logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: საგარეო საქმეთა მინისტრს ძინავს, ან - არ არის კომპეტენტური, ან გახლავთ... მხდალი!
- +

29 ნოემბერი. 2018. 22:02

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრს ძინავს, ან - არ არის კომპეტენტური, ან, გახლავთ... მხდალი!

××××××××××××××××××××××××××××××××××××××

 

გუშინ საღამოს გამოვაქვეყნე ეს პოსტი, ჩემ გვერდზე. შემდეგ, გაავრცელა "რეპორტიორმა". თანაც, პოსტკრიტუმში ვთქვი, რომ შეფასებიდან თავს შევიკავებდი 24 საათის განმავლობაში. ველოდი. სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობია, გადაიდგა თუ არა ადექვატური, საერთაშორისო დიპლომატიურ პრაქტიკაში აპრობირებული და აუცილებელი ნაბიჯი.

 

ექსპრეზიდენტმა, რომელსაც, ჩემი მონაცემებით, არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა და შესაბამისი სტატუსით იმყოფება "ცოლოურს", ორი დღის განმავლობაში, ტელეარხებით გადაცემულ საჯარო გამოსვლებში მოუწოდა ქართული სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებს - ჯარს და პოლიციას, არ დაემორჩილონ, არ შეასრულონ საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების მითითებები, ბრძანებები, რომლებიც მისივე სიტყვებით - უკანონოა.

 

მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც პატივს ცემს საკუთარ კონსტიტუციას და ცნობს საერთაშორისო სამართალს და მის ნორმებს, ასეთ მოწოდებაზე მყისიერად გააკეთებდა აფგილობრივი კანონმდებლობიდან და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე რეაქციას.

 

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უფლებას მიცემს არ შეიმჩნიოს მსგავსი "ალიყური", როგორც ჩანს, არის საქართველო. და მსგავსი "სირაქლემას პოზიცია" ჩვენი ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, პირველი არ არის...

 

ამ ორიოდე წლის წინ, პრაქტიკულად "გადავყლაპეთ" ევროკავშირის ელჩის უტაქტო გამონათქვამები ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა თავად ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. ჩვენი კრიტიკული გამოსვლის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნარცისულმა თავკაცობამ ეს "გაუგებრობა" მიაფუჩეჩა.

 

სულ ცოტა ხნის წინ, ასეთი გულსატკენი საყვედური გამოვთქვით ერთი ამერიკელი კონგრესმენის ყოვლად უგვანო გამოსვლისა გამო. ასევე, სამწუხაროდ, მაშინდელი რეპლიკაც ამ სამინისტროს მხრიდან დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ოღონდ ჩვენთან, თორემ შეერთებულ შტატებში გამართულ შუალედურმა არჩევნებმა გული კი მოგვფხანა იმით, რომ ეს "პოლიტიკურად კორუმპირებული" კანონმდებელი, რომელიც სამშობლოში გასილაქებული მოდეპუტატო კანდელაკების ცრუ ინფორმაციებით საზრდოობდა, ამერიკელმა ამომრჩეველმა გამოაპანღურა კონგრესიდან. და ამით ხატოვანი მაგალითი უჩვენა ჩვენ მეტისმეტად მხდალ დიპლომატურ უწყებას. და მისი ჩინოსნების ლუღლუღი სტრატეგიული პარტნიორისადმი რაღაც განსაკუთრებული ფრთხილი დამოკიდებულების აუცილებლობის შესახებ, მხოლოდ ღიმილს კი არ იწვევდა, არამედ "ჩასვრის" განცდასაც.

 

თითმის მსგავსი ვითარებაა ახლაც. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ შეიმჩნია ექსპრეზიდენტის ღია მუქარები და აშკარა ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და ჯერჯერობით დუმს. არც კი ვიცით, დუმილის მიზეზი ისევ სიმხდალეა თუ ყალბი სიბრძნე, უვიცობა თუ პროფესიული გამოუცდელობა. ასეა თუ ისე, საზოგადოებისთვის ეს ბრიყვული პოზიცია გაუგებარია.

 

არადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, გახდა თუ არა მისი ხელმძღვანელობისთვის ცნობილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყოვლად უმსგავსო და სახიფათო მოწოდებები, მყისიერად უნდა გამოეძახებინა ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროტესტთან ერთად მოესმინა მისგან შესაბამისი განმარტება და კატეგორიულად მოეთხოვა მისი მთავრობისგან "პოლიტიკური ბომჟის" მხრიდან მეგობარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო პასუხი. ამასთან, უმკაცრესად გაეფრთხილებინა იგი, რომ განმეორების შემთხვევაში მას მოუწევს დატოვება ტერიტორიისა იმ სახელმწიფოსი, რომელმაც იგი შეიფარა.

 

აი, ასეთ რეაგირებას გულისხმობს საერთაშორისო პრაქტიკა.

 

დავიჯერო, ეს არ იცის ჩვენმა დიპლომატიურმა უწყებამ?

 

მჯერა რომ იცის, მაგრამ ...

 

იმასაც ვვარაუდობ, რომ ასეთი მხდალი და "საიდანაც ქარი ქროდა" სამინისტრო და მისი თავკაცი ჩვენ არ გვყოლია. და ეს მდგომარეობა ფოტოგრაფიული სიზუსტით გადაეცემა ჩვენ საელჩოებს, ახდენს ნეგატიურ გავლენას ქართულ დიასპორაზე. ამის დამადასტურებელი ფაქტებს მოძიება არ გაჭირდება. ამის დასტური გახლავთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ემიგრცია საფუძვლიანად არ არის საქმის კურსში იმ რეალობაზე, რაც სამშობლოში სუფევს.

 

ეგებ ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენს უცხოელ მეგობრებს დღემდე არ აქვთ სრული, ობიექტური, მრავლისმომცველი ინფორმაცია იმ პროცესებზე, რითაც ხასიათდება დღევანდელი ქართული სინამდვილე.

 

ფილარმონიაში დღევანდელი შეკრება სწორედ იმის დასტურია, რაც გუშინ და დღეს მოგახსენეთ.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=86218&fbclid=IwAR0EXZLcCpBFxYccUNphr41fi2RsqaUIOGwfYr99dcoRybvwqoDqbuTVsXY

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×