logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ჯემალ ცერცვაძე - „პატარა ბურთის“ დიდი ლეგენდა!
- +

28 იანვარი. 2019. 22:56

ჯემალ ცერცვაძე - "პატარა ბურთის" დიდი ლეგენდა


**************************************************************

ამ კადრებს თუ კარგად დააკვირდებით, მოუსმენთ, დიქტორთან ერთად ნაცნობი გვარებიდან თქვენც გამოყოფთ ქართული და მთელი საბჭოთა ხელბურთის ლეგენდას, დიდ ქართველ სპორტსმენს ჯემალ ცერცვაძეს!

 

...1961 წელს, 18 მაისს, თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა პირველ სპორტულ ასპარეზობას - უნგრეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების ამხანაგურ შეხვედრას. ამ დღეს ათი ათასმა მაყურებელმა პირველად იხილა უმაღლესი დონის თამაში და მატჩის დამთავრებისთანავე ჯერ თბილისს, მერე კი მთელ საქართველოს პირზე ეკერა ერთი გვარ-სახელი: ჯემალ ცერცვაძე!

 

მანამდე კი, მე გახლდით პირველი სპორტული ჟურნალისტი, რომელმაც ჯერ დედაუნივერსიტეტის, შემდეგ კი სხვა გაზეთების ფურცლებიდან საქართველოს მოუთხრო ამ უნიკალური მოთამაშის - "პატარა ბურთის ჯადოქარის" შესახებ, რომლის გამოც (საწყენად ნურავინ მიიღებს) არა მარტო მთლიანად ივსებოდა ახლად გახსნილი სპორტის სასახლე, არამედ დიდ საჩუქრად ითვლებოდა შესასვლელი(უადგილო) ბილეთიც კი თბილისის "ბურევესტნიკის" ხელბურთელთა გუნდის, ანუ ჯემალ ცერცვაძის თამაშზე.

დღემდე არ გამნელებია სიყვარული ამ გუნდისადმი, როგორც მსაჯი და ჟურნალისტი მონაწილე ვარ მისი არაერთი გამარჯვებისა, ვმეგობრობდი და ვახლობლობდი პირველი თაობის მოთამაშეებთან. თამაზ ანთაძე, იმედო ფხაკაძე, ჯემალ აბაიშვილი, ლერი კარტოზია, ანზორ ექსეულიძე, ჯანო ბაგრატიონი... პრაქტიკულად, ამ გუნდმა დანერგა და შეაყვარა ხალხს ეს მართლაც ქართული თამაში.

 

მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილობდი მხარი დამეჭირა მათთვის და სპორტის ამ სახეობისათვის. ამ ურთიერთობის ერთგვარი გამოვლინება გახლდათ განათლების სამინისტროს მიერ,1975 წელს გახსნილი რესპუბლიკური "ხელბურთის სკოლა", რომელსაც სათავეში ქართული ხელბურთის ყველაზე უპირველესი და კაშკაშა ვარსკვლავი ჩავუყენეთ და სახელიც ოფიციალურად მივანიჭეთ: "ჯემალ ცერცვაძის სკოლა", შემდგომაც ვცდილობდით ჯემალი არ ჩამოცილებულიყო სპორტს და დაეკავებია ღირსეული ადგილი სპორტული ცხოვრების იერარქიაში.

 

...ბოლო წლებში ავადმყოფობდა, ვერ ერეოდა უმძიმეს სენს. ძალიან განვიცდიდით, მაგრამ, სამწუხაროდ, თავს ზევით ძალა აღარ არის და...

 

რამდენიმე წუთის წინ ლეგენდარულმა მარჯვენა გარემარბმა, სსრ კავშირის ნაკრების "12-წლიანმა მობინადრემ", ჩვენმა უახლოესმა ძმამ და მეგობარმა იმედო ფხაკაძემ დიდი ტკივილნარევი ხმით გვაცნობა: ჯემალ ცერცვაძე გარდაიცვალა...

 

იმედო და მე, ჩვენი ოჯახებით, ღრმა მწუხარებით, დიდი ტკივილით გაცნობებთ მეგობრებს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროს ქართული ხელბურთის ამ უბედურებას, თანაგრძნობას ვუცხადებთ ჯემალ ცერცვაძის ოჯახს, საახლობლოსა და სამეგობროს, სპორტის მოყვარულებს.

 

სანამ იარსებებს ქართული ხელბურთი, მანამდე იცოცხლებს დიდი ლეგენდა, "პატარა ბურთის ჯადოქარი", სახელად ჯემალ ცერცვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×