logo_geo
eng_logo
რეპორტაჟი გრიგოლ ვაშაძის ინაუგურაციიდან
- +

31 დეკემბერი. 2018. 04:05

 

(პოლიტიკური ნოველა)

მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო... როგორც ჩვენმა უსანდოესმა წყარომ შეგვატყობინა, ერთ-ერთ კონსპირაციულ დარბაზში უნდა გამართულიყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერისა და "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ამოსული ვარსკვლავის, საქართველოს ერთადერთი უგანათლებულესი პრეზიდენტის, გრიგოლ (იგივე გრიშა, იგივე გია) ვაშაძის (იგივე ულვაშაძის, იგივე ვაშლაძის) ინაუგურაცია. რასაკვირველია, ჩვენ იქ არავის მივუწვევივართ, მაგრამ უსანდოესი წყაროს დახმარებით, შევძელით დარბაზში შეღწევა და რეპორტაჟის მომზადება.

ტაში, ამხანაგებო!

- თქვენო უაღმატებულესო უპრეზიდენტ... უპრეზიდენტესობავ, ჩემი ორივე გამხმარი იღლიით გემხრობით და მოგესალმებით მზიური აჭარიდან, რომელიც კი არის მზიური, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა დროებით ჩააბნელა. მე მჯერა, როგორც კი ფიცს დადებთ, ჩემი კუნაპეტად ქცეული ავტონომიური რესპუბლიკა ეგრევე გაბრწყინდება, - განაცხადა ამაყად მურმან დუმბაძემ, თავი მოწიწებით დაუკრა ამხანაგ ვაშაძეს და შემდგომ დასძინა, - თქვენო უაღმატებულესო და ჩემო თანამებრძოლო, დღეის ამას იქით მიმსახურეთ, როგორც გენებოთ... მართალია, მე პოლიციისა ძალიან მეშინია, როგორც კი მკაცრად შემომხედავენ, ეგრევე ვიფსამ და შემდგომ უარესსაც ვშვრები, მაგრამ შემიძლია, როცა ტუალეტში შებრძანდებით, რამე-რუმეები დაგიფერთხოთ.

- მოიცა და... სამაგიეროდ რას მთხოვ, ჩემო უტკბილესო და უმამაცესო მურმან?! - მიუტრიალდა გაცისკროვნებული სახით ამხანაგი გრიგოლი.

- აჭარას, ჩემს ჩაკუნაპეტებულ აჭარას, თქვენო უსარდლესობავ. თუ ჩემი ჰაბიტუსი, ყვავის ნისკარტივით ცხვირი და "ზილის" სარკეებივით ყურები არ მოგწონთ, საერთოდ არ გამოვჩნდები, აჭარის ბერკეტებს ჩემიანებს ჩავაბარებ, აგერ დედოფალი მედეაც სულ გვერდით მეყოლება, ერთად გავაბრწყინებთ ზემო, ქვემო და შუა აჭარას, - მურმანმა დაიჩოქა და ხელზე ემთხვია ამხანაგ გრიგოლს.

- ოჰ, როგორ გეკადრება, ჩემო უმამაცესო რაიონდო, ჩაჩოქვას რეიზა კადრულობ? ისა და... ერთი ეს მითხარი, მედეა რომელია, დარწმუნებული ხარ, რომ ეგეც იმ მედეასავით "ქურდულ ოცნებაში" არ გაიპარება და მერე საკუთარ შვილებს არ დახოცავს?

- რას ბრძანებთ, თქვენო უსარდლესობავ, მე და მედეა ვასაძე ერთად ვიყავით "ოცნებაში" ჩანერგილები, საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ აწამებდა ბიძინა ივანიშვილი თავისი პარტიის წევრებს, როგორ აჭრიდა თავებს, როგორ ხარშავდა მათ ხორცს და როგორ მიირთმევდა კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად. ერთხელ ქალბატონმა მედეამ ისიც კი დაინახა, როგორ სვამდა განსხვავებული სასმისით თანაპარტიელების სისხლს. როგორ ფიქრობ, მედეა იქ კიდევ დაბრუნდება? არა, არა და არა, ხელების იღლიები გამიხმა, ახლა ფეხების იღლიები გამიხმეს, თუ ვტყუოდე!

- ეგ ყველაფერი ნოდარ მელაძეს მოუყევი, ჩემო რაინდო, მე ახლა განსხვავებული სასმისით ფიცს დავდებ და მერე ვილაპარაკოთ, - ამხანაგმა ვაშაძემ ბუმბულივით თმაზე ხელი ნაზად გადაისვა და ცოლს გახედა, რომელიც მედეასთან და ერთ უცნობ ქალბატონთან ცეკვავდა. მურმანი სწორედ მათკენ გაეშურა გრიგოლთან საამური საუბრის შემდეგ და კუნტრუშით შეუერთდა.

ტაში, ამხანაგებო!

მუსიკა პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიდან - "მაკნატუნა". მისი უპრეზიდენტესობა წამით ჩაფიქრდა, შეყვითლებულ ულვაშზე ორი თითი გადაისვა და განსხვავებული სასმისი ზე ასწია:

- თუ შეიძლება, წყნაური იყოს, ჩემო თავდადებულო თანამებრძოლნო!

- წყნაური იყოს ჩვენი მტრის, ბიძინა ივანიშვილის კარზე, ჩემო უსარდლესობავ! - წამოდგა ფეხზე ნიკანორ მელია, რომელსაც სადოლე თავი "შკურკით" გაეპრიალებინა, - დიახაც, სანამ  დედულ-მამულს დემონები მართავენ, ჩემ გულში წყნაური ვერ იქნება!!!

- "ტი უჟე ზაებალ, ბლიად"! - გამოსცრა კბილებში გრიგოლმა, იგივე გრიშამ.

- რაო, რა თქვა მისმა უსარდლესობამ? - მიუბრუნდა ნიკანორი იქვე მდგარ რომან გოცირიძეს, - შენ ხო იცი უცხო ენა?

- მნიშვნელოვანი არაფერი, ბიძინას ბალი უნდა დავუკრიფოთ და ბილიარდი დავუმტვრიოთო, - მიუგო ტუჩების წკლაპუნით რომანმა.

- სულ ვამბობდი, რომ მისი უსარდლესობა გენიოსია... სხვათა შორის, მეც მაგას ვფიქრობდი, არა მხოლოდ ბილიარდი დავუმტვრიოთ და ბალი დავუკრიფოთ, ხეებიც უნდა დავუგლიჯოთ! - აღაპყრო ზეზე ხელები აღფრთოვანებულმა ნიკანორმა.

შორი-ახლოს მდგომმა კობა ხაბაზმა, რომელიც მისი უიდეალურესი პრეზიდენტის დროს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გახლდათ და მხოლოდ "ანალგინს" ცნობდა, დრო იხელთა და მელიას ყურში ჩასჩურჩულა:

- ტაში არ დავცხოთ, ნიკანორ? მგონი დაგვაგვიანდა.

- ჰო, მართლა დაგვაგვიანდა... ტაში, ამხანაგებო, ტაში და ვაშაააა...ძეეეე!!!

ამხანაგი გრიგოლი წამოიმართა მთასავით... უკაცრავად, ვეზუვივით, ამაზე ვერ დაწერ, ეს უნდა გენახათ... თუმცა მაინც შევეცდები, აღვწერო: წამოიმართა, ერთი გემრიელად ამოიხვნეშა, მხრები არწივივით შეათამაშა - გეგონებოდათ, სადაცაა ვულკანივით ამოიფრქვევა და წალეკავს ყოველივესო. ორად გაყოფილი ულვაში ნარინჯისფერი გახდომოდა, თმაზე თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდა, ორივე ნესტო დაჰბერვოდა, ულაყს რომ დაებერება ხოლმე საშიშროების მოახლოებისას. მან ლიტრანახევრიანი ყანწი წვერით ღიპზე ჩამოიდო და დაიწყო:

- ხალხნო და ჯამაათნო... მართალია, მე არჩევნები გამიყალბეს... ამის შესახებ ანგელა მერკელსაც მოვახსენე, სანამ ტუალეტში შემასწრებდა... მაგრამ თქვენც ხომ კარგად ხედავთ, რომ მაინც პრეზიდენტი ვარ? არა, ხომ ხედავთ? ეხლა არ მითხრათ, რომ ეჭვი გეპარებათ ჩემ პრეზიდენტობაში!

- როგორ გეკადრებათ, ჩვენო უპრეზიდენტესობავ? აბა, გაუნათლებელი და მოღალატე დედაკაცია პრეზიდენტი?! - აქაქანდა გვერდიდან მეგი გოცირიძე და ბარაქიანი ტრაკი ფასკუნჯივით შეათამაშა.

- ჰოდა, ჩემო კაკლი მურაბა ხალხო, იმას ვამბობდი... მართალია, საპრეზიდენტო ბეჭედი იმ დედაკაცმა მიითვისა... მართალია, ველისციხეში "შოსე" გადაგვიკეტეს, ჩემი გმირი "კირკიტა" დამიპატიმრეს, ჩემი ბიჭები "კეპეზეში" შერეკეს, მაგრამ ესეც არაფერი, ამასაც გადავიტანთ. როგორც მიხეილ ბრწინვალემ ბრძანა თავის ბოლო ტროპარში, მაგ მოღალატე დედაკაცს სულ რაღაც ორიოდ კვირაში გამოვაპანღურებთ იმ სასახლიდან, გეგონება ბაბუამისმა რომ დაუტოვა. ვფიცავ, არ დავუშვებ, ჩემი სათაყვანებელი "გრუზია" ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა თავის "შტაბკვარწირად" გადააქციოს, ამას ვერ შევეგუები. როგორ შეიძლება, პუტინის მონებმა იპარპაშონ ამ ქვეყანაში?!

- თქვენო უწმინდესობავ... თქვენო უსარდლესობავ, პაატა ბურჭულაძემ მისასალმებელი წერილი გამოგიგზავნათ პეტერბურგიდან, ადრე ლენინგრადს რომ ეძახდნენ, ძალიან ვწუხვარ, თქვენს საპრეზიდენტო ინაუგურაციას რომ ვერ ვესწრები, ოკუპანტი პუტინი არ მიშვებს, კიდე უნდა იმღეროო, - ჩასჩურჩულა ყურში ნიკოლოზ მაჭუტაძემ და თვალები დამაჯერებლად დააჭყიტა.

- თქვენო უპრეზიდენტესობავ, გთხოვთ, ნუ გაჰკიცხავთ მსოფლიო ბანს, მან არც კი იცოდა, პეტერბურგში გამართულ კონცერტს ოკუპანტი პუტინი თუ დაესწრებოდა, დაუმალეს. მერე კი მიხვდა ბატონი პაატა, რომ მოატყუეს, მაგრამ რაღა უნდა ექნა? - დაიწყო უპრეზიდენტესობის უკან მდგარმა პაატა დავითაიამ ბურჭულაძის "გაპრავება".

- დიახაც, არ იცოდა, მე ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე ჩემს დიდ ბანს... ან კი საიდან უნდა სცოდნოდა? ან კი რა ვალდებული იყო, რომ ვიღაც პუტინის შესახებ რამე სცოდნოდა?! - სახე აელეწა და ნესტოები ისევ დაებერა ულაყივით ამხანაგ გრიგოლს, - ვფიცავ, ჩემო ბანო, ჩემო ტატანო, ჩემო ანბანო, არ შევარჩენ რუს ოლიგარქს ამ ცილისწამებას, სულ რაღაც ორიოდ კვირაში ის ჩაჯდება ციხეში და დაყაჭავს ფულებს!  

- მმმუუუუააააააჰაჰაააა, დაყაჭავს, აბა, არ დაყაჭავს?! - ახვიხვინდა ტაშისკმვრელთა წინამძღოლი მაია ორჯონიკიძე და შეკრებილ საზოგადოებას მამალი ინდაურივით გადახედა.

- ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო უგმირესო ადამიანებო, ახლა კი უნდა გაგახაროთ, უფრო სწორად, სიხარულით გაგაგიჟოთ... ჩვენ "სკაიპით" ჩაგვერთვება... აბა, გამოიცანით, ვინ? - მიმართა თანამეინახეებს ამხანაგმა გრიგოლმა და წელში მოიხარა, თითქმის წაიკუზა. ეს ბელადის ღრმა პატივისცემის გამო მოუვიდა, თორემ სად გრიგილი და სად - წაკუზვა?

- ალო, ალო... გესმით ჩემი?! - ეკრანზე გამოისახა მიხეილ სააკაშვილი.

- გვესმის, თქვენო უბელადესობავ, რომც არ გვესმოდეს, ჩვენ მაინც გვესმის თქვენი! - წამოხტა ზეზე აფრასიძეთმჟლეტი გიორგი ბარამიძე.

- ხიიიიიიიხ... ისემც რა გითხარით, რომ გესმით... რო გესმოდეთ, ეხლა საპრეზიდენტო სასახლეში ისხდებოდით  და მე კიდე სარფის საზღვარზე ვიქნებოდი!!! - მოუმატა ნელ-ნელა გაზს ბელადმა.

დარბაზი გაისუსა, ამხანაგ ვაშაძეს ისევ შეეფაკლა ლოყები, კისერში ცივმა ოფლმა დაუწყო გაჟონვა, ულვაშები კი აუცმაცუნდა.

- ჰო, კაი, ვიხუმრე... გია, მიუხედავად ყველაფრისა, შენ მაინც პრეზიდენტი ხარ. აი, ნახავ, სულ მალე მაგ დედაკაცს პანღურით გამოვაგდებთ და შენ შეგიყვანთ ზარ-ზეიმით ავლაბრის სასახლეში, რომელიც დიდი რუდუნებით ავაშენე... ბათუმიც ავაშენე, სიღნაღიც ავაშენე, მთელი საქართველო ავაშენე და კიდევ... სახელმწიფოებრიობა ავაშენე. აი, როგორი უმადური უნდა იყო ადამიანი, რომ მე არ მიწოდოს დავით აღმაშენებელი? რა, არ ვარ?! - სააკაშვილს ტუჩებთან დორბლი მოადგა.

- ხართ, თქვენო უბელადესობავ, მაშ არ ხართ? თქვენ ხართ ნაპოლეონი, უინსტონ ჩერჩილი, რობესპიერი, სტალინი, შევარდნაძე! - აიღო "რაზგონი" მაჭუტაძემ.

- ხხხხიიიიხხხხ... მე ვარ აღმაშენებელი, ნუ გამოჭუტდი შენ საერთოდ! - ირონია გაურია ბელადმა ტონში.

- ჩემო უბელადესო... თქვენს წინადადებებში არის რეზონი, რომელიც გამოდის საქართველოდან და ქართულიპრობლემებიდან, მაგრამ აკლია მონუმენტურობა, არა მხოლოდ არტიკულაციაში, არამედ აღქმაში უპირველესად, - შეჰბედა მაჭუტაძემ ბელადს და დააბნია იგი, ვითარცა ბრინჯი.

- გაიყვანეთ, ეგ ჩემის ტრამპა და ცუმპა!!! - იყვირა მიხეილმა.

- უკვე გავიყვანეთ, ჩვენო უკვე ამოსულო მზეთა-მზეო! - მიუგო ხელების ფშვნეტით კობა ხაბაზმა, რომელსაც ბოლო დროს თავი ჩაქუჩს დამსგავსებია.

- კარგი, ახლა მოისმინეთ ჩემი მითითებები... გია, შენ უკვე საქართველოს პრეზიდენტი ხარ... მინდოდა, ახალ წელს ერთად შევხვედროდით ჩემ აშენებულ სასახლეში, მაგრამ ოლიგარქმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო. ის კი არა, თელავში ზარბაზანიც კი გვესროლა... მართალია, ვერ მოგვწვდა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ჩაუმტვრია ფანჯრები ჩვენს მომხრეებს შალაურსა და კურდღელაურში. მსოფლიო თანამეგობრობა აღშფოთებულია, მირეკავენ გაეროდან, ევროსაბჭოდან, აზიიდან, აფრიკიდან - დედა, რა იყო ესაო?! მე მათ ვარწმუნებ, რომ ასეთი რამეები აღარ განმეორდება, მაქსიმუმ რამდენიმე კვირა გვჭირდება, რომ ოლიგარქის ხელისუფლება დავამხოთ. ისე, მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, ივანიშვილის ზარბაზანს ლულას გამოვუკვანძავდი, როგორც ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლმა ბარონმა მიუნჰაუზენმა გააკეთა თავის დროზე, მაგრამ ამსტერდამიდან ეგ შეუძლებელია. წესით, ზარბაზნის ლულა მაჭუტაძეს უნდა გამოეკვანძა, ხოლო შიგ ატმი კურკები გოგიტა ვაშაძეს ჩაეტენა, მაგრამ არ გააკეთეს, ეტყობა, ივანიშვილმა მაგათაც გადაუხადა!

- ვცადეთ, ბელადო, თქვენო უბელადესობავ, ძალიანაც ვცადეთ, მაგრამ ეს უნიათოები მიგვიხვდნენ, გახარიამ მეზარბაზნეები გააფრთხილა, ხოლო გომელაურმა თავისი აგენტები დააყენა ლულასთან, - ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდეებიდან გოგიტას, პატარა ვაშაძეს.

- ნიკა გვარამიასთვის თვალი ხომ არ მოგიკრავთ? ბოლო დროს ძაან ათამაშებს ტრაკს... ამ ნოდარ მელაძემაც კაი გვარიანად დააყენა სუნი, ტყუილად დავნიშნე ფილდ-კომანდერად! - შეცვალა უცებ თემა ბელადმა.

- ნიკოლოზი და ეკა კვესიტაძე სტუდიაში სხედან, თქვენო უბელადესობავ, ნოდარი კიდევ ბანს ეუბნება, ამ წუთებში ისინი მთელ ქვეყანას უმტკიცებენ, რომ მე ვარ პრეზიდენტი და არა ის დედაკაცი! - წამოიმართა ისევ ამხანაგი გრიგოლი.

- ჰო, ეგრე გააგრძელეთ, შენ ეჭვი არ შეგეპაროს, რომ პრეზიდენტი ხარ... დაარწმუნეთ მთელი საქართველო, რომ მართლაც პრეზიდენტი ხარ. მე აქედან დავარწმუნებ მთელ მსოფლიოს... ხხხხხიიიიიხხხხხ! - გადაიკისკისა ბელადმა და "სკაიპი" გათიშა.

დარბაზი რამდენიმე წუთით გაირინდა. მხოლოდ ბუზების გაფრენის ხმა ისმოდა. დუმილი მისი უპრეზიდენტობის მეორე ნახევარმა, პრიმა ნინო ანანიაშვილმა დაარღვია - ის უცებ შეხტა, შემოტრიალდა, შეჰკრა კამარა და ისევ გაისმა პეტრე ჩაიკოვსკის მიერ დაწერილი უკვდავი მუსიკა "მაკნატუნადან". კულისებიდან მურმან დუმბაძე გამოექანა შავი "ელასტიკებით", ნარნარად გაირბინა დარბაზის ერთი ნაწილი, "სრიკა" ჯერ გაუსვა, მერე გამოუსვა, თანამეინახეთ გამხმარი იღლიები უჩვენა და ცეკვა განაგრძო. მედეა ვასაძემ მისი უპრეზიდენტესობა გაიწვია თავის დაკვრით და ამანაც მიიღო გამოწვევა. ელიტა დილამდე ზეიმობდა ამხანაგ ვაშაძის გაპრეზიდენტებას.

ტაში, ამხანაგებო!!!

 

 

 

 

 

რეპორტაჟს უძღვებოდა გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×