logo_geo
eng_logo
მეოცედან ოცდამეერთე საუკუნეში გადმოსული უძრავად მდგომი „დროის მანქანა“ - ლეგენდა, რომელიც გრძელდება
- +

19 დეკემბერი. 2018. 15:27

 

 

„ლეგენდარული დროის მანქანა“  - ასე მოიხსენიებენ თბილისის მკვიდრნი დიღმის მასივში ისტორიად ქცეულ მანქანას, რომლის მოსანახულებლადაც არამარტო ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, არამედ ევროპის გულიდანაც არაერთხელ იყვნენ ჩამოსულები.

 

ჰოდა, გამონაკლისად არც ჩვენ ვიქეცით, ქუჩა-ქუჩა და კითხვა-კითხვით მივაგენით ადგილს, სადაც  „ბნელ 90-იანებში“ „ვაზ-2106“  მისმა პატრონმა რეზო ენუქიძემ ქურდებისა და ყაჩაღებისგან დასაცავად დიღმის მასივში, თავისი ბინის აივანზე „შემოასკუპა“. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მანქანა მფლობელების თანხმობით,  მეოთხე სართულის აივნიდან ამწეთი ჩამოხსნეს.

 

ისტორია, რომელსაც გიყვებით, ყველასთვის კარგად ნაცნობი გახლავთ. ამიტომ, არც მიგნება გახდა დიდ სირთულეებთან დაკავშირებული. დიღომში ნებისმიერ შემხვედრს ღიმილს ჰგვრის ამ მანქანის ისტორიის გახსენება. ყველას თავისი ვერსია და მოსაზრება აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით. სკვერიან ეზოში შესვლისთანავე, რამდენიმე მამაკაცი  შევნიშნე, რომელთაც კითხვის დასმა არ მაცალეს:

 

- თქვენ ალბათ „ჟიგულის“ ისტორია გაინტერესებთ... ის მანქანა, რამდენიმე წელი მართლა აივანზე იყო შემოსკუპებული, ჩვენი მეზობლის, დათოს რჩევით აიყვანა მისმა მეპატრონემ. მოგეხსენებათ, რა დრო იყო. ქურდობა, ყაჩაღობა. ჰოდა, რეზომაც დათოს რჩევით, მანქანა ასე დაიცვა ყაჩაღობისგან. საწყალი რეზო ისე გარდაიცვალა, მანქანა ასფალტზე არ გაუტარებია.

 

მეზობლების საუბარს შემოუერთდა ასაკოვანი ქალბატონი - ნანა გელაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა და მანქანის ჩამოსატანად საჭირო თანხა არ ჰქონდა:

 

- დიახ შვილო, ასე იყო, რეზო კარგი კაცი იყო, გაანათლოს ღმერთმა. სამწუხაროდ, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოხერხდა ამ მანქანის ჩამოტანა. მერე კი სად წაიღეს, არ ვიცი. ოჯახი ზოგადად ძალიან ჩაკეტილია, არავისთან  გამოდიან კონტაქტზე და არც ამ თემაზე საუბრობენ.  სცადეთ, თუ გინდათ, ადით, მეოთხე სართულზე ცხოვრობენ, იქნებ გამოგელაპარაკონ, მაგრამ მაინც არ მგონია, რამე გითხრან.

 

ქალბატონ ნანას საუბარში რეპლიკებით ერთვებოდა მის გვერდით მდგარი, ჭაღარა მამაკაცი, რომელიც მისი მეუღლე აღმოჩნდა. კითხვაზე - ვინ ბრძანდებოდა, ხუმრობით მომიგო - ბავშვობიდან ზაქროს მეძახიანო.

- აქ ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ყველამ თავისებურად იცის ამ მანქანის ისტორია. მე როგორც ვიცი, მანქანა მართლაც ქურდებისა და ყაჩაღებისგან დასაცავად აიტანა აივანზე. თუმცა, ეს იდეა თავადვე ეკუთვნოდა, არავის ურჩევია მისთვის. ჩვენ აქ სულ რამდენიმე წელია ვცხოვრობთ და ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ იმ პერიოდში რეზო საზღვარგარეთ იყო წასული და ამიტომაც მოუწია მანქანის აივანზე ატანა.

 

მეზობლებთან საუბრის შემდეგ, სულმოუთმენლად ავუყევი კიბეს მეოთხე სართულამდე, სადაც ენუქიძეების ოჯახი ცხოვრობს. კიბის თითოეული საფეხური მაახლოებდა რეალობის გარკვევასთან, თუმცა, ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. რეზო ენუქიძის მეუღლემ, რუსუდანმა, დაკაკუნების შემდეგ, კარს მიღმა მხოლოდ ერთი წინადადება თქვა: „დიღმის პოლიციამ გამაფრთხილა, რომ კარი არავის გავუღო და არც არავის დაველაპარაკო. არ მესმის, რა წესია ეს ძალადობა და სახლში მიჭრა?!“

 

ქალბატონი რუსუდანის სიტყვებმა სულ უფრო მეტი ბუნდოვანება და ლეგენდარულობა შესძინა მანქანისა და ენუქიძეების ოჯახის ისტორიას.

 

ხოლო თავად „დროის მანქანა“, რომელიც მე-20 საუკუნიდან 21-ე საუკუნეში უძრავად გადმოვიდა, აწ უკვე 21-ე საუკუნის „რეზოს ლურჯად“ წოდებული, სამუდამოდ შემორჩება მანქანათა ქართულ ისტორიას...

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×