logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: ვიფიქროთ, რატომ ცრუობს და დემაგოგობს ასე ჯიუტად პრეზიდენტობის კანდიდატი?!
- +

16 ნოემბერი. 2018. 13:08

 

ატყდა გნიასი, ფოტოგრაფ იურა მეჩითოვს საბჭოთა კავშირი „ნაყვარებაო“, მტერი და მოღალატეაო, უნდა გავრიყოთ, მოვიკვეთოთ და გავაძევოთო... განსაკუთრებული პატრიოტიზმით ამჯერადაც „რუსთავი 2“-მა და ნიკა გვარამიამ გამოიჩინეს თავი. დიდმა ჟურნალისტმა ნიკოლოზმა ღია ეთერში გინების ისეთი კორიანტელი დააყენა, ველისციხის ბირჟაზეც რომ შეშურდებოდათ.

 

იურა მეჩითოვმა მართლაც წაიბჟუტურა ზოგიერთი სისულელე 1989 წლის 9 აპრილთან და საბჭოთა სისტემის კეთილშობილებასთან დაკავშირებით. ეტყობა, იგი ასე უყურებს საგნებს და მოვლენებს. რა ვქნათ ახლა, თავისი ამ ჩვენთვის მიუღებელი აზრების გამო ციხეში ჩავსვათ, ქვეყნიდან გავაძევოთ, თუ ფოტოობიექტივები ჩამოვართვათ? თუ მეხსიერება არ მღალატობს, იურა ისევ ისე, ძველებურად ფოტოგრაფია და პრეზიდენტობაზე კენჭს არ იყრის. ან იქნებ იმის გამო უნდა დაისაჯოს, რომ ოდესღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილის სკამზე იჯდა?

 

საბჭოთა კავშირის მონატრება სამშობლოს სიძულვილს არ ნიშნავს. იურასაც შეუძლია ენატრებოდეს სსრკ, მაგრამ ალალად უყვარდეს მისი სამშობლო - საქართველო. მისი ეთნიკური წარმომავლობა აქ არაფერ შუაშია. ამ უაზრო ურა-პატრიოტიზმზე ამოფარებით თავს საბოლოოდ ნუ მოვიჭრით. საქართველოში დღესაც ბევრია ადამიანი, ვისაც სსრკ ენატრება და ამაში გასაკვირი არაფერია - საბჭოთა კავშირის დაშლას დღეს მხოლოდ 27 წელი გვაშორებს და ეს მანძილი ისტორიისთვის ძალიან მცირეა, ძალიან მცირე!

 

მოდი, ხვალინდელზე ვიფიქროთ. იმაზე ვიფიქროთ, რატომ ცრუობს და დემაგოგობს ასე ჯიუტად პრეზიდენტობის კანდიდატი, თხემიდან ტერფამდე ქართული წარმომავლობისა და ასევე თხემიდან ტერფამდე რუსული შოვინიზმით გაჟღენთილი გრიგოლ ვაშაძე?!

 

თეიმურაზ ქორიძე

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×