logo_geo
eng_logo
ვანო გოლაშვილის გმირული სიკვდილიდან ერთი წელი სრულდება
- +

19 ნოემბერი. 2018. 14:52

 

 

ერთი  წლის წინათ, 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისი და სრულიად საქართველო მეტად უჩვეულო, ქართული სინამდვილისათვის უპრეცედენტო მოვლენის მომსწრე შეიქნა - დედაქალაქის პერიფერიაში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეიარაღებული შეტაკება ტერორიზმში მხილებულ პირებსა და ქართული სპეცდანიშნულების რაზმებს შორის.

 

 

ბერი გაბრიელის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში გამაგრებული დამნაშავეები, რომლებსაც საერთაშორისო დონის ტერორისტი, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ჩატაევი მეთაურობდა, სპეცრაზმელებს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ და დანებებას არ აპირებდნენ.

 

საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, მისი ორი თანამზრახველი იბრაგიმ ადაშავი და ასლანბეგ სოლტახმადოვი კი, ორმხრივი სროლების დროს, სპეცრაზმის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

 

ტერორისტული დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი,  რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, სამართალდამცავებმა ცოცხლად აიყვანეს.

 

20-საათიან ორმხრივ სროლას მსხვერპლის გარეშე არც სპეცდანაშაულების რაზმებისათვის ჩაუვლია - ტერორისტების ტყვიას ქართველი სპეცრაზმელის ვანო გოლაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გამოძიების მიერ ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან ამოღებულმა აუდიოჩანაწერებმა ცხადყო, რომ ტერორისტული ჯგუფი გეგმავდა ტერაქტის მოწყობას, კერძოდ კი, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ტერიტორიაზე. მტკიცებულებათა მიხედვით, ისიც გაირკვა, რომ აღნიშნულ ტერორისტულ ჯგუფს პანკისის ხეობის რამდენიმე მკვიდრთან ჰქონდათ კავშირი. აღმოჩენილ იქნა თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაცემული საბანკო და მობილური ტელეფონის საგარანტიო დოკუმენტები, გასაჯაროვდა ოპერატიული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორიზმში მხილებულ ბორზიევთან და სოლტახმადოვთან ერთად თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილდება და მობილურ ტელეფონს ყიდულობს.

 

 

გამოძიების მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ ახმედ ჩატაევი დაჯგუფების წევრებს - სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ასლანბეგ სოლტახმადოვსა და დაკავებულ შოაიფ ბორზიევს, სანამ ბერი გაბრიელის ქუჩაზე გადავიდოდნენ, ბინა ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩაზე ჰქონდათ ნაქირავები, სადაც მათთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილიც ცხოვრობდა.

 

 

როგორც ბინის მეპატრონე კოტე გუჯეჯიანმა მედიასთან განაცხადა, ბინის ქირა - 500 ლარი - მას რამდენჯერმე თემირლან მაჩლიკაშვილმა გადაუხადა. გუჯეჯიანისვე თქმით, მის ბინაში მცხოვრები პირები უსადენო ინტერნეტის - ე.წ. ვაი-ფაის პაროლად მაჩალიკაშვილის სახელს - temirlani - იყენებდნენ.

 

ასე და ამრიგად, ეჭვს აღარ იწვევდა ის ფაქტი, რომ პანკისის ხეობის მკვიდრს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ახლო ირთიერთობა ჰქონდა ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფების წევრებთან - ბორზიევთან და სოლტახმადოვთან.

 

გარდა ამისა, უსიამოვნო ეჭვებს ბადებდა თემირლან მაჩალიკაშვილის აქტივობა სოცილურ ქსელ „ფეისბუქშიც“. კერძოდ, მაჩალიკაშვილს საკუთარ გვერდზე - temirlan pankiski - ე.წ. ქავერად 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილის ფოტო ჰქონდა დაყენებული, სისტემატურად აქვეყნებდა ვიდეო და ფოტომასალას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების შესახებ და გლოვობდა იმავე „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს, იმავე აბუ ომარ ალ შიშანის, რომელიც 2016 წელს ანტიტერორისტულმა ძალებმა მოკლეს.

 

ერთი სიტყვით, თემირლან მაჩალიკაშვილისა და პანკისის ხეობის კიდევ ორი მკვიდრის მიმართ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურმა სასამართლოს მიმართა, გაცემულიყო განჩინება პანკისის ხეობის სოფლებში - დუისსა და ომალოში ჩხრეკის ჩატარებასა და ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად. სასამართლომ გამოძიების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და გამოსცა განჩინება, რომლის საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში, სპეცოპერაცია ჩატარდა.

 

სპეცობერაციის დროს თემირლან მაჩლიკაშვილი თავის არეში დაიჭრა და ათი დღის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა, მძიმედ დაჭრილი მაჩალიკაშვილი ავსტრიის კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა, ავსტრიის სახელმწიფომ მაჩლიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა, რაც აღნიშნული ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა ასე ახსნა:

 

„ავსტრიაში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილის ჩამოყვანა, ცხადია, უსაფრთხოების რისკებს შეიცავდა. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, ქვეყანაში არ შემოვუშვათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი პირები. ეს ეხება მკურნალობის მიზნით ვიზიტებსაც“.

 

ცოტა ხნის წინათ ისიც გახდა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ორგანომ თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები აღადგინა. საუბარია მაჩალიკაშვილსა და მისი მეგობარი გოგონას შორის მიმოწერაზე, რომელიც 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება. თემირლან მაჩალიკაშვილი მეგობარს სწერს, რომ თბილისში, მეტრო „სადგურის მოედანზე“ თავის აფეთქება აქვს გადაწყვეტილი.

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ტერორისტებთან კავშირისა და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული იქნნენ: რამაზ მარგოშვილი, რომელსაც სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ზურაბ გორნაკაშვილი, რომელსაც სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; რუსლან ალდამოვი, რომელსაც სასამართომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ბადურ ჩოფანაშვილი, რომელსაც სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ტრანსპორტირება ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა და მათ ბინის დაქირავებასა და იარაღის მოძიებაში დაეხმარნენ.

 

ტერორიზმთან კავშირსა და ტერორიზმის ხელშემწყობაში მხილებული პირების დაკავება მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. კერძოდ, 2018 წლის 9 იანვარს ქართველმა სამართალდამცავებმა ზურაბ იდოიძე დაააკავეს, რომელსაც სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ანატოლი ბერძენიშვილს, რომელიც 2018 წლის 22 იანვარს დააკავეს, ხოლო ამავე პერიოდში დაკავებულ რუსლან შავაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

აი, ასეთი სურათი გვაქვს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციიდან ერთი წლისთავზე.

 

ამ ერთი წლის განმავლობაში ტელეეკრანიდან, პრესის ფურცლებიდან, პოლიტიკანთა და არასამთავრობოთა ენა-პირიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი და გვარი - თემირლან მაჩალიკაშვილი გვესმის!

 

მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილი უდანაშაულოდ აღიაროს!

მოითხოვენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამო სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელობის საკითხი დადგეს!

 

მოითხოვენ, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩამტარებელი პირები გასამართლდნენ და ციხეში ჩასხდნენ!

 

ზოგიერთ მათგანს დახვრეტითა და ოჯახის ამოწყვეტით, შვილების და შვილიშვილების ამოხოცვითაც ემუქრებიან!

 

სამაგიეროდ, ამ ერთი წლის განმავლობაში, იმავე პოლიტიკანებსა და არასამთავრობოებს, რომლებსაც პირზე „მაჩალიკაშვილი“ აკერიათ, ერთხელაც არ უხსენებიათ, წამოცდენითაც კი არ წამოცდენიათ ტერორისტებთან ბრძოლაში დაღუპული გმირი სპეცრაზმელის ვანო გოლაშვილის სახელი!

არ ახსოვთ, რომ ვანო გოლაშვილის მეუღლე დაქვრივდა!

არ ახსოვთ, რომ ვანო გოლაშვილის პატარა შვილები დაობლდნენ!

არ ახსოვთ კი არა, არ უნდათ, გაისენონ, რადგან ვანო გოლაშვილის გმირობის ხაზგასმა პოლიტიკური ვაჭრუკანებისათვის პოლიტიკურად მომგებიანი არ არის. ჰო, ამას რომ ხაზი გაუსვან, მაშინ ისინიც უნდა აღიარონ, რომ 2017 წლის 21-22 ნოემბერს ძალოვანმა სტრუქტურებმა ქვეყანას უდიდესი საფრთხე ააცილეს თავიდან, თბილისი და მთელი საქართველო სისხლისმღვრელ ტერორისტულ აქტებს გადაარჩინეს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მიმდევრები უმალ შაჰიდის  ქამრებს შემოირტყამენ, ვიდრე ამას აღიარებენ და ვანო გოლაშვილის გმირობას დააფასებენ.

 

22 ნოემბერს ვანო გოლაშვილის გმირული სიკვდილიდან ერთი წელი შესრულდება!

 

ქართველი ერის ხსოვნასა და ჩვენი ქვეყნის მატიანის გაუცრეცელ ფურცლებს ვანო გოლაშვილის სახელი სამარადჟამოდ შემორჩება!

 

თუ საქართველო ოდესმე გახდება უკეთესი სახელმწიფო, ვიდრე დღეს არის, ეს ვანო გოლაშვილისა და ტერორისტების მიერ დაღვრილი მისი სისხლის დამსახურება იქნება!

 

გმირების სისხლი უკვალოდ არასოდეს იკარგება!

 

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×