logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: 1881 წლის 28 იანვარს ალექსანდრე წუწუნავა დაიბადა...
- +

28 იანვარი. 2019. 13:43

 

 

1881 წლის 28 იანვარს ოზურგეთის სოფელ ლიხაურში დაიბადა სახელოვანი ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ სცენარისტი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ალექსანდრე წუწუნავა. ალბათ, მისი ბედი იყო, რომ 1893 წელს ოზურგეთში ამერიკული შაპიტო ჩასულიყო... გედირია კაცი... ცირკმა ისე მოაჯადოვა ეს ლიხაურელი ჭაბუკი, რომ მსახიობობა გადაწყვიტა და ცოტა ხანში, მეგობრებთან ერთად, ნაქირავებ სახლში პირველი თეატრალური წრეც გახსნა... მალე ეს წრე პატარა თეატრად გადაიქცა და სხვადასხვა დროს იქ მოღვაწეობდნენ ლადო მესხიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, შალვა დადიანი, სიკო დოლიძე, და–ძმა წუწუნავები და სხვა... მერე ალექსანდრე ქუთაისში გადავიდა და იქიდან დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა. მარტო მსახიობობა აღარ აკმაყოფილებდა, რეჟისორობაც უნდოდა, ამიტომ მოსკოვს მიაშურა და სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კურსები დაასრულა. სტანისლავსკის და ნემიროვიჩ–დანჩენკოს იდეებით აღჭურვილი ალექსანდრე წუწუნავა საქართველოში დაბრუნდა და სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის, ჭიათურის, ბაქოს და რუსეთის სხვადასხვა ქალაქის თეატრების და თბილისის სახალხო სახლის მსახიობი და რეჟისორი, თბილისის ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი, პირველი ქართული ოპერების, დრამატული სპექტაკლებისა და მასობრივი დღესასწაულების დამდგმელი. მისი, როგორც თეატრალური რეჟისორის ნამუშევრებია: „რევიზორი“, „ღალატი“, „ვაი ჭკუისაგან“, „არსენა“ და მრავალი სხვა. თბილისის ოპერის თეატრში დადგა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, „აბესალომ და ეთერი“, „ქეთო და კოტე“, „დარეჯან ცბიერი“ და სხვა, მ/შ „ამბავი ტარიელისა“, რისთვისაც სტალინის პრემია მიიღო 1947 წელს. „ქრისტინეს“ შემდეგ ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო „ვინ არის დამნაშავე“, „ხანუმა“, „ორი მონადირე“, „ჯანყი გურიაში“... მისი სამი ფილმის მხატვარი იყო დიმიტრი შევარდნაძე, მისი უახლოესი მეგობარი, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებლად ითვლება.

 

ალექსანდრე წუწუნავა გარდაიცვალა 1955 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. დღეს მის სახელს ატარებს ოზურგეთის დრამატული თეატრი. ალექსანდრე წუწუნავას ძეგლი დგას კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ეზოში.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×