logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რა საერთო ჰქონდა კომპარტიის ცეკას... „ბიბლიასთან“?
- +

23 თებერვალი. 2019. 17:14

 

 

ახლა მე ცეკაში ვარ?!

***

 

გუშინდელი პუბლიკაციის შესავალს ვიმეორებ:

 

რამდენიმე ისტორიას გავიხსენებ და ამ მოგონებებს გავაერთიანებ ერთ რუბრიკაში საერთო სათაურით: „ახლა მე ცეკაში ვარ?!“

 

ამ ფრაზის ავტორი მე არ გახლავართ. მისი ავტორი ერთი ცნობილი მეცნიერი, მრავლისმნახველი მოღვაწე გახლდათ. იგივე „წამოსცდა“ მეორე „სტუმარსაც“, სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის წამყვან მოხელეს, როცა ვაცნობე მისი სასაუბროდ მოწვევის მიზეზი. მისთვისაც იმდენად მოულოდნელი იყო ის საქმე, რაც შევთავაზეთ, რომ გაოგნებულს წამოსცდა იგივე ფრაზა, რაც რამდენიმე წლით ადრე სხვას. მესამე ისტორიაში კი ეს ფრაზა მე წარმოვთქვი რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელთან პირისპირ დარჩენილმა...

 

პირველი ისტორია ბატონ ალექსანდრე ღლონტის სიბრძნესა და რაინდობას ეხება.

 

ახლა, ისტორია მეორე: რა საერთო ჰქონდა კომპარტიის ცეკას... „ბიბლიასთან“?

***

 

ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის შემდეგ მას არცთუ იშვიათად ვსტუმრობდი.

 

ეს ის პერიოდია, როცა ოფიციალური ურთიერთობები ეკლესიასთან არამცთუ წახალისდებოდა, არამედ მიუღებელიც გახლდათ და, ზოგჯერ, მიწევდა კიდეც „ზემოთ“ თავის მართლება და ახსნა-განმარტების მიცემა სტუმრობის მიზეზებთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, უშიშროება იჩენდა და რელიგიის საქმეთა სახელმწიფო რწმუნებული  (რომელიც უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ძმა გახლდათ) და მისი მოადგილე (უშიშროების ოფიცერი) ასე ადვილად „საყვედურებს“ ვერ მიბედავდნენ ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეს, მაგრამ მომენტს არ უშვებდნენ, რომ სადაც ჯერ არს არ „დაეჩივლათ“ ამ სტუმრობასა და კონტაქტებთან დაკავშირებით ჩემგან მიღებული „ინფორმაციის“ მეტისმეტად სიმწირეზე. მაინცდამაინც სასიამოვნო ეს „ჩაშვებები“, რა თქმა უნდა, არ გახლდათ.

 

პატრიარქს აინტერესებდა ჩვენს არქივებში დაცული და  ეკლესიასთან დაკავშირებული რადიო-ტელეჩანაწერები და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაკმაყოფილებდით მის ინტერესსა და სურვილებს. ეს გულწრფელი მონდომება უპასუხოდ არ რჩებოდა და უწმინდესისგანაც ვგრძნობდით სითბოს, უფრო მეტიც, გარკვეულ შინაურულ დამოკიდებულებას.

 

1986 წლის დასაწყისში ტელერადიოდან ცეკას პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელად გადამიყვანეს და, მაშინდელი რეალობების გათვალისწინებით, ჩემს საკურატორო სფეროშიც აღმოჩნდა რელიგიის საკითხები, ანუ, რელიგიის სახელმწიფო რწმუნებული ვალდებული იყო, „რაღაც-რაღაცები“ უშუალოდ ჩემთან შეეთანხმებინა. ამას დაუმატეთ ადრეული პირადი კონტაქტები და... უკვე „ვიღაც-ვიღაცებისთვის“ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო საპატრიარქოსთან  გახშირებული  სატელეფონო კონტაქტები და არცთუ იშვიათი შეხვედრები ცეკასა თუ საპატრიარქოში.  „პერესტროიკა“ ძალაში შედიოდა და თავისუფალი ფიქრის და მოქმედების არეალი თანდათანობით იზრდებოდა, მათ შორის ეკლესიასთან ურთიერთობაშიც. ობიექტურობისთვის უნდა ისიც აღვნიშნო, რომ ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ყველაფერ ამას რეალურად აფასებდა და გარკვეული სიმპათიებითაც უცქერდა.

 

ასე დაწვრილებით ამ მომენტს იმიტომ აღვწერ, რომ მკითხველს, განსაკუთრებით ახალთაობას, არ გაუკვირდეს ის კონკრეტული ფაქტი, რაც დღეს მეტისმეტად გაიოლებულია და რის გამოც ეს მოგონება იწერება...

 

... პატრიარქმა ცეკაში შეხვედრის სურვილი  გამოთქვა და ჩემი შეთავაზება, რომ მას  თავად ვესტუმრებოდი, უარყო. რა თქმა უნდა დავხვდით ისე, როგორც ერის სულიერ მოძღვარს ეკადრებოდა. ბევრი საჭირბოროტო საკითხი განვიხილეთ. აშკარად კმაყოფილი ჩანს. შეხვედრის ბოლოს კი მეუბნება, რომ არის ერთი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც რეალობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე პერსპექტივა, ალბათ, არ აქვს, მაგრამ... აი, თუ შენ პირადად(!!!) მოინდომებ, შესაძლოა ხმაურის გარეშე გადაწყდესო. დააკონკრეტა: ამ საუკუნეში „ბიბლია“ ქართულ ენაზე საქართველოში არ დაბეჭდილა. ჩვენ შვედეთში, „ბიბლიის“ საერთაშორისო ცენტრზე ვართ დამოკიდებული. იმათ თავიანთი გეგმები, მიზნები, შეხედულებები აქვთ და... ერთი სიტყვით, ამ საქმეს მოვლა-პატრონობა სჭირდება და, ეგებ, ითავოთო...

 

შევთანხმდით: ეს საკითხი არავისთან (არც „ზემოთ“ და არც „ქვემოთ“) არ უნდა დაგვეყენებინა, უხერხულ დღეში ჩავაგდებდით და  ხმაური  მხოლოდ ხელს შეგვიშლიდა.

 

ორი ძირითადი საკითხი: ტექსტი გამოსაცემად საპატრიარქოს  უნდა მოემზადებინა, ხოლო ქაღალდის, ანუ მთავარი პრობლემის გადაჭრა, გამომცემლობის და სტამბის საკითხები ჩემი „სატკივარი“ უნდა ყოფილიყო. პატრიარქმა სურვილი გამოთქვა, რომ გამოცემის ფორმატი(!!!) ყოფილიყო უნიკალური(!!!), ანუ აქამდე, საუკუნეების მანძილზე „გამოცემული წიგნებისგან“ განსხვავებული სიდიდის...

 

ახლა მცირეოდენი გადახვევა: ახალთაობისთვის ცოტა გაუგებარი შეიძლება აღმოჩნდეს ამ „სიძნელეებზე“ საუბარი. უბრალოდ, შევახსენებ მას, რომ საუბარია 30 წლის წინანდელ ვითარებაზე, სსრ კავშირის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის ეპოქაზე, კომუნისტური პარტიის მმართველობაზე, პარტიულ და სახელმწიფო დისციპლინაზე,  გეგმიურ რესურსებზე...

 

ქაღალდი, მით უმეტეს - საგამომცემლო, სტრატეგიული(!!!) რესურსი გახლდათ და მისი აღრიცხვიანობა, განაწილება-შენახვა განსაკუთრებულ(!!!), მათ შორის უშიშროების კონტროლს ექვემდებარებოდა და სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს (რომელიც იღებდა და ანაწილებდა მას) ერთი „გრამის“ გაცემის უფლება არ ჰქონდა ცეკას ნებართვის გარეშე, ცეკაში კი ამ სფეროზე პერსონალურად პასუხს აგებდა პროპაგანდის განყოფილების გამგე.

 

...საგეგმო კომიტეტში ქაღალდის რესურსის პრობლემატიკას ვინც განაგებდა, იმ მოხელესთან სისტემატური კავშირი ჰქონდა ჩვენს განყოფილებას. იცვლებოდნენ ცეკას მდივნები, განყოფილების გამგეები, მაგრამ არ იცვლებოდა სწორედ ის მოხელე - საგეგმო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, რომელიც ამ საქმეს ათეული წლები განაგებდა და არა მარტო საქართველოში, მთელი საბჭოთა კავშირის ქაღალდის მრეწველობის ობიექტებთან, მათ ხელმძღვანელებთან ჰქონდა უმჭიდროესი კავშირი, ბევრთან მეგობრობდა და... სწორედ ეს კაცი მოვიწვიეთ სასაუბროდ. ეს ვიზიტი მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, რამეთუ კვარტალში ერთხელ ისედაც გვიწევდა კორექტირება, რესურსების ოპერატიული „გადაადგილება“... ის მომზადებული მოვიდა და ყველა ჩემს შეკითხვაზე პასუხი არგუმენტებით, ციფრებით, რეალობის და პერსპექტივის „დახატვით“ შემომაგება. აშკარაა, საქმისა და ვითარების ღრმად მცოდნე პროფესიონალია, წვრილმანებშიაც კი ფლობს ინფორმაციას და რეალობას.

 

არც ჩვენ დავხვდით მოუმზადებელი. პატრიარქის სურვილისა და მოსაზრებების გათვალისწინებით დაანგარიშებული გვაქვს გამოცემის ხარჯები, რესურსი და... 5 ტონა ქაღალდი გვჭირდება, რომ იმ ფორმატით გამოვცეთ ერთი-ორი ათასი ეგზემპლარი.

 

ნელ-ნელა ვუახლოვდები ძირითად, ანუ „უხერხულ“ თემას. ვეუბნები, რომ 5 ტონა თეთრი, საგამომცემლო, მაღალხარისხოვანი ქაღალდი მჭირდება. თანაც აქცენტს ვაკეთებ არა კოლექტიურ „გვჭირდებაზე“, არამედ პერსონალურ „მჭირდებაზე“. მიპასუხა: თქვენ ხელში არ არის ამ რესურსის განაწილება-მოხმარების გასაღებიო? მითხარით, ვის ჩამოვაჭრათ, ვის დავუმატოთ და...

 

მეცინება. არა, ეგრე არ მინდა-მეთქი. 5 ტონა ისე უნდა მიშოვო, რომ არავის არაფერი ჩამოვაჭრათ და... არც არავინ უნდა გაიგოს, სად და რატომ წავიდა ეს ქაღალდი!

 

ვერ მიხვდა. ერთი რამ კარგად იცის, სადმე რომ ერთი ტონა „ლევად“ წავიდეს და გავიგოთ, უმკაცრეს პასუხს მოსთხოვს სწორედ ცეკა, სწორედ ჩვენი განყოფილება და... ახლა, სწორედ ამ ცეკაში, სწორედ კურატორი ეუბნება, რომ 5 ტონა ქაღალდი „ლევად“ უნდა იშოვოს და...

 

ორივე ვდუმვართ. ერთმანეთს შევცქერით. ის ცოტა გაოგნებული, მე ეშმაკური ღიმილით. ის იმაზე ფიქრობს, რა ხდება, რაში სჭირდება ცეკას ეს „საიდუმლო თამაში“, თანაც ხვდება, რომ უარი არ უნდა მითხრას, ხვალინდელ დღეზეც ფიქრობს... მე კი ჩემს თავს ვეჭიდავები, გავენდო თუ არა...

 

რაც არის, არის, უნდა გამოვუტყდე: ეს ქაღალდი ისე „შეუმჩნევლად“ უნდა გამოიყოს, მამაზეციერმა ვერ აღმოაჩინოს მისი კვალი. და თუ „საიდუმლო“ გასკდება, მე შენ მარტო არ დაგტოვებ და ყველაფერს საკუთარ თავზე ავიღებ-თქო... მოვუყევი პატრიარქის ვიზიტზე და გავენდე, რომ ამ რესურსით ამ საუკუნეში პირველად „ბიბლია“ უნდა დავბეჭდოთ ქართულად-მეთქი. ამის შესახებ არც შენმა უფროსებმა უნდა იცოდნენ რამე, ისევე, როგორც არც აქ მინდა ვინმე უხერხულ დღეში ჩავაყენო-თქო.

 

გაოცებული მიცქერს. არ არის ახალგაზრდა, 50-ს გადაცილებული, გამოცდილი, ცხოვრებაგამოვლილ კაცია. უკვე ყველაფერს მიხვდა. მითხრა, ორი დღე მაცალეთ, რაღაცებს „მოვტვინავ“, პარტნიორ ქარხნებთან გადავრეკავ და...

 

კარებამდე მივაცილე, ხელი მაგრად ჩამოვართვი და ღიმილით, გულწრფელი კმაყოფილებით ვეუბნები: ახლა ორივე „შეთქმულთა ბანაკში“ ვართ-თქო... მიპასუხა: ოც წელზე მეტია ამ საქმეს ვემსახურები, ამ ხნის მანძილზე ბევრი ხელმძღვანელი გამოვიცვალე, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთ საქმეზე მომიწევდა აქ საუბარი... ღიმილით დაასრულა: ჰოდა, გამარკვიეთ, ახლა, მე ხომ ნამდვილად ცეკაში ვიმყოფები?!

 

ორივეს გულიანად გაგვეცინა, დავამშვიდე: ცეკაში კი ხარ, ოღონდ ეს ის ცეკა აღარ არის, შენ რომ დიდი ხნის წინათ დადიოდი. სხვა დრო დადგა, სხვა თაობები მოვიდნენ-თქო, სხვა მენტალიტეტით, გაბედულებით...

 

... ორი დღის შემდეგ ზარი საგეგმო კომიტეტიდან: ხუთი ტონა ქაღალდის პრობლემა აღარ იდარდოთ, თვის ბოლოს რა მისამართზეც მეტყვით, იქ გადაიტვირთებაო...

 

გახარებული ვურეკავ პატრიარქს, მოვუყევი, ვინ და როგორ გადაწყვიტა პრობლემა და... ხომ არ შეიძლება შევხვდე და პირადად გადავუხადო მადლობაო... პირობა მივეცი, რომ ამ ვიზიტს რაღაც ფორმით მოვაგვარებდი...

 

გადის დაახლოებით ორი კვირა და ისევ ზარი საგეგმო კომიტეტიდან - „შეთქმულების“ მეორე მონაწილე შეხვედრას მთხოვს. მოვიდა. თვალები ეშმაკურად უბრწყინავს: 25 ტონა ქაღალდი ვიშოვე და უკვე შეგიძლიათ სერიოზულ ტირაჟზე იფიქროთო. გადავეხვიე. ვეცი ტელეფონს, მინდა, პატრიარქი გავახარო, იქიდან გასაოცარი რეაქცია: ბიჭო, რაიმე უსიამოვნებას არ გადაეყაროთ შენ და ეგ ღვთისნიერი კაციო...

 

ამ ღვთისნიერმა კაცმა კი გამომშვიდობებისას ისეთი რამ მითხრა, რომ სწორედ მის საპასუხოდ დაიწერა ეს მოგონება: „ჩემს ცხოვრებაში არ დაგივიწყებთ იმ მადლს, თქვენ რომ ამ დიდებულ საქმის მონაწილე გამხადეთო“. არც მე მავიწყდება მისი როლი, მისი გაბედულება, მისი უანგარობა, მისი რაინდობა...

 

საპატრიარქოს მაშინ გამოცემის უფლება არ ჰქონდა. ბეჭდვითი სიტყვის და გამომცემლობების სახელმწიფო კომიტეტს შევუთანხმდი, რომ „ბიბლიას“ როგორც სასწავლო ლიტერატურას, გამომცემლობა „განათლება“ დასტამბავდა და ის 25+5 ტონა ქაღალდი საპატრიარქოს სახელით მას გადაეცემოდა. არც ეს გადაწყვეტილება იყო ადვილად მისაღები, იმიტომ რომ ამ სტრუქტურაშიც ზოგიერთი ხელმძღვანელი თავის სკამს უფრთხილდებოდა, უყვარდა სირბილი მაშინდელ სუს-ში და მისთვის და ზოგიერთი მისი „თანამოაზრისთვის“ „ხელების გადაგრეხვის“ მეთოდი რომ არ გამოგვეყენებინა, სერიოზულ უსიამოვნებას წავაწყდებოდით.

 

ყველაფერი ეს ხდება 1987 წლის ივნისში.

 

ერთ თვეში ცეკადან მეც გადამიყვანეს გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორად და მისვლისთანვე რაც გავაკეთე, ამ გაზეთის ისტორიაში პირველად დავბეჭდე დიდი ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. კომპარტიის ორგანოში პატრიარქის ინტერვიუ ბომბივით აფეთქდა და... პირველად სწორედ იმ დროს გაჟღერდა ახალი „ბიბლიის“ დასტამბვის იდეა-სურვილი.

 

„ბიბლიის“ ტექსტზე მუშაობას საპატრიარქო აგრძელებდა. საქმის კურსში ვიყავი. მაშინაც და შემდგომშიც, როცა ცეკას მდივნად ამირჩიეს და როცა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა საპატრიარქოსთან თანამშრომლობა. თხოვნებმა იმატა, ურთიერთვიზიტებმაც და, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდანაც მხარდაჭერას წინ არაფერი ედგა. ზემოთაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ამ მხრივ ჯუმბერ პატიაშვილთან სასაყვედურო არაფერი მაქვს.

 

9 აპრილის მოვლენებმა ქვეყნად ვითარება შეცვალა. ყოველნაირად. დაიწყო დოღი: „ვიღაც-ვიღაცები“ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლანძღვა-გინებაში, თავიანთი ცოდვების ყოფილ ხელმძღვანელებზე გადაბრალებაში. ამ „შეჯიბრის“ მიღმა ვერც „ბიბლიის“ გამოცემის საქმე დარჩა. სახელმწიფო კომიტეტმა მოგვიანებით გააფორმა თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე. უფრო მეტი: გაზეთებში გამოქვეყნდა ერთი-ორი პასკვილი, თუ როგორ უშლიდა თურმე ხელს „მაშინდელი“ ცეკა წმინდა წიგნის გამოცემას. და ამ პასკვილების ავტორები სწორედ ისინი იყვნენ, ვისაც „მუშტით“ ვაიძულებდი ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, ვინც უშიშროებაში დაწერა „დანოსი“ იმის თაობაზე, თუ როგორ ვღალატობდი პარტიულ კურსს ეკლესიასთან ურთიერთობისას. ამ ხალხმა ცუდად დაამთავრა, ანუ ლოგიკურად!

 

იმ ჩვენი „შეთქმულების“ პროდუქტი კი მალე გამოვიდა და დღეს ბევრ ოჯახში ნახავთ დიდი ფორმატით დასტამბულ „ბიბლიას“.

 

... ამ რამდენიმე ხნის წინ საპატრიარქოში ქვეყნის პირველ პირთა მონაწილეობით დიდი ზარ-ზეიმით მოეწყო „ბიბლიის“ განახლებული გამოცემის პრეზენტაცია. იყო ტაში, იყო მილოცვები, იყო ქება...

 

და კაცს არ გახსენებია, რომ ეს ახალი გამოცემა პრაქტიკულად ასლია იმ „ჩვენი“ ნაოფლარი გამოცემისა. არადა, ამ ახალი გამოცემის ბოლო გვერდზე(!!!), შავით თეთრზე წერია სწორედ ის ძველი თარიღი: „ხელმოწერილია დასაბეჭდად 6.06.89“. არც ის ადამიანები გახსენებიათ, ვინც იმ დროს გარისკა, თავი არ დაზოგა, ყველაფერი იღონა ამ ისტორიული და საშვილიშვილო საქმის დასაგვირგვინებლად. არადა, საპატრიარქოში ისევ ის ხალხი განაგებს „რაღაც-რაღაცებს“, ვინც ახლა მაინც მშვენივრად იცის ისტორია.

 

უმადურობით დღეს საქართველოში ვერავის გააკვირვებ. აი, რაინდების, პატრიოტების, მოქალაქეების მოფერებით - კი!

 

ჰოდა, სწორედ ამ გულწრფელ და ფაქიზ მიზანს ემსახურება ამ მოგონების გამოქვეყნება, რომლითაც პირადად მე ვალი მოვიხადე ერთი ჭეშმარიტი მამულიშვილის, მართლა ნაღდი კაცის წინაშე, მისი კეთილი და პატრიოტული საქმისა გამო. მიუხედავად იმისა, რომ მისი კვალი დავკარგე, გვარ-სახელიც გამებნა, დღემდე მადლიერი ვარ მისი.

 

ვეძებე კი, თურმე საერთო მეგობრებიც გვყოლია და მათი მეშვეობით მგონი მივაგენი კიდეც: ბონდო ხ ო ბ ე ლ ა ვ ა!

 

დაე, იამაყოს მან და მისმა ოჯახმა, შთამომავლობამ, სამეგობრომ მისი რაინდობით!

 

 

2018 წელი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×