logo_geo
eng_logo
ავტომფლობელებს 1300-1400 ლარის გადახდა მოუწევთ - ფასიანი პარკინგი, დაზღვევა და გაზრდილი ხარჯები
- +

21 თებერვალი. 2019. 14:15

გადაწყვეტილება მიღებულია. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. საპილოტე პროექტი, თავდაპირველად, კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება. ამ ეტაპზე უცნობია, როგორი იქნება პარკირების გადასახადი, თუმცა, ცნობილია, რომ პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება. პარკირების საფასურს არ გადაიხდიან  ელექტრომობილების მფლობელები, ასევე შშმ პირები. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით. რა ეღირება ავტომობილის ერთი საათით გაჩერება ამა თუ იმ ლოკაციაზე, ჯერჯერობით უცნობია. უხეში გათვლებით, თუ  პარკინგის ერთი საათი 2 ლარი ეღირება, ორჯერ ერთი საათით პარკირება დღეში მინიმუმ 4 ლარი, ანუ თვეში 120 ლარი დაჯდება. მოკლედ, ავტომფლობელებს ყოველწლიურად, მინიმუმ, 1300 – 1400 ლარის გადახდა მოუწევთ.  ამ თანხას უნდა დავუმატოთ, ასევე, სავალდებულო დაზღვევის ყოველწლიური გადასახადი, დაახლოებით, 100-150 ლარიც. გამოდის, რომ ყოველწლიურად ავტომფლობელს მხოლოდ დაზღვევასა და პარკირებაში, მინიმუმ,  1400 ლარის გადახდა მოუწევს. მოკლედ, ავტომობილი საკმაოდ ძვირი სიამოვნება ხდება და როგორც სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს  კიდეც ხელისუფლების  მიზანი, რომ ამ ხერხით, რაც შეიძლება მეტმა ავტომფლობელმა უარი თქვას კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდეს.

 

თავის დროზე, სწორედ ფასიანი პარკირების წესის შემოღება გახდა ლონდონის საცობებისგან განტვირთვის ყველაზე ეფექტური საშუალება. როგორც კი, ლონდონის ცენტრში პარკირება და  კერძო ავტომობილით გადაადგილება ფასიანი გახდა, ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა საცობებიც. დღეის მდგომარეობით,  პარიზში, რომში, მადრიდში, ამსტერდამში,  ცენტრალური უბნები კერძო ტრანსპორტისათვის ყველგან დახურულია, ან იქ შესვლა საკმაოდ სოლიდურ გადასახადებს უკავშირდება.

 

რა ხდება  ევროპის ქალაქებში?

 

პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ევროპის ქალაქებში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ამოქმედდა. მაგალითად, ბერლინის ცენტრში ავტომობილის 15 წუთით პარკირება  0,25-0,50 ევრო ღირს. ქალაქის საქმიან ნაწილში,  ავტომობილის ერთი საათით გაჩერება - 3 ევრო ჯდება. არის ისეთი ადგილებიც, სადაც 1-საათიანი პარკირება,  4 ევრო ღირს. ავსტრიის დედაქალაქში  1-საათიანი პარკირება 2 ევრო  ჯდება, თუმცა ერთსა და იმავე ადგილზე გაჩერება 2 საათზე მეტხანს დაუშვებელია. ბრიუსელი ორ - მწვანე და წითელ ზონად არის გაყოფილი. წითელ ზონაში, პირველი 1 საათით პარკირება 2 ევრო ღირს, მეორე საათის შემთხვევაში, ფასი სამ ევრომდე იზრდება. მწვანე ზონაში, ფასები 0,5 ევროთი ნაკლებია. პარკირების მაქსიმალური დრო 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მადრიდი, ბრიუსელის მსგავსად, ზონებადაა დაყოფილი.  პარკირების მინიმალური ფასი 1,15 ევროა, მაქსიმალური - 2,2 ევრო.  ესპანეთის დედაქალაქში დღიური აბონემენტის მაქსიმალური ღირებულება 27 ევროს შეადგენს.

 

რა ხდება თბილისში?

 

ავტომფლობელთა დიდი ნაწილისთვის, დილა თბილისში საპარკინგე ადგილის ძებნით იწყება. ქალაქში, სადაც მანქანების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა, პარკირების ადგილები მხოლოდ 10%-ისთვისაა ხელმისაწვდომი. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქში 32 000 საპარკინგე ადგილია, რომლის ადმინისტრირებასაც კომპანია ახორციელებს.

როგორც „სითი კვირამ“ გაარკვია, თბილისში, დაახლოებით, 2000 საპარკინგე ადგილია, სადაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნაა შესაძლებელი. მოკლედ, რესურსი იმისა, რომ თბილისში საპარკინგე ადგილები გაიზარდოს, არის, თუმცა, ამ რესურსის გამოყენება ვერ ხერხდება. როგორც თავის დროზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, თბილისში პარკინგი ვერ იქცა ბიზნესად, რის გამოც, დედაქალაქის მთავრობას უჭირს შესაბამისი ბიზნეს-ოპერატორების მოძებნა, რომლებიც თბილისში პარკინგს მოაწყობენ. მაგალითად, მერიას ორჯერ მოუხდა ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება სამ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც პარკინგის მოწყობა შეიძლება, თუმცა უშედეგოდ. დედაქალაქში აქტუალურია ე.წ. „სტაიანშიკების“ საკითხიც. არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თბილისში, დაახლოებით, 3 ათასამდე „სტაიანშიკი“ საქმიანობს. თუ ამ ბიზნესში მეტ-ნაკლებად გარკვეულ ხალხს დავუჯერებთ, თითოეული „სტაიანშიკის“ შემოსავალი დღეში ოცი-ოცდაათი ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში, 60 ლარსაც აჭარბებს, გააჩნია ლოკაციას. არასამთავრობო სექტორის გამოთვლებით, მუნიციპალურ ავტოსადგომებზე თვეში „სტაიანშიკები“ 1,8 მილიონ ლარს გამოიმუშავებენ.

რიგითი ავტომფლობელების განცხადებით, „სტაიანშიკები“ აგრესიულ დაჯგუფებად გადაიქცნენ და მათი ნებართვის გარეშე, პარკინგი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამ პრობლემის შესახებ თავის დროზე თბილისის მერმა კახა კალაძემაც ისაუბრა.

„ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, რომლებზეც ადამიანები საფასურს იხდიან, ვინმემ, კონკრეტულმა პიროვნებამ შეუზღუდოს ავტომობილის გაჩერება. ამიტომ დროული რეაგირება მოახდინეთ ამ საკითხზე“,  - განახადა კალაძემ.

შექმნილ სიტუაციაში სპეციალისტები საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელის და ავტოპარკის კიდევ უფრო განვითარების აუცილებლობაზე საუბრობენ.  როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისის ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება და დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების 500-ზე მეტი ავტობუსი ეყოლება. საუბარია ასევე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე, კერძოდ, ლილო-სამგორის მიმართულებით მიწისზედა მეტროს ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. იგეგმება მოქმედი მეტროპოლიტენის გამტარუნარიანობის გაზრდაც.

 

მოკლედ, მერიაში იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დედაქალაქში მცხოვრებლებს, შედარებით ნაკლებ პრობლემებს შეუქმნის.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×