logo_geo
eng_logo
გიორგი ხმალაძე: გაერთიანებული ოპოზიცია ვაშაძის ინაუგურაციას სოფელ ბრანწიანში გამართავს!
- +

9 დეკემბერი. 2018. 20:31

 

 

ძალიან დაგვამწუხრა ზაალ უდუმაშვილმა, ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლისო. ნუთუ? ღმერთო, რატომ დაგვსაჯე ასე?! რამდენს არ ეცადა სალომე ზურაბიშვილი, რამდენჯერ არ შეუთვალა ამხანაგ გრიგოლს, მაღიარე და ინაუგურაციაზე დაგპატიჟებო. არ ქნა, ვერ გადაახტა საკუთარ თავს, მეგობრებს, პრინციპებს... აბა, როგორია, კაცმა ამდენი იბრძოლო, ამდენი იომო, თავი პრეზიდენტად წარმოიდგინო, მერე კი უცებ ადგე და ვიღაცა აღიარო? მერე რა, რომ იმან მილიონზე მეტი ხმა მიიღო, განა 800 ათასი ხმა ცოტაა? რას ჰქვია, მილიონზე ცოტაა? ვინ მოგახსენათ? არაფერიც არ არის ცოტა, თუ მაჭუტაძის კალკულატორით ვიანგარიშებთ, ბევრიცაა, დიახ, ბევრი და ბევრზე უფრო ბევრი, "დაჟე" მილიონზეც. საიდან და როგორ? ეეეჰ... თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა "ნაციონალს" პიროვნების გაორება სჭირს, 800 ათასი უნდა გავამრავლოთ ორზე და მივიღებთ მილიონ 600 ათასს. აბა, ბატონი მიხო რომ აცხადებს, საქართველომ პრეზიდენტად გია აირჩიაო, რაზე დაყრდნობით აცხადებს? გიას რომ მივუმატოთ გრიგოლი და ამათ კიდევ მივუმატოთ გრიშა, გამოდის თუ არა სამი ხმა? გამოდის!

 

მოკლედ, ასეა თუ ისე, ამხანაგი გრიგოლი ამას არ გადაყლაპავს, ამას არ შეგარჩენთ, ამას არ შეეგუება. აგერ, ქეთა გაბიანი აცხადებს: რა სალომე, რა ინაუგურაცია, ხალხო, შაყირობთო? ეგ ვერ გახდება პრეზიდენტი, გამოვიტან ჩემს ულამაზეს კარავს და დავდგამ თავისუფლების მოედანზე, დაე, იაროს ზურაბიშვილმა გაეროში და ევროსაბჭოში, მე მაინც აქ გამოვიზამთრებ, სირცხვილი და თავის მოჭრა ამ ხელისუფლებასო!

 

ამჟამად გაერთიანებულ ოპოზიციაში ბჭობენ, რომ უახლოეს დღეებში გრიგოლი გამოაცხადონ საქართველოს პრეზიდენტად და თავზე ჩამოაცვან დაფნის გვირგვინი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინაუგურაცია გაიმართება სოფელ ბრანწიანში. სად არის ეგა? უი, ჯერჯერობით მაგ სოფლის მდებარეობას არ ამჟღავნებენ, მარტო კობა ხაბაზმა იცისო. სავარაუდოდ, ტრაწიანის მეზობლად უნდა იყოს. აი, ამაზე თქვა ამხანაგმა გრიგოლმა, სიურპრიზებს მოგიწყობთო.

 

მაშ ასე, მეგობრებო, მივესალმოთ თავზე დაფნის გვირგვინწამოცმულ პრეზიდენტს... მერე რა, რომ ის ვერ ივლის გაეროსა და ევროსაბჭოში, რა პრობლემაა? ის ხომ 800 ათას გაორებულ ადამიანს დაპირდა, თევენი მამა და მარჩენალი ვიქნებიო? ხომ უთხრა, 400-ლარიან პენსიას დაგინიშნავთო? ეხლა ვერ დაუნიშნავს, მაგრამ უნდა წარმოიდგინონ, რომ აქვთ. აბა, როგორ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, დალოცვილებო?!

 

გიორგი ხმალაძე

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×