logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დღეს ჩვენი საყვარელი პოეტის მაყვალა მრევლიშვილის იუბილეა!
- +

14 თებერვალი. 2019. 13:47

 

 

„მზეო, მზეო ცხრათვალავ, ვის უცინი, ვისა?

შენ გიცინი, პატარავ, დილა მშვიდობისა“.

 

ჰოდა, დილა მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო! განა შეიძლება, რომ ამ და სხვა საოცარი ლექსების ავტორი არ გავიხსენოთ?! ხომ გახსოვთ, რამდენი სითბო, სიყვარული და სიკეთე ჩაუღვრია ამ ქალბატონის პოეზიიდან ამოსულ სიტყვებს, ან მის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს ჩვენს გულებში... მახსოვს, ერთხელ მისი „ეს საწყალი კურდღელი" ერთ–ერთი გაქცეული პოლიტიკოსის შესამკობად გამოვიყენე და სტატუსის ბოლოს ბოდიშს ვუთვლიდი დიდ ქალბატონს, მისი ლექსის „შეურაცხყოფისთვის“... აქვე გამოვტყდები, რომ ეს და მრავალი სხვა ლექსიც არაერთხელ გადავაკეთე და მოვარგე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს... სწორედ ამაშია ამ პოეტის ხიბლი, რომ მისი თითქმის ყველა ლექსი ზეპირად ვიცით და მისდაუნებურად გვადგება ენაზე...

 

აბა , მოდით, ერთად წავიმღეროთ:

 

„ეს საწყალი კურდღელი,

ძლიერ ავად გაგვიხდა,

არც სტაფილო ეამა,

ჩამოდნა და გაგვიხდა....“

 

ჰოდა, გახდომის რა მოგახსენოთ, მაგრამ ავად კი ნამდვილად გაგვიხდა.

 

როგორც მიხვდით, დღეს ჩვენი საყვარელი პოეტის მაყვალა მრევლიშვილის იუბილეა და იგი 1909 წლის 14 თებერვალს დაიბადა. მამამისი, ალექსანდრე მრევლიშვილი, ცნობილი მხატვარი იყო და ქალიშვილიც შემოქმედთა წრეში იზრდებოდა. თსუ-ს დამთავრების შემდეგ ქალბატონი მაყვალა მუშაობდა საქართველოს რადიოს საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, მერე ე.წ. „პიონერთა სასახლის“ მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელად, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ და სხვა... იგი ბევრს თარგმნიდა და იმავე პერიოდში დაიწყო ლექსების წერა და გამოცემა. სწორედ იქიდან მოყოლებული დღემდე ახარებს ბავშვებსა და მოზარდებს... თქვენი არ ვიცი და მე დღესაც სიამოვნებით ვღიღინებ ხოლმე:

 

„-ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ, ვის უგალობ, ვისა?

შენ გიგალობ, პატარავ, დილა მშვიდობისა!

-მზეო, მზეო, ცხრათვალა, ვის უცინი, ვისა?

-გაიღვიძე, პატარავ, დილა მშვიდობისა!...“

 

ის კი არადა, ტყუპი ძმების – ანდრია და ლუკას სანახავად რომ მივალ ხოლმე ჩემს ლალი ბადრიძესთან, ეგრევე როიალს მივუჯდები და ისე ხმამაღლა ვმღერი, რომ ბავშვები პირდაფჩენილები მიყურებენ, გიჟი ბებია მოსულაო... განსაკუთრებით ეს სიმღერა უყვართ:

 

„ჭუპა-ჭუპა! წყალი მალე! თავი უკვე დავიბანე,

უჰ, რამდენი ქაფი დადგა, შიგ ყელამდე დავიმალე!“

 

მოკლედ, მეც სიამოვნებით ვერთობი ქალბატონი მაყვალას პოეზიით... არა, სხვა პოეტების ლექსებზე დაწერილებსაც ვმღერი ხოლმე, მაგრამ ახლა მთელ რეპერტუარს დღეს ხომ არ დავხარჯავ?

 

მაყვალა მრევლიშვილი გახლდათ მრავალი ჯილდოს მფლობელი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი. იგი გარდაიცვალა 1992 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×