logo_geo
eng_logo
ანა ლაშხელი-ონიანი ცად ამაღლდა...
- +

11 ოქტომბერი. 2018. 14:41

 

 

ყველასათვის საყვარელი მწერალი, ძალიან კარგი და უკეთილესი ადამიანი - ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კუჭის სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობის კურსს გადიოდა თურქეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაიტარა. გთავაზობთ ანას ერთ-ერთ ჩანახატს და უკანასკნელ პოსტს, რომელიც იმედით იყო სავსე.

 

წერილი ღმერთს

 

არც ისე ადვილია, მისწერო ღმერთს საკუთარ თავზე, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი არ ხარ. ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების დანგრევა, მათ მხოლოდ სხვისი თოვლის ბაბუა შეიძლება დაანგრიონ და მერე ამაზე ჩაძინებამდე იდარდონ... რომ ვიცოდე, საიდან დავიწყო, დავიწყებდი დალაგებულად, მშვიდად და ქრონოლოგიურად მივყვებოდი სათქმელს, მაგრამ ამის ნიჭი ვინ მომცა?! ასე მგონია, ჭრელი ძაფის დიდი გორგალია ჩემი ცხოვრება, გორავს და თან დავყვები, ხან ერთ დღეს გადავახტები, ხან მეორე კვირას, ხან აღმართი მხვდება, ხან დაღმართი... ვერც ერთი ქუჩის ეკლესიასთან ვერ შევჩერდი, ყოველთვის ღმერთი მიშლიდა ხელს თვითმკვლელობაში და ასე გამოდის, ჩემს სიკვდილსაც არსად ეჩქარებოდა...

 

რამდენჯერ დავაპირე, ცხოვრებაზე ხელი ამეღო, ყოველთვის თვითონ დამასწრო და იგივე გააკეთა. ბავშვობაში რომ მკითხავდნენ, რა უნდა გამოხვიდეო, კარგი ადამიანი-მეთქი, ახლა როცა ზედმეტად გავიზარდე, ამ ოცნების დასამტკიცებლად ძალა არ მყოფნის. ასე ვუღალატე ბავშვობის არაერთ ოცნებას. რა ჩემი საქმეა, თქვენც იგივე დაგემართათ თუ არა, მთავარია, ახლა ყველა მაშინდელი ოცნება ისე მტკივა, როგორც შორს წასული დედის მონატრება...

 

სინამდვილეში არასოდეს მდომებია, ცუდი ადამიანი ვყოფილვიყავი, მაგრამ მაშინ არც ის ვიცოდი, ცუდი რა იყო. ის კი არა და, ადამიანი მხოლოდ სახელი და გვარი მეგონა. ახლა, როცა ვიცი ადამიანის არსი, სახელის შეცვლა მინდა, გადარქმევა კი არა და საერთოდ წაშლა მინდა ჩემი არსებობის, ისეთი რთულია ადამიანობა. მხოლოდ სახელს პლუს გვარი, დიდ გაუგებრობას უდრის ჯამში.

 

რაც უფრო ხშირად ვიხსენებ ბავშვობას, მით უფრო აუტანელია დღევანდელი ყოფა... რაც უფრო ვაანალიზებ დღევანდელობას, მით უფრო ბუნდოვანია მომავალი. რასაც ადრე ხალისით და სიხარულით ვაკეთებდი, ახლა მრცხვენია იმავეს გაკეთება, მაგალითად, თოვლის ჭამა... დღეს ზუსტად ვიცი, ასაკი რას ნიშნავს. მხოლოდ მაშინ მივხვდი წლების გასვლას, მწიფე ბალზე რომ ვერ ავედი სიმაღლის შიშით. დედის კაბის ღილებს ვეტოლებოდი სიმაღლეში, ბოლო ღილის მერე გადაწყვეტილი იყო, მეც დიდი ვიქნებოდი. ახლა დედას მაღლიდან ვუყურებ და როცა თავი მის კალთაში მიდევს, ასე მგონია, 5 წლის გოგო ვარ.

 

ადრე ხიწვითაც რომ გამკაწვროდა თითი, ტირილით მივვარდებოდი დედას და ჩახუტებით ვითხოვდი შველას, ახლა გული რომ მისკდებოდეს, ტელეფონს ავიღებ, დავრეკავ და ჩემს ტკივილზე კი არა, მეზობლებზე ვეკითხები რამდენიმე სიტყვით, მერე ძლივს გადავყლაპავ ყელში მობჯენილ სევდის ბურთს და თვალდახუჭული ვუსმენ მის ხმას...

 

ნეტავ ყურმილის დაკიდებასავით ადვილი იყოს ტელეფონის აღება და პასუხის გაცემა მის კითხვაზე - როგორ ხარ?.. კითხვა, რომელიც მანადგურებს... ყველა შემთხვევაში უნდა მოვატყუო, რომ კარგად ვარ, მერე დავდგე და მისი ხმის გაგონებაზე ვიტირო, ისე ჩუმად, რომ მეც ვერ გავიგონო...

 

ხშირად ვეკითხები თავს, ღირდა კი დაბადება ასეთი ცხოვრებისთვის? მაგრამ ან დაბადებას ვინ გვკითხავს, ან ცხოვრებას... ან სამივეს ერთად, სიკვდილიც რომ ურევია...

 

გამარჯობა, ღმერთო, მე ჩემი სულის კუთხეში ვზივარ და აქედან გასასვლელს ვეძებ... შეგიძლია მოხვიდე, ამდენი ღია კარიდან მირჩიო, სამყაროში რომელი კარით გავიდე, რომ ისევ აქ არ დავბრუნდე... შეგიძლია, ის გზა მანახო, საკუთარ თავამდე რომ მიმიყვანს...

 

მასწავლე, როგორ ამოვავსო ჩემში ის ცარიელი სივრცე, სადაც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს...

 

***

 

„არასოდეს არავინ თქვას არასოდეს...

 

უკვე მჯერა, რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა... და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება.

 

20-დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს. არ ვიტყვი, რა. იმიტომ რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს, არც თანადგომას. ეს მე უნდა გავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისთვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას, რომელიც წინ მელოდება. მე არაფრის მეშინია. პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას, რომ ერთი გალეული გოგოს უკან, ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს.

ახლა მადლობების სერია.

 

მადლობა ღუდუშაურის შინაგან სნეულებათა მთელ განყოფილებას. ექიმებს, მედპერსონალსაც კი, ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის. მადლობა უსაყვარლეს თიკო კუჭუხიძეს, რომელიც ადამიანობის ეტალონია. ბატონ კახა ვაჭარაძეს, რომელიც სიტყვითაც კურნავს ადამიანებს. თოდუას კლინიკის მთელ კოლექტივს, რომლებსაც მთელი გულით ვიყავი მინდობილი ეს დღეები. მე დღეს ვიცი, რომ საქართველოში გაწირული არ ხარ, რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები. მიუხედავად იმისა, რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას, ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი, ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე, ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახვებს ღმერთს. მადლობა უფალს, რომ მომცა შანსი ბრძოლის, იმედის...

 

მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები, რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემს გვერდით იქნება, ვიცი.

 

მადლობა ყველას, ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემი ამბები, ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ, რომ თქვენთვის მეთქვა, მე არაფრის მეშინია. ყველაფერი არის და იქნება კარგად. მე დავწერ წიგნს - მე დავამარცხე კიბო“, - ნათქვამია მის ბოლო პოსტში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×