logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ზეციურ საქართველოში გაუმარჯოს ნამდვილ კაცს, რომელსაც ჰქვია ალექსანდრე ღლონტი!
- +

22 თებერვალი. 2019. 13:47

 

 

ღირს გამეორება და გახსენება...

***

ახლა მე ცეკაში ვარ?!

***

რამდენიმე ისტორიას გავიხსენებ და ამ მოგონებებს გავაერთიანებ ერთ რუბრიკაში საერთო სათაურით: „ახლა მე ცეკაში ვარ?!“

 

ამ ფრაზის ავტორი მე არ გახლავართ. მისი ავტორი ერთი ცნობილი მეცნიერი, მრავლისმნახველი მოღვაწე გახლდათ. იგივე „წამოსცდა“ მეორე „სტუმარსაც“, სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის წამყვან მოხელეს, როცა ვაცნობე მისი სასაუბროდ მოწვევის მიზეზი. მისთვისაც იმდენად მოულოდნელი იყო ის საქმე, რაც შევთავაზეთ, რომ გაოგნებულს წამოსცდა იგივე ფრაზა, რაც რამდენიმე წლით ადრე სხვას. მესამე ისტორიაში კი ეს ფრაზა მე წარმოვთქვი რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელთან პირისპირ დარჩენილმა...

 

მაშ ასე: ისტორია პირველი, ანუ, ბატონი საშას ცრემლი...

********************************************************************************

 

1978 წლის გვიანი გაზაფხული. 14 აპრილის გამარჯვებით გამოწვეული ემოციები თანდათან ცხრება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ასე ცეკაშიც, რომლის ჩვეულებრივი რიტმი, განსაკუთრებით მაღალი რანგის მუშაკებისთვის (ცეკას მდივნები, განყოფილების გამგეები და მათი მოადგილეები...) ვრცელდება დილის ცხრა საათიდან გვიან ღამემდე. შუა ღამემდე ცეკაში დარჩენას არავინ გვავალდებულებს, მაგრამ...

 

ჩემთვის ეს წესი დაუწერელი კანონია, რამეთუ უშუალო ხელმძღვანელი ვიქტორია სირაძე ვიდრე ადგილზეა, ფიქრადაც არ გავივლებ სამუშაო კაბინეტის მიტოვებას. სკოლის მოწაფეობიდან მისი, თბილისის ახალგაზრდობის ლიდერის თვალსაწიერიდან სულ ყურადღების ქვეშ ვიყავი და იმდენი სითბო, სიკეთე, ზრუნვა მახსოვს მე და ჩემ სკოლას მისგან, რომ ადამიანური უყოყმანო ერთგულება, სიყვარული და პატივისცემა ამ უნიკალური ნიჭიერებისა და არაბუნებრივი სილამაზის მქონე ქალბატონისადმი დღემდე მომყვება.

 

...ჰოდა, ვ. სირაძის გვიანი სატელეფონო ზარი მიხმობს მასთან.

მაწვდის სქელ კონვერტს და მაფრთხილებს: ამ მასალის არსებობა შევარდნაძის, ჩემსა და შენს გარდა აქ არავინ იცოდესო. შევარდნაძემ პირადად შენ დაგავალა ამ „პრობლემის“ მოგვარება. 14 აპრილის მოვლენების შემდეგ შენკენ არის „მოტრიალებულიო“... დაკვირვებით გაეცანი და შემდგომი მოქმედების შენეულ წინადადებებს შევარდნაძესთან განვიხილავთო...

 

კონვერტში აუკინძავი, საკმაოდ სქელი „ქსეროასლია“ რუსულენოვანი ბროშურისა, რომელსაც დამაინტრიგებელი სათაური აქვს: „დიდი სოჭის აფხაზური ტოპონიმები“.

 

სახლში წასვლა გადაიდო. მასალა ისეთია, რომ მთელი შავიზღვისპირეთი აზოვამდე აფხაზური ტერიტორიაა და ის მიტაცებული აქვს... რუსეთს. სამხრეთ-აღმოსავლეთით იმავეს ქართველები აკეთებენ და... ხომ წარმოგიდგენიათ, რა ქვეტექსტები და რა პრეტენზიები იქნებოდა წამოყენებული.

 

ვიმეორებ, ეს 1978 წელია. მანამდე, ერთი წლით ადრე, აფხაზეთში მორიგი(!!!) მღელვარება ტრადიციულად ოქტომბრის რევოლუციის მრგვალ თარიღს - 50-ე წლისთავს „მიეძღვნა“ და მოსკოვმა მთელი წელი გაწელა აფხაზეთის „დაშოშმინებისთვის“: მიიღეს აფხაზეთის უნივერსიტეტის და ტელევიზიის გახსნის გადაწყვეტილება, შეცვალეს ხელმძღვანელი კადრები და ა.შ. ამ „რბილმა“ პოზიციამ ბევრი ნაციონალისტი გაათამამა და... ეს ბროშურაც ამ „სითამამის“ ერთ-ერთი გამოვლინება გახლდათ, მით უმეტეს, ტოპონიმიკა იყო ერთ-ერთი მწვავე საკითხი ქართველებთან დაპირისპირებისას. მაგრამ, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო და, ახლა, „მამა-მარჩენალსაც“ გადაწვდნენ...

 

...ჯერ არ ვიცი, რა გზით და ვისი მეშვეობით აღმოჩნდა ეს „ნაცოდვილარი ნაშრომი“ ჩვენთან, არც იმაზე მაქვს წარმოდგენა, რას ფიქრობს შევარდნაძე... მაგრამ უკვე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ:

 

- ფართომასშტაბიანი „ხმაურის“ უფლებას არავინ მოგვცემს და ერთი შეხედვით „დამცხრალი“ ვითარების არევაზე არავინ წავა;

 

- ამიტომ უნდა ვეძებოთ ისეთი გზა, რომელიც არა მარტო ამ ბროშურის გამოცემას შეაჩერებს, არამედ დაუკარგავს მსგავსი ანტიქართული პუბლიკაციების გამოქვეყნების ხალისს სხვა „მქექავებს“;

 

- ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა, ქართველი მეცნიერებმა „დაიცვან“ რუსეთი ზოგიერთი პროვოკატორი (მათ შორის არააფხაზი ეროვნების) ავტორის მიერ გაჟღერებული ტერიტორიული პრეტენზიებიდან.

 

ახლა დადგა საკითხი, ვინ იტვირთავს ამ „ჯვარს“. ვუკავშირდები აკადემიკოს შოთა ძიძიგურს, დედაუნივერსიტეტის ახლადშექმნილი ტოპონიმიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, რომელსაც ჩემთან თითქმის მამაშვილური ურთიერთობა აკავშირებს. რა თქმა უნდა, ბროშურასთან დაკავშირებით კრინტს არ ვძრავ, მაგრამ მივანიშნე, რომ თემა კია ფაქიზი, მაგრამ ქართული ეროვნულ-პატრიოტულ-სახელმწიფოებრივი პოზიციებია დასაცავი და...

 

საშა ღლონტიო, მითხრა. აი, ვინ გამოგადგება მაგ „ბრძოლაშიო“. რა თქმა უნდა გამიგია, ვინ არის ბატონი ალექსანდრე ღლონტი, მაშინდელი პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე, ცნობილი მეცნიერი და მოღვაწე. მაგრამ, ისე შორს დგას ცეკადან, ასეთი „რაღაცებისგან“, რომ...

 

ბატონ შოთას ვთხოვ, გამიწიოს რეკომენდაცია, აუხსნას, რომ მისი ახლობელი ვარ, რომ შეუძლია მენდოს და ა.შ. ბატონმა შოთამ, ჩვეული დიდკაცობით და კეთილშობილებით „წაიმუშავა“ და...

 

მაგრამ ჯერ ადრე შეხვედრა. შევარდნაძე მეორე დღეს დუმს, მესამე დღესაც... ვიქტორია სირაძეს „ვუმხელ“ ჩემს გეგმას. მხარს მიჭერს და გულახდილად მეუბნება: შეიძლება არც „დაგიძახოს“ შევარდნაძემ, მაგის სტილია ასეთი... რაღამც გენდო და დაგავალა, ბოლომდე შენ მიიყვანე საქმე და... პასუხიც შენ უნდა აგოო!

 

ყველაფერი გასაგებია!

 

...ცეკაში მოვიწვიე ბატონი ალექსანდრე ღლონტი. ვსაუბრობთ აქეთურზე, იქითურზე. ვუახლოვდები აფხაზურ და ტოპონიმიკის თემას, ვამჟღავნებ მინიმალურ კომპეტენციას და ვატყობ, უკვირს და უხარია... ბოლოს გამოვუტყდი და ვაჩვენე ის დაწყევლილი „ქსეროასლი“. ავუხსენი, რატომ არის თემა არა მარტო ფაქიზი, არამედ საიდუმლო, რომ ვერიდებით ახალ ნაციონალისტურ აფეთქებებს... როცა გაეცნობით ამ „უბედურებას“, საუბარი მერე გავაგრძელოთ-მეთქი... შევთანხმდით. მისგან კომპლიმენტებიც მივიღე, რამდენიმე „ძნელადსაშოვნელი“ წიგნიც ვაჩუქე, ჟურნალ „ამერიკის“ მიმღებთა სიაშიც შევიყვანე და... საბოლოოდ ისე გამიშინაურა რომ ლამის შვილად მაღიარა, რითაც დღემდე თავს ბედნიერად და ამაყად ვგრძნობ.

 

ორი დღის შემდეგ ვხვდებით ერთმანეთს ბატონი საშა და მე. აღშფოთებულია. სულ არ ადარდებს რუსეთისადმი პრეტენზიები. მიყვება იმაზე, თუ როგორ ურცხვად აცხადებს აფხაზურად ზოგიერთი იქაური მკვლევარი ქართულ ტოპონიმებს და...

 

როგორც იქნა მივედი და მივიყვანე მთავარ „სათქმელთან“ ბატონი ალექსანდრე. აფხაზური პრეტენზიებისგან რუსეთი უნდა დავიცვათ-მეთქი. გინდა ეს გითქვამს და გინდა... არა, ბატონო, მაგას ნუ მთხოვთო და... ახლა მე ვისმენ იმას, რის გამოც 37 წელს დახვრეტა არ აგვცდებოდა ორივეს.

დავამშვიდე. ახლა ყველაზე დიდ საიდუმლოს გაგანდობთ-მეთქი: არამცთუ უნდა დავიცვათ, რუსეთს, ანუ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას, პირადად სუსლოვს უნდა შევუტიოთ, რომ მათი შემრიგებლური, დამყვავებელი, უპრინციპო პოზიციის შედეგია, რომ ეს ვაი-მეცნიერები „ტოპონიმიკის მწვავე თემის“ წინ წამოწევით პრაქტიკულად ტერიტორიულ პრეტენზიებს უცხადებენ რუსეთის ფედერაციას. და ყველაფერი ეს გამოიწვია იმან, რომ თქვენ არ დაიცავით ასეთი თავხედური პრეტენზიებიდან საქართველო, ხოლო ზოგიერთი ხელმძღვანელი და მეცნიერების ჩინოვნიკი კიდევაც ახალისებენ ასეთ გამოხდომებს-მეთქი.

 

პაუზა. ხანგრძლივი. ვატყობ, რაღაც ხდება ბატონი ალექსანდრეს სულში და გულში. ადგა. მიცქერს და...

 

 

- გავაკეთებ მე ამას. ისე გავაკეთებ, რომ შენ ტაში დამიკრაო.

 

ერთი სული მაქვს, გადავეხვიო ამ ღირსეულ, უჭკვიანეს კაცს. და, თითქოს ჩემი ფიქრი წაიკითხაო, გადამეხვია და გადამკოცნა. შოთა ძიძიგურს მადლობა უნდა ვუთხრაო, მე რომ ამ „შარში“ გამაბაო, მითხრა ღიმილით და კარისკენ წავიდა. გამოაღო, შემოტრიალდა, მიყურა და... ეშმაკურად მეკითხება: ახლა მე ცეკაში ვარ?!

 

ორივეს სიცილი აგვიტყდა. ლიფტამდე მივაცილე.

 

ხუთი დღის შემდეგ მობრძანდა. მომიტანა სუსლოვისადმი გასაგზავნი წერილი. სუსლოვის და ნებისმიერი სხვა „სუსლოვის“ ადგილზე ვერ მოვიდოდი აღტაცებაში იმ წერილის წაკითხვის შემდეგ. გულახდილად მითხრა, რომ ყოველთვის ერიდებოდა არა მარტო ცეკასთან კონტაქტს, არამედ ამ (ჩიტაძის) ქუჩაზე გავლასაც კი. რამეთუ ამ შენობას აღიქვამდა სისხლიანი რეპრესიების სინონიმად. და საოცარია ის, რომ მოვესწარი ისეთ ცვლილებებს, როცა ცეკაში მთხოვენ ქართული საქმის დაცვასო...

 

ვიქტორია სირაძეს სულ დეტალებში მოვუყევი შეხვედრების პერიპეტიები. გულშემატკივრის პოზიციებიდან სულ მომიწოდებდა სიფრთხილისკენ, საიდუმლოს შენახვისკენ, სიფაქიზისკენ. ეტყობა, ჩააყენა საქმის კურსში შევარდნაძე და..

 

ერთ დღეს, ისევ გვიან ღამით, მომიწია მასთან შეხვედრა. წერილი არ წაიკითხა (ესეც სიმპტომატური ნაბიჯი), გენდობიო, მითხრა... და როცა ფინალური სცენა მოვუყევი, პროფესორმა ღლონტმა რომ იკითხა, სად ვარ ახლა მე, ცეკაშიო?, გულიანად იცინა... კი, დრო შეიცვალა, ყველამ ჩვენი ქვეყნის საქმე უნდა ვაკეთოთო, მითხრა.

 

გავა სამი წელი და ამ ისტორიას გავახსენებ ედუარდ შევარდნაძეს, უკვე სხვა ფაქტთან დაკავშირებით. ჩემს მკითხველს კი თავმდაბლურად მოვახსენებ, რომ ბატონი საშას წერილს სუსლოვისადმი ბომბის ეფექტი ჰქონდა მოსკოვში. არა მარტო ის ბროშურა, არამედ სხვა მსგავსი პასკვილები მაშინდელმა ცენზურამ (მთავლიტმა) გააჩერა და პრაქტიკულად აკრძალა. თუმც ამას ხელი არ შეუშლია ნაციონალისტებისა და სეპარატისტებისთვის, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გამოეცათ ის, რაც მოეპრიანებოდათ და ამით იდეოლოგიურად ხელი შეუწყვეს აფხაზეთში კონფლიქტის გაჩაღებას.

 

კარგა ხანია პროფესორი ალექსანდრე ღლონტი აღესრულა. მისი სახელის მოფერების აუცილებლობა ტვირთად და ვალად მაწვა. მე რომ არასოდეს დამავიწყდება იგი, გასაგებია. მაგრამ მინდა, სრულიად საქართველომ, განსაკუთრებით კი ახალთაობამ იცოდეს, რომ სამშობლოს ჰყავდა გამოჩენილი მეცნიერი, ჩინებული პედაგოგი, ნაღდი მოღვაწე, უკეთილშობილესი, უშიშარი და უვაჟკაცესი პატრიოტი.

 

ზეციურ საქართველოში გაუმარჯოს ნამდვილ კ ა ც ს, რომელსაც ჰქვია ალექსანდრე ღლონტი!

 

(გაგრძელება იქნება)

2018 წელი

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×