logo_geo
eng_logo
უჩრდილო გიგი
- +

1 თებერვალი. 2019. 00:10

 

დიდი წარსული აქვს გიგილოს, ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მის თავზე, თორემ დანარჩენი ყველაფერი მომხდარა - ჯერ იყო და სიდებილის მარწუხებიდან ძლივს გამოვიდა... გამოვიდა რა, ხშირად ახლაც კი მოერევა ხოლმე ბავშვობის ავადმყოფობა, მაგრამ რა შედარებაა, ეხლა ტელევიზიებშიც იწვევენ, ჭკუასაც ეკითხებიან, გარკვეულ წრეებში პატივსაც სცემენ და ბოლო-ბოლო, თბილისის თავადაც კი მუშაობდა.

 

გიგილომ მაცივრის კარი გამოაღო. წუთით ჩაფიქრდა. ვეღარ გაეგო, რა უნდოდა მაცივართან. ჰო, ერთი ჭიქა ვისკი არ აწყენდა ცხელ გულზე. ბოლო დროს ცდილობს, კალაძის გამოხტომების გამო აღარ ინერვიულოს, მაგრამ არ გამოსდის. აბა, როგორია, ვეებერთელა ქალაქი ებარა, ყოველ კუთხე-კუნჭულს, ყოველ გოჯს აკონტროლებდა, ელიტარული ბომონდი მის ფეხქვეშ იყო გართხმული, მოვიდა ვიღაც სამტრედიელი მობურთალი და იძახის, მთაწმინდიდან გამოქანდითო. ჰმ... "ტოჟე მნე, გამოქანდი"!

 

გიგილომ ვისკით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად გადაჰკრა. ქვედა ტუჩი ნებიერად გამობურცა, როგორც ტელევიზორში იცის ხოლმე, ძალიან გაავებულის როლს როცა თამაშობს, მერე ტახტზე მიესვენა და კვლავ განაგრძო საკუთარ თავთან საუბარი: არც კი ვიცი, რა ვთქვა, როგორ ბედავს ეს ავტოგოლების ავტორი? საერთოდ, როგორ მეზომება, როგორ მეტოლება და რანაირად ლაპარაკობს ჩემზე? არა, კი ვიყავი დებილი ბავშვობაში, სულ ბებიას დავყავდი ხელჩაკიდებული, მაგრამ ეგ როგორი იყო იმ დროს? მამამისი დაატარებდა მოედნიდან მოედანზე, ბურთის მეტი არაფერი იცის... ეგეც არ იცის ხეირიანად. ხალხს აბოლებს, ფეხბურთელი ვიყავიო, არაფერიც არ იყო. თუმცა იყო, როგორ არა, მაგრამ "ტოჟე მნე, ეგეც ზინედინ ზიდანი, რააა"!

 

გიგილოს კიდევ მოუნდა დალევა. ისევ მივიდა მაცივართან, ისევ გაალიპლიპა ვისკით ხრუსტალის ჭიქა. ლოყები შეეფაკლა. საკუთარი თავიდან მერცხლების ჭიკჭიკის ხმა მოესმა. სულ ასე ემართება, როცა სვამს. არა, როცა არ სვამს, მაშინაც ესმის ხოლმე ჭიკჭიკი, მაგრამ ხმა სუსტია, თითქოს მშობლიური ხონიდან მოდის. გიგილო სავარძელში ჩაესვენა... უკაცრავად, უფრო სწორად, ჩაეხეთქა. ჭიკჭიკით სავსე თავი უკან გადასწია და ისევ ფიქრებში ჩაიძირა. ისე, მეც ვთქვი სიბრძნე, რააა... თბილისის მოსახლეობამ სხვანაირად გაიგო, სად მაქვს მე ჩრდილი? უნდა მეთქვა, კალაძე ჩემი გავლენიდან უნდა გამოვიდეს-მეთქი. აი, რაც დატოლება-დაზომებაზე ვთქვი, ეგ კი მომეწონა. რას მეტოლება, ვინ არი, რო? ქალაქის თავობა ეგეთი იოლია? თუ კალაძე რამეს კარგს გააკეთებს, გამიხარდება. უბრალოდ, რასაც აკეთებს, მერისთვის შეუფერებელია. ეგა და რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი, საზოგადოებას ატყუებენ, ჯერ ამბობენ, რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებააო, მერე ამბობენ, არ აშენდებაო. ვაკის პარკში უგულავამ გასცა მშენებლობის ნებართვაო... ჰო, გავეცი, მერე რა? სამართლებრივად სწორი რომ იყო ეს გადაწყვეტილება. კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია. ჩემზე იძახიან, 48 მილიონი მოიპარაო... ოჰ, ეს 48. მოვიპარე? ჯერ ერთი, მე კაცურად წავიღე და მეორეც - ხომ მოვიხადე სასჯელი? ისე, სადღაც კაი რამე ყოფილა ციხეში ჯდომა, როცა მილიონები გაქვს სადღაც. რაც მე იქ წიგნები წავიკითხე, იმდენი რომ ცხოვრებაში წამეკითხა, გენიოსი ვიქნებოდი. პრინციპში, კი ვარ გენიოსი, მაგრამ ამას მხოლოდ ტელეჟურნალისტები ამჩნევენ, მირეკავენ და ჭკუას მეკითხებიან. თუმცა რაღაცა მაინც მაკლია... ერთი ცოლი გამეყარა, მეორე - გამეპარა... ჩრდილი არ მაქვს. ვერ გავიგე, ამხელა ყაზილარს ჩრდილი არ უნდა მქონდეს? მიშას ბრალია, მაგ ჯართისა... ზოგს ცოლს ართმევდა, ზოგს კიდევ სიდედრს, მე ჩრდილი წამართვა. მიდიო, ფული აკეთე, შენცა და მეცაო, ვაკეთე, თავიდან ძალიან განვიცდიდი ჩრდილის დამოკლებას, მაგრამ მერე მივეჩვიე, ბოლოს კი საერთოდ დავიკიდე. მიშამ მირჩია, მენახა ფილმი "გრაფი დრაკულა", რომელსაც თავიდანვე არ დაჰყვა ჩრდილი. ამის შემდეგ უფრო დავიკიდე არა მხოლოდ ეს, ბევრი სხვა რამეც. ჰოდა, ეხლა მე მეტოლება და მეზომება ეს მობურთალი. ამ ქალაქს მობურთალი კი არა, ჩემნაირი მეურნე კაცი სჭირდება, თანაც ავ-კარგიანი, თუ გინდა, რომ ადამიანის სახელი დაიგდო, შენს მომხრეებსაც უნდა აჭამო. რაც მე ელიტარულ საზოგადოებას ვაჭამე და ვეფერე, ვინ მოთვლის? ეგ კი არა, ყველა სადღაც მყავდა გაფორმებული, ხელფასს ვაძლევდი.

 

აქ გიგილო უცებ შეკრთა... ფიქრშიც კი ძალიან შეტოპა, ისეთი რაღაცები თქვა, რაზეც საკუთარ თავთან გამოტყდომაც კი არ შეიძლებოდა. თუ მიშას სპეციალური "სასტავი" ხალხს უსმენდა, ბიძინა ადამიანების ცნობიერაბაში აღწევს და მათ აზრებს კითხულობს. რა, გამორიცხულია, რომ გიგილოს ტვინშიც შეაღწიოს, მოჭიკჭიკე მერცხლები ამოჟლიტოს და ყველა აზრი ამოიკითხოს? სულაც არ არის გამორიცხული. ამიტომაც უნდა მოშორდეს ოლიგარქი ამ ქვეყანას, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში რუდუნებით აშენეს და ეს კიდე, ასევე რუდუნებით ანგრევს.

 

კარზე კაკუნია. ნეტა ეს ვინღა ოხერია? ბოლო დროს უკვე მოაბეზრეს თავი მოლაყბეებმა, მოდიან და ერთმანეთზე უყვებიან რაღაცებს. გიგილო წამოიზლაზნა, "გლაზოკში" გაიხედა. ვა, ისევ ლევან ხაბეიშვილი? ამან ხო გაბურღა ტვინი, რააა... ამას კიდე საკუთარი ოჯახის წევრები არ ელაპარაკებიან და მე რა უნდა დავუჯერო? კაკუნი მეორდება.

 

- გიგი, მე ვარ, ბიჭო, კარი გააღე!

 

- ჰო, მაცალე, რააა! - გასძახა გიგილომ და ურდული გადასწია.

 

- რას შვრები, ტოოო, ტელევიზორს არ უყურებ? - შემოქაქანდა ხაბეიშვილი, რომელსაც იღლიაში ქაღალდები ამოეჩარა ტრადიციულად.

 

- რა ხდება, რო?

 

- რა ხდება და... კალაძემ ინვესტორი გააჩუმა!

 

- რას ჰქვია, გააჩუმა?

 

- მორიგდნენ!

 

- ჰმ... ეგრეც ვიცოდი! - შემოიყარა დოინჯი გიგილომ.

 

- ჩაგვივარდა სკანდალი, ძმაო!

 

- ისე, სიმართლე გითხრა... დღევანდელი გადმოსახედიდან მეც არ გავცემდი ნებართვას მაგ ადგილზე. მაშინ კაი მაყუთს იძლეოდნენ, თორემ მაგათი კეთილებიც იქ არ მოვტ...ან?!

 

- ეგ ჰო, მაგრამ მაგარი სასკანდალო თემა იყო, მივიდოდი აქუსთან და დავცხებდი კალაძეს!

 

- მაინც რა გქონდა სალაპარაკო? კალაძე დაიწყებდა, ნებართვა უგულავამ გასცა, მე არაფერ შუაში ვარო.

 

- ეეე... კიდევ ერთხელ დავამტკიცებდი, რო ეგენი უნიათოები არიან და მიშა კიდე მაგარია. შენ კი გაეცი, მაგრამ კალაძეს ეგ საკითხი ვერ უნდა მოეგვარებინა. არა, რააა, მიშა მართლა მაგარი იყო, თუ დაინახავდა, ვინმე რამეს აშენებდა და მოეწონებოდა, ეგრევე გააქანებდა ხოლმე პატრონს ვირის აბანოში, რა მოლაპარაკება, რომელ მაგიდასთან დაჯდომა?!

 

- ჰო, მაგაში მართლა მაგარი იყო... მახსოვს, ერთხელ გლდანში ვიყავით, რაღაც სირთაოზული ცენტრი გავხსენით... გავხსენით რა, ვიღაცამ ააშენა და ჩვენ "პროსტა" წითელი ლენტი გავჭერით... გავჭერით რა, მიშამ კაჭრა... ჰოდა, იქიდან რო დავეშვით, რაც კი ახმეტელის მეტრომდე ტერიტორიები იყო, ყველა მოეწონა და ეგრევე ჩაიხვია, აქ ტრიუმფალური თაღი უნდა ავაშენო, მეპატრონეები დაიბარეთ და გადმოაფორმებინეთო. ღამის სამ საათზე დავიბარეთ, ერთი ავტომატი გავაჩხაკუნეთ, ძმაო, ლულა დავანახეთ და ყველამ ხუთ წუთში გადმოაფორმა, თანაც ჩუქებით!

 

გიგილო ისევ ჩაეხეთქა სავარძელში. ხაბეიშვილმა სკამი მიიჩოჩა და ფრთხილად ჩამოჯდა. წუთით დუმილი ჩამოწვა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში. ბოლო დროს ყოფილ მერს ანთებული ნათურებიც კი აღიზიანებს, სიბნელე შეუყვარდა... უფრო სწორად, ვეღარ იტანს ამ ხელისუფლების მიერ განათებულ ქუჩებს, სახლებს, სადარბაზოებს. სინათლე მხოლოდ მასთან, მის მერობასთან უნდა ასოცირდებოდეს.

 

- ლევან, რამეს დალევ? - იკითხა თვალებდახუჭულმა გიგილომ სასხვათაშიორისოდ, თორემ ძალიანაც არ სიამოვნებს ადგომა და მაცივართან მისვლა.

 

- არა, ტოოო, აღარ ვსვამ.

 

- რატომ?

 

- რავი, როცა ვსვამ, თავში ყვავი მიჩხავის.

 

- ყვავი? არ გადამრიო, ჩემთან მერცხლები ჭიკჭიკებენ!

 

- ეეეჰ, ბედნიერი კაცი ხარ, ერთი ჩრდილი გაკლია, თორემ სხვაფრივ არაფერი გიჭირს. მე დავიტანჯე ყვავების ჩხავილით. ექიმთან ვიყავი, ნიკა მელიას მამას გავესინჯე, თავი გადააქნია და მითხრა, არაფერი გეშველება, უნდა შეეგუოო, აგერ, ჩემ შვილს კოდალა ჰყავს თავში, კაკუნით თავი უსკდება, მაგრამ ვერ ვშველიო, - ამოიოხრა ხაბეიშვილმა.

 

- მერე, შენც შეეგუე, მეტი რა საქმე გაქვს? - ჩაიღიმილა ირონიულად გიგილომ.

 

- ვეგუები, ძმაო... დავლევ თუ არა, ეგრევე ჩხავის, ეხლა ცოტა წყნარადაა. ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო... ყვავი მიშას ხმაზე ჩხავის... დაიწყებს ხოლმე, სახში მინდა, სახშიო, აღარ ჩერდება. პერიოდულად გრიგოლიც შეუერთდება ხოლმე, პრეზიდენტი ვარ, პრეზიდენტიო.

 

- მაინც დალიე და დაიკიდე.

 

- ეგრე უკეთესი იქნება? - იკითხა იჭვნეულად ხაბეიშვილმა.

 

- აი, მე დავლიე და ეგრევე მოუმატეს ჭიკჭიკს მერცხლებმა, მაგრამ მკიდია, პირიქით, ეს ყველაფერი შთამაგონებს, რომ ჩემზე დიდი ადამიანი დღეს ამ ქვეყანაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილი არ მაქვს, ყველა დავჩრდილე, სწორედ ამას ვერ გაუძლეს ჩემმა ცოლებმა და ამიტომაც გაიქცნენ. თუმცა სად წავლენ, სად გაექცევიან ჩემს დიდებას? თუ ხარ, ელვარე უნდა იყო, ლევან, ელვარე და შარავანდედით შემკობილი. აბა, კარგად დამაკვირდი, ამ წუთას თავზე არ მადგას შარავანდედი?!

 

- კი, გადგას, ტოოო, საოცრებაა პირდაპირ, აქედან წმინდანობამდე ერთი ნაბიჯია, ასე გამიგონია გრიგოლისგან! - ჯერ ტაში შემოჰკრა ხაბეიშვილმა, მერე კი წამოხტა და შემოტრიალდა.

 

- მერე, რას მიტოლებს თავს ეს ბოგანო კალაძე?!

 

რამდენიმე წუთით კვლავ დაისადგურა დუმილმა. გიგილომ მერცხლებით სავსე თავი ნებიერად გადადო სავარძლის საზურგეზე და ხვრინვა ამოუშვა. ხაბეიშვილი ფერხილად წამოდგა, მაგიდიდან "ზაჟიგალკა" აიღო, ჯიბეში ჩაასრიალა, ყვავს კაკალი გააგდებინეო, ჩაილაპარაკა და ოთახიდან გაიძურწა.

 

გელა ზედელაშვილი

 

"საერთო გაზეთი"

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×