logo_geo
eng_logo
გიორგი ბოჭორიშვილი: ცოტა რამ მამაჩემზე - გოგი ბოჭორიშვილზე...
- +

26 ნოემბერი. 2018. 21:56

 

 

2011 წლის 25 ნოემბერი მამაჩემის, გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილის გარდაცვალების დღეა. გიორგი ბაგრატის ძე ბოჭორიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ქირურგიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. იგი გახლდათ ადამიანი, რომლის ცხოვრების გზა იყო და არის ქვეყნის და ხალხის მსახურების არაჩვეულებრივი, უნიკალური, მაგალითი. მის სახელთანაა დაკავშირებული ათეულ ათასობით გადარჩენილი და მადლიერი ავადმყოფი, მრავალი ექიმი გაიზარდა და დახელოვნდა მისი ზოგადი და კერძო ქირურგიის სახელმძღვანელოებით, ეზიარა დიდ ქირურგიას.

 

სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წლის 21 ივნისს დაამთავრა. 22-ში კი ომი დაიწყო. 22 წლის ასაკში ყირიმის ფრონტზე ერთ-ერთი ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი იყო და მრავალი ასეული დაჭრილი გადაარჩინა. ის ნამდვილი გმირი იყო. ეს თემა, ომის გმირი, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და სწორედ ამიტომაც მივიჩნიე საჭიროდ ამ გმირობის ამბავი მისი მოგონებებიდან მომეხმო.

 

„ქერჩის ნახევარკუნძულზე სამხედრო საველე ჰოსპიტალში მორიგ ოპერაციას ვუკეთებდი დაჭრილს. ჰოსპიტალი დაბომბეს. ავიაბომბის ნამსხვრევმა მომგლიჯა მარჯვენა ქვემო კიდური ბარძაყის ზედა მესამედში. არტერიაზე ხელის დაჭერით შევაჩერე სისხლის დენა, განმეორებით დაბომბვისას მკერდში მომხვდა ნამსხვრევი, კანზე და შარვლის ტოტზე ჩამოკიდებული კიდური ჯიბის დანით მოიჭრა. სისხლის ძარღვები ქუდში, ნემსზე დახვეული ძაფით გადავკვანძე და გრძნობა დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, ბომბისგან ამოთხრილ ორმოში სახლზე მოგლეჯილ კარებზე ვიწექი. მეორე დღეს ქალაქ ქერჩში გადამიყვანეს. დიდ დარბაზში უამრავი დაჭრილი იწვა, შემოვლას აკეთებდა ლევან ცისკარიშვილი (ფოცხვერი), ვისთან ერთადაც თბილისიდან წავედი ქერჩში.

 

დავუძახე - ლევან დიმიტრის ძევ-მეთქი. მოვიდა და ვერ მიცნო, ისე ვიყავი შეცვლილი, რომ ვუთხარი, გოგი ვარ ბოჭორიშვილი-მეთქი, მიატოვა შემოვლა. ყველა შემომესია. საოპერაციოში გადამიყვანეს. მიწით დაბინძურებული, დაფლეთილი ჭრილობა დაამუშავეს, გამოშვერილი ძვალი მოხერხეს და ცხენშებმულ ფორანზე დამაწვინეს. არასოდეს დამავიწყდება ის მგზავრობა ტამანამდე - რამდენიმე კილომეტრის გავლისას, საშინელ დღეში ჩავვარდი, ხშირად პირდაპირ ჩემამდე დაეშვებოდა „მესერშმიტი“, მფრინავი კარგად შემათვალიერებდა და რომ დარწმუნდებოდა ფორანზე იარაღი არ იყო, მაშინვე პირდაპირ, ვერტიკალურად, ცაში აიჭრებოდა. მეფორნე კი ამ დროს მიმატოვებდა და მოშორებით მიწაზე გაწვებოდა. ცოტა მანძილს გავივლიდით და იგივე მეორდებოდა.

 

ტამანში საშინელება ტრიალებდა. ყველას უნდოდა დიდ მიწაზე გადმოსვლა, მაგრამ საშუალება არ იყო. სროლასა და ხმაურში მაღალი ტანის მეზღვაური მოვიდა, რომ მნახა ცალფეხა ვიყავი, ბავშვივით ამიტატა და კატერში ჩამიყვანა, გემბანზე დამაწვინა, პურის ნაჭერი დამიდო. შემდეგ გადმომიყვანეს ანაპაში.

 

ანაპაც დაბომბვამ მოიცვა. გერმანელებმა იწყეს შემოსვლა. დაიწყეს დაჭრილების ევაკუაცია. მაგრამ, სამწუხაროდ, მატარებელი ვეღარ შემოდიოდა. რამდენიმე კილომეტრი მანქანებით გვატარეს. მატარებელში არ შევყავდით. ჯერ ნაბრძანები არ იყო, სად უნდა წავეყვანეთ. დიდხანს რომ ვიდექით, მძღოლს ვთხოვე, როგორმე ეშელონის ექიმი მოვიდეს-მეთქი. მოვიდა ექიმი. სანამ რაიმეს ვეტყოდი, თვითონ მითხრა, მე ყველაფერი ვიცი, ამდენ დაჭრილში გენერლებიც არიან, მაგრამ ექიმი შენს მეტი არ არისო. მე ისიც ვიცი, ობლად რომ გაზრდილხარ და იმას ვფიქრობთ, შუა აზიაში, სადაც დაჭრილები მიგვყავს, დედაშენი როგორ ჩამოვაო. გვინდოდა მზიურ საქართველოში, იქნებ თბილისში, გაეგზავნათ ეშალონი, აქამდე ამაზე იყო მოსკოვთან ლაპარაკი, მაგრამ ვერ მოხერხდაო. ექიმებმა მოვილაპარაკეთ, ეშელონი გროზნოში გაჩერდება და მარტო შენ დაგტოვებთ, ჰოსპიტლის უფროსმა უკვე იცის, საქართველოსთან ახლოს იქნებიო.

 

ასეც მოხდა, გროზნოს კულტურისა და დასვენების პარკში ჰოსპიტალი ყოფი-ლა. მის ჭიშკართან ჰოსპიტალის უფროსი ფრახტმანი მელოდებოდა, სანდამუშავება-ზეც თავზე მადგა, შემდეგ დამაწვინა პალატაში, სადაც ავიაციის გენერალი იწვა, თითები და სახე დამწვარი ჰქონდა, ხელის ნებებით მაგიდის კიდეზე საცოდავად ტეხდა პურის ლუკმას და ორივე ნებით იდებდა პირში. შემდეგ ცალკე გადამიყვანა დიდ პალატაში. მითხრა - როცა პროთეზს გაგიკეთებთ ვლადიკავკაზში, შემდეგ გაგიშვებ დედასთანო. მანამდე არ შევატყობინებ, რატომ ვანერვიულოთო. თავისი მეუღლე დამაყენა მომვლელად. ერთ დღეს თეთრი ბლის კომპოტი მოიტანა - თქვენთან ახლა ბალია, აქ კომპოტი მიირთვიო. ჰემოგლობინი თვრამეტი პროცენტი მქონდა. სუსტად ვიყავი. კომპოტი მესიამოვნა, მაგრამ მისგან თუ სხვა მიზეზით, ძლიერი დიარეა დამეწყო და სისხლზე გავდიოდი, მეხუთე კურსელს, ზაფხულზე პრაქტიკის დროს მძიმე დიზენტერია მქონდა. შეიძლება ამანაც შეუწყო ხელი. ზომებს ღებულობდა, სისხლიც გადამისხეს, მაგრამ შევატყვე, შეშინდა. მაშინ დედასთვის გაუგზავნია დეპეშა.

 

დედაჩემი გადარეულა და წამოსვლა გადაუწყვეტია. ახლახან მითხრა დამსა-ხურებულმა პედაგოგმა, ფილოლოგმა, სკოლის დირექტორის მოადგილემ თინა ჯი-შიაშვილმა, კი მაგრამ, რუსული რომ არ იცი, როგორ წახვალო, უშლიდნენ თურმე მეზობლები, მაგრამ დედა გაიძახოდა: შვილის სიყვარულს ენის ცოდნა არ სჭირდე-ბაო. ტყიბულიდან საავადმყოფოს რუსი ექთანი გამოუყოლებიათ და დედა ჩამოვიდა. ჩამომიტანა ჩემი კარგი ფეხსაცმელები და კოსტუმი. დედამ რა იცოდა, რომ ცალფეხა ვიყავი.“

 

​...იმდენად დიდი იყო ქირურგიაში მუხაძის, ჩაჩავას, ფიფიას გვერდით მუშაობის სურვილი, რომ დაიწყო დაუღალავი შრომისა და სწავლის წლები და ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის, რომ ცალფეხა კაცი, ინვალიდად არ ჩაეთვალათ. პროთეზით სიარულის სწავლა, საათობით მუშაობა საოპერაციოში, უნიკალური ოპერაციები მუცლის ღრუს ქირურგიაში, სისხლძარღვთა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, ტრანსპლანტოლოგიაში, კომბუსციოლოგიაში. ფუნდამენტური კვლევები პავლოვის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ძვლის რეგენერაციაზე. 1949 წელს საკანდიდატო, ხოლო 1956 წელს, 37 წლის ასაკში, სადოქტორო დისერტაციის ბრწყინვალე დაცვა იმდროინდელ ლენინგრადში. ქარიზმატული ლექტორი, გამორჩეული თავისი შრომისმოყვარეობით. ამის დასტურია 20 ზე მეტი მონოგრაფია და სახელმძღვანელო. 1951 წელს არაჩვეულებრივ ქალბატონთან, მედეა ბარამიძესთან ერთად, შესანიშნავი ოჯახის შექმნა.

 

​გვეამაყება, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანის შთამომავლები ვართ. მისი სახელისა და დამსახურების უკვდავყოფაა სამედიცინო უნივერსიტეტში მისი სახელობის სტიპენდიის არსებობა.

 

 

გიორგი ბოჭორიშვილი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×