logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ჯემალ აჯიაშვილი... ბორის გაპონოვი და... ჩვენ!
- +

9 იანვარი. 2019. 17:24

 

 

ჯემალ აჯიაშვილი... ბორის გაპონოვი და... ჩვენ!

++++++++++++++++++++++++++++++++++++++

 

ამირან ბუთურიშვილის "არდავიწყებას" და ჩემს პაწია კომენტარს პირად ფოსტაში იმდენი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტე ცალკე სტატუსად დავდო ეს მასალა.
არ ვიცი არის თუ არა ჯემალ აჯიაშვილის სახ. ქუჩა თბილისში. თუ არ არის, უნდა იყოს, ისევე, როგორც ჯემალის ბიუსტი მაინც აუცილებლად უნდა იდგეს აქ, თბილისში. და, სხვათაშორის, სენაკშიც... არა მგონია საკამათო გახდეს ეს მოსაზრება, რამეთუ ჯემალ აჯიაშვილია სიმბოლო ჩვენ ეპოქაში ქართულ-ებრაული უნაღდესი უთიერთობისა და არა... თუნდაც, რომელიმე "ჯამლეტ ხუხაშვილი" (უკაცრავად, სიხისტისთვის), ვინც თავად თუ სხვათა მონდომებით, პროვინციული, ურცხვი დაჟინებით ეტენება ან გვტენიან ასეთ "სიმბოლოდ". და ეს არის სრულიად გაუგებარი, მეტი რომ არ ვთქვა.

 

და ეს ხდება იმ ფონზე, რომ ახალთაობამ პრაქტიკულად არაფერი იცის თუნდაც ბორის გაპონოვის შესახებ.

 

ეს ის ბორის გაპონოვია, რომლის სახელიც "ბომბივით გასკდა" გასული საუკუნის 60-70-იან წლებში და ქართული საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელად გახმაურდა არა ჩვენი მწერალთა კავშირის თუ ქუთაისის თავკაცობის თაოსნობით, არამედ სრულიად შემთხვევით, ისიც, რამდენადაც მახსოვს, ისრაელიდან. ქუთაისის ავტოქარხნის საკონსტრუქტოროს რიგითმა თანამშრომელმა, რომლის ლიტერტურულ გატაცებაზე არავითარი წარმოდგენა არ ქონდათ არამცთუ თანამშრომლებს, არამედ ახლობლებსაც კი, ივრიტზე თარგმნა ჩვენი "ვეფხისტყაოსანი" ისე, რომ არავისთვის(!) არც მატერიალური(!) და არც მორალური(!) მხარდაჭერა (ახლა რომ "გრანტს" უწოდებენ) არ უთხოვია. არადა, როგორც სპეციალისტები მაშინ აღნიშნავდნენ, ეს იყო და დარჩა შედევრად...

 

დღესდღეობით, საქართველოში, თითქმის დავიწყებულია ისრაელში ამოსული გენიალური მთარგმნელის სახელი. არადა, გაპონოვების და აჯიაშვილების პიროვნული დამსახურება ქართული კულტურის წინაშე ფასდაუდებელია და მას სთანადო, სიყვარულით და მადლიერებით გამსჭვალული პატივისცემის გამოხატვა ჩვენი ვალია.

 

ახლა კი პაწია მოგონებით დავუბრუნდები ისევ ჯემალ აჯიაშვილის თემას:


1980 წელს საქართველოს ტელევიზიით გამოცხადდა რომ მალე ეთერში წავიდოდა ჯემალის შედევრი- გადაცემა "შუა საუკუნეების ებრაული პოეზია". ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი(!!!) მოვლენა იყო ნაცადი ავტორის ნაცადი რუბრიკა. მაგრამ არ იყო ეს რიგითი მოვლენა საკავშირო ტელესივრცისთვის და საკავშირო უშიშროების სახელმწიფო კომიტეტისთვის. მიზეზები ახლაა გასაგები, თორემ მაშინ ხმამაღლა ამას ვინ იტყოდა...

 

ატყდა უსერიოზულესი პანიკა. მომთხოვეს გადაცემის გაუქმება. შევჯექით ვირზე და აღარ ჩამოვედით... თუმც, გაუგებარი იყო ეს არნახული მასშტაბის მწვავე რეაქცია. გადაცემა დროულად წავიდა...

 

მერე გავიგე: გადაცემის სანახავად სასტუმრო "ივერიაში" მოთავსდა და კოლექტიურად ნახა ეს გადაცემა თბილისში საგანგებოდ ჩამოსულმა ებრაელთა მსოფლიო კონგრესის მრავალრიცხოვანმა დელეგაციამ მისი პრეზიდენტის გოლშტეინის მეთაურობით. ასეთი რამ არავის მანამდე არ ახსოვდა... გადაცემას არნახული გამოძახილი მოჰყვა ებრაულ სივრცეში.

 

"ვაშინგტონ პოსტმა" ვეებერთელა სტატია მიუძღვნა ამ ფაქტს და ცაში აიყვანა საქტელერადიო.


მე კი "სადაც ჯერ არს" ცხვირპირის დამტვრევა მომინდომეს. ხდება ხოლმე. სამაგიეროდ, ისრაელში და შტატებში მოგვიანებით ჩასულს მადლობაც არაერთგზის მითხრეს... მერე ჯემალს სულ "ვაყვედრიდი" ამ ჩხუბს და "ვალის" გადახდას "ვაიძულებდი".

 

 

***

 

აქვე გთავაზობთ ამირან ბუთურიშვილის facebook-პოსტს:

 

არდავიწყება

 

2013 წლის 5 იანვარს ისრაელში გარდაიცვალა.

 

ჯემალ აჯიაშვილი

(1944-2013)

 

ქართველი ებრაელი პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), სამი მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1992, 1995, 2000), საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისა (2003 წლის 22 იანვარიდან გარდაცვალებამდე ვიცე-პრეზიდენტი), ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრი. ღირსების ორდენოსანი, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“ - (2005) საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი 1977 წლიდან, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 1980 წლიდან. თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).

 

დაიბადა სენაკში, 1944 წლის 23 მარტს. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

 

მუშაობდა ირანში, ისპაჰანში, ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის სისტემაში სპარსული ენის თარჯიმნად (1968-1971), საქართველოს კულტურის სამინისტროში მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელად (1972-1973), მწერალთა კავშირის მთავარ მთარგმნელობით კოლეგიაში უფროს მეცნიერ-რედაქტორად (1974-1990). თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების კათედრის გამგედ. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველო- ისრაელის საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე.

 

ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები.

 

ჯემალ აჯიაშვილის ყველა სტრიქონს დიდოსტატის ხელი ატყვია, სიტყვები და ფრაზები ოქრომჭედლის რუდუნებითა და სიფაქიზით არის ჩამოქნილი. აქ ჩანს პოეტის ხასიათი – ერთგულება და პასუხისმგებლობა. ის ერთგულია სიტყვისა და გრძნობს პასუხისმგებლობას მკითხველის წინაშე.

 

კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წარმატებით დაიდგა ჯემალ აჯიაშვილის მიერ ნათარგმნი კარლო გოცის პოემა-ზღაპარი „ცისფერი უკუნეთი“, ჩიკამაცუს დრამატული პოემა „შეყვარებულთა თვითმკვლელობა კუნძულის ზეციურ ბაგეზე“.

 

ჯემალ აჯიაშვილმა ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას უძღვნა ისტორიული ესე „გაიღვიძე ქნარო!“ – პიესა-მონოლოგი, რომელიც კოტე მახარაძემ დადგა ვერიკო ანჯარაფიძის ერთი მსახიობის თეატრში.

 

***

ჯემალ აჯიაშვილი

 

"წლები"

 

წლები, რომელიც სადინარმა შესართავს შერთო,

კვლავ დიან წრიდან გასაღწევად და გასაკრეფად,

ჩამომხობილა ზეციური ბანი და ერდო

და ფრთები ჩვეულ სიმსუბუქეს გრძნობენ ნაკლებად.

ალბათ, სანთელი სასახლეში დროებით ენთო, -

გადაქცეულან სივრცეები რკინის საკნებად,

მხოლოდ შენ იცი ერთადერთმა, უფალო ღმერთო,

რა ძვირად უღირთ ანგელოზებს ეს გასაგნება.

ყოფიერების მარწუხებში უნდა გავება, -

კვდება სიცოცხლე უოცნებოდ და უკვდავება;

და სულიც - ზეცას მოწყვეტილი და ქვადქცეული -

ხდება მსახური ქვეყნიური ზნის და ადათის, -

სიმკვრივეს ერთვის ხელოვნება - ბავშვის სხეული

და ღმერთის ნაცვლად ხელოსნების ხელში გადადის...

 

***

ადამი

 

"და გამოაძევა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა

მიწა, რომლისგანაც შექმნა. და შეიცნო ადამმა ევა..."

ბიბლია

 

ეს მე ვარ - ადამ: ვნებით მთვრალი, მთვრალი ევათი, ხელში მიჭირავს მწიფე ვაშლი, ვაშლი სარტოვე

და მომაქვს წლები - მძიმე ჯვარი და სიმარტოვე -

წლები, რომლებსაც სამოთხეში უქმად ვწელავდი.

წინ მიდევს ტევრი - გაუვალი, გაუღწევადი,

ძირს რომ დამეც და მარტოობის ტორით დამტორე, -

ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ დამტოვე,

რისთვის დამაჭდე სევდიანი ფიქრის სევადი.

ნეტავ, ჩაგეხშო ჩემი ტანი და ჩაგეკლიტა,

ცოდვა არ გეშვა თავგასული ჩემი ნეკნიდან;

გაღმით ცა დამცქერს - მოხატული შენი თითებით,

სიკვდილის ბინდით ამთავითვე დანაბინდი ვარ

და ვილტვი, ვილტვი განკიცხულის გაბედითებით,

მივდივარ, მაგრამ, ღმერთო ჩემო, საით მივდივარ?!

 

***

პენტავდა ქარი...

 

პენტავდა ქარი თოვლს და ღრუბელს, და საპენტელა

მგლებს მილალავდა საცხოვარში, ცხოვარს სამგლეში,

თავს იანგლებდა მასხარასთან ვიღაც ბენტერა -

იმ მასხარაზე უფრო ყბედი და უანგლესი.

მზეს კი, - თითქოსდა დედამიწას გადაემტერა, -

დავიწყებოდა გაზაფხულის ბოლო ანდრეზი,

ბნელ ნასაყდრალთან მიმჯდარიყო სოფლის ტერტერა

და დევის ქალთან ნებივრობდა ვირი ტანტრესი.

ვინ დაგიდევდათ მზეს და მნათობს: ბევრიც გეძებნათ,

კვარს ვერ ნახავდით დედამიწის წასაქეზებლად;

ან ვის ახსოვდა მოძმის შველა და გზა უვალი,

მხოლოდ ზეცაში - ყოვლის წიაღ, ღრუბლის ჩრდილობთან, -

ჩამომჯდარიყო გულშეძრული მამა-უფალი

და, დაღვრემილი, დედამიწის დახსნას ცდილობდა...

 

***

იერემია

 

„ხმა ისმის შიშველ გორაკებზე, განდგომილთა საწყალობელი ხმა...“

იერემია წინასწარმეტყველი

როგორც სჩვევია, იქედნურად მოდგა იქედნე,

მერცხალს სიმერცხლე დაავიწყა, ქედანს სიქედნე,

ვხედნე და ვხედნე მისი სული, ჩემიც ვიხედნე

და, როგორც იქნა, სიყვარული შემოვიკედლე.

მაგრამ რასაც კი გავეკარე, ხელი დავადე, -

ვისთან ვილმე და ვივაჟკაცე, ვისთან ვიდედლე, -

ყველგან დამიხვდა სურვილების სიფუქსავატე

და სიკეთისთვის შემართული ყორნის სითეთრე.

ჟამი ჟამს ერთვის - უსინათლოს და უპატრუქოს, -

რომ ბედით გზებზე გვაცოდვილოს, გვაუბადრუკოს;

მოდის მოძულე, უსირცხვილოდ ხელებს გვილოშნის,

ცოდვის ბურანში იძირება უფლის სავანე,

ქარებს მიჰყვება დაბნეული ხმა გვირგვინოსნის

და საყდარს აკრთობს მლოცველების ჰარი-ჰარალე...

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×