჯბაჯისას, ეს თოთო ბავშვი რაიმე ფარსაგს არ გადაეყაროსო. დაახლოებით ისე, დათვმა რომ იცის: ბელს ისეთი სიყვარულით ჩაიხუტებს, საბოლოოდა გაგუდავს კიდეც.

 

...ამას წინათ მსოფლიოს ერთერთ ავტორიტეტულ გამოცემაში დასავლეთში ერთობ ცნობილმა ჟურნალისტმა ნამეტნავად მუქი სათვალით მიმოიხილა ჩვენი ქვეყანა, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მეზობლებთან ურთიერთობა. ბოლოს დაასკვნა, რომ მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ ობლადდარჩენილებს თუ არ „მივეშველეთ“ ჩვენი რჩევებით და რეკომენდაციებით, ალბათ, გზა აერევათო.

 

„ფაინენშელ თაიმსის“ მიმოხილვას კომპეტენტური, ღირსეული, ნამდვილად ევროპული პასუხი გასცა იმ დროისთვის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტიდან უკვე გადამდგარმა ჩვენი დიპლომატიის მეტრმა თედო ჯაფარიძემ, რაც დაუყონებლივ(!), ჩემთვისაც კი გასაოცარი(!) ოპერატულობით დაბეჭდა ამ, ვიმეორებ, მთელი მსოფლიოს პოლიტიკური და ფინანსური წრეებისთვის ანგარიშგასაწევმა ორგანომ. (ეს ცალკე თემაა, ერთობ საინტერესო და ამის შესახებ მოგვიანებით.)

 

რაღამც სიტყვამ პუბლიკაციაზე რეაგირების თემა მოიტანა, სათქმელია, რომ, არა მგონია, ჩვენს ოფიციალურ სტრუქტურებს შეუმჩნეველი დაეტოვებინათ წერილი იმ გაზეთისა, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მკითხველი ყავს. მაგრამ, ამის შესახებ საჯაროდ არვის უთქვამს. ამიტომ, ეს ჩემ ვარაუდად მიიღეთ, რამეთუ ჩვენი სახელისუფლებო სტრუქტურები გახსნილები არიან მხოლოდ... კანაფის (ან, მსგავს) თემაში.

 

პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ დასავლური ელიტარული მედია იქცევა, როგორც წესი, მოპასუხის ავტორიტეტის ადექვატურად, ანუ, დიდი ალბათობით შემიძლია დავასკვნა, რომ ქართული მხარის ოფიციალურ პასუხში მნიშვნელოვანი, ანუ, გამოსაქვეყნებელი, ვერაფერი დაინახეს და, აქედან გამომდინარე, ნულოვანი რეაქცია აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ. ისე, რამე საინტერესო რომ მომხდარიყო, სიმონ კილაძეს რეაგირებაში ვერც ვერავინ დაასწრებდა..

 

ამ ვითარებაში საინტერესო და, ცოტა არ იყოს, დამაბნეველია ის რომ ინტერნეტში "შემოვარდა" ერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ეხმიანება დღევანდელ პოლიტიკურ კლიმატს და რეალობას. ეს ჩანაწერი ზუსტად ორი წლის წინანდელია. იგი დარჩა ქართული საზოგადოების ყურაღების მიღმა. და დღეს, მისი ახლიდან გასაჯაროება, არაფერ სხვა მიზანს არ ისახავს, გარდა იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინონ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვიმეორებ, ორი წლის წინანდელი კი არის, მაგრამ არაფერი შეცვლილა არც შეფასებებში, არც მიდგომებში, არც "მუქარებში", არც მოთხოვნებში...

 

თავად განსაჯეთ: „ფაინენშელ ტაიმსის“ შეფასებები წლის ორი წვეთივით გავს ამ გამოსვლაში გაჟღერებულ შეფასება-დასკვნებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გაზეთის ფურცლებზე ჟურნალისტი „ბაზრობს“, აშშ კონგრესის ტრიბუნიდან კი ამავე კონგრესის კონგრესის უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე „მჭერმეტყველებს“. გავლენა, შესაძლებლობები, რეკომენდაციები, მოთხოვნები ძალა დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. კონგრესმენი იქამდეც კი მივიდა, აშშ ეროვნულ ინტერესებს თითქმის გაუთანაბრა იმდროინდელ არჩევნები და შეშფოთება გამოთქვა მის სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით. და პრევენციის მიზნით მოითხოვა დაახლოებით ისეთი სანქციები, ახლა რომ რუსეთს დაუწესდა.

 

ბატონი რასელის გამოსვლა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა კონგრესის სხდომათა დარბაზიდან, რაც, თუ ოპერატიული კომენტარებით ვიმსჯელებთ, არაერთმა ჩვენმა მოქალაქემ ნახა. ანუ, მავანისთვის ამ გამოსვლაზე საჯარო საუბარი უცხო არ იქნება. დღეს 2018 წლის 25 სექტემბერია, გავიდა ორი წელი და 13 დღე. ქვეყნის საზოგადოებისთვის კი ჯერაც უცნობია ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების რეაქცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა უწყებამ, მაშინდელი „ნარცისის“ მინისტრობისას ვერ (ან, არ) „შეამჩნია“ ეს გამოსვლა. არ „შეამჩნვდა“ და მისი აჯობებდა: ვერ გადაარჩენდა პრემიერ კვირიკაშვილის განსაკუთრებული მფარველობა. უბრალოდ, კულუარებში "წაიფორხიალეს", "მბრალდებელს პირად საუბრებში "აუხსნეს" რაღაცეები და, რა თქმა უნდა, ყველაფერი მიაჩუმათეს. ამას იმით "ხსნიდნენ", რომ ხმაური არ წაადგებოდა საქართველოს "სახელმწიფო ინტერესებს".

 

ამ "ჯენტლმენობით" შეიცვალა რამე? არაფერი!!!!

 

ჰოდა, სწორედ ამიტომაც მივმართავ ყოფილ და ახლანდელ "ნარცისებს", თანაც მერამდენეჯერ:

 

- ვის ან რას უმალავდით და უმალავთ?

- ვის ან რას ელოდებოდით და ელოდებით?

- მართლა გგონიათ საკმარისი ამ "ბურუსის" გასაფანტავად ის ინტერვიუ, რომელიც პრემიერმა ბახტაძემ ტელეკომპანია "ფოქსს" მისცა? ( დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს ტელეგამოსვლა ჩვენ თავმოყვარეობას კი ესალბუნება, მაგრამ ამერიკელ კონგრესმენ-სენატორებს რასელის გამოსვლის შემდეგ დატოვებულ შთაბეჭდილებას დიამეტრულად ვერ შეუცვლის.)

- საქართველოში რას იფიქრებენ, არ გაინტერესებთ?

 

ჯერჯერობით, ერთადერთი რაც ამ ვითარებაში აშკარად ჩანს, გახლავთ კონგრესმენ რასელის წარმოთქმული სიტყვის ვიდეო-ჩანაწერი და ჩვენი მაშინდელი თუ დღევანდელი სირაქლემას პოზიცია, გამაგრებული პოეტური შეძახილით: "არსაიდან ხმა, არსით ძახილი", ანუ, ჩვენი მმართველი ძალის ტრადიციული "ინსტრუმენტი" - დ უ მ ი ლ ი !!!

 

დუმილი, იცოცხლე, დიპლომატურ პრაქტიკაში ჩვეული მოვლენაა. უწინარესად, მაშინ, როცა არაფრად აგდებ რომელიმე იქაური "მაჭუტაძისა" თუ "დუგინის" ბოდვას. ასეთ შემთხვევაში, იქაც-აქაც, ყურს არავინ აპარტყუნებს. და ეს ნორმალურია.

 

ზოგჯერ, არცთუ იშვიათად, ასეთივე დუმილს შევხვდებით მაშინ, როცა რომელიმე პოლიტიკური დინოზავრი "დააგუგუნებს" რამეს ისეთს, რომელიც წყალს ჩაგაგუბინებს პირში. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში დუმილის საფუძველი სულ სხვაა. აი, დაახლოებით, ისეთი, მგლის და კრავის არაკი რომ მოგვითხრობს.

 

კონგრესმენ რასელის შემთხვევაში, მგონი, სწორედ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე და ეს "შემთხვევა" რაღაც "სახელმწიფო ინტერესების" სამოსელში შევფუთეთ. ადრე, თუ გახსოვთ, ევროკავშირის ელჩმა წამოაყრანტალა "მილოცვის" მსგავსი სისულელე სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტთან და ჩვენმა საგარეო უწყებამ (ამ ელჩის პარალელურად) მიკიბ-მოკიბვით დაიძვრინა საზოგადოების აღშფოთებისგან თავი. რეალურად კი დ უ მ ი ლ ი თ(!!!) გადაყლაპა კაი ალიყური. მაშინაც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: თავმოყვარეობის და ღირსების მაღალი გრძნობა თუ არ გაქვს, სახელმწიფო არ ხარ!

 

ძალიან არ მინდა დიპლომატური თუ ჟურნალისტური ეტიკეტი ამჯერადაც დავარღვიო, მაგრამ მე, რიგით მოქალაქეს და პროფესიონალს, არავითარი ვალდებულება არ მაქვს მოვერიდო ან ანგარიში გავუწიო ყალბ(!!!) სახელმწიფო ინტერესებს, არც ჩემი ქვეყნის კანაფისტ-მარიხუანისტ "ხალხის რჩეულებს" და, მით უმეტეს, "ვიღაც გადამთიელს", აშშ კონგრესმენი რომ ქვია, რომელიც მოურიდებლად ტუქსავს ჩემს ქვეყანას, მის მთავრობას (მიუხედავად იმის, მომწონს იგი თუ არა) და მხოლოდ იმით ყელყელაობს რომ მის უკან გამაძღარი, ფულიანი, გავლენიანი და ბევრისთვის კერპი ქვეყანა დგას.

 

ჰოდა, მინდა ყველამ იცოდეს: რომელიმე პოლიტიკური დინოზავრის, მით უმეტეს, დასავლეთის წარმომადგენლის თითით დაქნევის შემთხვევაში, ჩვენი მთავრობის დუმილს სიბრძნეს კი არ უწოდებნ ქუთაისის "ბაღის კიდეში" ტრადიციულად შეკრებილი ნაღდი კაცები, განათლებული და ენამოსწრებული პატრიოტები, არამედ... "ჩ ა ს ვ რ ა ს"!!!

 

დიდი გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო პერიოდში ეს თქვენი, ანუ ჩვენი მთავრობის, მმართველი ძალის პირველი "ჩასვრა" არ გახლავთ. კი მინდა უკანასკნელი იყოს, მაგრამ... რა ვუყოთ, მგონი, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის ასაკში ხართ და არ გეადვილებათ გადაეჩვიოთ "ჩასვრას" და... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩასვრილის ჭამასაც. ფაქტები არ მომთხოვოთ, ცოტა როდია.

 

...ისე, იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ "ფაინენშელ ტაიმსის" პუბლიკაციის, კონგრესში ბატონი რასელის გამოსვლის, ევროპარლამენტში ზოგიერთი მამლაყინწა დეპუტატის ინტერვიუების შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ "მაგარი" ინფორმატორები ყავთ საქართველოში. ვიღაცას სულ "მეხუთე კოლონა" რომ ელანდება, ეგებ, "მეექვსეც" არსებობს?

 

ამ ინფორმატორების წარმოშობა, ბიოგრაფია, "სიფათი" (თუნდაც, გასილაქებული კანდელაკის) ტიპიურია, მათი სტილი საყოველთაოდ ცნობილია. მით უმეტეს, კონგრესმენ რასელისთვის, რამეთუ იმ ცნობილ "ინკუბატორს", სადაც სააკაშვილებს, იუშჩენკოებს, ლომაიებს, დარჩიაშვილებს და მათ "კმარელ" და-ძმებს" , აფრთიანებენ, სწორედ რასელის ქვეკომიტეტი მფარველობს და კურატორობს.

 

როგორც ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, ამ ნაცნობი სტილიდან გამომდინარე, ბატონმა რასელმა კარგი დეკლამატორივით პროფესიულად ჩაარაკრაკა საკუთარი გამოსვლის ისტორიული ნაწილი, მერე... გაოცდები კაცი, ასე კარგად როგორ მოახერხა კონგრესმენმა რასელმა ჩვენი "მძვინვარე" ოპოზიციის არა მარტო მრავალწლიანი სლოგანის და შეფასებების, არამედ რიტორიკული ტრაფარეტების ათვისება.

 

ახლა იმათ საყურადღებოდ, ვისაც პირდაპირ ეხება "ჩასვრა": ვეკითხებით მთავრობის აპარატში მოკალათებული ჭუჭულაშვილ-ქათამაძეებს, პარლამენტის უმრავლესობის ნამეტნავად "პროგრესული" ბირთვს და მის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო ქაცარავას, საგარეო საქმეთა სამინისტროს "საიდანაც ქარი ქროდა"- მინისტრს, მის მოადგილეებს და ჩვენს ელჩს ვაშინგტონში, "ქართული ოცნების" მამლაყინწებსა და მაღალანაზღაურებად კოლექტიური "კაცმანების" და ყველა მთავრობის უცვლელი "პიარშიკებს":

 

- ამ კოლექტიურ "რასელს" პასუხის გაცემა არ ჭირდება თუ უსიტყვოდ დავუჯეროთ და მივიღოთ სახელმძღვანელო მითითებად?

 

- კოლექტიური ამერიკული თუ ევროპული "რასელის" განცხადებები მარტო სურვილების და პირადი მოსაზრებების გაჟღერებად აღვიქვათ? არ გეჩვენებათ, რომ ასეთი "გამოსცლები" და პუბლიკაციები არის მცდელობა პირდაპირ თუ ირიბად ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში და ნებსით თუ უნებლიედ ზეგავლენა მოახდინონ საპრეზიდენტო არჩევნებზე ?

 

- ოკუპანტი - კლოუნი ჟირინოვსკი რომ გამოსულიყო მსგავსი სიტყვით, მაშინაც დადუმდებოდით თუ ატეხავდით გნიასს?

 

- არის თუ არა სხვაობა იმაში, "უფროსი ძმა" საიდან გასწავლის ჭკუას ან დაგტუქსავს - დუმიდან თუ კონგრესიდან? მართლა ფიქრობთ, რომ დუმიდან თითის ქნევა აგრესიაა (კი, ასეა!), ხოლო კონგრესიდან დატუქსვა - მეგობრული რჩევა-დარიგება-სურვილი, აღსავსე სიყვარულითა და თანასწორობის სულისკვეთებით?

 

- ბოლოს და ბოლოს გაარკვიეთ თქვენთვის საიდან ამოდის მზე: ჩრდილოეთიდან (როგორც წინათ) თუ დასავლეთიდან (როგორც ახლა)?

 

და ვიდრე საზოგადოების ამ შეკითხვებზე პასუხს გავიგებთ, მანამდე შენ დაუკა, ჭუჭულაშვილო, შენ კი შემოცხე ტაში, კუკური!

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×